ავტორი: აბუბაქარ სიდიყი
გრძელდება სპეკულაციები გავრცელებული ინფორმაციის თაობაზე, რომ რუსეთის ოფიცრები თალიბებს ჯილდოს სთავაზობდნენ ავღანეთში ამერიკელი ჯარისკაცების მოკვლისთვის.
მართალია, აშშ-ის პრეზიდენტმა დონალდ ტრამპმა ტვიტერში დაწერა, რომ ამერიკის დაზვერვის მიერ მოპოვებული შესაბამისი ანგარიშები არ მიიჩნევა სანდოდ და კრემლმა და თალიბებმაც უარყვეს გავრცელებული ინფორმაცია, თითქოს გრუ-ს, რუსეთის სამხედრო დაზვერვის, ოფიცრები თალიბებს ფულს უხდიდნენ ან ფულს სთავაზობდნენ ამერიკელი ჯარისკაცების მოკვლისთვის, ბრალდებებმა მაინც გააჩინა შეკითხვები.
მთავარი შეკითხვაა, რა მოტივები ამოძრავებს კრემლს ომით გაჩანაგებულ ამ ქვეყანაში.
რუსეთის უახლესი ისტორია და მისი ინტერესები ავღანეთში
მართალია, რუსეთი აღარაა ავღანეთის პირდაპირი მეზობელი, მაგრამ მას ამ ქვეყანასთან მჭიდრო კავშირი ჰქონდა უახლეს პერიოდში.
ბევრი ფიქრობს, რომ საბჭოთა კავშირის მიერ გადადგმულმა საბედისწერო ნაბიჯმა, როცა ის შეიჭრა მის სამხრეთით მდებარე გაღატაკებულ მეზობელ ქვეყანაში 1979 წლის დეკემბერში, გადამწყვეტი მნიშვნელობა იქონია კომუნიზმის დაცემასა და სსრკ-ის დაშლაში 12 წლის შემდეგ.
1990-იან წლებში რუსეთისთვის პრიორიტეტული იყო ტერორიზმის შეკავება, ნარკობიზნესის წინააღმდეგ ბრძოლა და ის, რომ ავღანეთში მიმდინარე ომი არ გავრცელებულიყო მის მეზობელ ქვეყნებზე ცენტრალურ აზიაში. ამ მიზნების მისაღწევად მოსკოვი თალიბების წინააღმდეგ მებრძოლ ე.წ. ჩრდილოეთის ალიანსთან თანამშრომლობდა.
კრემლი მიესალმა თალიბების რეჟიმის დამხობას, რაც მოჰყვა აშშ-ის მეთაურობით წარმოებულ სამხედრო კამპანიას 2001 წლის ბოლოს. ეს სამხედრო ოპერაცია აშშ-მა 2001 წლის 11 სექტემბრის ტერაქტების საპასუხოდ განახორციელა.
„რაც შეეხება ავღანეთს, რუსეთი ხელმძღვანელობს სტრატეგიული, პოლიტიკური და ეკონომიკური ხასიათის საკმაოდ კონკრეტული და პრაგმატული მოსაზრებებით, რომლებიც - და ეს პრინციპულად მნიშვნელოვანია - დიდწილად ემთხვევა თავად ავღანეთის რეალურ ინტერესებს,“ წერდა რუსეთის საგარეო საქმეთა მინისტრი იგორ ივანოვი 2002 წელს.
რატომ დაიწყო რუსეთმა ავღანეთში აშშ-სთან კონკურენცია?
11 სექტემბრის ტერაქტებიდან ათ წელზე მეტი ხნის განმავლობაში რუსეთის პრეზიდენტი ვლადიმირ პუტინი აშშ-ისა და მისი ტრანსატლანტიკური მოკავშირეების მისამართით ქებას არ იშურებდა იმისთვის, რომ მათ „იტვირთეს“ ავღანეთში ტერორიზმის წინააღმდეგ ბრძოლა და მისი „ბოლომდე მიყვანისკენ“ მოუწოდებდა მათ.
მაგრამ მას შემდეგ, რაც 2014 წლის ბოლოს დასრულდა ნატოს მსხვილი საბრძოლო ოპერაციები, კრემლმა ავღანეთში აშშ-ის მისიისთვის ძირის გამოთხრა დაიწყო.
ეს ცვლილება ნაწილობრივ გამოწვეული იყო პუტინის მისწრაფებით, რუსეთისთვის დაებრუნებინა ზესახელმწიფოს სტატუსი, მაგრამ მთავარი მიზეზი იყო დასავლეთთან კონკურენცია უკრაინაში და მოგვიანებით სირიაში, სადაც პუტინი ირანის მსგავსად მხარში ამოუდგა პრეზიდენტ ბაშარ ალ-ასადს.
