შესაბამისად, საქმის დეტალები - როდის დაიწყო, კონკრეტულად რა პერიოდს ან მოვლენას უკავშირდება გამოძიება, არ საჯაროვდება და მხოლოდ ისაა ცნობილი, რომ უსაფრთხოების სამსახურმა, ბოლო ოთხი დღეა, გამოკითხვაზე მოწმის სტატუსით რამდენიმე ომის ვეტერანი და უკრაინაში მებრძოლი დაიბარა.
რადიო თავისუფლებას სახელმწიფო უსაფრთხოების სამსახურში უდასტურებენ, რომ გამოძიება ნამდვილად მიმდინარეობს სისხლის სამართლის კოდექსის 315-ე და 18-323-ე მუხლებით.
სუსში დაბარებული ყველა პირი მაგისტრი მოსამართლის წინაშე ითხოვს დაკითხვას.
რადიო თავისუფლების ინფორმაციით, ამ ეტაპზე, ტერორიზმისა და შეთქმულების/ამბოხის საქმეზე ექვს პირს დაუკავშირდნენ სპეციალური საგამოძიებო სამსახურიდან.
ვის იბარებს სუსი?
მაგისტრი მოსამართლის წინაშე, 19 ივლისს, თბილისის საქალაქო სასამართლოში დაიკითხა უკრაინაში მებრძოლი ლაშა ჭიღლაძე. დაკითხვიდან გამოსულმა კი თქვა:
„რაღაც სახელმწიფო გადატრიალებაო, თუ რაღაც. რა კითხვებსაც ველოდი, ზუსტად ის კითხვები დამხვდა. სად ვიბრძოდი, რომელ მიმართულებაზე, რა საშტატო იარაღი მქონდა“.
სახელმწიფო უსაფრთხოების სამსახურიდან მიუვიდა უწყება 21 ივლისს ნადიმ ხმალაძესაც. ის უკრაინაში ორი წლის განმავლობაში იბრძოდა. იქაურობის დატოვება კი ჯანმრთელობის პრობლემების გამო მოუწია.
უწყებას წინ სატელეფონო ზარი უძღოდა. 20 ივლისს უსაფრთხოების სამსახურის წარმომადგენელმა ნადიმ ხმალაძეს ტელეფონით უთხრა, რომ საქმე, რომლის გამოკითხვაზეცაა დაბარებული, ორი - ტერორიზმისა და შეთქმულება/ამბოხის - მუხლითაა დაწყებული.
„წარმოდგენა რომ მქონდეს, რატომ მიბარებდნენ, მაშინ ალბათ მართლებიც იქნებოდნენ“, - ეუბნება ის რადიო თავისუფლებას. ნადიმ ხმალაძე ვარაუდობს, რომ სახელმწიფოს ერთი მხრივ, არჩევნების წინ, ოპოზიციურად განწყობილი აქტიური მოქალაქეების დაშინება და განეიტრალება სურს, მეორე მხრივ კი რუსეთის დავალებას ასრულებს:
„უნდათ, ისე დაგვაშინონ, რომ ვიღაც-ვიღაცებმა დავტოვოთ ქვეყანა. ეს ყველაფერი პირველ რიგში, უკავშირდება უკრაინას და ეს დავალება მათ მიღებული აქვთ რუსეთიდან და პლიუს ჩემი აქტიურობა „რუსული კანონის“ წინააღმდეგ“.
ნადიმ ხმალაძე „აგენტების კანონის“ წინააღმდეგ გამართულ აქციებში აქტიურად მონაწილეობდა წელსაც და შარშანაც. 2023 წლის მარტში ის სამართალდამცავებმა ადმინისტრაციული წესით დააკავეს და მოსამართლემ 2000 ლარიანი ჯარიმაც დააკისრა.
