რა როლი ითამაშა რუსეთმა „ჰამასის“ შეჭრაში?   

ისრაელის ჯარისკაცები პატრულირებენ ქალაქ სდეროთში, პოლიციის განყოფილებასთან, რომელიც იყო ბრძოლის ადგილი 7 ოქტომბერს ღაზის სექტორიდან "ჰამასის" შეჭრის შემდეგ.

შეიძლება თუ არა, რუსეთს ეთამაშა როლი ისრაელში „ჰამასის“ შეჭრაში - მოვლენაში, რომელიც რეგიონულ ომში გადაზრდის საფრთხეს შეიცავდა?

ჰანა ნოტე, ბერლინში, ჯეიმს მარტინის ბირთვული შეიარაღების გაუვრცელებლობის კვლევის ცენტრის ანალიტიკოსი, რომელიც ახლო აღმოსავლეთში რუსეთის პოლიტიკას იკვლევს, ამბობს, რომ „არა“, მაგრამ, მისი აზრით, რუსეთის დაახლოებამ „ჰამასის“ ხანგრძლივ მოკავშირე ირანთან, აშკარად შეგულიანების ეფექტი იქონია.

შარშან მარტში მოსკოვში ჩავიდა პალესტინელთა დელეგაცია, რომელსაც წარმოადგენდა გასამხედროებული „ჰამასი“, აშშ-სა და ევროკავშირში ტერორისტულ ორგანიზაციად შერაცხილი დაჯგუფება.

შეხვედრაზე განიხილეს „სამართლიანი მოგვარების მხარდაჭერაში რუსეთის ურყევი პოზიცია“, - იტყობინებოდა მოსკოვიდან საგარეო უწყება.

„ჰამასთან“, ასევე მის მთავარ მოკავშირე ირანთან რუსეთის კავშირები კარგადაა ცნობილი.

ზოგიერთი მიმომხილველი და კომენტატორი, რომლებიც 7 ოქტომბერს დაწყებულ სისხლისღვრაზე წერენ, რუსეთს ადებენ ხელს, რომ პირდაპირი კავშირი აქვს ძალადობის განვითარებასთან.

ამ მოსაზრებას ჰანა ნოტე არ იზიარებს. ის თვლის, რომ ირანთან ახლო ურთიერთობამ რუსეთს სარგებელი მოუტანა უკრაინასთან ომში: თეირანი მოსკოვს აწვდის „თვითმკვლელ დრონებს“ და სხვა აღჭურვილობას რუსეთის არმიისთვის, რომელიც ცდილობს უკრაინის ჯარის ნელა მიმდინარე კონტრიერიშის შეჩერებას. მაგრამ რთულია იმის თქმა, ნოტეს თანახმად, რომ რუსეთი შეიძლებოდა მიმხრობოდა „ჰამასის“ შეჭრას ისრაელში და ამით საფრთხე შეექმნა ისრაელთან თავისი ურთიერთობისთვის. ისრაელთან მოსკოვს არ აქვს ძალიან თბილი ურთიერთობა, მაგრამ მას მტრულსაც ვერ დაარქმევ, უთხრა რადიო თავისუფლებას ნოტემ 9 ოქტომბერს.

რადიო თავისუფლება: თქვენ სკეპტიკურად უყურებთ ვარაუდს, რომ შეიძლებოდა რამენაირად რუსეთს როლი ჰქონოდა ამ თავდასხმაში („ჰამასის“ იერიში ისრაელზე 7 ოქტომბერს)? მიანიშნებს რამე იმაზე, რომ მას პირდაპირი ან არაპირდაპირი კავშირი შეიძლებოდა ჰქონოდა ამასთან?

