რა უნდა პუტინს საქართველოსგან?

ვლადიმირ პუტინი

ვლადიმირ პუტინი იმუქრება, რომ რუსეთს „უკიდურესად უარყოფითი“ დამოკიდებულება ექნება საქართველოსა და უკრაინის ნატოში გაწევრიანების მიმართ, თუმცა „ფოქს ნიუსისთვის“ მიცემული ინტერვიუდან ისიც ჩანს, რომ რუსეთის მიერ პირდაპირ საფრთხედ აღიქმება ორმხრივი თანამშრომლობა ნატოს ცალკეულ წევრებთანაც. რას ნიშნავს ასეთი განცხადება შეერთებული შტატების პრეზიდენტთან, დონალდ ტრამპთან, ჰელსინკიში შეხვედრის შემდეგ? შესაძლოა თუ არა შეეწიროს საქართველოს ინტერესები ორი დიდი ქვეყნის მცდელობას, გააუმჯობესოს ბოლო პერიოდში უკიდურესად დაძაბული ურთიერთობები და რა ევალება საქართველოს ხელისუფლებას?

„უარყოფითი“ - ძალიან სწრაფად ასეთი მოკლე პასუხი გასცა რუსეთის პრეზიდენტმა ვლადიმირ პუტინმა „ფოქს ნიუსის“ წამყვანის, კრის უოლესის, შეკითხვას: „თუკი ნატო თავის რიგებში მიიღებს უკრაინას ან საქართველოს, რა რეაქცია გექნებათ თქვენ?“ - თუმცა მოკლე პასუხს რუსეთის პრეზიდენტის მხრიდან მოჰყვა ვრცელი და მუქარის შემცველი ტექსტიც:

Your browser doesn’t support HTML5

პუტინი: ნატოში უკრაინის და საქართველოს მიღებაზე რუსეთს მკვეთრად უარყოფითი რეაქცია ექნება

„ნატოში ვითარება ასეთია. მე მშვენივრად ვიცი, როგორ მუშაობს გადაწყვეტილების მიღების მექანიზმები. მართალია, იქ ყველაფერი კონსენსუსით მიიღწევა, მაგრამ ჩრდილოატლანტიკური ხელშეკრულების ორგანიზაციის მოედანზე კონსენსუსის მიღწევამდე ნატოს ცალკეულ წევრებთან შესაძლებელია მუშაობა ორმხრივ ფორმატშიც. სწორედ ეს მოხდა პოლონეთისა და რუმინეთის შემთხვევაში, სადავ ახლა აშშ-ის სტრაგიული ანტისარაკეტო თავდაცვის ელემენტების განთავსება ხდება. ეს ჩვენი უსაფრთხოებისთვის პირდაპირი საფრთხეა. ამიტომ ნატოს ინფრასტრუქტურის ჩვენს საზღვრებთან მოახლოება ჩვენთვის საფრთხეს წარმოადგენს და ამის მიმართ ჩვენი დამოკიდებულება უკიდურესად უარყოფითი იქნება“, - უთხრა „ფოქს ნიუსის“ წამყვანს ვლადიმირ პუტინმა.

რუსეთის პრეზიდენტის განცხადებაში ახალი ვერაფერი დაინახეს ანალიტიკოსებმა, თუმცა ბევრს თავისთავად საყურადღებოდ მიაჩნია ის ფაქტი, რომ ეს განცხადება ვლადიმირ პუტინმა მალევე გააკეთა, დონალდ ტრამპთან შეხვედრის შემდეგ - სინამდვილეში ხომ არავინ იცის, რაზე ილაპარაკა ორმა პრეზიდენტმა დახურულ კარს მიღმა. პოლიტოლოგ გიორგი გობრონიძის აზრით, ამ განცხადებით პუტინმა, მათ შორის, საერთაშორისო თანამეგობრობას გაუგზავნა სიგნალი, რომ ის არ აპირებს უღალატოს კონფრონტაციულ პოლიტიკას და რუსეთი ამერიკასთან დათმობებზე არ წავა.

Your browser doesn’t support HTML5

გიორგი გობრონიძე რუსეთის პრეზიდენტის განცხადების შესახებ

თავისთავად იმ ფაქტს, რომ ტრამპისა და პუტინის შეხვედრაზე განსახილველ თემებს შორის, უკრაინისგან განსხვავებით, ნახსენები არ იყო საქართველო, ქვეყნის საგარეო პოლიტიკის დიდ მინუსად ასახელებს არაერთი ანალიტიკოსი. მათთვის ნათელია, რომ შემდგომშიც ასევე საქართველოს ხელისუფლების სწორ აქტიურობასა და ქვეყნის რეალურ დემოკრატიულ განვითარებაზე იქნება დამოკიდებული ნატოში საქართველოს სამომავლოდ გაწევრიანების საკითხიც: როდესაც არ იარსებებს კითხვის ნიშნები, სკეპტიკოს ქვეყნებსაც გამოელევათ საკვები და რუსეთი ვერანაირად ვერ შეუშლის ხელს საქართველოს ნატოში გაწევრიანებას. ასე ფიქრობს ატლანტიკური საბჭოს აღმასრულებელი დირექტორი გიორგი მუჩაიძეც. რაც შეეხება ამერიკისა და რუსეთის დეკლარირებულ მიზანს გააუმჯობესონ ურთიერთობები, მუჩაიძის აზრით, ეს საქართველოს ინტერესების ხარჯზე არ მოხდება, რადგან ეს ხელყოფს ამერიკის ინტერესებსაც.

Your browser doesn’t support HTML5

გიორგი მუჩაიძე ტრამპი-პუტინის შეხვედრის შესახებ

მიუხედავად იმისა, რომ ანალიტიკოსების დიდი ნაწილი რუსეთისა და ამერიკის ურთიერთობების დათბობის მცდელობას მოკლევადიან სიცოცხლეს უწინასწარმეტყველებენ, ტრამპისა და პუტინის შეხვედრამ ძალიან ბევრი გააღიზიანა და მათ შორის ამერიკაშიც. ტრამპისა და პუტინის პრესკონფერენციას „ყველაზე სამარცხვინო სპექტაკლი“, ხოლო ჰელსინკის სამიტს „ტრაგიკული შეცდომა“ უწოდა რესპუბლიკელმა სენატორმა ჯონ მაკკეინმა. მის მიერ გამოქვეყნებულ განცხადებაში ნათქვამია, რომ ტრამპს პუტინისთვის წინააღმდეგობის გაწევის არათუ მხოლოდ მცდელობა, არამედ სურვილიც კი არ გამოუმჟღავნებია.

„ის და პუტინი თითქოს ერთსა და იმავე სცენარით მოქმედებდნენ, როდესაც პრეზიდენტმა გააკეთა გაცნობიერებული არჩევანი დაეცვა ტირანი თავისუფალი მედიის სამართლიანი შეკითხვებისგან და დაეთმო პუტინისთვის უკონკურენტო პლატფორმა, რათა მას მსოფლიოსთვის პროპაგანდა და ტყუილები გადმოეფრქვია“, - განაცხადა ჯონ მაკკეინმა.

Your browser doesn’t support HTML5

მედიის რეაქციები ტრამპ-პუტინის სამიტზე