რა უშველის ტურიზმს საქართველოში - ანტიკრიზისული გეგმა? 

ტურისტები ბათუმის ბოტანიკურ ბაღში. 23 ივნისი, 2019 წ.

ტურიზმის მსოფლიო ორგანიზაციის პროგნოზით, მთელ მსოფლიოში 2020 წელს ტურების 58%-დან 78%-მდე კლებაა მოსალოდნელი; საქართველოს მთავრობამ 7 მაისს წარადგინა ტურიზმის ანტიკრიზისული გეგმა, რომელიც პირველი კონკრეტულ სექტორზე მორგებული ეკონომიკური სტრატეგიაა და რომლის თანახმადაც ქვეყანა 1 ივლისიდან უცხოელი ტურისტების მიღებას შეძლებს. ტურიზმში ჩართული ადამიანები ამბობენ, რომ 2020 წლის ზაფხული ტურისტებით დატვირთული ვერ იქნება და საქართველომ ახლა იმაზე უნდა იმუშაოს, რომ მოგზაურთა სასურველი მიმართულებებიდან არ გაქრეს მომდევნო წლებში, მანამდე კი სექტორში დასაქმებულებს მძიმე ფინანსურ გამოწვევებთან მოუწევთ გამკლავება, საკუთარი თავის და ბიზნესის გადარჩენა. ტურიზმის სფეროში 150 000-მდე ადამიანია დასაქმებული.

„დღეს, როცა მსოფლიო ტურიზმის ორგანიზაცია ჯერ კიდევ ადგენს, სტანდარტებს, როგორი სტანდარტით შეიძლება გაიხსნას მაგალითად ევროპის ქვეყნებში ტურიზმი და ეს სტანდარტები ბოლომდე დადგენილი არ არის, იმ გადაწყვეტილებამ, რომელიც ჩვენ ადრეულ ეტაპზე მივიღეთ და სასტუმროები გადავაქციეთ საკარანტინო ზონებად, მოგვცა უდიდესი გამოცდილება, რომელსაც დღეს მსოფლიო ტურიზმის განვითარების ორგანიზაციაც იყენებს, იმისთვის, რომ პოსტკრიზისულ ეტაპზე, როდესაც მსოფლიოში, ასე თუ ისე, „კოვიდ-19“-ის რისკი შედარებით იქნება გადალახული და ადამიანები დაიწყებენ საზღვრების გადალახვას, საქართველოს უკვე ექნება გამოცდილება, მაღალი რისკის შემცველ ადამიანებს როგორ მოემსახუროს“, - თქვა პრემიერ-მინისტრმა გიორგი გახარიამ 7 მაისს ტურიზმის ამოქმედების ანტიკრიზისული გეგმის წარდგენისას. ეს არის პირველი სექტორული ანტიკრიზისული გეგმა, გათვლილი პოსტკრიზისული პერიოდისთვის. ტურიზმის შემდეგ მთავრობა აპირებს დაამუშაოს ამგვარი გეგმები სოფლის მეურნეობისთვის, მშენებლობის სექტორისა და, ბოლოს, განათლებისთვის.

პრემიერ-მინისტრმა გეგმის წარდგენისას თქვა, რომ საქართველოში კარანტინის ზონებად ქცეულ სასტუმროებში უკვე გაიარა 19 000-მა ადამიანმა და გამოცდილება, რაც მათ ამ პერიოდში დაუგროვდათ, კონკურენტული უპირატესობაა, რასაც საქართველი გამოიყენებს. მთავრობა ფიქრობს, რომ საერთაშორისო ტურისტებს პოსტპანდემიურ ხანაში საქართველოში უსაფრთხო ზონები შეუძლია შესთავაზოს, რომლებიც ისტორიულად პოზიციონირებდნენ სასუნთქი ორგანოების პრობლემების მქონეთათვის დასასვენებელ ადგილებად.

„ეს შეიძლება იყოს წყალტუბო, გუდაური, საირმე, აბასთუმანი, ბორჯომი და კიდევ ბევრი“, - თქვა გიორგი გახარიამ.

