რა მოლოდინები და რა სურვილები აქვთ 2022 წელს სხვადასხვა დარგის სპეციალისტებს? რადიო თავისუფლებამ ათი რესპონდენტის პროგნოზები შეაგროვა.
პანდემია: „2022 წელი კოვიდპანდემიის დასასრულის დასაწყისი იქნება"
პანდემიის დასასრულის წამმზომი ჩართულია. ეჭვგარეშეა, რომ 2022 წელი კოვიდპანდემიის დასასრულის დასაწყისი იქნება.
თუმცა, ვაქცინაციის მნიშვნელობაზე საუბარი, უსაფრთხოების რეგულაციების შესრულება, იქნება ეს პირბადის მოხმარება თუ დისტანციის დაცვა, ვერც 2022-ში დაგვტოვებს.
2022 წლის მიწურულს, ყველას, ვინც კოვიდით სიკვდილს გადაურჩება, ექნება იმუნიტეტი - ან ბუნებრივი, ან ხელოვნური, ვაქცინაციის გზით მიღებული.
საშინაო და საგარეო პოლიტიკა: „ვერ შევძლებთ მტრული პოლიტიკის მოჯადოებული წრიდან თავის დაღწევას"
საგარეო პოლიტიკის მთავარი საკითხი რუსეთის მიერ შექმნილ ახალ საფრთხეებთან გამკლავება იქნება. ეს საფრთხეები შესაძლოა უფრო მძიმე იყოს, ვიდრე აქამდე - გამომდინარე მოსკოვის აქტიური ზომებიდან ნატოსა და მისი პარტნიორების წინააღმდეგ აღმოსავლეთ ევროპაში. საქართველო სახიფათო საერთაშორისო გარემოს შიდა-პოლიტიკური ომებით გამოფიტული ხვდება. მთავრობა, ალბათ, გააგრძელებს ევრო-ატლანტიკური კურსის სიტყვიერ მხარდაჭერას, მაგრამ ეს მხარდაჭერა უფრო და უფრო ხელოვნური გამოჩნდება ევროკავშირისა თუ შეერთებული შტატების დახმარებით მიღწეული შეთანხმებების რღვევის და მათი დიპლომატების წინააღმდეგ საჯარო განცხადებების ფონზე.
საშინაო პოლიტიკაში, არსებული მოცემულობით, გაგრძელდება პოლიტიკური ფრაგმენტაცია, კონფრონტაცია და დემოკრატიულ ინსტიტუტებზე მიზანმიმართული შეტევები. რთული იქნება რაიმე მნიშვნელოვანი შიდაპოლიტიკური გარღვევის მიღწევა. კანონის უზენაესობის მოშლა, დამოუკიდებელი საჯარო ინსტიტუტების, მედიისა და სამოქალაქო საზოგადოების ორგანიზაციების წინააღმდეგ გალაშქრება და სასამართლოების სახელისუფლებო კონტროლი, დემოკრატიის ხარისხის კიდევ უფრო გააუარესებს.
2022 წელს მთავარი გამოწვევა კონფრონტაციული, მტრული პოლიტიკის მოჯადოებული წრიდან თავის დაღწევა და უფრო პოზიტიური საერთო დღის წესრიგის შექმნა იქნება. ეს ეროვნული მნიშვნელობის ამოცანაა, მაგრამ დღევანდელი პოლიტიკური მდგომარეობა იმის საფუძვლიანი ვარაუდის იმედს არ გვაძლევს, რომ პარტიები ამ ამოცანის გარშემო მაინც შეძლებენ გაერთიანებას.
ოკუპირებული ტერიტორიები: „არ იქნება გარღვევები, პირიქით"
რუსეთის აგრესიის, საქართველოს ხელისუფლების არაკომპეტენტურობისა და არაპრინციპულობიდან გამომდინარე, სამწუხაროდ, ცხადია, არც 2022 და არც 2023 წელს არ ველოდები სერიოზულ გარღვევებს საქართველოს ოკუპირებულ ტერიტორიებთან მიმართებით. პირიქით, მეტი გამოწვევები გვექნება. რუსეთმა აშკარად გადალახა ყველა წითელი ხაზი. ის ულტიმატუმებს უყენებს და აშანტაჟებს დასავლეთს და აიძულებს, რომ ის წყალწყალა პოლიტიკაც კი (განცხადებების დონეზე მაინც გვედგა მხარში), რომელიც ჰქონდა დასავლეთს უკრაინისა და საქართველოს მიმართ, კიდევ უფრო უსუსური ხდება.
