35 წლის ოპოზიციონერმა ხუან გუაიდომ, რომელიც ორიოდე კვირის წინ სრულიად უცნობი იყო ვენესუელელთა დიდი უმრავლესობისათვის, 23 იანვარს თავი გამოაცხადა ქვეყნის გარდამავალ პრეზიდენტად. ის მალევე ცნო 10-ზე მეტმა ქვეყანამ, მათ შორის შეერთებულმა შტატებმა და საქართველომ.
„საქართველო აღიარებს ხუან გუაიდოს ვენესუელის დროებით პრეზიდენტად, მიესალმება ჩვენი პარტნიორების განცხადებას და ვენესუელელი ხალხის ბრძოლას დემოკრატიისა და თავისუფლებისათვის“, – წერს ტვიტერში საქართველოს საგარეო საქმეთა მინისტრი, დავით ზალკალიანი.
არადა, ნიკოლას მადურო, რომლის პრეზიდენტად ინაუგურაცია ორიოდე კვირის წინ, 10 იანვარს, გაიმართა, არ ტოვებს შთაბეჭდილებას, თითქოს უკან დახევას და თანამდებობიდან გადადგომას აპირებდეს.
ვენესუელა და საქართველო
ვენესუელა არის ერთ-ერთი მსოფლიოს ხუთი ქვეყნიდან, რომელიც აღიარებს საქართველოს ოკუპირებული რეგიონების დამოუკიდებლობას. ლათინურ ამერიკაში რუსეთის ამ ერთ-ერთმა მთავარმა მოკავშირე ქვეყანამ 2009 წელს, ავტოკრატი სოციალისტი ლიდერის, უგო ჩავესის, მმართველობისას, ცნო აფხაზეთისა და სამხრეთ ოსეთის სახელმწიფოებრიობა. აფხაზეთისა და სამხრეთ ოსეთის დე ფაქტო ლიდერებიც იყვნენ უცხოელ სტუმრებს შორის, რომლებიც ამ თვეში ვენესუელაში ნიკოლას მადუროს ინაუგურაციას დაესწრნენ.
ახალმა მთავრობამ ბევრი რამ უნდა შეცვალოს, ბევრი მახინჯი კანონი, რომელიც მემკვიდრეობად ერგება წინა ულტრამემარცხენე ხელისუფლებისგან. მათ შორისაა ოკუპირებული, არალეგალურად არსებული ორი სახელმწიფოს – აფხაზეთისა და ე.წ. სამხრეთ ოსეთის - აღიარება...ხერმან დიასი
გარდამავალ პრეზიდენტად გუაიდოს გამოცხადებას მომდევნო დღეს მოჰყვა გამოხმაურება სოხუმიდან: დე ფაქტო საგარეო უწყებამ გამოთქვა იმედი, რომ ვენესუელაში კონსტიტუციის ჩარჩოებში მოგვარდება „შიდაპოლიტიკური კრიზისი“. „ დარწმუნებული ვართ, რომ კარაკასში კრიზისი შესაძლებელია და უნდა დაიძლიოს არსებული პოლიტიკური სისტემის ჩარჩოებში და გარედან ყოველგვარი ჩარევის გარეშე“, ნათქვამია განცხადებაში.
განცხადება გააკეთა ცხინვალის დე ფაქტო საგარეო უწყებამაც. მან „უკიდურესად დაუშვებელი“ უწოდა სუვერენული ვენესუელის შინაურ საქმეებში ჩარევის მცდელობას და „სრული სოლიდარობა“ გამოუცხადა ნიკოლას მადუროს.
