რა სურს ეკლესიას?

საქართველოს საპატრიარქო

„მათ სურთ ჩვენი საზოგადოება წარმოაჩინონ თავისუფალი აზროვნების მოწინააღმდეგედ, „თავისუფლებაში“ კი ისინი უზნეობის ა და რელიგიური სიწმინდეების შეურაცხყოფის უფლებას გულისხმობენ“, - ასე წერია საქართველოს საპატრიარქოს განცხადებაში, რომელიც 24 მაისს გავრცელდა და რომლის საბაბიც გახდა ტელეკომპანია „რუსთავი 2“-ის ეთერში გასული გადაცემა „არჩევანი“. გადაცემის წამყვანმა გიორგი გაბუნიამ იმ სავარაუდო საკანონმდებლო ცვლილებაზე ილაპარაკა, რომელშიც საზოგადოების ნაწილი ცენზურის დაწესების საფრთხეს ხედავს. გიორგი გაბუნიამ თემის საილუსტრაციოდ მიმოიხილა მხატვარ ლია უკლებას ნახატი „თვითმკვლელი ღვთისმშობელი“

საპატრიარქომ მოუწოდა ხელისუფლებას „გადადგას ქმედითი და სწრაფი ნაბიჯები, რათა შეიქმნას საზოგადოების დამცავი სამართლებრივი და სხვა სახის მექანიზმები და გატარდეს შესაბამისი პოლიტიკა, რომ ქვეყანა არ დადგეს უმართავი პროცესების განვითარების საშიშროების წინაშე“. საპატრიარქომ მიმართა ასევე საქართველოში მყოფ საერთაშორისო ორგანიზაციებს და უცხოელ დონორებს: „დაანახვეთ საზოგადოებას, რომ ევროპული დემოკრატია არ არის ხალხის უდიდესი უმრავლესობის აზროვნების წესისა და მათი რელიგიური გრძნობების უგულებელყოფა, რათა ჩვენს მოქალაქეებს არ შეექმნათ არასწორი წარმოდგენა და განწყობები“. რუის-ურბნისის ეპარქიის მიტროპოლიტმა იობმა კი ჟურნალისტი გიორგი გაბუნია ეშმაკის მსახურად მოიხსენია: „მე მას ვწყევლი და შევაჩვენებ. ეგ აღარ მოინანიებს, ეგ არის პირდაპირ ეშმაკის მსახური. საერთოდ, ეს ტელევიზია [„რუსთავი 2“] უნდა გაუქმდეს“.

ლია უკლება, რომლის ნახატმაც „თვითმკვლელი ღვთისმშობელი“ ჯერ კიდევ რამდენიმე წლის წინ გამოიწვია საზოგადოებაში ვნებათაღელვა, არ ფიქრობს, რომ მისი ნახატი მორწმუნეთა რელიგიურ გრძნობებს შეურაცხყოფს.

როგორც საპატრიარქოს განცხადებაში ვკითხულობთ, „თვალში საცემია ის ფაქტიც, რომ შეურაცხმყოფელი დამოკიდებულება ძირითადად მართლმადიდებელი ეკლესიისა და მისი მრევლისადმი ვლინდება, შერჩევითი სამართლით მოქმედი უმეტესი ნაწილი უფლებადამცველთა და არასამთავრობო სექტორისა კი ასეთ სერიოზულ ფაქტებზე დუმილს არჩევს. არც ხელისუფლებას აქვს სათანადო კანონები და სტრატეგია შემუშავებული, რაც საერთო დაუცველობისა და უსამართლობის მკვეთრ განცდას ბადებს“.

სახელმწიფო დაიცავს სიტყვის თავისუფლებას, თუმცა მოქალაქეებმა უნდა გააცნობიერონ, რომ სიტყვის თავისუფლების ფარგლებში შეურაცხყოფა არ მიაყენოს სხვა მოქალაქეების შეხედულებებს.
ირაკლი სესიაშვილი

