კადრებში, რომლებიც 20 ივნისს, დარბევის ღამეს, რადიო თავისუფლებამ გადაიღო, ჩანს სახელმწიფო დაცვის სპეციალური სამსახურის უფროსი ანზორ ჩუბინიძე, რომელიც სპეცრაზმს შორის მოძრაობს და აკონტროლებს ვითარებას.
კადრები გადაღებულია მაშინ, როცა სპეცდანიშნულების რაზმის წევრები მოქალაქეებს რეზინის ტყვიებს ესროდნენ.
პარლამენტის შენობასთან ისმის მოქალაქეების შეძახილები, სროლა და კივილი.
ჩანაწერში ანზორ ჩუბინიძის ხმის გარჩევა შეუძლებელია.
Your browser doesn’t support HTML5
ვინ არის ანზორ ჩუბინიძე
ანზორ ჩუბინიძე წლების განმავლობაში იყო ბიძინა ივანიშვილის დაცვის უფროსი. ივანიშვილის პრემიერობისას ხელმძღვანელობდა სახელმწიფო დაცვის სპეციალურ სამსახურს. მას შემდეგ, რაც ბიძინა ივანიშვილმა პრემიერ-მინისტრის პოსტი დატოვა, ჩუბინიძე საქართველოს ნავთობისა და გაზის საერთაშორისო კორპორაციაში გადავიდა სამუშაოდ. 2014 წლის ბოლოს სახელმწიფო დაცვის გენერალ-მაიორი საქართველოს სახელმწიფო დაცვის სპეციალური სამსახურის უფროსად ირაკლი ღარიბაშვილმა მეორედ დანიშნა და ამ დრომდე იკავებს ამ თანამდებობას. უფრო ადრე ვრცელდებოდა ინფორმაცია მისი შესაძლო შს მინისტრობის შესახებაც. ბიძინა ივანიშვილი მაშინ ამბობდა, რომ “ანზორ ჩუბინიძე თავისი წარსულით ყველაფერს იმსახურებდა”.
ანზორ ჩუბინიძის გვარი ფიგურირებდა “ომეგას” საქმეშიც 2018 წლის სექტემბერში. ერთ-ერთ აუდიოჩანაწერში, რომელიც იმ დროს გავრცელდა, სავარაუდოდ, სპორტის და ახალგაზრდობის ყოფილი მინისტრი ლევან ყიფიანი „ომეგა ჯგუფის“ დამფუძნებელ ზაზა ოქუაშვილს ესაუბრება კომპანიის საგადასახადო პრობლემების მოგვარებაზე რამდენიმე მილიონ ლარად და საკითხის მომგვარებლად ასახელებს ანზორ ჩუბინიძეს. ანზორ ჩუბინიძე იყო ერთ-ერთი იმ ქართველ მაღალჩინოსნებს შორის, რომლებსაც ზაზა ოქუაშვილმა ლონდონის სასამართლოში უჩივლა.
2018 წელს სახელმწიფო დაცვის სპეციალური სამსახურის უფროსის გვარმა გაიჟღერა ძიუდოისტების საქმეშიც. მაშინ როცა ძიუდოისტების ნაწილი ფედეერაციის ხელმძღვანელ დავით ქევხიშვილს ნეპოტიზმში, ფინანსურ დარღვევებში და ერთპიროვნულ მმართველობაში ადანაშაულებდნენ, სამინისტროში გამართულ შეხვედრებზე ჩნდებოდა ანზორ ჩუბინიძე, რომელსაც დავით ქევხიშვილის მფარველად და, ზოგადად, ქართულ სპორტში უდიდესი გავლენის მქონე ადამიანად ასახელებდნენ.
კიდევ უფრო ადრე, ჩუბინიძის გვარი გაისმა ბაჩო ახალაიასთან კავშირში. 2017 წელს, ანზორ ჩუბინიძემ თავად დაადასტურა, რომ ბაჩო ახალაიასთან იმყოფებოდა მატროსოვის ციხეში. მაშინ ბაჩო ახალაია ამბობდა, რომ ირაკლი ღარიბაშვილი და ანზორ ჩუბინიძე მასთან გარიგების შეთავაზებით დადიოდნენ.
რა ევალება და რა ეკრძალება სახელმწიფო დაცვის სპეციალურ სამსახურს
სახელმწიფო დაცვის სამსახურის კანონის თანახმად , “სამსახური ახორციელებს სახელმწიფო ხელისუფლების შტოების, აგრეთვე მათი თანამდებობის პირთა ფიზიკურ დაცვას მართლსაწინააღმდეგო ხელყოფისაგან ქვეყნის უსაფრთხოების უზრუნველყოფის მიზნით”.
ამავე კანონის თანახმად, აკრძალულია სახელმწიფო დაცვის სპეციალური სამსახურისა და მისი თანამშრომლებისათვის ამ კანონით გაუთვალისწინებელი ფუნქციების დაკისრება.