საქართველოს საზოგადოებრივი მაუწყებლის ინფორმაციით, ვენესუელის გაერთიანებულ ოპოზიციაში არის ხმები, რომლებიც მოითხოვენ აფხაზეთისა და ცხინვალის რეგიონის აღიარების გაუქმებას. ვენესუელის „ახალმა მთავრობამ ბევრი რამ უნდა შეცვალოს, ბევრი მახინჯი კანონი, რომელიც მემკვიდრეობად ერგება წინა ულტრამემარცხენე ხელისუფლებისგან. მათ შორისაა ოკუპირებული, არალეგალურად არსებული ორი სახელმწიფოს – აფხაზეთისა და ე.წ. სამხრეთ ოსეთის - აღიარება. დარწმუნებული ვარ, ეს აღიარება გაუქმდება“, – განაცხადა პირველ არხთან ინტერვიუში ვენესუელის გაერთიანებული ოპოზიციის ახალგაზრდული ფრთის ერთ-ერთმა ლიდერმა, ხერმან დიასმა. ინტერვიუ შარშან, 29 მარტს, არის ჩაწერილი.
საპროტესტო ტალღა
ერთმანეთში მრავალწლიანი უთანხმოების მიუხედავად, ვენესუელის ოპოზიციურმა ჯგუფებმა ამ თვეში შეძლეს გაერთიანება ეროვნული ასამბლეის თავმჯდომარე ხუან გუაიდოს გარშემო და თანამოაზრეებს მოუწოდეს ოთხშაბათს, 23 იანვარს, მასობრივ საპროტესტო აქციებში მონაწილეობისაკენ, ნიკოლას მადუროს გადადგომის მოთხოვნით.
ვენესუელის ლიდერს, რომელიც 2013 წელს მოექცა ხელისუფლების სათავეში, აკრიტიკებენ ადამიანის უფლებების დარღვევისა და წარუმატებელი ეკონომიკური პოლიტიკისთვის. 2018 წელს მილიონ (!!!) პროცენტს გადააჭარბა ინფლაციის მაჩვენებელმა. ქვეყანა 3 მილიონამდე ადამიანმა დატოვა საკვების ნაკლებობის, ელემენტარული სამედიცინო მომსახურების გარეშე დარჩენის გამო. 2017 წლიდან მოყოლებული, მასობრივმა საპროტესტო აქციებმა შეიწირა 120-მდე ადამიანის სიცოცხლე.
მაგრამ, იმედგაცრუებისა და აქციებზე სისხლისღვრის შიშის მიუხედავად, 23 იანვარს კვლავ ათიათასობით ვენესუელელი გავიდა ქუჩებში.
ხუან გუაიდოს გეგმა
კარაკასში გამართულ მიტინგზე გუაიდომ სიმბოლურად დადო ერთგულების ფიცი, როგორც ვენესუელის გარდამავალმა პრეზიდენტმა. შეკრებილებისადმი ემოციური მიმართვისას, მან განაცხადა, რომ ყველა ღონეს მიმართავს დემოკრატიის აღსადგენად და განაგრძობს ბრძოლას, სანამ ყველა ვენესუელელი არ იქნება უზრუნველყოფილი საკმარისი საკვებით, ელექტრომომარაგებითა და სამედიცინო მომსახურებით.
გუაიდო ამბობს, რომ მას, როგორც ეროვნული ასამბლეის თავმჯდომარეს, კონსტიტუცია ანიჭებს აღმასრულებელი ხელისუფლების სათავეში ჩადგომის უფლებას, როცა ამ თანამდებობას არავინ იკავებს.
რაც შეეხება მადუროს, ის არ შეიძლება კანონიერ პრეზიდენტად იქნეს მიჩნეული, რადგან მაისის არჩევნებმა დარღვევებით ჩაიარა.
მადუროს პასუხი
სოციალისტმა ლიდერმა, რომელიც პრეზიდენტად აირჩიეს ვენესუელის სტაჟიანი მმართველის, უგო ჩავესის, გარდაცვალების შემდეგ, გამოაცხადა, რომ წყვეტს დიპლომატიურ ურთიერთობას ვაშინგტონთან. პრეზიდენტის სასახლის აივნიდან გაკეთებულ მიმართვაში მადურომ დაადასტურა, რომ თავს კანონიერად არჩეულ პრეზიდენტად მიიჩნევს. მან ამერიკელ დიპლომატებს 72 საათი მისცა ქვეყნის დასატოვებლად.
