რა სურს მაკრონს?

თითქმის კვირა არ გადის ისე, საფრანგეთის პრეზიდენტმა, იმანუელ მაკრონმა, კამათის გამომწვევი განცხადება არ გააკეთოს.

ბოლო ხანებში მან დაბლოკა ევროკავშირში გაწევრიანების მოლაპარაკებები ალბანეთისა და ჩრდილოეთ მაკედონიისთვის, რუსეთს მიესალმა ევროსაბჭოს საპარლამენტო ასამბლეაში დაბრუნებისას, თქვა, ნატოს „ტვინი მკვდარიაო“, და ილაპარაკა ბოსნია-ჰერცეგოვინის მოსალოდნელ დიდ პრობლემებზე.

ევროკავშირისა და ნატოს წრეებში ბევრი სვამს კითხვას, როგორ მოხდა, რომ კაცი, რომელსაც ერთ დროს ლიბერალური ევროპის უკანასკნელ იმედად მიიჩნევდნენ, რომელიც მყარად ეწინააღმდეგებოდა ვლადიმირ პუტინსა და რუსეთის დეზინფორმაციულ კამპანიას, გადაიქცა ფიგურად, რომელიც თითქოს კონტინენტზე უთანხმოების დათესვას ესწრაფვის და მოსკოვისთვის ხელსაყრელ თამაშს თამაშობს.

სხვები კი ბრიუსელში, უბრალოდ, მხრებს იჩეჩენ, თუმცა წუხილი მაინც ეტყობათ. დიახ, ამბობენ ისინი, მაკრონის განცხადებები არ გვეხმარება, მაგრამ ის, უბრალოდ, იმ როლს ასრულებს, რომელზეც აირჩიეს - საფრანგეთის პრეზიდენტისას.

დიახ, მართალია, რომ უწინ, თავისი პრეზიდენტობის ადრეულ პერიოდში, მაკრონი უფრო კონსტრუქციული და ხელის შეწყობაზე უფრო მეტად ორიენტირებული იყო, - ამბობს ზოგიერთი პირი, რომლებსაც ვესაუბრე. თუმცა ისინი იქვე გამოყოფენ ორ მოვლენას, ერთს საშინაოს და მეორეს საერთაშორისოს, რომლებმაც, შესაძლოა, გამოიწვიეს ცვლილებები მაკრონის პოლიტიკურ გათვლებში.

შიდაპოლიტიკური მოვლენა, რა თქმა უნდა, „ყვითელი ჟილეტების“ საპროტესტო აქციებია, რომლებმაც გასულ ზამთარში მაკრონის პრეზიდენტობას საგრძნობი პოლიტიკური საფრთხე შეუქმნა. ამან, შესაძლოა, მაკრონი მიახვედრა, რომ საფრანგეთის მოსახლეობა დიდი ენთუზიაზმით არ შეხვდებოდა იმ მასშტაბურ ლიბერალურ ცვლილებებს, რომელთა გატარების დაპირებითაც ის საარჩევნო კამპანიისას გამოდიოდა. მაკრონს გაახსენდებოდა ის გარემოებაც, რომ მისმა მთავარმა მეტოქემ, ულტრამემარჯვენე მარინ ლე პენმა, 2017 წლის საპრეზიდენტო არჩევნებში ხმათა თითქმის მესამედი მოიპოვა. ქუჩის აქციების მონაწილეთაგან ბევრი ლე პენის მიმართ სიმპათიას გამოხატავდა და მაკრონიც მიხვდა, რომ ამ ხალხის უგულებელყოფა მას პოლიტიკურ საფრთხეს უქმნიდა.

მეორე მოვლენა უკავშირდება მისი საერთაშორისო ხედვის გადაწყობას. პირველ ეტაპზე რაიმე სახის ტრანსატლანტიკური და ევროპული ალიანსის შესაქმნელად ის აშშ-ის პრეზიდენტს, დონალდ ტრამპსაც შეჰყურებდა და გერმანიის კანცლერ ანგელა მერკელსაც, მაგრამ მალევე დაასკვნა, რომ ისინი არ იყვნენ დაინტერესებულნი მისი ინიციატივებით. ტრამპს, გარდა იმისა, რომ მისი ნაბიჯების წინასწარ განსაზღვრა აბსოლუტურად შეუძლებელია, დიდად არ აღელვებდა საფრანგეთის მიერ ნალოლიავები პროექტები, მაგალითად, ირანის ბირთვული ხელშეკრულება ან პარიზის ხელშეკრულება კლიმატის საკითხებზე. მერკელი, საუკეთესო შემთხვევაში, ნელთბილ დამოკიდებულებას ავლენდა, ზოგჯერ კი უპირისპირდებოდა მაკრონის იდეებს „მეტი ევროპის“ შესახებ, რომელსაც ევროს მოქმედების ზონის საერთო ფინანსთა მინისტრი უნდა ჰყოლოდა და ერთიანი ბიუჯეტი ჰქონოდა. შესაძლოა, ერთიანი ევროპული არმიის საკითხიც დამდგარიყო დღის წესრიგში.