ასევე ნახეთ ლოპოტა, გუდაური, საირმე - სად ცხოვრობენ კარანტინში 

მთავრობის ხელმძღვანელის ენთუზიაზმს ვერ იზიარებენ გიდები, რომლებიც ტურისტული სეზონის დროს ასობით ტურისტს უწევდნენ მეგზურობას სხვადასხვა ადგილებში და, მათ შორის, „უსაფრთხო ზონებშიც“. გიდებმა კარგად იციან, რა სახის ინფრასტრუქტურული პრობლემები ხვდება აქ ჩამოსულ ტურისტს.

„გუდაურში, ყაზბეგში და სხვა უამრავ ადგილას მწვავედ დგას საპირფარეშოების და სველი წერტილების პრობლემა. საქართველოს რეგიონების დიდ ნაწილში არ არის უწყვეტად სუფთა სასმელი წყალი - ტურიზმის მსოფლიო ორგანიზაციის რეკომენდაციებს შორის პირველი ისაა, რომ მოგზაურობისას შესაძლებელი იყოს ჰიგიენის დაცვა; თუკი ჩვენ მივიღებთ ზაფხულში ტურისტებს და მათ ვერ დავახვედრებთ ელემენტარულ პირობებს, თუკი ტუალეტებთან რიგები დახვდებათ და წყალი პერიოდულად შეწყდება, ვერავის დავაჯერებთ, რომ უსაფრთხო ტურისტულ ზონებში იმყოფებიან“, - ამბობს ნუცა ცქიმანაური, რომელიც ერთ-ერთია პანდემიისას შემოსავლის გარეშე დარჩენილ გიდებს შორის.

ასევე ნახეთ ათასობით ოჯახი სუფთა სასმელი წყლის გარეშე

გიდების უმეტესობა მცირე მეწარმის სტატუსის მატარებელია და ტურისტულ კომპანიებთან დადებული კონტრაქტებით მუშაობს. ამ სტატუსის მქონე გიდებისთვის არ მოქმედებს არც სახელმწიფოს მიერ შემოთავაზებული 1200-ლარიანი დახმარება, იმის გამო, რომ სამსახურდაკარგულების კატეგორიაში არ გადიან, და არც ერთჯერადი, 300-ლარიანი დახმარება თვითდასაქმებულებისთვის. ნუცას ტურიზმიდან შემოსავალი იანვრის თვის შემდეგ არ მიუღია და ამბობს, რომ ისიც და სხვა გიდებიც მთავრობის პოსტკრიზისული გეგმის წარდგენისას უფრო ქმედით და კონკრეტულ შემოთავაზებებს ელოდნენ და არა საუბარს გიდების სერტიფიცირებასა და აღრიცხვაზე, რაც კრიზისსა და მის შემდგომ ხანაში დამატებით ბიუროკრატიას და დისკომფორტს ნიშნავს და გაუმჭვირვალე პროცესების რისკსაც შეიცავს.

გიდების პრობლემატიკასთან დაკავშირებით, 7 მაისს ეკონომიკის მინისტრმა, ნათია თურნავამ თქვა, რომ რამდენიმე მიმართულებით აპირებენ მუშაობას და მათგან ერთ-ერთი მთავარი მიმართულება ხარისხის სერტიფიცირება იქნება.

„ჩვენ ზუსტად უნდა ვიცოდეთ, ვინ არის და რომელ ჯგუფს უნდა მივანიჭოთ გარკვეული პრეფერენციები და დახმარებები, ასევე უკვე მიღებულია გადაწყვეტილება, რომ გიდებს მიეცემათ უფასოდ შესვლის უფლება მუზეუმებში, ნაკრძალებში, დაცულ ტერიტორიებში, რაც მათთვის ძალიან მნიშვნელოვანი შეღავათია. ასევე იმ პერიოდში, ვიდრე არ აღდგება ტურისტული აქტივობა ძველი მასშტაბით და ჯერ კიდევ იქნება გიდების დასაქმების პრობლემა, ყველაფერს გავაკეთებთ, რომ მათთვის ალტერნატიული დასაქმების შესაძლებლობა შევქმნათ და შევთანხმდით მათთან, რომ ამისთვის სპეციალური პლატფორმა შეიქმნება. გიდებს ასევე აქტიურად ჩავრთავთ მიკროგრანტების პროგრამაში, იგივე „აწარმოე საქართველოში“ პროგრამის ფარგლებში, რომ მათ შეძლონ თავის საქმიანობასთან ახლოს მყოფი პროექტები წარადგინონ. ერთ-ერთი კომპონენტი ასევე იქნება გადამზადება“, - ეს განცხადება ნათია თურნავამ 7 მაისს გააკეთა.

