რა მოლოდინი აქვს რეორგანიზაციის შემდეგ აბასთუმნის ობსერვატორიის დირექტორს?

"აბასთუმნის ობსერვატორიის ილიას სახელმწიფო უნივერსიტეტისგან გამოყოფის შესახებ ერთი კვირის წინ შევიტყვეთ, მანამდე არაფერი ვიცოდით”, - ეუბნება რადიო თავისუფლებას ობსერვატორიის დირექტორი მაია თოდუა.

სწორედ ერთი კვირის წინ შედგა განათლების სამინისტროში შეხვედრა, სადაც ობსერვატორიის თანამშრომლებს აცნობეს, რომ მთავრობის დედგენილების საფუძველზე, ობსერვატორია ილიას სახელმწიფო უნივერსიტეტს გამოეყოფა და ცალკე საჯარო სამართლის იურიდიულ პირად ჩამოყალიბდება. დაგეგმილი რეორგანიზაციის მიზანი კი ობსერვატორიის შემდგომი განვითარებააო, განუმარტეს მათ:

მაია თოდუა

“შეხვედრაზე ასევე ითქვა, რომ ეს არ ნიშნავს იმას, რომ ილიას სახელმწიფო უნივერსიტეტთან უნდა გაწყდეს კავშირი. ჩვენთვის ძალიან მნიშვნელოვანია, რომ სასწავლო და სამეცნიერო კვლევითი პროცესები იყოს მჭიდრო კავშირში ერთმანეთთან. მინისტრის მოადგილე დაგვპირდა, რომ ეს ურთიერთთანამშრომლობა გაგრძელდება”.

აბასთუმნის ობსერვატორია ილიას სახელმწიფო უნივერსიტეტს სამართავად 11 წლის წინ, 2008 წელს, მაშინდელი მთავრობის ხელმძღვანელის, პრემიერ-მინისტრ ზურაბ ნოღაიდელის დადგენილების საფუძველზე გადაეცა.

მაია თოდუა ამბობს, რომ ამ ათი წლის განმავლობაში, სხვა მნიშვნელოვანი ცვლილებების გარდა, აღსანიშნავია, რომ ილიას სახელმწიფო უნივერსიტეტმა აღადგინა ასტრონომიის სწავლების პროცესი, რაც წლების განმავლობაში შეწყვეტილი იყო და საქართველოში ასტრონომია ფაქტობრივად აღარ ისწავლებოდა:

“ჩვენ ამ ბოლო 10 წლის განმავლობაში, დაახლოებით 20 ახალგაზრდა თანამშრომელი ავიყვანეთ სამსახურში. ძალიან დიდი იმედი მაქვს, რომ რეორგანიზაციის შემდეგ, ეს პროცესი კვლავ გაგრძელდება და არ დაზარალდება”.

პრობლემები შეიქმნა ობსერვატორიის ფუნქციონირებასთან დაკავშირებით. ელექტროენერგიის გადასახადსაც კი ვეღარ ვიხდიდით.


მაია თოდუა რადიო თავისუფლებასთან საუბრისას იხსენებს მთავრობის ექვსი წლის წინანდელ, მისი თქმით, სპონტანურ გადაწყვეტილებას, რომლის თანახმადაც, ობსერვატორია რამდენიმე თვის განმავლობაში გამოეყო ილიას სახელმწიფო უნივერსიტეტს. 2013 წელს მიღებული ეს გადაწყვეტილება, მაია თოდუას თქმით, მაშინ ობსერვატორიას საკმაოდ ძვირად დაუჯდა:

“სერიოზული პრობლემები შეიქმნა ობსერვატორიის ფუნქციონირებასთან დაკავშირებით. ელექტროენერგიის გადასახადსაც კი ვეღარ ვიხდიდით. ამის შესახებ ჩვენ განათლების სამინისტროს წარმომადგენლებს ერთი კვირის წინ გამართულ შეხვედრაზე შევახსენეთ და ვუთხარით, რომ მსგავსი რამ აღარ უნდა განმეორდეს”.