ჰანა ნოტე: ვითარებას თუ შეხედავთ, წლების განმავლობაში, და ეს ხდებოდა უკრაინის ომამდეც, შიგადაშიგ ვრცელდებოდა ცნობები, რომ რუსეთიდან „ჰამასის“ ხელში ხვდებოდა რუსული წარმოების იარაღი. ტანკსაწინააღმდეგო რაკეტები, ხელით სასროლი რაკეტები, საზენიტო რაკეტები და ეს იყო წლების წინ და ამ დროს ისრაელი აცხადებდა, რომ „ჰამასის“ ხელში ეს იარაღი ირანიდან ხვდებოდა.

ამიტომ, არასოდეს შემიმჩნევია რუსეთის მხრიდან „ჰამასისთვის“ იარაღის დიდი პარტიების მიწოდების ნიშნები, რომ არაფერი ვთქვათ იმაზე, წვრთნიდნენ თუ არა „ჰამასს“ რუსი სამხედროები. და კიდევ ერთხელ: ამ ბოლო თავდასხმის კონტექსტში ვერ ვხედავ იმის დასტურს, რომ იქ იყო რუსული იარაღი, ან რუსები წვრთნიან „ჰამასს“. მე აქ პირდაპირ როლს ვერ ვხედავ. ცხადია, რუსეთის და „ჰამასის“ ურთიერთობას ძველი ფესვები აქვს. ისინი მოსკოვში იყვნენ მიწვეული, მგონი 2006 წელს, მას მერე, რაც არჩევნები მოიგეს პალესტინელთა ტერიტორიებზე და შემდეგაც ჩადიოდნენ იქ. იცით, რუსები საკმაოდ აქტიური იყვნენ ბოლო წლებში, როცა ცდილობდნენ ეშუამდგომლათ პალესტინელთა დაჯგუფებებს შორის. და ცხადია, მათ არასოდეს უღიარებიათ „ჰამასი“ ტერორისტულ ორგანიზაციად. ისინი სულ ამტკიცებდნენ, რომ სხვადასხვა დაჯგუფება უნდა გაერთიანდეს. ეს ერთგვარი ნიშაა, რომელიც რუსებმა სამშვიდობო პროცესში შეიქმნეს. ისინი ბოლო წლებში ჩიოდნენ იმის თაობაზე, რომ აშშ-ს სამშვიდობო პროცესზე მონოპოლია სურს, განსაკუთრებით ტრამპის ადმინისტრაციის და „საუკუნის გარიგების“ [ტრამპის სამშვიდობო სადავო წინადადების] პერიოდში. ამიტომ რუსები ამ ნიშის დაკავებას ცდილობდნენ და ამაყობდნენ, რომ ელაპარაკებიან პალესტინელთა ყველა ფრაქციას. ეს ფრაქციები ხშირად ჩადიოდნენ მოსკოვში. რუსები აქტიურად უდგანან მხარში პალესტინელებს და ამას ღრმა ფესვები აქვს. საბჭოთა კავშირსაც საკმარისად პროპალესტინული პოზიცია ეკავა. რუსეთის საგარეო საქმეთა სამინისტროსაც პროპალესტინური პოზიცია, როგორც თვითონ აცხადებს, კონფლიქტისადმი ზომიერი მიდგომა აქვს. ამდენად, ამ ურთიერთობებს ძველი ფესვები აქვს. ეს მართალია. მაგრამ არა მგონია, რომ აქედან შეიძლება გავაკეთოთ დასკვნა რაიმე ტიპის პირდაპირ სამხედრო დახმარებაზე.

საკითხავია, აქვს თუ არა რუსეთს ირიბი როლი. მე დავამტკიცებდი, რომ უკრაინაში ომის გამო, დასავლეთსა და რუსეთს შორის ურთიერთობის გაუარესების გამო, შესაბამისად, რუსეთსა და ირანს შორის გეოპოლიტიკური ურთიერთობის შეცვლის გამო, რუსეთი, საერთო ჯამში, ირანს მეტ შესაძლებლობას აძლევს ამ რეგიონში.