2015 წლის ბოლოს პუტინის საგანგებო წარმომადგენელი ავღანეთში, ზამირ ქაბულოვი, ღიად საუბრობდა თალიბებთან კონტაქტების შესახებ. 2015 წლის დეკემბერში მან ინტერფაქსს განუცხადა, რომ ავღანეთში მოსკოვის ინტერესები „ობიექტურად ემთხვევა“ თალიბანის ინტერესებს „ისლამური სახელმწიფოს“ წინააღმდეგ ბრძოლაში, რომელსაც მოსკოვი სირიაში ებრძოდა. რუსეთის ხელისუფლების წარმომადგენლები აცხადებდნენ, რომ კრემლი „ისლამური სახელმწიფოს“ წინააღმდეგ სადაზვერვო ინფორმაციას უზიარებდა თალიბანს.
რა სურს რუსეთს ავღანეთში?
კონტრტერორიზმი კვლავაც უმნიშვნელოვანესია ავღანეთში მოსკოვის დეკლარირებულ ინტერესთა შორის.
„ვითარება ავღანეთში ერთ-ერთი საკვანძო პუნქტი იყო ჩვენი და ვაშინგტონის დღის წესრიგში მას შემდეგ, რაც კონტრტერორიზმის შესახებ რუსეთ-აშშ-ის დიალოგი დავიწყეთ 2018 წლის დეკემბერში,“ განუცხადა მაისში ინტერფაქსს რუსეთის საგარეო საქმეთა მინისტრის მოადგილემ, ოლეგ სირომოლოტოვმა.
მან ასევე აღნიშნა, რომ 2019 წლის მაისში გაეროს უშიშროების საბჭოს სანქციების გავრცელება „ისლამური სახელმწიფოს“ ავღანურ ფილიალზე იყო აშშ-სთან „ეფექტიანი თანამშრომლობის კარგი მაგალითი“.
რუსეთი და ჩინეთი მხარს უჭერენ ვაშინგტონის ძალისხმევას, თალიბებსა და ავღანეთის მთავრობას შორის მოლაპარაკებების მეშვეობით ხელი შეუწყოს ავღანეთში ომის დასრულებას.
მაგრამ, როგორც ლონდონის ანალიტიკური ცენტრის, Chatham House-ის სპეციალისტი ჰამიდ ჰაქიმი ამბობს, ამჟამად რუსეთი ცდილობს პატრონაჟის საკუთარი ქსელი შექმნას ავღანეთში აშშ-სა და ჩინეთზე უპირატესობის მოსაპოვებლად.
„ეს დასასრულია 2001 წლის შემდეგ აშშ-ის მეთაურობით განხორციელებული სამხედრო ინტერვენციის ხანმოკლე პერიოდისა, როცა მოსკოვსა და ვაშინგტონს შორის ინტერესების დაახლოების ნიშნები გაჩნდა ავღანეთის ‘სტაბილიზაციის’ საკითხში,“ განუცხადა მან რადიო თავისუფლებას.
ჰაქიმის თქმით, მოსკოვს კვლავაც აშფოთებს ნარკოტიკების ტრეფიკინგი, ავღანეთში „ისლამური სახელმწიფოს“ ყოფნა და ცენტრალურ აზიაში რუსეთის მოკავშირეთა მიმართ საფრთხეები. „ამას ასევე საკვანძო მნიშვნელობა აქვს მათი უფრო ფართო რეგიონული გავლენისთვის ცენტრალურ აზიაზე, განსაკუთრებით ტაჯიკეთზე, რომელიც ავღანეთს ესაზღვრება,“ თქვა ჰაქიმიმ.
მზად არის თუ არა რუსეთი ავღანეთში უფრო მნიშვნელოვანი როლის სათამაშოდ?
არ არის მოსალოდნელი, რომ რუსეთის შეფარულმა ძალისხმევამ - მათ შორის ქაბულის შეზღუდულმა დახმარებამ და თალიბებთან შესაძლო კონტაქტებმა - ის ავღანეთში მსხვილ მოთამაშედ აქციოს.
უკრაინისა და სირიისგან განსხვავებით, არაა მოსალოდნელი, ავღანეთის ამჟამინდელი მთავრობა ან თალიბანი მაინც მიესალმოს ავღანეთში რუსეთის სამხედრო ყოფნას. ავღანელების კოლექტიურ მეხსიერებაში ჯერ კიდევ ცოცხლადაა შემონახული საბჭოთა ოკუპაციის პერიოდი.