„რითი უნდა დამაშინონ. დაჭერით? არაუშავს. ამ ქვეყნის სიყვარულისთვის თუ დამიჭერენ, ჩავჯდები ციხეში. მომკლავენ? მე მგონი, რომ არ მომკლავენ. ერთადერთი, არ მინდა, რომ გადამცენ რუსებს.
ეს არის არჩევნების წინ დაწყებული კამპანია, იქნებ ვინმე ერთი მაინც შეშინდეს და გამოაკლდეს ბრძოლას. რა ტერორიზმი, რა სახელმწიფო გადატრიალება. ყველაფერი კარგად იციან ნებისმიერ ადამიანზე. სუს-ი ამის გარდა არაფერს აკეთებს, ვინ რითი სუნთქავს, ისიც კი იციან. ეს ბრალდება რომ ნამდვილი იყოს, ასე კი არ დამირეკავდნენ და უწყებას გადმომცემდნენ წყნარად“.
ნადიმ ხმალაძე ახლა თბილისის საქალაქო სასამართლოდან ელოდება ცნობას, რომელმაც მაგისტრი მოსამართლის წინაშე დაკითხვის თარიღი უნდა შეატყობინოს.
ამ შეტყობინებას ელოდება უკრაინაში მებრძოლი და პარტია „ახალის“ ონის თავმჯდომარე ვაჟა ცეცაძეც. სახელმწიფო უსაფრთხოების სამსახურიდან მას გასული კვირის ბოლოს დაუკავშირდნენ.
„სატელეფონო ზარი იყო, სახელმწიფო უსაფრთხოების სამსახურიდან ვართ და გამოკითხვაზე ხართ დაბარებულიო. მითხრეს, შეთქმულება, სახელმწიფო გადატრიალების საქმეზეო. რაჭაში ვიყავი და ვუთხარი, რომ რამდენიმე დღე არ მქონდა თბილისში ჩამოსვლის საშუალება. გამომძიებელს ისიც ვუთხარი, რომ მაგისტრ მოსამართლესთან ერთად მინდა გამოკითხვა. სავარაუდოდ, უახლოეს პერიოდში მომივა უწყება სასამართლოდან“, - ეუბნება ვაჟა ცეცაძე რადიო თავისუფლებას, რომელიც დარწმუნებულია, რომ სახელმწიფო ამ გზით ცდილობს ოპოზიციურად განწყობილი, აქტიური მოქალაქეების დასჯას და დაშინებას:
„არც ჭურვის, არც ტყვიის და არც მომწამვლელი იარაღის შეგვშინებია და შეკერილი საქმის როგორ უნდა შემეშინდეს. აი, ვფიქრობ, იქნებ, ხუმრობით, სადმე რამე ვთქვი-მეთქი, მაგრამ ხუმრობით ნათქვამიც კი არაფერი მახსენდება.
მთელი ცხოვრება ტერორიზმს და უბედურებას ვებრძვით და ახლა ჩვენი სახელების გასვრა უნდათ ტერორიზმთან. ხომ წარმოგიდგენიათ, ეს რამხელა შეურაცხყოფაა ჩვენთვის. ეს არა მარტო ჩვენი, არამედ ჩვენს გვერდით მდგომი ადამიანების დაშინების მცდელობაცაა. ადამიანს ტერორიზმსა და ამბოხებას ედავებოდე, ბუნებრივია, მის გვერდით მდგომსაც გაუჩნდება საფრთხის განცდა. სამწუხაროა, რომ ეს ხელისუფლება რუსეთის წისქვილზე ასხამს წყალს“, - ამბობს ვაჟა ცეცაძე.