მთავრობა 2020 წელს ტურიზმის სტიმულირებისთვის 200 მილიონ ლარს გამოყოფს, რომელიც ასე ნაწილდება:

  • ტურისტული ინდუსტრიისთვის 2020 წლის ქონების გადასახადის გაუქმება - 45 მილიონი ლარი (ეს არის თანხა, რომელიც უნდა გადაეხადათ და არ გადაიხდიან ბიზნესები);
  • ტურისტული ინდუსტრიის საშემოსავლო გადასახადისგან გათავისუფლება (და გადავადება) - 90 მილიონი ლარი (ესეც ბიზნესის გადასახდელი თანხაა, რომლისგანაც გათავისუფლედნენ);
  • სასტუმროების სესხების სუბსიდირება - 60 მილიონი ლარი (განკუთვნილია 3000 სასტუმროსთვის);
  • ტურისტული კომპანიებისა და გიდების მხარდაჭერა - 5 მილიონი ლარი (დეტალები თანხის ხარჯვის მექანიზმის შესახებ, არ დაკონკრეტებულა);

მთავრობა ყველა სასტუმროს, რომლის წლიური ბრუნვაც 20 მილიონ ლარამდე იყო, სთავაზობს, რომ სახელმწიფო 6 თვის განმავლობაში სესხის პირველ 5 მილიონ ლარზე 80 პროცენტის სუბსიდირებით დაეხმარება. სარესტორნო ბიზნესს კი საკრედიტო საგარანტიო სქემაში ჩართვას სთავაზობს, რაც იმას გულისხმობს, რომ არსებული საბანკო სესხების რესტრუქტურიზაციის პროცესში სახელმწიფო მათ 30-პროცენტიან თანაუზრუნველყოფაში დაუდგება, ახალი სესხების მოზიდვის დროს კი თავის თავზე 90-პროცენტიან თანაუზრუნველყოფას აიღებს.

მიუხედავად სახელმწიფოს ერთი შეხედვით ყოვლისმომცველი შეთავაზებისა, ტურისტულ ინდუსტრიაში რჩება რგოლები, რომელთა მძიმე მდგომარეობიდან გამოსავალზე ნაფიქრი არ არის. ქეთო ნინიძე, რომელსაც მეოთხე წელია საოჯახო მარანი და ოდა აქვს მარტვილში, ამბობს, რომ 2020 წელს ტურისტების მკვეთრ მატებას ელოდნენ და მთელი ის დანაზოგი, რაც ჰქონდათ, არსებული ინფრასტრუქტურის გაფართოებას მოახმარეს. გაზაფხულზე, როცა ბანკისგან კრედიტი მოითხოვეს, თითქმის დამტკიცებულ ბიზნესსესხზე ბოლო მომენტში მიიღეს უარი - სარესტორნო ბიზნესისა და ღვინის მწარმოებლებისთვის ბანკებმა დროებით შეაჩერეს შედარებით დაბალპროცენტიანი სესხების გაცემა. ახლა ქეთოსაც და სხვა მცირე საოჯახო მარნების მეპატრონეებსაც, ფინანსებზე გართულებული წვდომის გამო, არ შეუძლიათ შეიძინონ შესაფუთი მასალები და სხვა საჭირო პროდუქცია ღვინის სარეალიზაციოდ. ამის გარეშე კი უკვე დამდგარი ზარალი კიდევ უფრო იზრდება.

ასევე ნახეთ ერთი მიზანი ორისთვის

ქეთო ფიქრობს, რომ 2020 წლის ზაფხულისთვის მათი ძირითადი მომხმარებელი ადგილობრივი ტურისტები იქნებიან, მაგრამ იმისთვის, რომ მათ დასახვედრად მოემზადონ, საჭიროა მთავრობამ მალე გამოაქვეყნოს მკაფიოდ გაწერილი უსაფრთხოების სტანდარტები, რომელთა დაცვაც სავალდებულო იქნება ტურისტული ობიექტებისთვის.