დღესდღეობით, ობსერვატორია არაერთი პრობლემის წინაშე დგას. მათ შორის კი მაია თოდუას თქმით, უმთავრესია თანამედროვე ტელესკოპებისა და ხელსაწყოების დეფიციტი და რაც მთავარია, თანამშრომელთა საკმაოდ დაბალი ხელფასი, რომელიც დარიცხული სახით 500-600 ლარს შეადგენს. ობსერვატორიის წლიური ბიუჯეტი დღესდღეობით დაახლოებით მილიონ ლარს შეადგენს:

“ჩვენ რამდენჯერმე მივმართეთ განათლების სამინისტროს, რომ გვჭირდებოდა თანამედროვე ტელესკოპები, ხელსაწყოები და შესაბამისი ინფრასტრუქტურა, თუმცა, წლების განმავლობაში ჩვენი მიმართვა ყურადღების მიღმა რჩებოდა”.

გიგა ზედანია

გიგა ზედანია, ილიას სახელმწიფო უნივერსიტეტის რექტორი ამბობს, რომ უნივერსიტეტი გულდაწყვეტილია მთავრობის გადაწყვეტილებით. მისივე თქმით, უნივერსიტეტი კვლავ გააგრძელებს მუშაობას აბასთუმნის ობსერვატორიასთან, როგორც დამოუკიდებელ ორგანიზაციასთან:

„აბასთუმნის ობსერვატორიის ქონება ეკუთვნის სახელმწიფოს და ილიას უნივერსიტეტს გადმოცემული ჰქონდა სარგებლობის უფლებით. ეს უფლება ილიაუნის ერთხელ უკვე შეუწყდა - 2013 წელს, მაგრამ 2014 წელს ობსერვატორია ისევ დაგვიბრუნდა. ამჯერად, სახელმწიფომ გადაწყვიტა, რომ ობსერვატორია გახდეს დამოუკიდებელი ორგანიზაცია. ასტრონომიისა და ასტროფიზიკის სწავლებისა და კვლევის მიმართულებების შენარჩუნება-განვითარებისათვის უნივერსიტეტს ბევრი რამ აქვს გაკეთებული. ეს ეხება როგორც ინფრასტრუქტურას, ისე სამეცნიერო და საგანმანათლებლო პროგრამებსა და პროექტებს. მაგრამ მომავალშიც ობსერვატორიასთან, როგორც დამოუკიდებელ ორგანიზაციასთან, თანამშრომლობის გაგრძელებას ნამდვილად ვაპირებთ“.

განათლებისა და მეცნიერების სამინისტროს განცხადებით კი, რომელიც უწყებამ რადიო თავისუფლებას მიაწოდა, სამინისტრო მუშაობს უმაღლესი განათლების, მეცნიერებისა და კვლევების ერთიან კლასტერულ პოლიტიკაზე და ერთ-ერთი ასეთი კლასტერი სწორედ აბასთუმნის ასტროფიზიკური ობსერვატორიის ბაზაზე, განათლების, მეცნიერების, კულტურისა და სპორტის სამინისტროს საჯარო სამართლის იურიდიულ პირად ჩამოყალიბდება:

“აბასთუმნის ობსერვატორია კლასტერის შესაქმნელად საუკეთესო სივრცეა, რადგან ამ დაწესებულებაში არსებობს ხანგრძლივი სამეცნიერო-კვლევითი საქმიანობის გამოცდილება, საერთაშორისო ცნობადობა და განვითარების მზარდი პოტენციალი.

ფინანსური და სხვადასხვა რესურსის გაძლიერებით, ობსერვატორია ხელმისაწვდომი გახდება ყველა უმაღლესი სასწავლებლის, სამეცნიერო ორგანიზაციისთვის, მკვლევრებისა და მეცნიერებისთვის როგორც ადგილობრივ, ასევე, საერთაშორისო დონეზე.

აბასთუმნის ობსერვატორია

ობსერვატორია 1932 წელს ევგენი ხარაძემ დააარსა. ობსერვატორიის სამეცნიერო კვლევების ძირითადი მიმართულებებია გალაქტიკების, ვარსკვლავების, მზის სისტემების ცდომილების და ზედა ატმოსფეროს შესწავლა. ინფრასტრუქტურის სამინისტროს ცნობით, ობსერვატორიას წელიწადში, დაახლოებით, 10 ათასი ტურისტი სტუმრობს.