ამდენად, ირანი უფრო თავდაჯერებულია. ირანი რუსეთს აწვდის დრონებს და სხვა მხრივ უწევს მხარდაჭერას. საფიქრებელია, რომ საპასუხოდ, რუსეთისგან გარკვეულ მხარდაჭერას იღებს. რუსებს ნაკლებად აინტერესებთ ირანთან [2015 წლის ბირთვული შეთანხმება ირანსა და გაეროს უშიშროების საბჭოს წევრებს, ასევე გერმანიას შორის] ბირთვული შეთანხმების აღდგენა. ისინი ირანის მიმართ უფრო შემწყნარებლური გახდნენ. და საერთოდ, ესაა „თანხმობის“ განცდა, რომელსაც ახლა ვხედავთ. ამდენად, დიახ, არის კავშირი რუსეთთან, უკრაინაში ომთან, მაგრამ ვთვლი, ის კავშირი უფრო ირიბია, ვიდრე პირდაპირი.

რუსეთის საგარეო საქმეთა მინისტრი სერგეი ლავროვი (მარჯვნივ) მოლაპარაკებებს მართავს "ჰამასის" მაშინდელ ლიდერთან ხალედ მაშალთან მოსკოვში 2006 წლის მარტში.

რადიო თავისუფლება:​ კარგი, თქვენ სამ შეკითხვას უპასუხეთ, რომელთა დასმაც მე მსურდა თქვენთვის, მშვენიერია. რა არის ის სარგებელი, რომელიც რუსეთმა შეიძლება ნახოს ამ ყველაფერში?

ჰანა ნოტე: აქაც ორად მაქვს გაყოფილი აზრი. ერთი მხრივ, რუსეთს დაძაბულობის, არასტაბილურობის, ძალადობის გაღვივება ამ მომენტში ხელს აძლევს. თუ რუსეთი შეძლებს, ხელი შეუწყოს კრიზისებს და არასტაბილურობას სხვა ქვეყნებში და დასავლეთის ქვეყნების, პირველ რიგში - აშშ-ის, ყურადღებას უკრაინის და ნატოს აღმოსავლეთის ფლანგიდან იქით გადაიტანს, ეს მისთვის ამ ეტაპზე, უფრო ფართო გეოპოლიტიკურ თამაშში მომგებიანია. თუ ეს, რასაც ახლა ვუყურებთ, მოიტანს ასევე ცვლილებებს ურთიერთობის ნორმალიზების შესახებ საუდის არაბეთისა და ისრაელის მოლაპარაკებაში, რომელიც ასევე ამერიკული თამაშია, რუსეთი ამასაც მიესალმება. ასე რომ, ეს ყველაფერი რუსეთს გარკვეულად ახლა ხელს აძლევს.

ჰანა ნოტე

რაც შეეხება პოტენციურად უარყოფით ასპექტებს რუსებისთვის: მე რუსეთის საგარეო პოლიტიკას ახლო აღმოსავლეთში ვუყურებ როგორც პოლიტიკას, რომელიც მიმართულია გულმოდგინედ გაწონასწორებული არასტაბილურობის, დაბალი დონის არასტაბილურობისკენ. არ ვიცი, თუ ახლანდელი კონფლიქტი გადაიზარდა დიდ ომში, ისრაელის და ირანის დაპირისპირებაში, რომელიც გადაედება ლიბანს და სირიას, რაგვარად შეიძლება იყოს ის რუსეთისთვის მომგებიანი. მას სამხედრო-საზღვაო და სამხედრო-საჰაერო ბაზები აქვს სირიაში და ისინი ძალიან მნიშვნელოვანია. ეს ბაზები განსაზღვრავს მის ძალას აღმოსავლეთ ხმელთაშუა ზღვაში. ეს ბაზებია რუსეთის ოპერაციებისთვის მნიშვნელოვანი აფრიკასა და საჰელში... და „ვაგნერი“ (დაქირავებულ მებრძოლთა კერძო რაზმი, რომელიც ევგენი პრიგოჟინმა დააარსა) აფრიკაში რჩება. უფრო ფართო ომით სირიის დესტაბილიზების შემთხვევაში, რუსებს არ ეყოფათ პოტენციალი, გაუმკლავდნენ ამ ვითარებას. ამიტომ არ ვარ დარწმუნებული, რომ უფრო ფართომასშტაბიანი ომი მათ ხელს აძლევდეთ. ეს არ არის ის, რაც მათ სჭირდებათ. რუსეთისთვის უფრო ხელსაყრელია გაწონასწორებული ესკალაცია.