ორი დღის წინ დაუკავშირდნენ სახელმწიფო უსაფრთხოების სამსახურიდან უკრაინაში მებრძოლ ლაშა რუხაიასაც. ის რადიო თავისუფლებას ეუბნება, რომ გამოკითხვაზე მხოლოდ და მხოლოდ მაგისტრი მოსამართლის წინაშე წარდგება:
„დროს და თარიღს გეტყვით, როდის უნდა მოხვიდეთო. სუს-ში მისვლას არ ვაპირებ. მაგისტრ მოსამართლესთან დამკითხავენ. გვედავებიან სახელმწიფო გადატრიალებას, თან ყველა იმ მეომარს, ვინც უკრაინაში ომობდა. ეს ხომ შემთხვევითა არაა. პუტინის პირდაპირი მარიონეტები არიან ისინი, ვინც ჩვენს მეომრებს რაღაც უაზრო საქმეს, ჟარგონულად ვიტყვი, ტენიან. ეს არ გამოუვათ“.
სახელმწიფო უსაფრთხოების სამსახურიდან, 20 ივლისს, საღამოს დაუკავშირდნენ ომის ვეტერანს ბესო ბენდელიანსაც. როგორც ის ამბობს, გამოკითხვის ოფიციალური უწყება ჯერჯერობით არ მიუღია:
„დაბარების შემთხვევაში, მზად ვარ გამოვცხადდე, ვითანამშრომლო გამოძიებასთან. კითხვებზე პასუხს გავცემ მაგისტრი მოსამართლის წინაშე, რადგან პირადად მე არანაირი ნდობა არ გამაჩნია ამ უწყების [სახელმწიფო უსაფრთხოების სამსახური]“.
22 ივლისს სახელმწიფო უსაფრთხოების სამსახურში მივიდა ტეროროზმისა და ამბოხება-შეთქმულების საქმეზე მოწმის სტატუსით დაბარებული უკრაინაში მებრძოლი კონსტანტინე ჯღამაია. ის გამომძიებელს არ გამოუკითხავს, რადგან მანაც, როგორც ამ საქმეზე დაბარებულმა სხვა მოწმეებმა, მაგისტრი მოსამართლის წინაშე მოითხოვა დაკითხვა.
რა საქმეზე შეიძლება იბარებდნენ უკრაინაში მებრძოლ ქართველებს?
სუს-ში დაწყებული გამოკითხვების სერია, რომლის მთავარი მონაწილეები უკრაინაში მებრძოლი ქართველები არიან, დიდი ალბათობით, ნაწილია იმ გამოძიებისა, რომელიც ათი თვის წინ, 2023 წლის შემოდგომაზე დაიწყო.
მაშინ სახელმწიფო უსაფრთხოების სამსახური იტყობინებოდა, რომ 2023 წლის ოქტომბერ-დეკემბერში იგეგმებოდა "დესტაბილიზაცია და სამოქალაქო არეულობის მოწყობა". ანუ სწორედ იმ პერიოდში, როდესაც ევროკომისიის შუალედური და ევროკავშირის საბოლოო დასკვნა უნდა გამოქვეყნებულიყო ქვეყნისთვის კანდიდატის სტატუსის მინიჭების შესახებ და "სახელმწიფო ხელისუფლების დასამხობად მომზადების შეთქმულთა მოლოდინი" გათვლილი იყო იმ გარემოებაზე, რომ გამოქვეყნებული დასკვნა იქნებოდა უარყოფითი.
სახელმწიფო უსაფრთხოების სამსახური ამ გეგმის ავტორებად კონკრეტულ პირებს ასახელებდა, მათ შორის, უკრაინის სამხედრო დაზვერვის ხელმძღვანელის მოადგილეს გიორგი ლორთქიფანიძეს, ასევე უკრაინაში მოქმედ "ქართული ლეგიონის" მეთაურს მამუკა მამულაშვილს:
„დადასტურებული და გადამოწმებული ინფორმაციით, გიორგი ლორთქიფანიძის მიერ შემუშავებული გეგმის შესასრულებლად გამოყენებული იქნება უკრაინაში მებრძოლი ქართული წარმოშობის საკმაოდ დიდი ჯგუფი და დაინტერესებული მხარის ზეგავლენის ქვეშ მოქცეული ქართველი ახალგაზრდების ნაწილი, რომელთა გადამზადება-წვრთნა მიმდინარეობს პოლონეთი-უკრაინის სახელმწიფო საზღვრის მიმდებარედ“, - წერდა გასული წლის სექტემბერში სახელმწიფო უსაფრთხოების სამსახური.
