რუსთაველი ბიზნესმენები და მეწარმეები პროფესიების დეფიციტზე ლაპარაკობენ. პროფესიული კადრების სიმწირის გამო ზარალდება არა მხოლოდ მათი ბიზნესი, საერთოდ, რუსთავის ბიზნესგარემო.
Your browser doesn’t support HTML5
გიორგი ასპანიძე, რომელმაც ჯერ უმაღლესი სასწავლებელი დაამთავრა, ეკონომისტად იმუშავა, შემდეგ კი მზარეულის პროფესიული კურსები გაიარა, დღეს რუსთავის ერთ-ერთ ბარ-რესტორანში შეფ მზარეულად მუშაობს. მეორე პროფესიით სამი რესტორანი გამოიცვალა.
როგორც გიორგი ასპანიძე ამბობს, ეკონომისტობა და ქაღალდებში ქექვა მისთვის მოსაწყენი აღმოჩნდა, მზარეულობა კი მიმზიდველია, უყვარს ეს საქმე და ცდილობს ის კლიენტების დღევანდელ მოთხოვნილებებს მოარგოს:
„კარგი მზარეული ვერ იქნები, თუ ეს საქმე არ გიყვარს, უბრალოდ, გინდა გააკეთო [საჭმელი], ასე ვერ გააკეთებ. კლიენტებს უფრო მაღალი მოთხოვნილებები აქვთ, ვიდრე 8 წლის წინ, როცა მე დავამთავრე [სასწავლებელი]. მაშინ უფრო შეზღუდული მოთხოვნები ჰქონდათ, რომელსაც არ ცვლიდნენ არასდროს. დღეს უფრო მიისწრაფვიან განსხვავებულისკენ, განსხვავებული გემოსკენ და არ იშურებენ დიდ თანხებსაც კი“.
თუმცა, გიორგი ასპანიძის თქმით, მისი პროფესია მაინც დაუფასებელია. თუ რატომ, ამაზე ზუსტი პასუხი არ აქვს.
არადა, როგორც აღმოჩნდა, კარგ, პროფესიონალ მზარეულებზე დღეისათვის საქართველოში დიდი მოთხოვნილება ყოფილა. ამის შესახებ განათლების სამინისტროს პროფესიული განვითარების დეპარტამენტის უფროსმა ნუკი ჩხიკვაძემ განაცხადა რუსთავის დემოკრატიული ჩართულობის ცენტრში, სადაც ის ამერიკის სავაჭრო პალატის წარმომადგენლებთან ერთად ადგილობრივ ბიზნესმენებსა და პროფესიული სასწავლებლების წარმომადგენლებს შეხვდა:
„პირველ ადგილს არავის უთმობს მზარეულის პროფესია. მას მოსდევს ელექტრიკოსი, ბუხჰალტერი, სამკერვალო ნაწარმის სპეციალისტი, კონსტრუქტორი შემდუღებელი“.
ნუკი ჩხიკვაძის თქმით, იმ პროფესიების ტოპათეულში, რომლებზეც დიდი მოთხოვნილებაა,საინფორმაციო ტექნოლოგის სპეციალობაც შედის. საერთოდ, ბიზნესმენებთან შეხვედრა იმ მიზნით ჩატარდა, რომ განათლების სამინისტროსა და ამერიკის სავაჭრო პალატას ბიზნესის წარმომადგენლებისთვის განემარტათ დუალური სწავლების უპირატესობა, როცა სახელმწიფოს მიერ დაფინანსებული პროფესიული სწავლების პროცესში ესა თუ ის კომპანია ერთვება და მასში საკუთარ კონტრიბუციას დებს:
„დუალურის შემთხვევაში, კომპანიის ჩართულობის ხარისხი არის ძალიან მაღალი. ის არა მხოლოდ პროგრამის შემუშავებაში იღებს მონაწილეობას, არამედ სტუდენტის შერჩევაში, პროგრამის განხორციელებაში, სერტიფიკაციის მინიჭებაში, ანუ მას ეძლევა იმის შესაძლებლობა, რომ სტუდენტს მისცეს კორპორაციული კულტურის ათვისების შესაძლებლობა და, სურვილისამებრ, თუკი სტუდენტი მისთვის მისაღები იქნება, დაიტოვოს“.