გულის სიღრმეში ვიტოვებ იმედს, რომ დასავლეთი 2022 წელს საქართველოსთვის და უკრაინისთვის "მაპის" მიცემის პროცედურას დაიწყეს. თუკი ეს პროცესი 2022-დან დაიწყება, მაშინ ეს იქნება უდიდესი წარმატება დასავლური დემოკრატიისა და იმ ხალხისა, ვინც დასავლეთისკენ ისწრაფვის.
მე 30 წელია მაქვს სურვილი, რომ პირდაპირ დაველაპარაკოთ სოხუმსა და ცხინვალს. 2022-შიც ეს იქნება ჩემი სურვილი. გავიგოთ, რა სურთ მათ. თუნდაც მოვისმინოთ მათი აბსოლუტურად უაზრო მოთხოვნები და კი არ დავაკმაყოფილოთ ეს მოთხოვნები, შევისწავლოთ და ვნახოთ, რისი ეშინია ამ ხალხს. რატომ ეშინიათ ჩვენი, დავიწყოთ წარსულის გადააზრება. სანამ მათ ტკივილსა და შიშებს არ გავიზიარებთ, მანამდე ვერ მოვახერხებთ ამ ხალხთან შერიგებას.
ეკონომიკა: „უნდა ვიცხოვროთ ისე, როგორც ღარიბი ქვეყანა ცხოვრობს პანდემიის დროს"
რას ველოდები მომავალ წელს? ლარის კვლავ გაუფასურებას და უფრო მაღალ ინფლაციას. ამ უკანასკნელის მოთოკვა შეუძლებელია არსებული პოლიტიკით. იმ პოლიტიკით, რომელიც ახალისებს სახელმწიფო ხარჯების და სახელმწიფო ინვესტიციების ზრდას საგარეო ვალის ხარჯზე.
თუ რამე "მუშაობს" საქართველოში, ეს ფულადი გზავნილებია - მისი წილი ეკონომიკაში საგრძნობლად გაიზარდა და ჩაანაცვლა უცხოური ინვესტიციები, შეამცირა მყარ ვალუტაზე მოთხოვნა. მადლობა ქართველებს და მათ დამქირავებლებს.
რა შეიძლება ვისურვო მომავალ წელს? უარი ვთქვათ სახელმწიფო ხარჯების ზრდაზე, უარი ვთქვათ ბიუჯეტის დეფიციტზე, გადავსინჯოთ და გავაუქმოთ არასასწრაფო ხარჯები, ვიცხოვროთ ისე, როგორც ღარიბი ქვეყანა უნდა ცხოვრობდეს პანდემიის დროს. ეს შესაძლებლობას მოგვცემდა, შემცირდეს გადასახადების ტვირთი და ბიზნესის რისკი. აუცილებელია უარი ვთქვათ ყოველგვარ სუბსიდირებაზე და ამის ნაცვლად შევაჩეროთ და გავაუქმოთ ბიზნესის არასაჭირო რეგულირებები, მივცეთ შანსი მეწარმეებს, თვითონ აიღონ ინიციატივა და პასუხისმგებლობა.
ადამიანის უფლებები და თავისუფლებები: „2022 წელს მედიას კრიტიკული დრო დაუდგება“
ნაკლებად ოპტიმისტური ვარ ადამიანის უფლებების პროგნოზირების თვალსაზრისით 2022 წელს, რადგან დღეს ქვეყანაში გვაქვს ძალიან მწვავე პოლიტიკური კრიზისი. ამ კრიზისის გამო კი ადამიანის უფლებები ყველაზე მეტად ზარალდება. თუკი რაიმე არსებითად არ შეიცვალა, რა თქმა უნდა, ეს მდგომარეობა 2022 წელს არ გაუმჯობესდება.
