რა ღირს საზოგადოებრივი მაუწყებელი?

„საზოგადოებრივი მაუწყებლისთვის“ 2018 წელს სახელმწიფო ბიუჯეტიდან გამოყოფილი თანხა 52 522 000 ლარს შეადგენს, საიდანაც 7 879 000 ლარი საზოგადოებრივი მაუწყებლის აჭარის ტელევიზიისა და რადიოსთვისაა გათვალისწინებული. საერთო ჯამში, 2018 წელს სსიპ საზოგადოებრივი მაუწყებლის ბიუჯეტი 50 255 500 ლარზე მეტია, სადაც სახელმწიფო ბიუჯეტიდან გამოყოფილი თანხა 44 600 000 ლარს აღემატება, აღნიშნულია „ახალგაზრდა იურისტთა ასოციაციის“ მიერ გამოქვეყნებულ კვლევაში, რომლის მიხედვით, საზოგადოებრივი მაუწყებლის სახელმწიფო დაფინანსება წლიდან წლამდე იზრდება, თუმცა 2018 წლის 5 მარტიდან „მაუწყებლობის შესახებ“ საქართველოს კანონში ამოქმედებული ნორმების ძალით, მაუწყებელში მაინც გაიზარდა კომერციული და სასპონსორო რეკლამის განთავსების დრო, რაც საზოგადოებრივი მაუწყებლისთვის დამატებითი შემოსავლის წყაროდ იქცა, ძირითადად სხვა კომერციული მაუწყებლების შემოსავლების ხარჯზე. რამდენად საჭიროებს საზოგადოებრივი მაუწყებელი დამატებით შემოსავლებს და როგორ განკარგავს იგი სახელმწიფო ბიუჯეტიდან გამოყოფილ თანხებს? კვლევაში, რომელშიც „საიამ“ საზოგადოებრივი მაუწყებლის საქმიანობა სწორედ ამ საკითხებზე შესაბამისი პასუხების მიღების მიზნით მიმოიხილა, აღნიშნულია, რომ მაუწყებელში შექმნილი პრობლემები ძირითადად მენეჯმენტს უკავშირდება და მიუხედავად იმისა, რომ მაუწყებლისთვის განსაზღვრული თანხა, ხშირ შემთხვევაში, სხვა დაწესებულებებისთვის გამოყოფილ ბიუჯეტზე გაცილებით მეტია, საზოგადოებრივი მაუწყებლის არსებობა ქვეყნისთვის აუცილებელია.

ბევრია თუ ცოტა საზოგადოებრივი მაუწყებლისთვის განსაზღვრული საბიუჯეტო დაფინანსება?

ამ კითხვაზე საიას პირდაპირი პასუხი არ აქვს, თუმცა საზმაუს ბიუჯეტის რელევანტურობას შედეგისა და სახელმწიფოს მიერ სხვა დაწესებულებებისთვის გამოყოფილ თანხასთან შედარების ფონზე აფასებს. შედეგი კი ის არის, რომ, გასული წლის მონაცემებით, საზოგადოებრივი მაუწყებელი 10 მაუწყებლის შემოსავლების ოდენობით პირველია, ხოლო რეიტინგით - მხოლოდ მეოთხე:

რაც შეეხება საბიუჯეტო შემოსავლების მიმართულებით სხვა უწყებებთან შედარებას, „ახალგაზრდა იურისტთა ასოციაციის“ მიერ შეკრებილი მონაცემების თანახმად, 2018 წლის სახელმწიფო ბიუჯეტიდან საზოგადოებრივი მაუწყებლისთვის გამოყოფილი თანხა, დაახლოებით, 12 მილიონით მეტია 10 საჯარო სამართლის იურიდიული პირისთვის გამოყოფილ თანხაზე და უტოლდება 7 უწყების წლიურ ბიუჯეტს.

ამ რიგის შედარებების მიხედვით, გარემოს დაცვით ზედამხედველობაზე, დაცული ტერიტორიებისა და სატყეო სისტემის ჩამოყალიბებასა და მართვაზე 2018 წლის სახელმწიფო ბიუჯეტიდან გამოყოფილი ჯამური თანხა 16,5 მილიონი ლარით ნაკლებია საზოგადოებრივი მაუწყებლის ბიუჯეტზე. საზოგადოებრივი მაუწყებლის ბიუჯეტი 26-ჯერ აღემატება ბავშვთა ონკოჰემატოლოგიური მომსახურებისთვის გამოყოფილ თანხებს და აღემატება ასევე ტუბერკულოზის, C ჰეპატიტის მართვის, ნარკომანიით დაავადებულ პირთა მკურნალობისა და აივ-ინფექცია /შიდსის მართვისთვის გამოყოფილ თანხებს.