რადიო თავისუფლება:​ როგორია რუსეთის და ისრაელის ურთიერთობა ამ დღეებში? თბილი? ცივი? უკრაინის პრეზიდენტმა, ვოლოდიმირ ზელენსკიმ ისრაელს სოლიდარობა გამოუცხადა. როგორ დაახასიათებდით ამ ურთიერთობას ამ ეტაპზე?

ჰანა ნოტე: ურთიერთობა ამ ორ ქვეყანას შორის შეიძლება ნელთბილია, მაგრამ უკეთესი გახდა დეკემბერში ხელისუფლებაში პრემიერ-მინისტრ ბენიამინ ნეთანიაჰუს მოსვლის შემდეგ. მანამდე ის ცივი იყო მას მერე, რაც ისრაელმა უკრაინაში, ბუჩაზე თავდასხმის მიმართ თავისი პოზიცია გამოთქვა და რუსეთი მკაცრად გააკრიტიკა.

მაგრამ, ამ ეტაპზე ისრაელი უკრაინას მომაკვდინებელ იარაღს არ აწვდის. ვფიქრობ, ამას რუსეთში აფასებენ და სურთ, რომ ასევე დარჩეს. დაძაბულობა იყო, მაგრამ სავაჭრო ურთიერთობა საკმარისად მნიშვნელოვანია. ისრაელში არის რუსული დიასპორა, რომელიც უკრაინაში ომამდეც არსებობდა, მაგრამ გაიზარდა ომის შემდეგ. და არის, ისრაელის თვალსაზრისით, უმნიშვნელოვანესი ერთი ფაქტორი რუსეთი-ისრაელის ურთიერთობაში, კერძოდ ის, რომ რუსეთი სირიის საჰაერო სივრცეში არ უპირისპირდება ისრაელის თვითმფრინავებს. ეს არის მთავარი მიზეზი იმისა, თუ რატომ არის ისრაელი რუსეთის მიმართ ფრთხილი, არ შეუერთდა სანქციებს და არ უჭერს მომაკვდინებელი იარაღით მხარდაჭერას უკრაინას. ამიტომ, ეს ურთიერთობა უფრო რთული იყო, ვიდრე ჩვეულებრივ, მაგრამ ბიბისა [ნეთანიაჰუ] და პუტინს შორის პირადი ურთიერთობები გარკვეულად ეხმარება მას. ისინი ერთმანეთს კარგად უგებენ. ვფიქრობ, რომ რუსეთისთვის ახლა მნიშვნელოვანია, ისრაელი მტკიცედ არ მიემხროს უკრაინას და ესაა კიდევ ერთი მიზეზი იმისა, რატომ არ ვარ დარწმუნებული, რომ რუსეთი პირდაპირ ეხმარება „ჰამასს“. რუსეთი რომ „ჰამასს“ დახმარებოდა, ამას ისრაელი ადრე თუ გვიან შეიტყობდა და შესაძლოა, რუსეთს ისრაელი მთლიანად დაეკარგა. და რადგან მისთვის საკმაოდ მნიშვნელოვანი იყო, ისრაელს უკრაინისთვის მხარი არ დაეჭირა, არა მგონია, რუსეთს ეს რისკი გაეწია.

ასევე ნახეთ ისრაელი ომში. ორმოცდამეცამეტე დღე - განახლებადი