ყველაზე მწვავედ ველოდები მედია თავისუფლების მდგომარეობის დამძიმებას. ბოლო ტენდენციებიც გვარწმუნებს, რომ ყველა თვალსაზრისით, თავისუფალ და კრიტიკულ მედიას ექმნება სერიოზული პრობლემები - იქნება ეს ფინანსური რეგულაციების შემოღება, ფიზიკური თავდასხმები თუ მენეჯმენტის დევნა. ამიტომ მედიას 2022 წელს ალბათ კრიტიკული დრო დაუდგება, კიდევ უფრო გართულდება მათი საქმიანობა და ამიტომ, ჩემი განსაკუთრებული აქცენტი იქნება მედიის მხარდაჭერისკენ მიმართული.
პოლიტიკურ უფლებებშიც უკუსვლა გვაქვს. ხშირად ირღვევა შეკრების თავისუფლების უფლება, ადმინისტრაციული წესით პატიმრობები, არასათანადო მოპყრობის შემთხვევები პოლიციის განყოფილებებში... ამიტომ, საერთო ჯამში, სამწუხაროდ, არ მაქვს პოზიტიური პროგნოზი და ვფიქრობ, რომ მომავალ წელს, კიდევ უფრო მეტად მოგვიწევს თავისუფლებებისა და უფლებების დაცვა და ბრძოლა.
ბავშვები: „მინდა 2022 წელს ბავშვთა უფლებების ჩემპიონები გამოჩნდნენ“
პოზიტიური ცვლილებების და სისტემური გაუმჯობესების მოლოდინი არ მაქვს. ჩვენ არაფერი გაგვიკეთებია წინა წლებში იმისათვის, რომ ეს ცვლილებები დაგვეჩქარებინა.
ნაცვლად იმისა, რომ პრობლემების გადაჭრაზე გვეთანამშრომლა მთავრობასთან, მთელი წელი ენერგიას ვხარჯავდით იმის დასამტკიცებლად, რომ პრობლემები არსებობს. ყველაზე დიდი მოლოდინი, რაც შეიძლება მქონდეს 2022 წელს, ამ პრობლემების სისტემური აღიარებაა. ამის ყველაზე რეალურ შესაძლებლობად კი მიმაჩნია ადამიანის უფლებების ევროპული სასამართლოს, გაეროს ბავშვთა უფლებების კომიტეტების გადაწყვეტილებები, სადაც ამ წუთებშიც განიხილება ბავშვთა უფლებების დარღვევის საქმეები საქართველოდან.
მინდა 2022 წელს ბავშვთა უფლებების ჩემპიონები გამოჩნდნენ. ბავშვთა უფლებების ჩემპიონებს ვუწოდებთ იმ ადამიანებს, რომლებიც სრულიად უიმედო სიტუაციაში თავის თავზე იღებენ ბავშვის გადარჩენის გადაწყვეტილებას და წინააღმდეგობის მიუხედავად, ეს საქმე ბოლომდე მიჰყავთ. 2021 წელს გვყავდა რამდენიმე ასეთი ჩემპიონი: მაგალითად, მოსამართლე ივანე ღლონტი (დაადგინა ნინოწმინდიდან ბავშვების გამოყვანა ძალადობისგან მათ გადასარჩენად), მოსამართლე ლევან დარბაიძე (ბავშვის წამების და არასათანადო მოპყრობის საქმეზე პროკურატურას ბავშვის უფლებების დაცვა დაავალა) და სხვები.
ასეთი ჩემპიონი იყო წელს სახალხო დამცველის ოფისი. ჩემპიონები იყვნენ ჟურნალისტები. მინდა, რომ 2022 წელს კიდევ უფრო მეტნი ვიყოთ.
გარემოს დაცვა: „ბრძოლა სასიცოცხლო გარემოს შენარჩუნებისთვის კიდევ უფრო გამწვავდება"
ჩემი მოლოდინი პესიმისტურია. კონფლიქტი საზოგადოებასა და მთავრობას შორის გარემოსთან დაკავშირებულ საკითხებზე, კიდევ უფრო გამწვავდება.
საქართველოს მთავრობა ისევ ხელმძღვანელობს პრინციპით - ჯერ ეკონომიკური განვითარება და მერე გარემოს დაცვა და კლიმატი. მთავრობამ, ფაქტობრივად, ერთი წლით გადაწია გარემოსდაცვითი პასუხისმგებლობის კანონის მიღება, რომელიც სრულად მხოლოდ 2022 წლის ივნისიდან ამოქმედდება. 2023 წლის 1 იანვრამდე გადაავადა როგორც ავტომანქანების ტექდათვალიერების სტანდარტების ამოქმედება, ისე დიზელის საწვავის ევრო-5-ის დანერგვა და სხვა.