რას ემსახურება საბიუჯეტო შემოსავლების შედარება?

„ახალგაზრდა იურისტთა ასოციაციამ“ სახელმწიფო ბიუჯეტიდან გამოყოფილი შემოსავლების ამგვარი შედარებით პარლამენტს საზოგადოებრივი მაუწყებლის სამეურვეო საბჭოს ეფექტური ზედამხედველობისკენ მიუთითა. როგორც ორგანიზაციის ხელმძღვანელი სულხან სალაძე აღნიშნავს, კვლევის შედეგებმა ბევრ რამეზე უნდა დააფიქროს საზოგადოება და, პირველ რიგში, პარლამენტი, რომლის წინაშეც ანგარიშვალდებულია სამეურვეო საბჭო:

„პრობლემებზე, რომლებიც ფინანსურ ნაწილში არსებობს, მეტი რეაგირება უნდა მოახდინოს საქართველოს პარლამენტმა. რამდენიმე მაგალითიც შემიძლია მოვიყვანო. მაგალითად, მაუწყებელს ამ დრომდე არ აქვს საშტატო განრიგი და სახელფასო ბადე, რაც ნიშნავს იმას, რომ თუ დღეს მაუწყებელში, პირობითად, მუშაობს 100 ადამიანი, ხვალ შეიძლება იყოს 2 000, ზეგ - 3 000 და ერთი კვირის შემდეგ იყოს 1 ადამიანი. ეს არის სერიოზული გამოწვევა, ისევე როგორც სახელფასო ბადის ნაწილში თავისუფლად შეუძლია გენერალურ დირექტორს ისე ცვალოს ხელფასების ოდენობა, რომ პრაქტიკულად არავისთან შეათანხმოს ეს ოდენობა. ამას გარდა, პრობლემაა ისიც, რომ ფინანსთა სამინისტროს აქვს განსხვავებული მონაცემები, რამდენი თანამშრომელია საზოგადოებრივ მაუწყებელში, და თავად საზოგადოებრივმა მაუწყებელმა სხვა ინფორმაცია მოგვაწოდა“.

სულხან სალაძე, მარიამ გოგოსაშვილი

საზოგადოებრივი მაუწყებლის მიმდინარე და ახალი ამბების ბლოკის დირექტორი კი, გიორგი გვიმრაძე, საზოგადოებრივი მაუწყებლის შემოსავლების სხვა ინსტიტუციების შემოსავლებთან შედარებას მიიჩნევს არარელევანტურად და ფიქრობს,რომ ეს არის საზოგადოებრივი მაუწყებლის მიზანმიმართული დისკრედიტაცია:

“ჩემი აზრით, მავნებლურიც კია, იქიდან გამომდინარე, რომ რეალურად ეს ნაწილი მთლიანად მიმართულია იქითკენ, რომ საზოგადოებრივი მაუწყებელი, როგორც ინსტიტუცია, არ არსებობდეს. როდესაც შენ ასეთ ძალიან ცუდ შედარებას აკეთებ გარკვეულ ინსტიტუციებთან მიმართებაში, რომ იმას ასეთი ცოტა აქვს დაფინანსება და საზმაუს ამდენი, მიჭირს, რომ ამ ნაწილის ემოციური შეფასება არ გავაკეთო“.

ჯერჯერობით ასე დარწმუნებით ვერაფერს ვიტყვი, მაგრამ, როგორც ვიცი, განსხვავება დიდია. ვთქვათ, პოლიტიკურ გადაცემებს განსაკუთრებით დიდი ბიუჯეტი აქვთ, განსაკუთრებით იმ ხალხს აქვს მაღალი ხელფასი, რომელიც „ჯიდიესიდანაა“ გადმოსული...
ნინია კაკაბაძე

