სირიის დაკარგვა რუსეთისთვის სილის გარტყმა იქნება

საილუსტრაციო ფოტო. მეამბოხეების მიერ სირიის დედაქალაქის დაკავების შემდეგ , პრეზიდენტ ბაშარ ასადის თვითმფრინავმა დამასკი დატოვა; Flightradar-ის მონაცემებით, თავიდან თვითმფრინავი გაემართა სირიის სანაპირო რეგიონისკენ, შემდეგ საპირისპირო მიმართულებით გაფრინდა და რადარებიდან გაქრა.

როდესაც ვლადიმირ პუტინი მეოთხედი საუკუნის წინ ნანგრევებად ქცეული პოსტსაბჭოთა რუსეთის მმართველი გახდა, ქვეყნის გლობალური ძალის სტატუსის აღდგენა მთავარ ამოცანად დაისახა.

ამ მიზნის მიღწევას 15 წელი დასჭირდა - 2015 წელს სირიის სამოქალაქო ომში სამხედრო ჩარევამ რუსეთს საშუალება მისცა, თავი "ანგარიშგასაწევ საერთაშორისო ძალად" წარმოეჩინა.

მოსკოვმა ეს ახალი იმიჯი გამოიყენა, ახლო აღმოსავლეთსა და მის ფარგლებს გარეთ, დასავლეთის საპირწონე გამხდარიყო და გავლენა გაეფართოებინა.

ახლა, მოსკოვის მთავარი მოკავშირის, პრეზიდენტ ბაშარ ასადის მთავრობის დაცემა, სერიოზულ საფრთხეს უქმნის რუსეთის, როგორც „გლობალური ძალის“ ამბიციებს.

„პუტინის სამხედრო ავანტიურა სირიაში იყო განკუთვნილი იმის დასამტკიცებლად, რომ რუსეთი გლობალური ძალაა და შეუძლია გავლენის პროეცირება საზღვრებს გარეთ,“ – ამბობს ფილიპ სმიტი, ახლო აღმოსავლეთის ექსპერტი. „სირიის დაკარგვა პუტინისთვის იქნება სილის გარტყმა.“

ასადის მთავრობის დამხობა არამარტო რუსეთის რეპუტაციას დააზარალებს, არამედ მისთვის დიდი სტრატეგიული დანაკარგიც იქნება.

ჰაიათ თაჰრირ აშ-შამის მებრძოლი ანადგურებს სირიის ლიდერის ბაშარ ალ-ასადის ნახატს

სირიაში რუსეთს ორ მნიშვნელოვანი სამხედრო ობიექტი აქვს: ჰმეიმიმის ავიაბაზა და ტარტუს საზღვაო ბაზა - რუსეთის ერთადერთი საზღვაო ბაზა თბილ წყლებში, რომლის მეშვეობითაც მოსკოვს ხმელთაშუაზღვაზე აქვს გასასვლელი.

„რუსეთმა სირიაში არსებული ბაზები გამოიყენა, რათა გაეზარდა თავისი გავლენა აღმოსავლეთ ხმელთაშუაზღვასა და ახლო აღმოსავლეთში,“ – აღნიშნავს სმიტი.

ასევე ნახეთ კვლავ უცნობია სირიის დამხობილი დიქტატორის - ბაშარ ასადის ადგილსამყოფელი

„რთული პარტნიორი“

რუსეთის სამხედრო ჩარევამ სირიაში 2015 წელს ომის მიმდინარეობა შეცვალა. მოსკოვის დამანგრეველმა საჰაერო კამპანიებმა სირიის არმიას ტერიტორიის აღდგენის და ასადი ხელისუფლების შენარჩუნების საშუალება მისცა.

სირიაში სამხედრო კამპანია მოსკოვმა უკრაინის ყირიმის ნახევარკუნძულსა და უკრაინის აღმოსავლეთის სეპარატისტულ ნაწილში შეჭრიდან ერთი წლის შემდეგ დაიწყო.

რუსეთმა სირიასა და უკრაინაში ჩართულობით სცადა ხაზი გაესვა, რომ წარმოადგენდა ძალას, რომელსაც შეუძლია შეერთებული შტატების, ნატოსა და დასავლეთისთვის წინააღმდეგობის გაწევა, ხმელთაშუა ზღვიდან აფრიკასა და ლათინურ ამერიკამდე გლობალურ გავლენის გაფართოებით.

2022 წლის თებერვალში უკრაინაში რუსეთის სრულმასშტაბიანი შეჭრის შემდეგ სირია მოსკოვისთვის კიდევ უფრო ღირებული გახდა, თუმცა ამავე დროს წარმოშვა გამოწვევა – მოსკოვს სამხედრო კამპანია ორ ფრონტზე უნდა გაეშალა.

ახლა რუსული სამხედრო აქტივების - მნიშვნელოვანი ბაზების შესაძლო დაკარგვა, და არანაკლებ მნიშვნელოვანი - ასადის მთავრობის დაცემის საფრთხე, ამ ამოცანას კიდევ უფრო რთულს ხდის.

