ხუთის ნაცვლად შვიდი დაჯილდოებული - რა მოჰყვა მაჩაბლის პრემიის კონკურსს? 

მაჩაბლის პრემიის დაჯილდოება, 2024 წლის 18 ივლისი

მაჩაბლის პრემიის ჟიურის წევრები, რომლებმაც წელს ლიტერატურულ კონკურსში ხუთი გამარჯვებული შეარჩიეს, დაჯილდოებაზე სახტად დარჩნენ.

18 ივლისს, როდესაც მათ პრემიები უნდა გადაეცათ, აღმოაჩინეს, რომ პრიოზიორი ხუთი კი არა, შვიდია.

გამარჯვებულების გარდა, კონკურსის დამფუძნებლის პრემია გადაეცა თურქ ქართველოლოგს ჰარუნ ჩიმქეს. სპეციალური პრიზი კი - პოეტ ნინო მშვიდობაძეს, რომელიც ლანჩხუთის მუნიციპალიტეტის საკრებულოში ფრაქცია „ქართული ოცნება-დემოკრატიული საქართველოს“ თავმჯდომარის მოადგილეა.

ჟიურის სამმა წევრმა - თამარ გელიტაშვილმა, თათია მთვარელიძემ და ნინია სადღობელაშვილმა - დაჯილდოების ცერემონია პროტესტის ნიშნად დატოვა.

თამარ გელიტაშვილმა ვიდეოც გაავრცელა, სადაც ამბობს:

სოსო ჭუმბურიძეს [ჟიურის წევრი - რ.თ] უნდოდა პოეზიაში ნინიკო მშვიდობაძეს გაემარჯვა. ძალიან დიდი წინააღმდეგი ვიყავით, რადგან კონკურსს მიღმა დარჩნენ გაცილებით ღირსეული ადამიანები. დაჯილდოებაზე მოვედით და ვიგებთ, რომ ნინიკო მშვიდობაძისთვის დააწესეს განსაკუთრებული პრიზი. ამით საერთოდ დასამარდა მაჩაბელი“.

მაჩაბლის ლიტერატურული პრემია 2020 წელს ისტორიკოსმა და პარლამენტარმა გიორგი სოსიაშვილმა დააარსა. ის „ქართული ოცნების“ წევრი და „აგენტების კანონის“ მხარდამჭერია. კონკურსის ოფიციალური პარტნიორია გორის უნივერსიტეტი.

ჟიურის კიდევ ერთი წევრი, ნინია სადღობელაშვილი რადიო თავისუფლებას ეუბნება, რომ ნინიკო მშვიდობაძეს არათუ პრიზი არ ეკუთვნოდა, მოკლე სიაშიც კომპრომისების შედეგად მოხვდა.

„არ ვიცოდით, რომ ახალი პრიზი იყო დაწესებული. სრულიად შემთხვევით გავიგეთ. ნინიკო მშვიდობაძის მხარდამჭერი ერთადერთი ადამიანი იყო ჟიურიში, სოსო ჭუმბურიძე. მართლა კარგი წიგნი რომ ყოფილიყო, საერთოდ არ მივაქცევდი ყურადღებას მის პოლიტიკურ კუთვნილებას. მაგრამ ეს იყო გაზეთში დაბეჭდილი, საშუალოზე დაბალი დონის ლექსები, რაც ჭუმბურიძეს ავუხსენით კიდევ არგუმენტირებულად, მაგრამ კაცი არის შეუვალი, არ ესმოდა არაფერი“, - ამბობს ნინია სადღობელაშვილი.

2021 წელს, როდესაც ლიტერატურული კონკურსი „ლიტერა“ ტარდებოდა, ჟიურის წევრი იქაც პუბლიცისტი სოსო ჭუმბურიძე იყო. მაშინ მწერლების დიდმა ნაწილმა პროტესტი გამოთქვა. ავტორებმა წიგნები კონკურსიდან მოხსნეს.