კანონში გაწერილ სპეციალურ საშუალებებს შორის, რომლებიც შესაძლოა სახელმწიფო მოხელეებს ან შენობა-ნაგებობებისთვის საფრთხის შემქმნელი ადამიანის/ადამიანების წინააღმდეგ იყოს გამოყენებული, ვერსად ნახავთ რეზინის ტყვიებს. ხელკეტებისა და ცრემლსადენი აირის გამოყენების უფლება ამ სამსახურის თანამშრომლებს მხოლოდ დანაშაულის ჩამდენი პირის დაკავებისას აქვთ, თუკი იგი აშკარად არ ემორჩილება სახელმწიფო დაცვის სპეციალური სამსახურის თანამშრომლის კანონიერ მოთხოვნას, ან მაშინ, როცა სურთ აიძულონ დამნაშავე დატოვოს დაკავებული სატრანსპორტო საშუალება ან შენობა-ნაგებობა, რომელსაც თავს აფარებს.
კადრებში, სადაც სახელმწიფო უსაფრთხოების სამსახურის ხელმძღვანელი ჩანს, არ ჩანს არც ერთი ისეთი მაღალი თანამდებობის პირი, რომელსაც იცავს მისი სამსახური და რომელსაც ემუქრებოდა ფიზიკური განადგურების საფრთხე.
ამ კადრებში ანზორ ჩუბინიძე ჩანს არა თავისი სამსახურის თანამშრომლებთან ერთად, რომლებსაც პარლამენტის შენობის დაცვა ევალებათ, არამედ სპეცდანიშნულების რაზთან ერთად, რომლებიც რეზინის ტყვიებს იყენებენ აქციის მონაწილე მოქალაქეების წინააღმდეგ. ამ მოქალაქეების მიმართ არ ყოფილა არანაირი მოწოდება ტერიტორიის დატოვების შესახებ ან გაფრთხილება დარბევის შესახებ.
რა ამოცანა ჰქონდა სპეცრაზმის უკან მდგომ ანზორ ჩუბინიძეს აქციის დარბევისას?
„საერთაშორისო გამჭვირვალობა - საქართველოს“ წარმომადგენელი გია გვილავა ამბობს, რომ ანზორ ჩუბინიძის პარლამენტის შენობასთან ყოფნაში უჩვეულო არაფერია, სერიოზული პრობლემაა, თუკი ის მითითებებს გასცემდა აქციის დაშლის შესახებ.
“ჰქონდა თუ არა მას უფლებამოსილება მონაწილეობა მიეღო სპეცოპერაციაში, რომელსაც ატარებენ პოლიციელები, და მითითებები მიეცა მათთვის? - აქ, ალბათ, პასუხი იქნება, რომ, წესით, ასეთი კომპეტენცია მას არ გააჩნია. მეც, როგორც თქვენ და საზოგადოებას, მაქვს კითხვა: რა როლი ჰქონდა მას სპეცოპერაციისას და რა დავალებას აძლევდა იქ მყოფ პოლიციელებს?” - გვითხრა „საქართველოს დემოკრატიული ინიციატივის“ დამფუძნებელმა, გიორგი მშვენიერაძემ. მისი თქმით, ამ კითხვას პასუხი თავად ჩუბინიძემ და გამოძიებამ უნდა გასცეს.
სახელმწიფო დაცვის სამსახურის ადმინისტრაციაში რადიო თავისუფლებას უთხრეს, რომ “ანზორ ჩუბინიძე იმყოფებოდა ყველაზე კრიტიკულ ლოკაციაზე, მოქმედებდა სამსახურის კომპეტენციის ფარგლებში და კონტროლს უწევდა მხოლოდ სდსს-ს პირადი შემადგენლობის უფლებამოსილების ფარგლებში რეაგირებას.
რაც შეეხება თქვენს შეკითხვას, „იყო თუ არა ჩართული აქციის დარბევაში და აძლევდა თუ არა მითითებებს სპეცრაზმელებს“, ა. ჩუბინიძეს აქციის მონაწილეთა დაშლაში მონაწილეობა არ მიუღია და აღნიშნულთან დაკავშირებით არავითარი ბრძანება არ გაუცია”.
გია გვილავას თქმით, იმ შემთხვევაში, თუკი უსაფრთხოების სამსახურის უფროსის მიმართ ჩნდება ეჭვი, მის წინააღმდეგ, პირველ რიგში, შიდაუწყებრივი გამოძიება იწყება და მან უნდა გასცეს პასუხი კითხვებს, გასცდა თუ არა კონკრეტული თანამდებობის პირი თავის კომპეტენციას.
“თუკი საზოგადოება პასუხს ვერ იღებს, მაშინ კითხვაზე პასუხის არარსებობა აჩენს მათში პროტესტს და ხელისუფლებამ უნდა გადაწყვიტოს, გასცეს პასუხი კითხვებს თუ არა”, - ამბობს გიორგი მშვენიერაძე.