მოსკოვისთვის შესაძლოა ზედმეტად დიდი ტვირთი აღმოჩნდეს კიდევ ერთი უცხოური სამხედრო ავანტიურის დაფინანსება პანდემიისა და მასთან დაკავშირებული ეკონომიკური სირთულეების ფონზე.
„რუსეთი სავარაუდოდ შეზღუდულ პირდაპირ როლს ითამაშებს რუსეთის მიმართ კეთილგანწყობილი შეიარაღებული და პოლიტიკური ჯგუფების იარაღით მომარაგებაში ან დაფინანსებაში (ან ორივეში),“ ამბობს ჰაქიმი. „მაგრამ, სავარაუდოდ, მიმდინარე პრობლემებში, მათ შორის ავღანეთის საკითხში, რუსეთი დარჩება შორეული, თუმცა ანგარიშგასაწევი რეგიონული ძალა, რომელსაც არა აქვს იქ პირდაპირი ყოფნის მადა.“
აშშ-ის სახელმწიფო დეპარტამენტის დაზვერვის საკითხების ყოფილი ანალიტიკოსი მარვინ ვაინბაუმი იზიარებს ამ მოსაზრებას. მისი თქმით, მოსკოვი მზადაა, გააძლიეროს თავისი გავლენა ავღანეთიდან აშშ-ის ჯარების გაყვანის შემდეგ.
„ამერიკის გასვლაში რუსეთი ხედავს შანსს, ავღანეთში გავლენა იქონიოს რაიმე სერიოზული ვალდებულებების აუღებლად,“ განუცხადა მან რადიო თავისუფლებას.
ეს უკანასკნელი დაპირისპირება არის თუ არა იმის ნაწილი, რაც გავლენას მოახდენს მომავალი ავღანეთის ფორმირებაზე?
დავა იმის თაობაზე, მართლაც უბიძგებდა თუ არა რუსეთი თალიბანს ავღანეთში აშშ-ის სამხედროთა წინააღმდეგ მოქმედებისკენ, კიდევ ერთხელ უსვამს ხაზს ზოგიერთ ტენდენციას ავღანეთში ოთხი ათწლეულის განმავლობაში მიმდინარე კონფლიქტში. ის მიუთითებს იმაზე, თუ რამდენად იოლია საფრთხე შეექმნას დიპლომატიურ შეთანხმებებსა და მოლაპარაკებებზე დამყარებულ სამშვიდობო პროცესს.
ვაინბაუმის თქმით, სადავო საკითხს მნიშვნელობა აქვს რუსეთ-ამერიკის ამჟამინდელი ურთიერთობებისთვის, მაგრამ მას სერიოზული გავლენა არ ექნება თავად ავღანეთზე.
„გარდა იმისა, რომ ის გაართულებს ორ სახელმწიფოს შორის თანამშრომლობას ავღანეთის სამშვიდობო პროცესის ხელშეწყობაში, მას დიდი მნიშვნელობა არა აქვს ავღანეთის უახლოესი მომავლის ფორმირებაში,“ მიაჩნია მას.
ჰაქიმი კი დასძენს, რომ მოსკოვს ამჟამად არ შესწევს იმის უნარი, რომ ძირი გამოუთხაროს ავღანეთში აშშ-ის მეთაურობით მოქმედ ნატოს ჯარების სამხედრო შესაძლებლობებს, ან გაუსწროს მას.
„თუკი ამერიკელები უცებ ვაკუუმს არ დატოვებენ შეიარაღებული ძალებისა და განვითარების თვალსაზრისით, აშშ-რუსეთის ურთიერთობების გაუარესება ასე საგრძნობი არ იქნება თავად ავღანელებისთვის,“ ამბობს ჰაქიმი.
თუმცა, ის უფრო გამოკვეთილ რეგიონულ გავლენას ხედავს: „იმისთვის, რომ ავღანეთმა გააუმჯობესოს ურთიერთობები თავის მეზობლებთან ცენტრალურ აზიაში, - კერძოდ, ტაჯიკეთთან, - მნიშვნელოვანია ‘თავის დაქნევა’ რუსეთის მხრიდან... ავღანეთს უკეთესი რეგიონული კავშირები და ურთიერთობები ესაჭიროება იმის უზრუნველსაყოფად, რომ შეარბილოს პოლიტიკური და ეკონომიკური გამოწვევების შემდგომი თავები.“
ჰაქიმის თქმით, ავღანეთის მომავლის ფორმირებისთვის საკვანძო მნიშვნელობის პრობლემებია თალიბებთან სამშვიდობო მოლაპარაკებები, აშშ-ის ჯარების სამომავლო გაყვანა და კორონავირუსის პანდემიით გამოწვეული ეკონომიკური სირთულეები.