სუს-ი აცხადებდა, რომ რევოლუციური სცენარისთვის გამოსაყენებელი ახალგაზრდული ჯგუფების მომზადების მიზნით გამოიყენებოდა ორგანიზაცია "კანვასი".
მალევე გავრცელდა კიდევ ერთი განცხადება, რომლის თანახმადაც, 26-29 სექტემბრის პერიოდში თბილისში, სასტუმროში „იბისში“, ამ ორგანიზაციამ ტრენინგი ჩაუტარა არასამთავრობო ორგანიზაციებისა და აქტივისტების ერთ-ერთ დიდ ჯგუფს, "რომლებმაც გადამწყვეტი როლი უნდა შეასრულონ ხელისუფლების ძალადობრივი გზით დამხობის პროცესების მომზადებასა და განხორციელებაში“.
ე.წ. რევოლუციური სცენარის საქმეზე გასულ წელს გამოკითხეს „კანვას საქართველოს დირექტორი, ასევე სერბეთის სამი მოქალაქე, ორგანიზაციის კონსულტანტები, ხოლო მმართველი პარტიის მაშინდელმა თავმჯდომარემ, ირაკლი კობახიძემ, „კანვასის“ მიერ ორგანიზებული ტრენინგის დაფინანსებისთვის USAID-ისგან განმარტებაც მოითხოვა, რასაც მალევე მოჰყვა საქართველოში აშშ-ის საელჩოს განცხადება: „მიუხედავად დაუსაბუთებელი თავდასხმებისა, კვლავაც მხარს დავუჭერთ იმ ქართულ ორგანიზაციებს, რომელიც ეხმარება ხალხს, დაიცვან მათ მიერ განსაზღვრული და დამსახურებული მომავალი და მათთვის საქართველოს კონსტიტუციით გარანტირებული ფუნდამენტური უფლებები“, - წერდა განცხადებაში აშშ-ის საელჩო საქართველოში.
უჩა ნანუაშვილი, „დემოკრატიის კვლევის ინსტიტუტის“ ხელმძღვანელი, რადიო თავისუფლებას უდასტურებს, რომ მისი ინფორმაციით, სწორედ გასული წლის შემოდგომაზე დაწყებული საქმის გამოძიების ნაწილია სახელმწიფო უსაფრთხოების სამსახურში გააქტიურებული გამოკითხვების ახალი სერია:
„ეს საქმე არ დახურულა და როგორც ვიცი, ამ თემის გაგრძელებაა და ამავე საქმის ფარგლებში დაიწყო გამოკითხვების ახალი სერია. სწორედ მაშინ საუბრობდა გამოძიება, რომ ამ რევოლუციურ სცენარში მონაწილეობდნენ უკრაინაში მებრძოლი ქართველები, რომ ხდებოდა მათი გადამზადება და შემდეგ მათ გამოყენებაზე იყო საუბარი თბილისში აქციების დროს“, - ამბობს უჩა ნანუაშვილი.
მისი თქმით, ამ ტიპის საქმეების, ანუ შეთქმულება/ამბოხების საქმეების გამოძიებების დაწყება და გააქტიურება, როგორც წესი, ყოველთვის ემთხვევა აქტიურ პოლიტიკურ მოვლენებს, ყველა ამ საქმის უკან პოლიტიკური ინტერესი დგას და ეს გამოძიებები თითქმის არასდროს მიდის კონკრეტულ შედეგამდე:
„ამ საქმეებში ყოველთვის პოლიტიზირებულია - ან არჩევნები, ან დემონსტრაციები, რომლებიც მასობრივ ხასიათს ატარებს და ხელისუფლებას სჭირდება ყურადღების გადატანა თუ დახმარება.