ვერც "ნამახვანჰესთან" დაკავშირებული პროტესტი იქცა გაკვეთილად მთავრობისთვის. საზოგადოება, დაინტერესებული ჯგუფები, მოსახლეობა, კვლავაც არ არის ჩართული გადაწყვეტილებების პროცესში.
კიდევ უფრო პესიმისტურ განწყობაზე მაყენებს დაჩქარებული წესით ინიცირებული კანონპროექტები, მათ შორის გარემოსდაცვითი შეფასების კოდექსი, სივრცითი დაგეგმვის კოდექსი და სხვა.
მოსახლეობას კვლავ მოუხდება გააფთრთებული ბრძოლა სასიცოცხლო გარემოს შენარჩუნებისთვის და 2022 წელს ეს ბრძოლა კიდევ უფრო გამწვავდება - სრულად მოშლილი ინსტიტუტების, ჩავარდნილი სასამართლო რეფორმისა და საზოგადოებასთან სრულად მოშლილი დიალოგის ფონზე.
განათლება: „ვისურვებდი, რომ პოპულიზმის ნაცვლად, სახელმწიფომ განათლების პოლიტიკის მიმართულებით გადადგას გაბედული ნაბიჯები“
ვისურვებდი, რომ განათლების მიმართულებით, 2022 წელს მოსწავლეებს და სტუდენტებს, სკოლებისა და უნივერსიტეტების ცუდი მომზადებისა და სახელმწიფოს უმოქმედობის გამო, ნაკლებად უწევდეთ განათლების პროცესიდან ჩამორჩენა.
ვისურვებდი, რომ წელს, პოპულიზმის ნაცვლად, სახელმწიფომ განათლების პოლიტიკის მიმართულებით გადადგას გამოცდილებასა და კვლევაზე დაფუძნებული გაბედული ნაბიჯები.
ვისურვებდი, რომ 2022 წელს, წინა წლებისგან განსხვავებით, ნაკლები დრო დაიხარჯოს მმართველი პარტიის სასარგებლო საქმიანობაზე და უფრო მეტი სასიკეთო გაკეთდეს მოსწავლეებისა და მასწავლებლებისთვის თავისუფალი, საინტერესო, შემოქმედებითი და გამოცდილებით მდიდარი გარემოს შესაქმნელად.
რაც მთავარია, ვისურვებდი, რომ სახელმწიფომ ყველაფერი გააკეთოს იმისთვის, რომ მნიშვნელოვნად დააჩქაროს ჩვენი განათლების სისტემის განვითარება, ერთი მხრივ, ამ განვითარებისთვის უამრავი ბიუროკრატიული თუ რესურსების თვალსაზრისით არსებული ბარიერების მოხსნით, ხოლო, მეორე მხრივ, მიზანმიმართული წახალისების პროგრამებით.
კულტურა: „ერთი წუთით წარმოვიდგინოთ, როგორც ხვდება და უსმენს კულტურის მინისტრი კრიტიკულად განწყობილ პროფესიონალებს“
კულტურის როლის უფრო მეტად გააზრება, კულტურული მემკვიდრეობის შენარჩუნება და განვითარება, შემოქმედებითი პროცესებისთვის თავისუფალი გარემოს შექმნა, თანამედროვე მსოფლიო კონტექსტის გათვალისწინებით, კულტურის ხელშეწყობის და ექსპორტის სახელმწიფო გეგმის შემუშავება - ეს არის ის მთავარი ამოცანები, რომელთა განხორციელებისკენ 2022 წელს პირველი ნაბიჯების გადადგმა ყველაზე მეტად უპასუხებდა კულტურის სფეროს წინაშე არსებულ გამოწვევებს.
ვისურვებდი, უფრო მეტ დიალოგს ხელოვანებთან, შემოქმედებითი ინდუსტრიების მთავარ აქტორებთან... ერთი წუთით წარმოვიდგინოთ, როგორ ხვდება და უსმენს კულტურის მინისტრი და, მეტიც, ითვალისწინებს ყველაზე კრიტიკულად განწყობილი პროფესიონალების რეკომენდაციებს. სწორედ ამ მაღალი სტანდარტებით მუშაობას ვისურვებდი.
