როგორ გამოიყურებოდა სტეფანია პეტროვსკაია - ჟანდარმერიის ცნობით, სტალინთან სასიყვარულო კავშირში მყოფი ქალი; რა საქმიანობას ეწეოდა რაზმი, რომლის თორმეტი წევრიდან ყველაზე მაღალი 126 სმ იყო; რატომ მოხვდა ჟანდარმერიის თვალსაწიერში ცნობილი თბილისელი ვაჭარი ალექსანდრე მელიქ-აზარიანცი; რა დაუჯდა ზაქარია ჭიჭინაძეს პატიმრობიდან გათავისუფლება და ა.შ. – ამ და ბევრ სხვა კითხვაზე იძლევა პასუხებს თბილისის ჟანდარმთა სამმართველოს ფონდში დაცული დოკუმენტები და ფოტომასალა, რომლებიც ეროვნული არქივის საგამოფენო პავილიონში გამოიფინა.
რუსეთის იმპერიის ჟანდარმთა სამმართველოს ფონდში დაცულია 1839-1917 წლებში შექმნილი წერილობითი დოკუმენტები, მეთვალყურეობის მასალები, საიდუმლო კორესპონდენცია და სხვა საინტერესო დოკუმენტები. აქვეა პატიმრებზე 1904-1917 წლებში შედგენილი ჟანდარმერიის ბარათები, რომლებმაც შემოგვინახა დაკავებულების თითის ანაბეჭდები, პირადი ინფორმაცია, ფიზიკური აღწერილობა და ინფორმაცია ბრალდების შესახებ. როგორც ეროვნული არქივის სამეცნიერო განყოფილების ხელმძღვანელი, ქეთევან ასათიანი ამბობს, ჩვენამდე ასეთი 5 413 ბარათია მოღწეული.
„ყველაზე დაბალ საფეხურზე მდგომ ჟანდარმსაც კი უნდა შეევსო სპეციალური კითხვარი. შესაბამისად, ყველა თანამშრომელმა იცოდა, ვისთვის უნდა ედევნებინა თვალი. ძირითადი სამიზნე იყო პოლიტიკურად არასაიმედო პირები, ვინც აუგად იხსენიებდა იმპერატორს და მის წყობილებას. თვალთვალი ხდებოდა სასულიერო პირებზეც, მაგალითად, მღვდელი იონა ბრიხნიჩევი, რომელიც ნახალოვკის ერთ-ერთ ტაძარში წირავდა. არსებობს დამსმენის ანონიმური წერილი, რომლის მიხედვითაც, ყოველი ქადაგების ბოლოს ეს მღვდელი აგინებდა რუსეთის იმპერატორს და მრევლს მოუწოდებდა აჯანყებისკენ. ერთ-ერთი ანონიმური წერილის ავტორი ატყობინებს საქართველოს ეგზარქოსს, რომ მღვდელი კალისტრატე ცინცაძე არ არის სანდო, რომ ეწევა საეჭვო საქმიანობას და მას არ უნდა ენდოს. დამსმენების დიდი ნაწილი იუწყება, რომ ვიღაც ინახავს აკრძალულ ლიტერატურას“, - ამბობს ქეთევან ასათიანი.
მდიდარია ჟანდარმერიის ფოტოკოლექცია, რომელიც, ძირითადად, მინის ნეგატივებზეა შემონახული და მოიცავს 1904-1917 წლებში თბილისის ჟანდარმთა სამმართველოს მიერ დაპატიმრებული ადამიანების 5 000-მდე ფოტოს, რომლებიც მათ დაკავებისას გადაუღეს.
მიხეილ ჯავახიშვილი გაზეთ „გლეხის“ რედაქტორობის დროს დააპატიმრეს. ბრალი დასდეს კლასებს შორის მტრობის გაღვივებაში.