ეს არის ცნობილი მეთოდი, რომ აი, ვიღაცები გადატრიალებას გეგმავენ და ამით ახდენენ მმართველი გუნდის მხარდამჭერების მობილიზებას და ეს პროპაგანდა მუშაობს.
ამჟამადაც ველი, რომ არაფერი მოხდება და არც გამოძიება მივა რაიმე კონკრეტულ შედეგამდე, რადგან არცერთი გამოძიება, რომელიც დაწყებულია მსგავსი მუხლებით, არასდროს მისულა შედეგამდე“, - ამბობს უჩა ნანუაშვილი.
"გადატრიალების საქმე" რუსულ მედიას აინტერესებს
ბოლო ორი დღეა რუსული მედია აქტიურად წერს საქართველოში დაწყებული გამოძების შესახებ და აქვეყნებს სტატიებს სათაურებით:
- „სახელმწიფო უსაფრთხოების სამსახური უკრაინიდან დაბრუნებული „დაქირავებული მებრძოლებით“ დაინტერესდა. მათ სახელმწიფო გადატრიალების საქმეზე იბარებს“;
- „სუსი უკრაინაში მებრძოლ საქართველოს მოქალაქეებს გამოკითხვაზე იბარებს“;
- „სპეციალურმა სამსახურმა უკრაინის ომიდან დაბრუნებულების დაკითხვა დაიწყო“.
ნადიმ ხმალაძე რადიო თავისუფლებას ეუბნება, რომ რუსული მედიის გააქტიურება კიდევ ერთი დასტურია იმისა, რომ საქართველოს ხელისუფლება „რუსულ დავალებას ასრულებს“.
წინა და ახლანდელი ხელისუფლების „ამბოხების“ საქმეები
როგორც წინა, ისე ამჟამინდელი ხელისუფლებისას, პოლიტიკურად აქტიურ პერიოდში, არაერთი გახმაურებული საქმე დაწყებულა ამბოხება/შეთქმულების, სისხლის სამართლის კოდექსის 315-ე მუხლით.
მათ შორის, ერთ-ერთი ასეთი საქმე, რომლის გამოც წინა ხელისუფლება არაერთხელ გამხდარა კრიტიკის ობიექტი, 2009 წელს, „მუხროვანის ამბოხების“ სახელით ცნობილი საქმეა. სწორედ იმ გაზაფხულზე, რუსთაველის გამზირზე, მაშინდელი პრეზიდენტის, მიხეილ სააკაშვილის გადადგომის მოთხოვნით, ოპოზიციამ ათობით კარავი-საკანი ჩადგა.
„მუხროვანის საქმეზე“ დაკავებულმა სამხედროებმა, რომლებსაც 30 წლამდე პატიმრობა ჰქონდათ მისჯილი, 2013 წელს, ფართომასშტაბიანი ამნისტიის ფარგლებში, პოლიტპატიმრის სტატუსით დატოვეს სასჯელაღსრულების დაწესებულება.
წინა ხელისუფლების სახელს უკავშირდება ამბოხების კიდევ ერთი გახმაურებული საქმე, „ყინწვისის საქმე“.
2011 წლის 26 მაისს, თავისუფლების მოედანზე მიმდინარე საპროტესტო აქციის პარალელურად, ყინწვისის მონასტრის მიმდებარე ტერიტორიაზე, 24 ადამიანი დააკავეს. მათ გამოძიება სახელმწიფოს წინააღმდეგ შეთქმულებასა და ხელისუფლების ძალისმიერი მეთოდით დამხობის მცდელობაში ადანაშაულებდა.