ვისურვებდი, რომ შემოქმედებითი გადაწყვეტილებების მიღების პროცესი დაცლილი იყოს ვიწრო პარტიული ინტერესებისგან.
ვისურვებდი კულტურის დარგის საბიუჯეტო ორგანიზაციების მეტ დამოუკიდებლობას, ბიუროკრატიის შემცირებას, „ვერტიკალური“ მმართველობის სისტემის „ჰორიზონტალური“ სისტემით ჩანაცვლებას, რათა სახელოვნებო ორგანიზაციები გახდნენ კიდევ უფრო მეტად დინამიური და ამბიციური და უზრუნველყონ საზოგადოების ყველა წევრისთვის ხელმისაწვდომობა კულტურაზე.
ვისურვებდი, რომ საქართველო გახდეს მსოფლიო კულტურული პროცესების თანამონაწილე, რომ ქართული კულტურა უნდა გახდეს ქვეყნის ეკონომიკური განვითარების და პოლიტიკური და საერთაშორისო პოზიციონირების უმნიშვნელოვანესი ინსტრუმენტი.
სპორტი: „2022 ქართული სპორტის ისტორიაში მაინც კალათბურთის ევროპის ჩემპიონატის სახელით შევა“
2022 წელს რამდენიმე მთავარ სპორტულ მოვლენას ველით. შეიძლება ითქვას, რომ სპორტის გულშემატკივრებს მოდუნების საშუალება არ მიეცემათ.
პირველი, ეს პეკინის ზამთრის ოლიმპიადაა. საქართველოს ისტორიაში პირველად, ფიგურული ციგურაობის ოთხივე დისციპლინაში ეყოლება წარმომადგენელი. პირველად ვიასპარეზებთ ფიგურულ მოციგურავეთა გუნდურ შეჯიბრში, რაც უკვე შეიძლება ჩაითვალოს სპორტის ზამთრის სახეობების წარმატებად. ქართველ გულშემატკივარს ზამთრის ოლიმპიადიდან პირველი მედლის მოლოდინიც აქვს.
თუმცა, ალბათ, 2022 წელი ქართული სპორტის ისტორიაში მაინც კალათბურთის ევროპის ჩემპიონატის სახელით შევა. საქართველო კალათბურთის ევროპის ჩემპიონატის ერთ-ერთი მასპინძელი ქვეყანაა. ამ ამბისთვის მთელი ქვეყანა ემზადება. თბილისში ახალი, 10 000-მაყურებლიანი სპორტის სასახლე სწორედ ევროპის ჩემპიონატისთვის შენდება. დიდი იმედი მაქვს, რომ დარბაზი დროულად აშენდება და ამ ძალიან მნიშვნელოვან ღონისძიებას საქართველო სათანადოდ უმასპინძლებს. თბილისში ასეთი დონის ტურნირზე პირველად ვითამაშებთ, განახლებული და ძლიერი გუნდით. ჩემი დიდი სურვილია, რომ თბილისში პრინციპული თამაშები მოვიგოთ, მათ შორის რუსეთთან და მინიმუმ ჯგუფური ეტაპი გადავლახოთ.
აი, ფეხბურთის მსოფლიო ჩემპიონატი კი ჯერჯერობით ისევ საქართველოს გარეშე ჩატარდება, მაგრამ ფეხბურთის მსოფლიო თასი ხომ ისეთი რამაა, როდესაც ყველა ფეხბურთით ცხოვრობს. ასე იქნება საქართველოშიც. 2022-ში პატარა ნუგეშად ის გვექნება, რომ საქართველოს ფუტსალის ნაკრები პირველად ითამაშებს ევროპის ჩემპიონატზე. ეს ამბავი 2022-ის იანვარში გველოდება.
2022 წელს ტრადიციულად ველით წარმატებებს იმ ოლიმპიურ სახეობებში, სადაც რახანია ძლიერები ვართ და ძალაც გვერჩის, მათ შორის, ძიუდოში, ჭიდაობაში, ძალოსნობაში. იმედი მაქვს, 2022 წელს კიდევ უფრო მეტი შანსი მოგვეცემა რაგბის მსოფლიო ელიტაში თავის დამკვიდრებისთვის.