„სათანადო კანონებსა და სტრატეგიაზე“ მუშაობა საკანონმდებლო ორგანომ, შეიძლება ითქვას, ერთი თვის წინ უკვე დაიწყო. „პატრიოტთა ალიანსის“ წევრის ემზარ კვიციანის ინიციატივით შეიქმნა კანონპროექტი, რომელიც გულისხმობს სისხლის სამართლის კოდექსში შესატან ცვლილებებს. ამ ცვლილებების მიხედვით, რელიგიური სიწმინდეების, რელიგიური ორგანიზაციის, ღვთისმსახურისა და მორწმუნის მიმართ სიძულვილის საჯაროდ გამოხატვა დაისჯება ჯარიმით ან თავისუფლების აღკვეთით ვადით ერთ წლამდე. ცოტა ხნის წინ კი ცნობილი გახდა კიდევ ერთი ინიციატივის შესახებ, რომელიც საპარლამენტო უმრავლესობის წევრებს ეკა ბესელიასა და ლევან გოგიჩაიშვილს ეკუთვნით და რომელიც ასევე შეიძლება გაიგივდეს გამოხატვის თავისუფლების შეზღუდვასთან.

რაც შეეხება საკანონმდებლო ინიციატივების ავტორთა კოლეგებსა და თანაგუნდელებს, უნდა ითქვას, რომ საპარლამენტო უმრავლესობის უმეტესი ნაწილი იზიარებს 24 მაისს გამოქვეყნებული საპატრიარქოს განცხადების პათოსს. მათ შორისაა დეპუტატი გია ვოლსკი, რომელიც ამბობს, რომ „სამაუწყებლო კომპანიის მიერ გაკეთებული სიუჟეტები პროვოკაციული ხასიათისაა და ეს ხელს უწყობს შემდგომ საპატრიარქოს უარყოფით კონტექსტში წარმოჩენას“.

საპარლამენტო უმრავლესობის კიდევ ერთი წევრი, თავდაცვისა და უშიშროების კომიტეტის თავმჯდომარე ირაკლი სესიაშვილი, ამბობს, რომ „სახელმწიფო დაიცავს სიტყვის თავისუფლებას, თუმცა მოქალაქეებმა უნდა გააცნობიერონ, რომ სიტყვის თავისუფლების ფარგლებში შეურაცხყოფა არ მიაყენოს სხვა მოქალაქეების შეხედულებებს“.

საპატრიარქოს განცხადებას ეხმაურება პრეზიდენტის საპარლამენტო მდივანი ანა ნაცვლიშვილი და ამბობს, რომ „სახელმწიფო ვერ გახდება ცენზორი“.

თეოლოგი ბექა მინდიაშვილი მიიჩნევს, რომ არც ერთ ინიციატივას, რომელიც გამოხატვის თავისუფლების შეზღუდვას გულისხმობს, არ გააჩნია არავითარი სამართლებრივი პერსპექტივა:

ტელეკომპანია „რუსთავი 2“-ის ეთერში გასული გადაცემის შესახებ ილაპარაკა საქართველოს კათალიკოს-პატრიარქის მოსაყდრემ მეუფე შიომ ალავერდის მონასტერში ქადაგებისას. ის ამბობს: „ჩვენ, განსაკუთრებით ისინი, ვინც ცოტა უფროსი თაობისანი ვართ და მოვესწარით ძველ ბოლშევიკურ პერიოდს და წყობას, შეგვიძლია დღეს ვთქვათ და იმ ხალხს გავახსენოთ, ვინც ამას გეგმავს და ახორციელებს მიზანმიმართულად: გაიხსენეთ, რომ ეს ყველაფერი ჩვენმა ერმა გაიარა, გაიარა ეს კომუნისტური პერიოდის დროს - დევნა, დაცინვა, აბუჩად აგდება ყველაზე დიდი სიწმინდის და საკრალური სფეროსი, რაც არის ჩვენი ერის, რამაც შექმნა ჩვენი ერი. ეს ჩვენ გავიარეთ. იყო მებრძოლ უღმერთოთა კავშირი, ამით დაიწყო სწორედ, ასეთი მკრეხელობებითა და შეურაცხყოფებით დაიწყო და რაში გადაიზარდა შემდეგ? დავანგრიეთ ეკლესიები, დაიღვარა ზღვა სისხლი და ყველანაირად დავკნინდით...სად არიან ისინი დღე? მათი სახელის გაგონებაც კი გვზარავს და გვძულს. და ეკლესია სად არის, ვისაც ისინი ასე დევნიდნენ და შეურაცხყოფდნენ? ჩვენ აქ ვართ“.