რა სარგებლობას მოიტანს ჩინეთი

ქართულმა და ჩინურმა კომპანიებმა სრულად უნდა აითვისონ თავისუფალი ვაჭრობის შეთანხმებით გათვალისწინებული სარგებელი - აღინიშნა პეკინში, საქართველოს ეკონომიკისა და მდგრადი განვითარების მინისტრ დიმიტრი ქუმსიშვილისა და ჩინეთის კომერციის მინისტრ ჭუნ შანს შორის გამართულ შეხვედრაზე.

თავისუფალი ვაჭრობა ჩინეთთან

  • ჩინეთთან თავისუფალი ვაჭრობის შეთანხმებით, თითქმის ყველა ქართული პროდუქცია საბაჟო გადასახადისგან გათავისუფლებულია.
  • საქართველოდან ჩინეთში ყველაზე მეტად ალკოჰოლური სასმელი გადის.
  • თავისუფალი ვაჭრობის პირობებში განსაკუთრებით მაღალი პოტენციალი ღვინოსა და სოფლის მეურნეობის პროდუქტებს აქვს.

ჩინეთის ბაზარი 1.4 მილიარდ მომხმარებელს გულისხმობს, თავისუფალი ვაჭრობის შეთანხმებით კი, თითქმის ყველა ქართული პროდუქცია საბაჟო გადასახადისგან გათავისუფლებულია. ამჯერად საქართველოდან ჩინეთში ყველაზე მეტად ალკოჰოლური სასმელი გადის. ეკონომიკის სამინისტროს საგარეო ვაჭრობის პოლიტიკის დეპარტამენტის უფროსი მარიამ გაბუნია ამბობს, რომ ღვინის ექსპორტი განსაკუთრებით 2017 წელს გაიზარდა (45 პროცენტი), ჯერ კიდევ მაშინ, როცა ის საბაჟო გადასახადისგან თავისუფალი არ იყო. შესაბამისად, სამომავლო პროგნოზი ამჯერად უფრო დამაიმედებელია.

მისივე თქმით, ჯერჯერობით არ არის დათვლილი, თუ რა სარგებელი მოიტანა პირველი იანვრიდან ამოქმედებულმა უტარიფო რეჟიმმა. ეკონომიკის სამინისტროში, წინასწარი გათვლებით, ექსპორტის 9-პროცენტიან ზრდას ელოდებიან. განსაკუთრებით მაღალი პოტენციალი ისევ ღვინოსა და სოფლის მეურნეობის პროდუქტებს აქვს.

„წელს ჩინეთის ბაზარზე ქართული ლიმონათი, საკონდიტრო ნაწარმი და სანელებლებიც შევიდა“, - ამბობს მარიამ გაბუნია.

მისივე თქმით, ჩინეთიდან ელოდებიან ინვესტიციებსაც.

„საქართველო უფრო და უფრო ყალიბდება სატრანსპორტო გზაჯვარედინად. თავისუფალი ვაჭრობის შეთანხმება ევროპასთან და, მეორეს მხრივ, თავისუფალი ვაჭრობის შეთანხმება ჩინეთთან დიდ შესაძლებლობას იძლევა ეს როლი კიდევ უფრო გამოიკვეთოს. შესაძლებელია ჩინეთიდან შემოვიდნენ ინვესტორები, აქ გააკეთონ წარმოება და წარმოებული პროდუქტი ევროპის ბაზარზე გაიტანონ. ეს დამატებით სამუშაო ადგილებს შექმნის“, - განმარტავს მარიამ გაბუნია.

მარიამ გაბუნია ამბობს, რომ იგეგმება ორი ლოჯისტიკური ცენტრის აშენებაც - ერთი თბილისთან, მეორე ქუთაისში. ლოჯისტიკური ცენტრები, როგორც ახალი სამუშაო ადგილების წყარო, პეკინში დიმიტრი ქუმსიშვილმაც ახსენა.

საქართველოსა და ჩინეთის მთავრობათა წარმომადგენლები თბილისის აბრეშუმის გზის ფორუმზე. 2017 წლის 28 ნოემბერი

ორგანიზაცია „ჰაბჯორჯიას“ წარმომადგენელი დავით გოჩავა ამბობს, რომ ის ხელშეკრულებები, რომლებიც ჩინეთთან იდება, ძალიან კარგია, თუმცა არის საფრთხე ამ ყველაფერს საქართველო მოუმზადებელი შეხვდეს.

„ქვეყნის სატრანსპორტო პოლიტიკა საერთოდ არ არსებობს. არ ვიცით ჩვენი როლი, თუ რა ფუნქციას შევასრულებთ „აბრეშუმის გზასთან“ მიმართებაში: კერძოდ, რა როლი ენიჭება რკინიგზას, რა - საავტომობილო ტრანსპორტს და რა - საზღვაოს. ზოგადად, რა თქმა უნდა, ვიცით, მაგრამ აქ საუბარია მკაფიო და ნათელ მიზნებზე... დამაიმედებელია ის, რომ შეიძლება ისევ ჩინური მხარისა და აზიის განვითარების ბანკის დახმარებით შევქმნათ ეს დოკუმენტი“, - ამბობს დავით გოჩავა.

მისივე თქმით, მსგავსი მისიის განსახორციელებლად საქართველოს რკინიგზის ფუნდამენტური შეცვლაა საჭირო.