ჟანდარმერიაში შევსებულ ბარათში არ არის მითითებული, თუ რისთვის დააპატიმრეს ზაქარია ჭიჭინაძე, თუმცა ბარათიდან ჩანს, რომ გათავისუფლებისას 57 მანეთი გადაახდევინეს.
პატიმრებს შორის ასევე არიან ქართველი საზოგადო მოღვაწეები, პოლიტიკოსები და მათი ოჯახის წევრები, რომლებსაც თავიანთი საქმიანობისა და ცხოვრების წესის გამო ჟანდარმერიასთან პრობლემები ექმნებოდათ. მასალებში შეხვდებით ნოე ჟორდანიას, ნოე რამიშვილის, რაჟდენ არსენიძის, ანა სოლოღაშვილის, იოსებ იმედაშვილისა და სხვა ცნობილი ადამიანების ფოტოებსა და ჟანდარმერიის ბარათებს.
ჟანდარმთა სამმართველოს ფონდში დაცულ ბარათებს შორისაა ცნობილი ვაჭრის, ალექსანდრე მელიქ-აზარიანცის ბარათი, რომლის მიხედვითაც, ტფილისის უმდიდრესი მოქალაქე ჟანდარმერიის თვალსაწიერში მოქცეულა დაშნაკცუთიუნთან კავშირის გამო.
ჟანდარმერიის არქივში უამრავი ფოტო და სხვა სახის დოკუმენტური მასალით არის წარმოდგენილი ცნობილი რევოლუციონერი კამო (სიმონ ტერ-პეტროსიანი), რომელიც განსაკუთრებული ნიჭის წყალობით, ყველა ფოტოზე განსხვავებულად გამოიყურება. ეროვნულ არქივში გამოფენილი ბარათი გერმანიის სპეცსამსახურის მიერ არის შედგენილი.
ექსპოზიციაზე წარმოდგენილია ილია ჭავჭავაძის მკვლელობის მასალები, მკვლელობაში ბრალდებულთა ფოტოები.
აქვე არიან კახეთში მოქმედი წითელი რაზმის წევრები, გოგია კენკიშვილი და ხარება ჯიბუტი, რომლებიც ისტორიის დოქტორის, თენგიზ სიმაშვილის თქმით, 1905-07 წლებში ჩაებნენ რევოლუციურ მოძრაობაში.
„იყვნენ სოც-დეკების ადგილობრივი ორგანიზაციის შეიარაღებული ჯგუფის წევრები. თელაველ ჯგუფისტებადაც და საშა ობოლაძის თანამებრძოლებადაც მოიხსენებიან. ძირითადად დაკავებული იყვნენ ხელისუფლების წარმომადგენლებზე ტერორისტული აქტების განხორციელებით. თელავის ცენტრში მოკლეს ურიადნიკი ჩოლოყაშვილი, სულხან ვახვაშვილი... მონაწილეობდნენ ფულის გამოძალვაში, ექსპროპრიაციებში, რის გამოც მოსახლეობიდან წამოვიდა უარყოფითი მუხტი.
ადგილობრივი სოც-დეკები იძულებული გახდნენ, გამოექვეყნებინათ პროკლამაცია და ხალხისთვის ემცნოთ, რომ „ბოევიკები“ გოგია და „ლეკი“ წყვეტენ საქმიანობას. „ლეკი“ ხარება ჯიბუტის მეტსახელია, რომელიც, სავარაუდოდ, სისასტიკის გამო შეარქვეს“.
თენგიზ სიმაშვილი განსაკუთრებული ყურადღების ღირსად მიიჩნევს ვინმე სტეფანია პეტროვსკაიას სააღრიცხვო ბარათს.
„ისტ. არქივში მუშაობისას აღმოვაჩინე 1911 წლით დათარიღებული ერთი დოკუმენტი, რომელშიც წერია, რომ უგზავნიან თბილისის ჟანდარმერიას იოსებ ჯუღაშვილისა და სტეფანია პეტროვსკაიას სააღრიცხვო ბარათებს. იოსებ ჯუღაშვილის 1910 წლით დათარიღებული სააღრიცხვო ბარათი ნანახი მქონდა.
