„სამხედრო ვალდებულებისა და სამხედრო სამსახურის შესახებ კანონი“, შესაძლოა, უახლოეს მომავალში შემსუბუქდეს. ცვლილება იგეგმება კანონის მე-4 მუხლში, რომელიც მოქალქეებს, რომლებსაც მოხდილი არ აქვთ სამხედრო სავალდებულო სამსახური, უზღუდავს სახელმწიფო სამსახურში თანამდებობაზე დანიშვნას.
შესწორების შემთხვევაში კი ეს ნორმა არ გავრცელდება მათზე, ვინც გათავისუფლებულია სამხედრო სამსახურიდან, ან გადაუვადდა სამხედრო ვალდებულების მოხდა გარკვეული დროით.
საქართველოს რეგიონული განვითარებისა და ინფრასტრუქტურის სამინისტროს სამართლებრივი უზრუნველყოფის დეპარტამენტის უფროსი, დავით მეტრეველი აღნიშნავს, რომ მედიაში ამ ნორმის შესაძლო შეცვლის თაობაზე არასწორი ვერსია გავრცელდა. მისი თქმით, მოქალაქეებს ინფორმაცია იმგვარად მიეწოდათ, თითქოს აიკრძალა საჯარო სამსახურში იმ პირთა დასაქმება, რომელთაც სავალდებულო სამხედრო სამსახური არ აქვთ გავლილი. დავით მეტრეველი განმარტავს, რომ
- ნორმა, რომელმაც შესაძლოა პირს, რომელსაც სამხედრო ვალდებულება მოხდილი არ აქვს, ხელი შეუშალოს სახელმწიფო სამსახურში თანამდებობაზე დანიშვნისას, საქართველოს კანონმდებლობაში 1997 წლიდან მოქმედებს.
- ამ ნორმას არ აქვს იმპერატიული ხასიათი და ამა თუ იმ კონკრეტული უწყების გადასაწყვეტია, ისარგებლებს თუ არა აკრძალვით.
- კანონის ნორმა ვრცელდება იმ პირებზეც, რომელთაც კანონიერად აქვთ გადავადებული ან დათხოვნილნი არიან სამხედრო სამსახურიდან.
- სამინისტრო ამ კატეგორიის მოქალაქეთა უფლებებს დარღვეულად მიიჩნევს და ხარვეზის გამოსწორებას, საკანონმდებლო ჩანაწერის შემსუბუქებას გეგმავს.
კანონის ცვლილება მხოლოდ იდეაა და ჯერჯერობით კანონპროექტი არ არსებობს.