რუსეთის რეაქცია
მოსკოვი უკანონოდ მიიჩნევს ვენესუელაში ოპოზიციის მიერ ძალაუფლების „უზურპაციის მცდელობას“ და ლეგიტიმურ ლიდერად აღიარებს ნიკოლას მადუროს. ეს განცხადება კრემლის პრესმდივანმა დმიტრი პესკოვმა გააკეთა, ხოლო რუსეთის საგარეო საქმეთა სამინისტროს პრესმდივანი მარია ზახაროვა ტვიტერში წერს:
„ვენესუელის მოვლენები ძალიან კარგად აჩვენებს, პროგრესული დასავლური საზოგადოება სინამდვილეში როგორ ეპყრობა საერთაშორისო სამართალს, სუვერენიტეტსა და სხვა სახელმწიფოების საშინაო საქმეებში ჩაურევლობას“. მოსკოვსა და კარაკასს მჭიდრო თანამშრომლობა აკავშირებთ. ბოლო გაანგარიშებით, 2006 წლიდან მოყოლებული, რუსეთის მთავრობამ და კომპანია „როსნეფტმა“ კარაკასს გამოუყვეს, სულ ცოტა, 17 მილიარდი დოლარის კრედიტები.ბოლო წლებში ვენესუელამ მილიონობით დოლარის სამხედრო აღჭურვილობა შეიძინა მოსკოვისაგან. მადურო გასულ თვეში იყო ჩასული მოსკოვში და ხელი მოაწერა შეთანხმებებს, მათ შორის დოკუმენტს ვენესუელის მარტო ნავთობმრეწველობაში რუსეთის 5 მილიარდამდე დოლარის ინვესტიციების შესახებ. რუსეთის თავდაცვის მინისტრმა სერგეი შოიგუმ განაცხადა, რომ მისი ქვეყნის სამხედრო-კოსმოსური ძალების თვითმფრინავები კვლავაც იფრენენ ვენესუელაში, სადაც მათ ტექნიკურ მომსახურებას გაუწევენ. მოსკოვში მადუროს ვიზიტის შემდეგ, რუსეთმა ვენესუელაში გააგზავნა ტუ-160 ტიპის ორი სტრატეგიული რაკეტმზიდი, ან-124 ტიპის სამხედრო-სატრანსპორტო თვითმფრინავი და ილ-62 ტიპის შორ მანძილზე მფრენი თვითმფრინავი.
რას შეიძლება მოველოდეთ
მოხდება თუ არა ცვლილება ხელისუფლების სათავეში და თუ მოხდება, რამდენად უმტკივნეულოდ, მნიშვნელოვნად არის დამოკიდებული შეიარაღებულ ძალებზე. აქამდე სამხედროები მადუროს მხარეს იდგნენ, მასობრივი საპროტესტო გამოსვლებისა და დემოკრატიული ინსტიტუტების დასუსტების მიუხედავად.
აშშ-ის სახელმწიფო მდივანმა მაიკ პომპეომ სამხედროებს მოუწოდა, დაიცვან ვენესუელის ყველა მოქალაქის უსაფრთხოება. მან განაცხადა აგრეთვე, რომ მადუროს აღარ გააჩნია უფლებამოსილება დიპლომატიური ურთიერთობის გასაწყვეტად და ვაშინგტონი ამიერიდან ხუან გუაიდოს გარდამავალ მთავრობასთან ითანამშრომლებს. მისი თქმით, ვაშინგტონი მიმართავს „შესაბამის ზომებს“ ნებისმიერი პირის წინააღმდეგ, ვინც საფრთხეს შეუქმნის აშშ-ის წარმომადგენლებს.
სტატია განახლებულია რუსეთ-ვენესუელის ურთიერთობების დეტალებით