გამახსენდა, რომ ბარათის მეორე მხარეს ეწერა: სასიყვარულო კავშირები პეტროვსკაია. ისტ. არქივის ჟანდარმერიის კარტოთეკაში ძებნისას აღმოჩნდა აქ წარმოდგენილ სტეფანია პეტროვსკაიას სააღრიცხვო ბარათი. ყოფილა თავადის ასული, ოდესიდან. ჯუღაშვილის მსგავსად საქმიანობის სფეროში უწერია: სახლის მასწავლებელი. ასევე ყოფილა მწვანეთვალება. და, რაც მთავარია, 1910 წლის 23 მარტს დაუპატიმრებიათ ბაქოში. ცნობილია, რომ იოსებ ჯუღაშვილიც ამ დღეს დააპატიმრეს. როგორც ჩანს, ერთ-ერთი გადასახლების დროს გაიცნეს ერთმანეთი. გათავისუფლების შემდეგ ბაქოში ჩააკითხა სტალინს. ამ ბარათის საშუალებით ერთი დეტალით შეივსო სტალინის ბიოგრაფია“, - ამბობს თენგიზ სიმაშვილი.
ფოტოკოლექცია და ბარათები, მათი პირდაპირი შინაარსის გარდა, მრავალმხრივ საინტერესო ინფორმაციას გვაწვდის. მაგალითად, საუკუნის წინათ მცხოვრები ადამიანების ფიზიკურ მონაცემებზე, მათ ჩაცმულობასა და სოციალურ მდგომარეობაზე.
ჟანდარმერიის სამმართველოს მიერ გადაღებულ ერთ-ერთ ფოტოზე გამოსახული არიან დაშნაკცუთიუნის პარტიის წევრები, სულ 12 პირი, რომელთა შესახებ ისტორიკოსი დიმიტრი სილაქაძე ამბობს:
„დააკავეს 1910 წლის სექტემბერში. ელიზავეტოპოლის სოფელ ზაგლიკში. მათ შორის ყველაზე დაბალი 112 სმ ყოფილა, ყველაზე მაღალი კი - 128 სმ. ძმები არ არიან. განსხვავებული მამის სახელები აქვთ მითითებული, თუმცა შეიძლება ეს ხრიკი იყოს. ძალიან ჰგვანან ერთმანეთს. 5 მათგანი გვარად აზარიანცია. როგორც ჩანს, ამ სოფელში დაბალი ხალხი ცხოვრობდა. რაში ედებათ ბრალი, ბარათში არ არის მითითებული. მხოლოდ პარტიის წევრობაზეა საუბარი“.
ჟანდარმერია სერიოზულად იყო დაკავებული საბეჭდი შრიფტების შესწავლითა და ნიმუშების შეგროვებით. ფაქტობრივად, ფლობდნენ ყველა სახის შრიფტს, რათა გაადვილებოდათ პროკლამაციების გამავრცელებლების გამოვლენა და დასჯა.
ჟანდარმერია 1820-იან წლებში შექმნილი მეფის რუსეთის საიდუმლო (პოლიტიკური) პოლიცია იყო, რომლის მიზანს სახელმწიფო და პოლიტიკური დანაშაულების გამოვლენა და მასთან ბრძოლა წარმოადგენდა. შესაბამისად, გასაკვირი არ არის, რომ ჟანდარმერიის ფონდი შეიცავს ათასობით მნიშვნელოვან დოკუმენტს, კარტოთეკას, რომელშიც შედის დაკავების ან თვალთვალის ოქმები. ამასთან, ანგარიშები გაკეთებულია ყოველგვარი შელამაზებისა და იდეოლოგიური გავლენის გარეშე, რის გამოც მკაფიო სურათს ქმნის იმაზე, რაც ამ პერიოდში ხდებოდა რუსეთის იმპერიაში.