რუსეთის მნიშვნელოვანი რესურსები გადასროლილია მისსავე ტერიტორიაზე, სამხრეთ-დასავლეთ კურსკის რეგიონში, დაკარგული მიწის დასაბრუნებლად მიმართულ ფართომასშტაბიან კონტრშეტევაში, და უფრო მეტიც - მას ჩრდილოეთ კორეელი ჯარისკაცების დახმარებაც სჭირდება. ამავდროულად, რუსეთი ცდილობს, რაც შეიძლება მეტი ტერიტორია დაიკავოს უკრაინის აღმოსავლეთში, სავარაუდო სამშვიდობო მოლაპარაკებების დაწყებამდე.

ასევე ნახეთ რა შეუძლია „სირიელ ყასაბს“?

ამ დროს, რუსული სამხედრო ობიექტები სირიის დასავლეთით, ხმელთაშუა ზღვის სანაპიროზე, აშშ-ის მიერ ტერორისტულ ორგანიზაციად მიჩნეული ჰაიათ თაჰრირ აშ-შამის (HTS) და მისი მოკავშირეების მიერ დარბევის საფრთხის წინაშეა.

ვაშინგტონის ინსტიტუტის უფროსი მკვლევარი აარონ ზელინი აღნიშნავს, რომ რუსეთს აღარ აქვს საკმარისი სამხედრო ძალა, რათა ეფექტურად დაიცვას თავისი აქტივები სირიაში.

„მნიშვნელოვანია, რომ გვახსოვდეს, რუსეთს აღარ აქვს ის სამხედრო ძალა, რაც სირიის აქტივების დასაცავად სჭირდებოდა,“ – ამბობს ზელინი.

„რუსეთი ახლა ბევრად დიდ ომშია ჩართული უკრაინაში, ვიდრე მაშინ, როცა პირველად შევიდა სირიაში, 2015 წელს,“ – ამატებს ზელინი.

„რუსეთი ასევე ჩართულია აფრიკის საჰარის სამხრეთ რეგიონში საბრძოლო მოქმედებებში. და განსხვავებით ათი წლის წინანდელი პერიოდიდან, როდესაც რუსეთს ჰყავდა ვაგნერის ჯგუფი, რომელსაც [დაღუპული ევგენი] პრიგოჟინი ხელმძღვანელობდა... დღეს რუსეთს აღარ აქვს იგივე რესურსები თუ შესაძლებლობები.“

ზელინის თქმით, ტარტუსის საზღვაო ბაზის დაკარგვა „უზარმაზარი დარტყმა“ იქნება.

ჰაიათ თაჰრირ ალ-შამის მებრძოლი

„ეს რუსეთის ერთადერთი თბილი წყლების პორტია, რომელსაც იგი საზღვაო ოპერაციებისთვის იყენებს,“ – ამბობს ის. „მისი დაკარგვა რუსეთს ფაქტობრივად გააძევებს ახლო აღმოსავლეთიდან“

მოსკოვი ჯერჯერობით არ არის მზად, გაგზავნოს სახმელეთო ჯარები დამასკის დასახმარებლად. მიუხედავად იმისა, რომ რუსეთმა ნოემბრის მიწურულს ასადის ძალების წინააღმდეგ დაწყებული შეტევის პასუხად რამდენიმე საჰაერო თავდასხმა განახორციელა, ამ შეზღუდულმა ჩარევამ ვერ შეაჩერა ამბოხებულთა წინსვლა.

2015 წლიდან „რუსეთის როლი იყო [ასადის ძალებისთვის] საჰაერო მხარდაჭერის გაწევა, ხოლო მისი მოკავშირეები, როგორებიცაა ირანი და ირანის პროქსი ჰეზბოლა, მიწაზე მოქმედებდნენ,“ – ამბობს ჰამიდრეზა აზიზი, გერმანიის საერთაშორისო და უსაფრთხოების საქმეთა ინსტიტუტის მკვლევარი.

"ამჟამინდელი ვითარებიდან გამომდინარე", აზიზის თქმით, იგი ვერ ხედავს, რომ რუსეთი "გაზრდის თავის სამხედრო ჩართულობას სირიაში.“

ასევე ნახეთ პუტინი კარგავს სირიას?

თუნდაც რუსეთმა შეცვალოს თავისი სამხედრო სტრატეგია და უფრო მეტად დაეყრდნოს საჰაერო ძალების შესაძლებლობებს, ეს ვერ იქნება ეფექტური, რადგან ამბოხებულები დღითიდღე წინ მიდიან.

„შეიძლება ითქვას, რომ უკვე ძალიან გვიანია,“ – აღნიშნავს ის.

ექსპერტები ამბობენ, რომ რუსეთი სირიის წარუმატებლობისთვის დიდ ფასს გადაიხდის.

„ასადის დაცემა იქნება მთავარი დარტყმა რუსეთის პრეტენზიებზე, რომ კვლავ არის გლობალური ძალა, რომელსაც შეუძლია სამხედრო და პოლიტიკური გავლენის შენარჩუნება საზღვრებს გარეთ,“ – აღნიშნავს აზიზი.

ამასთან, სხვა რეგიონებში, როგორიცაა ლათინური ამერიკა და აფრიკა, შეიძლება დაიწყოს რუსეთთან ურთიერთობების გადახედვა და მისდამი დამოკიდებულების შემცირება.