ამის ნაცვლად, მაკრონმა ევროპაში საკუთარი თავისთვის იპოვა შესაძლებლობა. ბრიტანეთი ბრექსიტით არის მოცული, მერკელი ნელ-ნელა წასასვლელად ემზადება, თან ისე, რომ ბერლინში მისი შემცვლელი არ გამოკვეთილა, აშშ კი სულ უფრო ნაკლებადაა ჩართული კონტინენტის საქმეებში. მაკრონმა, ამ ყველაფრის ფონზე, მიზნად დაისახა ევროპის პრეზიდენტის მანტიის მოსხმა - ოღონდ ზედმიწევნით ფრანგული სულისკვეთების მქონე პრეზიდენტისა. ერთმა ნატოელმა ელჩმა ახლახან მითხრა: „ბევრი თვალსაზრისით, ის დე გოლის აბსოლუტური მიმდევარია. გეგმავს, ამერიკელები (და მათი უწინდელი ბრიტანელი მოკავშირეები) გარეთ დატოვოს, გერმანელები თანაბრად, რუსები შიგნით - მაშინ როცა პროამერიკელმა, ანტიმოსკოვურად განწყობილმა აღმოსავლეთევროპელებმა მოცემულ მომენტში, უბრალოდ, ხმა უნდა გაიკმინდონ“.

მართლაც, მაკრონის მიერ ბოლო დროს გადადგმული ბევრი ნაბიჯი თითქოს ზუსტად ამ მოდელში ჯდება. მან ყველაფერი გააკეთა საიმისოდ, რომ საბჭოს ახალი პრეზიდენტი მისი ახლო ბელგიელი მეგობარი ყოფილიყო, ხოლო ევროპის ცენტრალური ბანკის პრეზიდენტი - ფრანგი ქალბატონი. კომისიის ახალი პრეზიდენტი კი ფრანკოფილი გერმანელია, რომელმაც პარიზს გადასცა შიდა ბაზრების მნიშვნელოვანი პორტფელი.

გასულ კვირაში, ევროკავშირის მეტ-ნაკლებად ახალი თავდაცვისა და უსაფრთხოების ქსელის, PESCO-ს, განხილვისას, საფრანგეთმა ვეტო დაადო მესამე მხარის მნიშვნელოვან მონაწილეობას, რათა საფრანგეთის თავდაცვის მრეწველობა დაეცვა ამერიკელთა მონაწილეობისგან. ნატოს შესახებ მისი დამაკნინებელი განცხადებებიც ამ მოდელში ზის. საფრანგეთი დიდი ენთუზიაზმით არასოდეს გამოირჩეოდა ამ ორგანიზაციის მიმართ და ყოველთვის სურდა ევროპას ეთანამშრომლა უფრო მჭიდროდ სამხედრო თვალსაზრისით, სტრატეგიული ავტონომიისთვის. ახლა, როცა მაგიდას ერდოანი და ტრამპი უსხედან, საფრანგეთის ამ ძველმა ჩივილებმა, შესაძლოა, კიდევ უფრო მეტი აქტუალობა და სიმწვავე შეიძინოს.

ეს, მარტივად, არის „საფრანგეთი პირველ რიგში“ პოზიცია, რომელიც ევროკავშირის გაფართოების მიმართ მაკრონის წინააღმდეგობასაც ხსნის. საფრანგეთი თავს არასოდეს გრძნობდა ბოლომდე კომფორტულად ბლოკის აღმოსავლეთით გაფართოების მიმართ, ამ პოლიტიკას ყოველთვის მიიჩნევდა ბერლინის მეთოდად, უფრო მეტი გავლენა მოეპოვებინა ბრიუსელში. ალბანეთისა და ჩრდილოეთ მაკედონიისთვის მის მიერ ანთებული წითელი შუქი სწორედ ამ კონტექსტში უნდა განვიხილოთ, - ამბობენ ევროკავშირის უწყებებში მომუშავე პირები. თუ გერმანია არ ისმენს ევროკავშირის წიაღში კავშირების გაღრმავების შესახებ საფრანგეთის სურვილებს, მაშინ მას შეუძლია დაემშვიდობოს ევროკავშირის გაფართოებას.

და თუკი ყოველივე ეს მშვენიერ მუსიკად ჩაესმის პუტინს, დაე, იყოს ასე. ფრანგი ოფიციალური პირებისგან ხშირად მომისმენია სიტყვები, ევროპაში მშვიდობა და სტაბილურობა ვერ დაისადგურებს რუსეთთან პოზიტიური ჩართულობის გარეშეო. და ევროპა, ამ კონტექსტში, საფრანგეთის ევროპაა. არა უკრაინა, არა საქართველო და, სავარაუდოდ, არც დასავლეთ ბალკანეთის ქვეყნები. ამიტომაც დაბრუნდა რუსეთი ევროსაბჭოს საპარლამენტო ასამბლეაში, ამიტომ არ დაბლოკა მაკრონმა „ჩრდილოეთის ნაკადი - 2“ და ამიტომ ესწრაფვის ის უკრაინის შესახებ რაიმე შეთანხმების მიღწევას, როცა მიმდინარე თვეში „ნორმანდიული ოთხეული“ შეიკრიბება. თუ გერმანია კვლავ ჩუმად იქნება, პარიზი კი კვლავ თავისას მიაღწევს, არ გაგიკვირდეთ, თუ ახლო მომავალში ევროკავშირის მიერ რუსეთისთვის დაწესებული სანქციებიც შემსუბუქდეს ან, საერთოდ, მოიხსნას.