რა მოიგო სტუმართმოყვარეობით საქართველომ

2018 წელს საქართველოში 8 679 544 საერთაშორისო ვიზიტორი შემოვიდა. აქედან ნახევარი ტურისტი იყო, ანუ უფრო მეტი, ვიდრე შარშან. ტურიზმი, ისევე როგორც შარშან, წელსაც სახელმწიფო ბიუჯეტის პრიორიტეტია. თუმცა იმისთვის, რომ სექტორი უფრო შემოსავლიანი იყოს, მთავრობას გარკვეულ გამოწვევებზე მუშაობა მოუწევს.

მომგებიანია ტურიზმის სექტორი საქართველოში?

ქვეყანა ყოველწლიურად ცალ-ცალკე აღრიცხავს ტურისტებისა და საერთაშორისო ვიზიტორების რაოდენობას. ტურისტად ითვლება უცხო ქვეყნის ნებისმიერი მოქალაქე, რომელიც საქართველოში ერთ ღამეზე მეტხანს რჩება, საერთაშორისო ვიზიტორებში კი ტურისტებთან ერთად უცხო ქვეყნის ის მოქალაქეებიც შედიან, რომლებიც ერთ დღეზე უფრო მცირე დროით იმყოფებოდნენ საქართველოში.

სტატისტიკის ეროვნული სამსახურის ინფორმაციით, გასულ წელს ვიზიტორები საქართველოში საშუალოდ 2 000-დან 4 300 ლარამდე ხარჯავდნენ. მათი საყვარელი საქმიანობა შოპინგია, შემდეგ ქართული სამზარეულოს დაგემოვნება, ღირსშესანიშნაობების დათვალიერება და ველურ ბუნებაში გასეირნება.

წელს, ისევე როგორც გასულ წელს, სტუმრების უმრავლესობა მეზობელი ქვეყნებიდან მივიღეთ. სიაში ისევ აზერბაიჯანელები, რუსები და სომხები ლიდერობდნენ, თუმცა გაიზარდა ინტერესი უფრო შორეულ ქვეყნებში, მაგალითად, კორეის რესპუბლიკასა და ჩინეთში.

წელს ტურიზმის სექტორის წილი მთლიან შიდა პროდუქტშიც გაიზარდა და 7 %-დან 7,6 %-ს მიაღწია. მიუხედავად ამისა, ამ პრიორიტეტულ დარგს ჯერ მაინც არ აქვს მშპ-ში ლიდერის პოზიცია. სტატისტიკის ეროვნული სამსახურის მონაცემებით, წლის მესამე კვარტალში ტურიზმზე დიდი წილი მშპ-ში ჰქონდა, მაგალითად, მშენებლობასა (9,4 %) და სოფლის მეურნეობას (8,4 %).

ტურისტები თბილისში

ტურიზმის ეკონომიკურ გავლენას მსოფლიოს ასზე მეტ ქვეყანაში მსოფლიო მოგზაურობისა და ტურიზმის საბჭო ითვლის. ბოლო ანგარიში ორგანიზაციამ 2018 წელს გამოაქვეყნა და საქართველო 185 ქვეყანას შორის 91-ე ადგილს იკავებდა. ანგარიშის მიხედვით, ტურიზმი ეკონომიკურ ჭრილში საქართველოზე გავლენიანი დარგი იყო აზერბაიჯანსა (81-ე ადგილი) და უკრაინაში (83-ე ადგილი).

ტურიზმი რომ მეტად მომგებიანი გახდეს ქვეყნისთვის, მთავრობა მაღალი გადახდისუნარიანი მოგზაურების მოზიდვას ფიქრობს. ამისთვის უკვე დაგეგმილია სარეკლამო კამპანიები საერთაშორისო მედიაში და ციფრულ ტურისტულ პლატფორმებზე.

4 იანვარს, წლიური მიღწევების შეჯამებისას, პრემიერ-მინისტრმა მამუკა ბახტაძემ აღნიშნა, კარგი იქნება, თუ ქვეყანა მაღალშემოსავლიანი ტურისტების მოსაზიდად ეგრეთ წოდებულ საქმიან ტურიზმს განავითარებსო. მან ამ კონტექსტში განსაკუთრებით გამოყო სამედიცინო ტურიზმი. ეს მიმართულება პრიორიტეტულია თურქეთისთვის და მისგან მიღებულმა მოგებამ გასულ წელს იქ მილიარდ-ნახევარ დოლარს მიაღწია.

ეკონომიკის მინისტრმა გიორგი ქობულიამ წლის შეჯამებისას თქვა, რომ ქვეყანა შეეცდება სარეკლამო კამპანიებით მოიზიდოს ტურისტები, რომლებიც ბევრ ფულს დახარჯავენ საქართველოში.

რა ხვდებათ და რა არა ტურისტებს საქართველოში

ტურისტულ გზამკვლევებსა და სარეკლამო რგოლებში ხშირად არის დაპირება, რომ საქართველო აქ ჩამოსულებს ახვედრებს ლამაზ ბუნებას, მდიდარ კლიმატს, ზღვას, მთას და სხვა ღირსებებს, თუმცა თბილისის საფეხმავლო ტურების გიდი თამარ კაპანაძე ამბობს, რომ ყველაფერთან ერთად აქ ჩამოსულებს ინფრასტრუქტურული ქაოსიც ხვდებათ.

“სკანდინავიის ან ბენილუქსის ქვეყნების მოქალაქეებისთვის თბილისი და დანარჩენი საქართველოც დატოვებს ქაოსურ და მოუწესრიგებელ შთაბეჭდილებას, მიუხედავად იმისა, რომ ქვეყანა არის ლამაზი და ეგზოტიკური“, - ამბობს თამარ კაპანაძე. - „თუ ჩვენ გვინდა, რომ ტურისტები დაბრუნდნენ ან რეკომენდაცია გაუწიონ სხვას, მათ უნდა შევთავაზოთ ისეთი სერვისი, რომელსაც, ალბათ, შეჩვეულები არიან. ეს ეხება, მაგალითად, საკვები დაწესებულებების ხარისხს. არასდროს იცი, მაგალითად, შენს აჭარულ ხაჭაპურში როგორი ყველი აღმოჩნდება". გარდა ამისა, საფეხმავლო ტურების გიდი თვლის, რომ თბილისში ფეხით სიარული ძალიან ძნელია - ტურისტულ უბნებში ტროტუარებზეც კი ავტომობილები დგას.

“სერვისს სჭირდება კარგი გადამზადება, ვინაიდან ტურიზმი ძირითადად არის სერვისი“, ამბობს სერვისგიდების ასოციაციის ხელმძღვანელი ქეთი მელაძე.

მომდევნო 5 წლის განმავლობაში მთავრობა 11 ათასამდე ადამიანის გადამზადებას აპირებს, მათ შორის რეგიონებშიც. მანამდე კი თბილისი ყველაზე პოპულარულ ადგილად რჩება სტუმრებისთვის. 2018 წელს მეორე ადგილზე იყო აჭარა და ამის შემდეგ მოდიოდა მცხეთა-მთიანეთი.