ძალოვანი სტრუქტურების თანახმად, ამ ჯგუფის მიზანი იყო საქართველოს ტერიტორიაზე შეიარაღებული პროვოკაციების მოწყობა. თითქმის ერთი წლის შემდეგ, ადამიანის უფლებადამცველი ორგანიზაციები აცხადებდნენ, რომ 24-ვე ადამიანის დაკავებას პოლიტიკური საფუძველი ჰქონდა და ვინც ციხეში რჩებოდა, ყველა პოლიტპატიმარი იყო. დაკავებულების ნაწილთან საპროცესო შეთანხმება გაფორმდა.
„ყინწვისის საქმეზე“ 2021 წლის თებერვალში, თბილისის სააპელაციო სასამართლომ 12 ყოფილი მსჯავრდებულიდან 10 სრულად გაამართლა, 2 პირი - ნაწილობრივ. პროკურატურის ინფორმაციით, ეს მათი შუამდგომლობის საფუძველზე მოხდა.
„დეპარტამენტის მიერ, აღნიშნულ საქმეზე ხელახალი, სრულყოფილი და ობიექტური გამოძიება იქნა ჩატარებული. დაიკითხნენ ახალი მოწმეები, ჩატარდა ათეულობით საგამოძიებო და საპროცესო მოქმედება, შესწავლილ იქნა საგამოძიებო და სასამართლო საქმის მასალები, მოპოვებულ იქნა ახალი მტკიცებულებები და ფაქტები, რის შედეგადაც გამოიკვეთა მსჯავრდებულების უფლებების არსებითი დარღვევის ფაქტები", - ეწერა პროკურატურის განცხადებაში.
2014 წელს, უკვე „ქართული ოცნების“ მმართველობის პერიოდში, დაიწყო ამბოხების კიდევ ერთი, „საბურავების საქმედ“ წოდებული გამოძიება. მაშინდელი შსს მინისტრი, ალექსანდრე ჭიკაიძე ირწმუნებოდა, რომ „ნაციონალური მოძრაობა“ ხელისუფლების დამხობის მიზნით ე.წ. ევრომაიდნის მოწყობას გეგმავდა, რისთვისაც ე.წ. ზონდერჯგუფებს ქმნიდა და საბურავებსაც იმარაგებდა.
2015 წლის ოქტომბერში სახელმწიფო უსაფრთხოების სამსახურმა დაიწყო გამოძიება სახელმწიფო ხელისუფლების დასამხობად ან ხელში ჩასაგდებად დაგეგმილი შეთქმულების თაობაზე. ამ განცხადებას ერთი დღით ადრე წინ უძღოდა ე.წ. უკრაინულ ვიკილიქსზე გამოქვეყნებული სტენოგრამა-დიალოგი სათაურით „სააკაშვილი ამზადებს სახელმწიფო გადატრიალებას საქართველოში“.
2016 წლის შემოდგომაზე კიდევ ერთი საქმე აღიძრა სისხლის სამართლის კოდექსის 315-ე მუხლით. გავრცელდა ფარული აუდიო, რომლის ავტორის მტკიცებითაც, ენმ-ის ლიდერები შესაძლო გადატრიალების საკითხზე საუბრობენ.
სახელმწიფო უსაფრთხოების სამსახურმა შეთქმულების საქმეზე გამოძიება 27 სექტემბერს დაიწყო, 29 სექტემბერს კი შსს-მ გაავრცელა ინფორმაცია, რომ ქვეყნის მასშტაბით სხვადასხვა ტერიტორიაზე დამარხულ საბრძოლო იარაღს მიაკვლია. უწყების ცნობით, საბრძოლო მასალა შენიღბულად 2009-2011 წლებში უნდა დაემარხათ.
სისხლის სამართლის კოდექსის 315-ე, ამბოხების მუხლით დაამძიმა პროკურატურამ გამოძიება 2019 წელს, „გავრილოვის ღამის“ სახელით ცნობილ საქმეზე. მაშინ უწყებაში განაცხადეს, რომ 2019 წლის 20-დან 21 ივნისის ღამეს, ცალკეული პირების მიერ იგეგმებოდა ამბოხების გზით სახელმწიფო ხელისუფლების ძალადობრივი დამხობა და ხელში ჩაგდება.