„მაშინაც ჟიურიში ჩასვეს სოსო ჭუმბურიძე. მას უნდა მიეღო სეფე გადაწყვეტილება, მთავარი გადაწყვეტილება. ასეთი ფუნქცია ჰქონდა (კულტურის სამინისტროდან). .. ოდეერად იყო ჩასმული, პარტიული ხაზი უნდა გაეტარებინა. მაშინ ჟიურის სხვა წევრებმა ჟიური პროტესტის ნიშნად დატოვეს. 112 წიგნი იყო წარდგენილი და 109 ავტორმა უკან გამოიტანა. ახლაც ეს ადამიანი მიავლინეს ჟიურიში და, როგორც ჩანს, მან მიიღო გადაწყვეტილება, რომელსაც ჟიურის წევრების უმეტესობა არ ეთანხმებოდა. ბუნებრივი პროცესი იყო, მე ის გამიკვირდა, რატომ ვერ მიხვდნენ ჟიურის წევრები, რომ ასე მოხდებოდა და არა სხვანაირად“, - ამბობს პოეტი პაატა შამუგია, რომელიც 2021 წელს პენცენტრის ხელმძღვანელი იყო და ალტერნატიური „ლიტერას“ ორგანიზებაც მოახერხა. -ხელისუფლებას უნდა, თავისი მწერლები ჰყავდეს, პარტიული აქტივისტებიდანიშნოსმწერლებად. ვინმემ უნდა აუხსნას წულუკიანს, რომ ასე არ ხდება. მწერალს მკითხველი ირჩევს. ჯილდოს მინიჭებით ვერავინ გამწერლდება და გაავტორდება“.

სოსო ჭუმბურიძემ რადიო თავისუფლებას არ უპასუხა, თუმცა თავის ფეისბუკგვერდზე ის წერს: ბოლო ორი პრიზის გაცემა იყო დამფუძნებლის უფლება და პრეროგატივა და ჟიურის წევრებს ამ საკითხთან შეხება არ ჰქონიათ. აქედან გამომდინარე, სრულიად გაუგებარია, რა გააპროტესტა ჟიურის სამმა წევრმა. ეს არა მხოლოდ გაუგებარია, უკიდურესად კომიკურიც“.

თავად პრიზიორი ნინო მშვიდობაძე კი მიიჩნევს, რომ პრიზი, 1000 ლარი და საჩუქრები, დამსახურებულად ეკუთვნოდა. ეს მის მიერ წარდგენილი ლექსებიდან ერთ-ერთია.

„ერთი წამითაც რომ ვეჭვობდე, რომ ეს პრიზი ჩემი პოლიტიკური შეხედულებების გამო გადმომეცა, უარს ვიტყოდი. არ ვფიქრობ, რომ ასეა. არ ვფიქრობ, რომ ცუდ და ბანალურ ლექსებს ვწერ. არ ვფიქრობ, რომ ჩემს ლექსებსდახმარებასჭირდებათ პოლიტიკური შეხედულებებით ან პოლიტიკური პოზიციით. ცუდია, რომ ასე მოხდა. მაგრამ ცუდია მათთვის და არა ჩემთვის, რადგან არაერთ კონკურსში მიმიღია მონაწილეობა და საპრიზო ადგილებიც ამიღია.

ზუსტად ვიცი, რომ ეს ადამიანები ჩემმა პოლიტიკურმა შეხედულებებმა უფრო გააღიზიანეს. მიეჩვივნენ, რომ ყველა კონკურსში უნდა იმარჯვებდნენ და უცებ ასე არ ხდება. ვწუხვარ კიდევ ერთხელ. „მაჩაბელი“ არის ძალიან პრესტიჟული კონკურსი და ამ კონკურსს სახელს ვერავინ გაუტეხს“, - უთხრა ნინო მშვიდობაძემ რადიო თავისუფლებას.

რაც შეეხება სხვა გამარჯვებულებს, პრემია „მაჩაბლის“ შედეგები წელს ასეთია:

  • წლის საუკეთესო პოეტური კრებული/ლექსების ციკლი: ელგუჯა მარღია - „მიმინოსავით მოთმინებას ვათვინიერებ“
  • წლის საუკეთესო პროზაული ნაწარმოები: ცოტნე ავსაჯანიშვილი - „მერის მარადიული ახალგაზრდობა“
  • წლის საუკეთესო კრიტიკულ/ესეისტურ/პუბლიცისტური წერილი/კრებული: ლევან გოგაბერიშვილი - „ირაციონალური ვაშლი“
  • წლის საუკეთესო დრამატული ნაწარმოები: გურამ მგელაძე - „ფერფლისფერი ფანტელების უდაბნო“
  • წლის საუკეთესო პოეტური/პროზაული ქართული თარგმანი: მანანა ღარიბაშვილი - „პუბლიუს ოვიდიუს ნაზონი - ხმა ტომისიდან, ნაღვლიანი ელეგიები, წერილები პონტოდან“
  • კონკურსის დამფუძნებლის პრემია - ჰარუნ ჩიმქე
  • სპეციალური პრიზი - ნინო მშვიდობაძე