ობსერვატორიის ბაზაზე განხორციელდება კლასტერული ქსელის ფორმირება და შესაბამისად, თანაბარი ხელმისაწვდომობა ადგილობრივი და საერთაშორისო სამეცნიერო-კვლევითი და სხვადასხვა უმაღლესი საგანმანათლებლო დაწესებულებებისთვის. განხორციელდება დაწესებულების ინფრასტრუქტურის თანამედროვე სტანდარტების შესაბამისად მოწყობა, აღჭურვილობის განახლება, კვლევით პროცესებში ჩართული პერსონალის პირობების გაუმჯობესება და სხვა”.

როგორც მაია თოდუამ უთხრა რადიო თავისუფლებას, 4 ოქტომბერს შედგება მორიგი შეხვედრა განათლების სამინისტროს წარმომადგენლებსა და ობსერვატორიის თანამშრომლებს შორის, სადაც რეორგანიზაციის დეტალები იქნება განხილული.

მუნიციპალური განვითარების ფონდის პროექტით, რომელსაც მსოფლიო ბანკი აფინანსებს, გათვალისწინებულია ევგენი ხარაძის სახელობის ნაციონალური ასტროფიზიკური ობსერვატორიის რეაბილიტაცია. პროექტი მოიცავს დიდი ტელესკოპის AZT-11-ის შენობის სრულ რეაბილიტაციას, სადაც განთავსდება ვიზიტორთა საინფორმაციო ცენტრი, კაფე, მოეწყობა საგამოფენო და სამუშაო სივრცე და აღდგება არსებული ბიბლიოთეკა.

ეკონომიკისა და მდგრადი განვითარების მინისტრის, ნათია თურნავას თქმით, მიუხედავად იმისა, რომ მცირე მთავრობის კონცეფცია მთავრობის პირიორიტეტია, აბასთუმნის ობსერვატორია გამონაკლისს წარმოადგენს.

„ჩვენი აბასთუმნის ობსერვატორია არის უნიკალური ობიექტი და უნიკალური სამეცნიერო ცენტრი, უნიკალური არამარტო საქართველოსთვის და სამხრეთ კავკასიისთვის, არამედ ზოგადად მსოფლიოში სულ რამდენიმე არის ასეთი უნიკალური, ასეთი დიდი ისტორიისა და ტრადიციების მქონე სამეცნიერო და საგანმანათლებლო ცენტრი. მას სჭირდება განსაკუთრებული ყურადღება. ჩვენი მომავალი წლის ბიუჯეტის ზრუნვის საგანი არის განათლება და მეცნიერება, აქედან გამომდინარე, ეს ის შემთხვევაა, როდესაც კიდევ უფრო მეტად აქცენტირებულად შევძლებთ გავაძლეროთ ეს სამეცნიერო კერა - ეს არის ჩვენი მთავარი ამოცანა“, - ამბობს ნათია თურნავამ.

ნათია თურნავა

იკვეთება თუ არა აბასთუმნის ობსერვატორიასთან პარტია "ქართული ოცნების" თავმჯდომარის, ბიძინა ივანიშვილის ინტერესები, ეს კითხვა მინისტრმა უკომენტაროდ დატოვა.

2018 წლის აგვისტოში პარტია „ქართული ოცნების“ თავმჯდომარე ბიძინა ივანიშვილი აბასთუმანში ოჯახთან ერთად დასასვენებლად ჩავიდა და კურორტზე არსებული მდგომარეობის გაცნობა გადაწყვიტა.

„აბასთუმანი უნდა გახდეს ერთ-ერთი საუკეთესო ცენტრი მსოფლიოში, არა მარტო საქართველოში“, - თქვა მმართველი პარტიის დამფუძნებელმა.

აბასთუმანში დასვენების შემდეგ, ბიძინა ივანიშვილის ინიციატივით დაიწყო აბასთუმნის რეაბილიტაციის პროექტი, რომელიც არაერთხელ იქცა ოპოზიციის კრიტიკის სამიზნედ.

ოპოზიციის საპასუხოდ კი მმართველი გუნდი ამბობს, რომ მათ ოპონენტებს არ სიამოვნებთ, რომ ბიძინა ივანიშვილი აბასთუმანში მნიშვნელოვან საზოგადოებრივ პროექტებს ახორციელებს.