კვლევაში კი, რომელსაც გიორგი გვიმრაძე ზედაპირულად და არაპროფესიულად მიიჩნევს, გამოვლენილ ძირითად მიგნებებს შორის არის ასევე ის, რომ სამეურვეო საბჭო ბიუჯეტს და შესაბამის ცვლილებებს დირექტორისგან დეტალური ბიუჯეტისა და დასაბუთების გარეშე იღებს. 2018 წლის პროექტები მაღალბიუჯეტიანია. საზოგადოებრივი მაუწყებელი მოთხოვნის შემთხვევაშიც კი არ გასცემს სათანადო ინფორმაციას ბიუჯეტის შესახებ, არ ხდება მაუწყებლის საქმიანობის ეფექტურობისა და პროგრამული პრიორიტეტების შესრულების გაზომვა. საზოგადოებრივი მაუწყებლის სამეურვეო საბჭოს ერთ-ერთი წევრის, ქეთევან მსხილაძის, განმარტებით, პროგრამულ პრიორიტეტებზე მუშაობა დროში გახანგრძლივდა. პროექტი, სავარაუდოდ, მაისის ბოლომდე დასრულდება და მასში შეფასების კრიტერიუმებიც გაიწერება. ქეთევან მსხილაძე ამბობს იმასაც, რომ ბიუჯეტის ხარჯვას სამეურვეო საბჭო აკონტროლებს, თუმცა თეორიულად კორუფციული გარიგების გამოვლენა მის ძალებს აღემატება:

„დოკუმენტურად ქაღალდზე ყველაფერი არის გაფორმებული კანონიერად. ასეთ შემთხვევაში ჩემი იარაღია, რომ ვთქვა საჯაროდ და შესაბამისმა უწყებებმა დაიწყონ ამის გამოძიება, თუმცა სამართლებრივი რეაგირების პრეცედენტი არ ყოფილა. მე საჯაროდ მითქვამს, მაგალითად, გამომითქვამს უკმაყოფილება გარკვეულ ტენდერებთან დაკავშირებით, იმიტომ რომ დამინახავს ნეპოტიზმისა და ფავორიტიზმის მკაფიო და აშკარა ნიშნები, მაგრამ კორუფცია ცოტა მძიმე ბრალდებაა და ეს რომ თქვა, საფუძვლიანი ეჭვი უნდა გქონდეს. ფინანსური ხარჯვის კონტროლის ჩვენი იარაღია ასევე აუდიტი“.

ქეთევან მსხილაძე აღნიშნავს, რომ მთელ რიგ სხვა პრობლემებს შორის პრობლემაა იმის შეფასებაც, საზოგადოებრივი მაუწყებლის მიერ დახარჯულ ფულს რა სიკეთე მოაქვს საზოგადოებისთვის. საიას კვლევის თანახმად, 2018 წელს საზოგადოებრივი მაუწყებლის ბიუჯეტის ნახევარზე მეტი, 54 პროცენტი, შრომის ანაზღაურებაში იხარჯება, თუმცა რამდენადაც საზოგადოებრივი მაუწყებლის სამეურვეო საბჭოს წევრის, ნინია კაკაბაძისთვისაა ცნობილი, დაფინანსებას შორის შიდა სხვაობა დიდია:

ნინია კაკაბაძე

„ჯერჯერობით ასე დარწმუნებით ვერაფერს ვიტყვი, მაგრამ, როგორც ვიცი, განსხვავება დიდია. ვთქვათ, პოლიტიკურ გადაცემებს განსაკუთრებით დიდი ბიუჯეტი აქვთ, განსაკუთრებით იმ ხალხს აქვს მაღალი ხელფასი, რომელიც „ჯიდიესიდანაა“ გადმოსული. გაცილებით ნაკლები ბიუჯეტი აქვთ სხვა ტიპის გადაცემებს, მაგრამ ციფრები ჯერ არ მაქვს და ამაზე დარწმუნებით ჯერჯერობით მაინც ვერ დაგელაპარაკებით. თუმცა პრობლემა არის, ალბათ, არამიზნობრივი ხარჯვაც, რადგან წინასწარ არ არის განსაზღვრული, რა ტიპის გადაცემამ შეიძლება მოიტანოს მაყურებლის ნდობა და თვალი“.

ნინია კაკაბაძე აქვე შენიშნავს იმასაც,რომ მთავარი მაყურებელი საინფორმაციო გადაცემებს ჰყავს, ეს გადაცემები კი საზოგადოებრივ მაუწყებელზე პოლიტიკური გავლენის ქვეშაა. თავის მხრივ, სხვა პრობლემების პარალელურად, პოლიტიკური მიკერძოების საკითხზე ამახვილებს ყურადღებას „საერთაშორისო გამჭვირვალობა - საქართველოს“ მედიაპროგრამის მენეჯერი მამუკა ანდღულაძე. მისი აზრით, როდესაც საზოგადოებრივ მაუწყებელს სახელმწიფო ბიუჯეტიდან სრული ფინანსური მხარდაჭერა აქვს და, ამის მიუხედავად, ვერ იცავს მიუკერძოებლობისა და დამოუკიდებლობის სტანდარტებს, პრობლემაა არა მხოლოდ საზოგადოებრივი მაუწყებლისთვის, არამედ, ზოგადად, მედიაგარემოსთვის საქართველოში.