ინდოეთი, მალაიზია, ჰონგ-კონგი, რუსეთი - HMPV-ით გამოწვეული ინფექციების შემთხვევათა ზრდა არაერთ სხვა ქვეყანაშიც შეიმჩნევა. პროცესებს ყურადღებით აკვირდებიან ევროპასა და აშშ-ში. ჯანდაცვის ორგანიზაციები მოსახლეობას სპეციალურ რჩევებს აძლევენ.
ჯანმრთელობის მსოფლიო ორგანიზაცია პანდემიას არ მოელის.
რამდენად საშიშია HMPV?
ჩინეთიდან და სხვა ქვეყნებიდან გავრცელებული ფოტო- და ვიდეომასალები ადამიანებს 5 წლის წინანდელ მოვლენებს ახსენებს, როდესაც კორონავირუსის (SARS-CoV-2) პანდემია იკრებდა ძალებს და შემდეგ მან მსოფლიოს თითქმის ყველა ქვეყნის მოსახლეობა ცხოვრების ჩვეულ რიტმს წლობით ჩამოაშორა.
მაგრამ, SARS-CoV-2-ისგან განსხვავებით, HMPV მსოფლიოში უკვე თითქმის 25 წელია ცირკულირებს და ამ ვირუსით გამოწვეული რესპირატორული დაავადების მიმდინარეობა გაცილებით მსუბუქია.
მედიკოსები კიდევ რამდენიმე განმასხვავებელ გარემოებას გამოყოფენ:
- როცა კორონავირუსი (SARS-CoV-2) პირველად გამოჩნდა, მას არავინ იცნობდა და, შესაბამისად, იმუნიტეტი არავის ჰქონდა, ხოლო HMPV-ს მსოფლიო უკვე თითქმის 25 წელია იცნობს.
- 2001 წელს აღმოჩენილი HMPV, თავისი გართულებებით, კორონავირუსის მსგავსად სახიფათო არასოდეს ყოფილა.
„მეტაპნევმოვირუსმა [HMPV] შესაძლოა გამოიწვიოს ზედა და ქვედა სასუნთქი გზების დაავადებები ყველა ასაკის ადამიანებში, განსაკუთრებით - პატარა ბავშვებში, ხანდაზმულებსა და სუსტი იმუნური სისტემის მქონე ადამიანებში“, - ვკითხულობთ დაავადებათა კონტროლისა და პრევენციის ცენტრის - CDC-ის ოფიციალურ ვებსაიტზე.
უფრო კონკრეტულად, გართულებათა რისკჯგუფებში შედიან: ბავშვები 5 წლის ასაკამდე, 65 წელს გადაშორებულები და სხვადასხვა დაავადების მქონე ადამიანები. ასევე, პრაქტიკა ადასტურებს, რომ გართულებების თვალსაზრისით, ყველაზე მოწყვლად ჯგუფს წარმოადგენენ 2 წლამდე ბავშვები. ფრთხილად უნდა იყვნენ ორსულებიც.
როგორია HMPV-ს სიმპტომები?
HMPV-ს სიმპტომებია: ხველა, სურდო, სხეულის ტემპერატურის მცირედი მომატება, სისუსტე და ზოგ შემთხვევებში - სუნთქვის გაძნელება. ძირითად შემთხვევებში, დაავადების სიმპტომები, მედიკამენტების გარეშე, ერთ კვირაში უკვალოდ ქრება.
HMPV-ის ინკუბაციის პერიოდი 3-6 დღეა.
HMPV-ი შესაძლოა არაერთხელ შეხვდეს ადამიანს, მაგრამ, როგორც სპეციალისტები განმარტავენ - მიმდინარეობა ასეთ შემთხვევაში მსუბუქია.
მეტაპნევმოვირუსი [HMPV] გადამდებია როგორც ჰაერწვეთოვანი გზით - ადამიანიდან ადამიანზე, ასევე რაიმე საგნის ზედაპირიდან ადამიანზე, თუკი ზედაპირი ვირუსით დაბინძურებულია.
შესაბამისად, ექიმების რჩევაა პირბადის ტარება თავშეყრის ადგილებში, მათ შორის - ტრანსპორტში და ასევე - ხელების ხშირად დაბანა.
რა ვიცით გავრცელების არეალზე?
ვირუსით ინფიცირებულთა რიცხვის ზრდა ჩინეთში ჯერ კიდევ გასული წლის მიწურულს დაიწყო და მაშინვე ითქვა, რომ ზამთრის სტატისტიკა კიდევ უფრო მზარდი იქნებოდა. ამ დროისთვის არსებული ინფორმაციით, მეტაპნევმოვირუსი [HMPV] ჩინეთის რამდენიმე პროვინციაშია გავრცელებული; კლინიკებს სულ უფრო მეტი ადამიანი აკითხავს და დაავადებულთა შორის ბავშვები ჭარბობენ.
ინფიცირების შემთხვევათა ზრდის ფონზე, დეკემბრის მიწურულს, როიტერსი, ჩინეთის ხელისუფლების ადგილობრივ წყაროებზე დაყრდნობით, იტყობინებოდა, რომ ჩინეთის სამედიცინო სისტემა უცნობი წარმოშობის პნევმონიის მონიტორინგის საპილოტო სისტემის დასანერგად ემზადებოდა.
HMPV-თან დაკავშირებული შემთხვევების მატებაა ინდოეთში, მალაიზიაში, ჰონგ-კონგში, დიდ ბრიტანეთში, რუსეთში, ყაზახეთში. „ნიუსვიკის“ თანახმად, რუსეთის მოსაზღვრე ყაზახეთში, რომელსაც მჭიდრო ურთიერთობა აქვს რუსეთთან, 6 იანვარს, მეტაპნევმოვირუსით გამოწვეული დაავადების 30 შემთხვევა აღირიცხა.