სამშენებლო მოედანზე, სადაც ახლა ვაწარმოებთ მშენებლობას, სამონტაჟო სამუშაოებს და კეთდება ობიექტი, იქ მივამაგრებდით სპეციალისტს, ვასწავლიდით კიდეც და ჩამოვაყალიბებდით სრულფასოვან სპეციალისტებს...მამუკა ბიკაშვილი
თავად ბიზნესმენების ერთმა ნაწილმა დუალური სწავლების მოდელი მოიწონეს, რადგან, მათივე თქმით, რუსთავში პროფესიული კადრების მწვავე დეფიციტია, რაც მათ ბიზნესგანვითარებას ხელს უშლის.
ამ პრობლემას ბიზნესმენი ვალერი ტატუნაშვილიც აწყდება და ამის მაგალითად შეხვედრის მონაწილეებს ერთ ფაქტი დაუსახელა:
„სამი თვის წინ მქონდა შეთავაზება კატარიდან. ვეძებდი 10 მედდას, რომელმაც ინგლისური ენა იცის და გავუფორმებდი ხელშეკრულებას... ჩავრიე საკრებულო, ვთხოვეთ ვიღაცას... ერთი ვერ ვნახეთ“.
ვალერი ტატუნაშვილ ინგლისური ენის მცოდნე სერტიფიცირებულ მედდებს დღემდე ეძებს. რუსთავის მსხვილი საწარმოს - ლითონნკონსტრუქციების ქარხნის - დირექტორის მოადგილე მამუკა ბიკაშვილმა კი თქვა, რომ კადრების მომზადებას თავადაც შეძლებდნენ:
„ამწუთას გვჭირდება შემდუღებლები, ამწყობ-ზეინკლები, მემონტაჟეები, რომელთა გადამზადებას და დასაქმებას ხვალიდანვე დავიწყებდით. სამშენებლო მოედანზე, სადაც ახლა ვაწარმოებთ მშენებლობას, სამონტაჟო სამუშაოებს და კეთდება ობიექტი, იქ მივამაგრებდით სპეციალისტს, ვასწავლიდით კიდეც და ჩამოვაყალიბებდით სრულფასოვან სპეციალისტებს“.
მამუკა ბიკაშვილის თქმით, ხსენებული პროფესიების კარგ მცოდნეებს სამუშაო არასოდეს ელევათ, მაღალანაზღაურებადნი არიან და იმაზე მეტს იღებენ, ვიდრე, მაგალითად, რომელიმე ბანკში დასაქმებული საშუალო რგოლის თანამშრომელი. მთელ ქვემო ქართლში სახელმწიფოს დაფინანსებით მხოლოდ ერთი პროფესიული კოლეჯი არსებობს, „მოდუსი“, სადაც ახალგაზრდები რამდენიმე პროფესიას ეუფლებიან.
„მოდუსის“ დირექტორი კარლო კერვალიშვილი ამბობს, რომ, როგორც წესი, ბევრ საწარმოსთან თანამშრომლობენ, პრაქტიკაზე გზავნიან სტუდენტებს, მაგალითად, მომავალ მკერავებს, რომლებზეც ძალიან დიდი მოთხოვნილებაა, მაგრამ ზოგჯერ სტუდენტები იმედგაცრუებულნი რჩებიან:
„საწარმოო პრაქტიკაზე როცა ვაგზავნით სტუდენტებს...ეს ერთ-ერთი ფუფუნებაა... როცა ვირჩევთ კომპანიას, სად გავაგზავნოთ, ვინც კარგ კვებას, დამატებით ტრანსპორტირებას, კიდევ, რაღაც დამატებით ანაზღაურებას სთავაზობს, რა თქმა უნდა, ვირჩევთ იმ კომპანიას, თუმცა ამ მიმართულებითაც, უნდა ვაღიარო, რომ საწარმოები ხშირად არ ასრულებენ პირობებს, რომელზეც თავიდან ვთანხმდებით“.
„მოდუსის“ დირექტორი კარლო კერვალიშვილი აქვე დასძენს, რომ ბევრ საწარმოში დაბალი ანაზღაურებაა, ამიტომ მათი კურსდამთავრებულები იქ მუშაობას თავს არიდებენ. ზოგი უმუშევარი რჩება, ზოგიც თვითდასაქმებას მისდევს.