რა საფრთხეს ქმნის მოსავლის მოსაყვანად საქართველოში გამოყენებული პოლიეთილენი

კახეთში მოსავლის, ძირითადად, საზამთროს და ნესვის მოსაყვანად მასობრივად იყენებენ პოლიეთილენის ფირს. ნიადაგზე მისი გავლენის შესასწავლად კვლევა ჩაატარა არასამთავრობო ორგანიზაციამ, „ლელიანის ზრდასრულთა განათლების ცენტრმა.“ ორგანიზაციის თავმჯდომარე გელა თედეევი ამბობს, რომ პოლიეთილენის ფირი, რომელსაც გლეხები სასოფლო-სამეურნეო მიწების მულჩირებისთვის იყენებენ, დაბალი ხარისხისაა და მოხმარების შემდეგ ნიადაგში რჩება.

Your browser doesn’t support HTML5

რა საფრთხეს ქმნის მოსავლის მოსაყვანად საქართველოში გამოყენებული პოლიეთილენი

მულჩა ნიადაგის ორგანული, ან არაორგანული მასალების საფარია, რომელიც ზაფხულობით მიწიდან წყლის აორთქლებას აფერხებს და ხელს უშლის სარეველას ზრდას. გელა თედეევის თქმით, გლეხები, რომლებსაც დიდი შემოსავალი არ აქვთ, ყველაზე იაფ და უხარისხო პოლიეთილენს ყიდულობენ და მოსალოდნელ სერიოზულ პრობლემებს არ უფიქრდებიან.

აუცილებელია მულჩის გაკეთება, მაგრამ ის უნდა იყოს ხარისხიანი, რომელიც ჩვენთან გლეხს ძვირი უჯდება. კარგი იქნება სახელმწიფოსგან სუბსიდირება.
გელა თედეევი

„ჩვენმა კვლევამ აჩვენა, რომ კახეთში ყოველ წელს რამდენიმე ასეული ტონა პოლიეთილენი რჩება ნიადაგში. ეს კი იწვევს მიწის ხარისხის გაუარესებას, საფრთხეს უქმნის ცხოველებს და ფრინველებს, როგორც გარეულს ასევე შინაურს. საფრთხეს უქმნის ჩვენს ჯანმრთელობას და მომავალში შესაძლოა, ჩვენი პროდუქციის რეალიზება დაბალი ხარისხის გამო გაჭირდეს“ - ამბობს გელა თედეევი.

ორგანული და არაორგანული მასალებით - დაქუცმაცებული ტორფით, ნამჯით, ნახერხით, მუყაოთი, ან პოლიეთილენით მულჩირების მეთოდს მსოფლიოს ბევრ ქვეყანაში იყენებენ. გელა თედეევის თქმით, პოლიეთილენის შემთხვევაში, კარგად განვითარებული ქვეყნების სოფლის მეურნეობებში იყენებენ მაღალი ხარისხის მასალას, რომელსაც ზაფხულის მცხუნვარე მზე ვერ წვავს, სეზონის დასრულების შემდეგ ფერმერები ნიადაგიდან იღებენ და შემდეგი გადამუშავებისთვის ქარხნებს აბარებენ.

„აუცილებელია მულჩის გაკეთება, მაგრამ ის უნდა იყოს ხარისხიანი, რომელიც ჩვენთან გლეხს ძვირი უჯდება. კარგი იქნება სახელმწიფოსგან სუბსიდირება. სუბსიდირების შემთხვევაში, გლეხი იგივე ფასად უკეთეს პოლიეთილენს იყიდის“ - ამბობს გელა თედეევი.

დაახლოებით 850 კილოგრამი სჭირდება ჰექტარზე, სადაც საზამთრო მოჰყავთ. წარმოიდგინეთ, ამ რაოდენობის პოლიეთილენი ნიადაგში რჩება. მასა, რომელიც არ ლპება წლების განმავლობაში.
გიორგი კევლიშვილი

საქართველოს გარემოს დაცვისა და სოფლის მეურნეობის სამინისტროს დავუკავშირდით იმის გასარკვევად, რა ინფორმაციას ფლობენ მიწის პოლიეთილენით დაბინძურების შესახებ და რას გეგმავენ. გვითხრეს, რომ ამ ეტაპზე საკითხზე არ მუშაობენ.

საერთაშორისო არასამთავრობო ორგანიზაციამ CARE ლაგოდეხში დააფინანსა პროექტი, რომელიც მეორადი პოლიეთილენის გადამამუშავებელი საწარმოს შექმნას ითვალისწინებს. პროექტს ამ გაზაფხულიდან განახორციელებს შეზღუდული პასუხისმგებლობის საზოგადოება „დავიცვათ გარემო კვლავ წარმოებით.“ მისი ხელმძღვანელის, გიორგი კევლიშვილის ინფორმაციით, გლეხებს გარკვეულ თანხას გადაუხდიან იმისთვის, რომ მიწის ნაკვეთში პოლიეთილენის ფირი აღარ დატოვონ და გადამამუშავებელ საწარმოს ჩააბარონ.

„დაახლოებით 850 კილოგრამი სჭირდება ჰექტარზე, სადაც საზამთრო მოჰყავთ. წარმოიდგინეთ, ამ რაოდენობის პოლიეთილენი ნიადაგში რჩება. მასა, რომელიც არ ლპება წლების განმავლობაში“ - ამბობს გიორგი კევლიშვილი.

გარემოს დამცველები საერთაშორისო ორგანიზაციების მსგავსი ინიციატივებს მიესალმებიან, თუმცა, ეკოლოგიური კატასტროფის თავიდან ასაცილებლად სახელმწიფოს მოუწოდებენ კომპლექსური ზომების მიღებისკენ.