კითხვები იმასთან დაკავშირებით, როგორ მოესწრება უსაფრთხოების და ჰიგიენის გაიდლაინების დანერგვა შიდა და საერთაშორისო ტურიზმის ამუშავებამდე და როგორ და ვის მიერ მოხდება სოფლად არსებული განთავსების ობიექტების ახალ სტანდარტებთან შესაბამისობის შემოწმება, აქვთ საქართველოს ტურიზმის ინდუსტრიის ალიანსშიც. ეს ორგანიზაცია სექტორში მომუშავე 5000-ზე მეტ ფიზიკურ და იურიდიულ პირს აერთიანებს. იმ საკითხებზე, რაც ღიად დარჩა მთავრობის პოსტკრიზისული გეგმის წარდგენის შემდეგ, ალიანსის წევრებმა ტურიზმის ეროვნული ადმინისტრაციის ხელმძღვანელთან იმსჯელეს და შესთავაზეს კრიზისიდან გამოსვლის ხედვა, რომელიც უფრო ფართო ფინანსური შეღავათების და თვითდასაქმებულების ფინანსური ვალდებულებების შემსუბუქების რეკომენდაციას მოიცავს.

ტურიზმის სექტორის კვლავ ამუშავების მთავრობის მიერ შემოთავაზებული გეგმა ამ დროისთვის პირობითად სამ ეტაპად შეგვიძლია დავყოთ და ასე გამოიყურება:

I მოსამზადებელი ეტაპი:

  • უსაფრთხოების სტანდარტების დანერგვა სასაზღვრო გამშვებ პუნქტებსა და აეროპორტებში, განთავსების ობიექტებში (სასტუმროებში), გიდებთან, კვების ობიექტებში, სატრანსპორტო კომპანიებსა და საქალაქთაშორისო ტრანსპორტში.
  • კერძო სექტორის ხელშეწყობა სტანდარტების დასანერგად (ტრენინგები, გაიდლაინები);
  • ავიაკომპანიებთან ოპერირების განახლებაზე მოლაპარაკება;
  • ქვეყნებს შორის უსაფრთხო დერეფნების შექმნა;
  • ევროკავშირის ქვეყნების მიმართულებაში საქართველოს ინტეგრირება;
  • საერთაშორისო მარკეტინგული კომპანია „საქართველო - უსაფრთხო დანიშნულების ადგილი“.

II ეტაპი, გახსნა ადგილობრივი ტურისტებისთვის (15 ივნისიდან)

  • უსაფრთხო ტურისტული ზონების შექმნა;
  • შიდა ტურიზმის ამოქმედება.

III ეტაპი, გახსნა საერთაშორისო ტურისტებისთვის (1 ივლისიდან)

  • სახმელეთო და საჰაერო საზღვრების გახსნა უსაფრთხო დერეფნების შესაბამისად;
  • ფრენების ეტაპობრივი აღდგენა.

ჯერჯერობით უცნობია, რომელი ქვეყნებიდან აღდგება ფრენები საქართველოში და მსოფლიო ეკონომიკური კრიზისის ფონზე, ვინ იქნებიან ის უცხოელი ტურისტები, ვინც საქართველოში გადაწყვეტენ დასვენებას და მოგზაურობას. ტურიზმის სფეროს წარმომადგენლები ამბობენ, რომ საქართველო ისედაც ძირითადად დაბალბიუჯეტიანი ტურისტებისთვის იყო სასურველი მიმართულება და თუკი, მაგალითად, ფრენები, საკვები პროდუქტები და, შესაბამისად, სერვისი გაძვირდება, ის სეგმენტი რთულად წარმოსადგენია, რომ კვლავ იყოს დაინტერესებული საქართველოში მოგზაურობით. თუკი საქართველოში ე.წ. ზურგჩანთიან მოგზაურთა ნაკადი ჩამოვა, მათი დანახარჯები დიდი არ იქნება, მაღალი შემოსავლის მქონე ტურისტების მოთხოვნების შესაბამისი ინფრასტრუქტურა კი ქვეყანაში ჯერ კიდევ არ არსებობს და ამ მიმართულებით მის პოზიციონირებასაც განსხვავებული მარკეტინგული კამპანია სჭირდება. არც შიდა ტურიზმი ქმნის იმდენად დიდ შემოსავალს, რომ სფერო მწვავე კრიზისს გადაარჩინოს.