გავრცელებულ ვიდეომასალებზე ჩანს, რომ რუსეთში დეზინფექციას თვითმფრინავის სალონებში - პირდაპირ მგზავრების თანდასწრებით აკეთებენ. ვრცელდება ასევე ცნობები, რომ ზოგიერთი ქვეყანა ტურისტების ნაკადების კონტროლის აუცილებლობასაც ხედავს.
HMPV-ის შემთხვევათა მატებაა ევროპასა და ამერიკის შეერთებულ შტატებშიც.
- აშშ-ის დაავადებათა კონტროლის ცენტრის [CDC] ინფორმაციით, 2024 წლის ნოემბრის შემდეგ, HMPV-ის დადასტურებული შემთხვევების რიცხვი მზარდია და დეკემბრის ბოლოს ტესტირებულთა კვირის მაჩვენებელმა 1.94%-ს მიაღწია.
- დიდ ბრიტანეთში, 3 იანვრის მონაცემები - HMPV-ის ლაბორატორიულად დადასტურებული შემთხვევები - 2.5%-ს შეადგენს; თუმცა 5-დან 14 წლამდე ასაკის ბავშვებში ეს მაჩვენებელი 5.9%-ს უტოლდება.
თუმცა ჩამოთვლილ ქვეყნებში, HMPV-თან დაკავშირებული შემთხვევები გაცილებით ნაკლებია, ვიდრე სხვა ვირუსებით გამოწვეული სხვა რესპირატორული დაავადებების მაჩვენებლები.
ჯანმრთელობის მსოფლიო ორგანიზაცია [WHO] ვითარებას კრიტიკულად არ თვლის. „ნიუსვიკთან“ WHO ადასტურებს შემთხვევების მნიშვნელოვან ზრდას ჩინეთში, თუმცა პროცესს სეზონურ მატებას უკავშირებს. ჩინეთის ჰოსპიტალურ სექტორზე ძლიერი წნეხი, გავრცელებული ინფორმაციით, იმ ფაქტმაც გამოიწვია, რომ - ახლა იქ არაერთი სხვა სეზონური ვირუსი ცირკულირებს, რაც, თავის მხრივ, HMPV-ით გამოწვეული დაავადების მიმდინარეობასაც ართულებს.
HMPV ცირკულირებს საქართველოშიც
იაშვილის სახელობის ბავშვთა ცენტრალური საავადმყოფოს სამედიცინო დირექტორი, ივანე ჩხაიძე რადიო თავისუფლებას ეუბნება, რომ HMPV-ი საქართველოში ყოველწლიურად ცირკულირებს და ახლა ამ მხრივ განსაკუთრებული არაფერი ხდება, ხოლო წლევანდელი სტატისტიკა წინა წლების ანალოგიურ პერიოდს არ აღემატება.
იაშვილის სახელობის ბავშვთა საავადმყოფოში, HMPV-ით გამოწვეული ფილტვების ანთებით ამ ეტაპზე ორი მცირეწლოვანი მკურნალობს. ჩხაიძის ინფორმაციით, როგორც წესი, HMPV-ი ფილტვებს კორონავირუსის მსგავსად არ აზიანებს.
„ზოგადად ითვლება, რომ 5 წლამდე ასაკის ბავშვების 99%-ზე მეტს უკვე გააჩნია ამ ვირუსის [HMPV] საწინააღმდეგო ანტისხეულები და [დაავადება] უკვე გადატანილი აქვს. ასევე მოსახლეობის აბსოლუტურ უმრავლესობას შესაბამისი ანტისხეულები აქვს და ეს განაპირობებს მათ დაცვას... თუ ვინმეს ოჯახში 5 წლამდე ასაკის ბავშვია, დედას შეუძლია ჩათვალოს, რომ მას უკვე აქვს გადატანილი ეს ვირუსი“, - გვეუბნება ივანე ჩხაიძე.
საქართველოს დაავადებათა კონტროლის ეროვნული ცენტრის [NCDC] ინფორმაციით, HMPV-ით გამოწვეული დაავადება იშვიათად გვხვდება საქართველოში და, სხვა ვირუსებთან ერთად, „გავრცელება ტიპურია მიმდინარე სეზონისთვის“, ხოლო ჰოსპიტალიზაციაც „სეზონური არაეპიდემიური მაჩვენებლების ფარგლებშია“. თუმცა შემთხვევათა რაოდენობა არ სახელდება.
NCDC-ის 6 იანვრის ინფორმაციით, საქართველოში ბოლო 4 კვირაა მატულობს გრიპის, განსაკუთრებით - A H1p-ის წილი.
ივანე ჩხაიძის თქმით, „ეს ვირუსი [HMPV] ითვლება სასუნთქი გზების დაზიანების ერთ-ერთ უხშირეს გამომწვევად“ და „სიხშირეზე ასეთი მონაცემებიც არსებობს, რომ 10 ბავშვიდან, რომელსაც გაციება აქვს, ყოველი მეათე, ანუ 10% არის მეტაპნევმოვირუსით გამოწვეული“, - უბრალოდ, ე.წ. გაციებისას მიზეზის კვლევა „ყოველთვის არ არის საჭირო და არც ხდება“.
გვიცავს თუ არა სეზონური აცრა HMPV-სგან?
პასუხია - არა. თუმცა ექიმების განმარტებით, სეზონური 4-კომპონენტიანი ვაქცინით აცრილი ადამიანი დაცულია გრიპის ვირუსებისგან და, შესაბამისად, იმისგანაც, რომ HMPV-ის შეყრის შემთხვევაში, ავადმყოფის მდგომარეობას სხვა ვირუსები არ დაამძიმებს.