2020 წლის ნოემბერში, საპარლამენტო არჩევნების მეორე ტურამდე ცოტა ხნით ადრე, სახელმწიფო უსაფრთხოების სამსახურმა, სახელმწიფო გადატრიალების საქმის გამოძიება და ამ მოტივით, უწყებაში მოქალაქეებისა და პოლიტიკოსების დაბარება დაიწყო.
„ქართული ოცნება - დემოკრატიული საქართველოს“ აღმასრულებელმა მდივანმა, ირაკლი კობახიძემ, საპარლამენტო არჩევნებამდე ერთი დღით ადრე, 30 ოქტომბერს განაცხადა: „კრიმინალური ოპოზიცია გეგმავს საარჩევნო უბნებზე დესტრუქციული ქმედებების განხორციელებას. ამ მიზნისთვის მათ ივნისის თვიდან, სხვადასხვა რეგიონებში, ჩამოაყალიბეს ყოფილი ძალოვნების (ყოფილ შსს-ს თანამშრომელთა, ყოფილ სამხედრო მოსამსახურეთა) ჯგუფები. ჯგუფები დაყოფილია შემდეგი პრინციპით: ოცეულები, ათეულები და მათი ხელმძღვანელები ე.წ. „სარდლები".
2021 წლის 29 ოქტომბერს - არჩევნების მეორე ტურამდე რამდენიმე საათით ადრე, სახელმწიფო უსაფრთხოების სამსახურმა გამოაცხადა, რომ იძიებს სახელმწიფო ხელისუფლების დამხობის მიზნით შეთქმულების ფაქტს, სისხლის სამართლის კოდექსის 315-ე მუხლის პირველი ნაწილით: მტკიცებულებების სახით გამოქვეყნდა 6-წუთიანი აუდიოჩანაწერი, რომელიც სუსის მიხედვით, პრეზიდენტის ბიბლიოთეკაში მიმდინარე საუბრის ერთი ფრაგმენტია, ხოლო მთლიანი ჩანაწერი 2 საათს გრძელდება.
2023 წლის მარტში, „აგენტების კანონის“ წინააღმდეგ მიმდინარე საპროტესტო აქციების პარალელურად, ხელისუფლება კიდევ ერთხელ ალაპარაკდა „გადატრიალების“ სცენარზე. ხელისუფლების მიმართ ლოიალურად განწყობილმა ტელეკომპანია „რუსთავი 2“-მა, 8 და 9 მარტს, ეთერში გაუშვა ფარულად ჩაწერილი ორი ვიდეო, რომლებიც, მათი ინფორმაციით, მანამდე სოციალურ ქსელებში გავრცელდა. გადაცემის წამყვანმა, ნინო შუბლაძემ თქვა, რომ ვიდეოჩანაწერში „აკია ბარბაქაძე, გედი ფოფხაძე და გიგა მაქარაშვილი ფიგურირებენ“ და „საუბარია იმაზე, თუ როგორ უნდა შეიჭრან პარლამენტში ამაღამ“.
„შეთქმულება ან ამბოხება საქართველოს კონსტიტუციური წყობილების ძალადობით შესაცვლელად“ - სისხლის სამართლის კოდექსის 315-ე მუხლით გათვალისწინებული დანაშაულია და სასჯელი, სხვადასხვა გარემოების მიხედვით, 5-დან 20 წლამდე პატიმრობას ითვალისწინებს.
რაც შეეხება 323-ე ტერორიზმის მუხლს, ასევე სხვადასხვა გარემოების მიხედვით, ამ მუხლით გათვალისწინებული დანაშაული ითვალისწინებს 10-დან 20 წლამდე, ან უვადო პატიმრობას.