7 მაისს ეკონომიკის მინისტრმა თქვა, რომ პირველი ტურისტები საქართველოში საზღვრების გახსნის შემდეგ რეგიონის ქვეყნებიდანაა მოსალოდნელი, 9 მაისს პრემიერ-მინისტრის გაკეთებული განცხადებით კი ირკვევა, რომ ისრაელიდან და ავსტრიიდან არსებობს ტურისტების შემოყვანასთან დაკავშირებით თანამშრომლობის ინტერესი. 8 მაისსვე დაანონსდა სექტემბრის თვეში ტურიზმის მსოფლიო ორგანიზაციის ეგიდით დაგეგმილი მინისტერიალის საქართველოში ჩატარება.

ეკონომიკის მინისტრის ყოფილმა მოადგილემ, ქეთი ბოჭორიშვილმა, ტურიზმის სექტორის საჭიროებების შესახებ ფეისბუკის გვერდზე დაწერა, რომ მნიშვნელოვანია რეალური მოლოდინების შექმნა. მისი თქმით, აღდგენის პერიოდი პოზიტიურ შემთხვევაში შესაძლოა 10 თვეს გაგრძელდეს, შემოდგომაზე პანდემიის მეორე ტალღის არსებობის შემთხვევაში კი პროცესი შესაძლოა 20 თვემდეც გაიწელოს.

„რადგან ჯერ კიდევ ბუნდოვანია, რა იქნება ამ ერთი წლის განმავლობაში, მნიშვნელოვანია, რომ რესურსების სწორი განკარგვა მოხდეს. ვფიქრობ, აქცენტები უნდა გაკეთდეს შიდა ტურიზმის პოპულარიზაციაზე და წახალისებაზე. ასევე, რეგიონალურ ტურიზმზე (სამანქანო მგზავრობის რადიუსის ქვეყნებიდან) და რიგ ქვყენებიდან ორგანიზებულ ტურიზმზე. ალბათ ეს არის, რასაც მაქსიმუმ შეიძლება ველოდოთ ამ წელს. სამწუხაროდ, იმ ქვეყნებიდან, საიდანაც თვითმფრინავით გადაადგილება არის საჭირო - დიდი რაოდენობით ტურისტების მოლოდინი არ უნდა გვქონდეს.

ამ ყველაფრის ფონზე, რადიკალური მიდგომები და სტიმულირების პაკეტები უმნიშვნელოვანესია: პირველ რიგში, რომ სექტორი გადარჩეს, არ მოხდეს კომპანიების დახურვა, სამსახურებიდან ხალხის დათხოვნა. ამ ყველაფერს შენარჩუნება უნდა, სწორედ ამიტომ მნიშვნელოვანია, რომ სწორად განვსაზღვროთ საერთაშორისო ნაკადების რაოდენობა და მაქსიმალური გავაკეთოთ, რომ სტუმრები გვყავდეს, ამიტომ მნიშვნელოვანია - რომ ვიზიტორების მოზიდვაში ჩაიდოს ფული“, - წერს ქეთი ბოჭორიშვილი. მისი თქმით, კრიზისი ზრდის ეფექტურობას და იწვევს ინოვაციას და კარგი იქნება, თუკი საქართველო ამ პერიოდს გამოიყენებს ხარისხიანი ინფრასტრუქტურის შესაქმნელად, სასტუმროებსა და სხვადასხვა ტურისტულ ობიექტზე ინფრასტრუქტურისა და სერვისების გასაუმჯობესებლად, ტექნოლოგიებისა და ახალი მართვის სისტემების დასანერგად და ახალი მიმართულებით ტურისტული პროდუქტების შესაქმნელად, რაც გულისხმობს ეროვნული პარკების, ნაკრძალებისა და დაცული ტერიტორიების, გამაჯანსაღებელი ტურიზმის განვითარებას.