საპრეზიდენტო არჩევნების მოახლეობასთან ერთად პრეზიდენტობის კანდიდატების ნაწილი გააქტიურდა და კახეთის რეგიონში ამომრჩეველთან შეხვედრას ყოველდღიურ რეჟიმში მართავს. ყურძნის ფასი, სოფლის მეურნეობისა და რეგიონების განვითარების პერსპექტივა, არსებული სოციალურ-ეკონომიკური მდგომარეობა - ეს იმ თემების არასრული ჩამონათვალია, რომლებზეც კანდიდატები კახეთში ამომრჩეველს ესაუბრებიან. რა გეგემები აქვთ და როგორ აფასებენ თავად კანდიდატები წინასაარჩევნო გარემოს?
Your browser doesn’t support HTML5
პარტია „თავისუფალი საქართველოს“ პრეზიდენტობის კანდიდატი კახა კუკავა ამომრჩეველს საგარეჯოს მუნიციპალიტეტის სოფელ კაკაბეთში შეხვდა. კახა კუკავას თქმით, საგარეჯოს მოსახლეობას ამ ეტაპზე ერთადერთი მწვავე პრობლემა აწუხებს და ეს ყურძნის ფასია. პრეზიდენტობის კანდიდატის განცხადებით, მისი პრეზიდენტად არჩევის შემთხვევაში ყურძენზე ფასი მკვეთრად მოიმატებს:
„ჩვენი პროგრამა გულისხმობს იმას, რომ, პირველ რიგში, რუსეთის, უკრაინის, ბელარუსიის ბაზარი უნდა გაიხსნას ქართული სპირტიანი სასმელებისთვის და ყოველი ექსპორტირებული ბოთლიდან არანაკლებ 30 % უნდა იყოს ყურძნის ფასი, რაც ნიშნავს იმას, რომ თეთრ ყურძენზე მინიმუმ ფასი იქნება 1,50 თეთრი“.
პრეზიდენტობის დამოუკიდებელი კანდიდატი სალომე ზურაბიშვილი, რომელსაც მმართველი გუნდის მხარდაჭერა აქვს, ამომრჩეველს ყვარელში, ახმეტაში, გურჯაანში, თელავსა და ლაგოდეხში შეხვდა. ზურაბიშვილმა კახეთის განვითარების აუცილებლობაზე ილაპარაკა და ამ კონეტქსტში მოსახლეობას ხელისუფლებასთან მედიატორის როლის შესრულებას დაჰპირდა. ამბობს, რომ გამარჯვების შემთხვევაში პრეზიდენტის ადმინისტრაციაში რეგიონების განყოფილება შეიქმნება, სადაც მოსახლეობას ცხელ ხაზზე დაკავშირება შეეძლება, რათა პრობლემებზე ინფორმაციამ ადრესატამდე დროულად მიაღწიოს:
„პრეზიდენტი არ შეიძლება იყოს მხოლოდ დედაქალაქში და თავის სასახლეში. დღეს მე გესაუბრებით და, სამწუხაროდ, დრო არ მექნება, რომ მე მოვისმინო თქვენი პრობლემების შესახებ, მაგრამ ამისთვის პრეზიდენტის ადმინისტრაციაში შეიქმნება სპეციალური რეგიონების განყოფილება. იქნება ცხელი ხაზიც, სადაც შეძლებთ, რომ შემატყობინოთ იმის შესახებ, რაც უნდა ვიცოდე“.
წინასაარჩევნო გარემო არის უთანაბრო, მაგრამ თუ მოვინდომებთ, ამ უთანასწორო ბრძოლას აუცილებლად მოვიგებთ. კახეთი 28 ოქტომბერს ბახტრიონზე ააფრიალებს გამარჯვების დროშას...შალვა ნათელაშვილი
ლეიბორისტული პარტიის პრეზიდენტობის კანდიდატმა შალვა ნათელაშვილმა კი მხარდამჭერებს საარჩევნო პროგრამა თელავში გააცნო. მისი თქმით, სოფლის მეურნეობის განვითარება უმნიშვნელოვანესია, რაშიც დიდი წვლილი ხელისუფლებამ უნდა შეიტანოს. ნათელაშვილის თქმით, ამჟამად მთავრობა და ღვინის ქარხნები მევენახეებს პრობლემებს უქმნიან, რის გამოც კახელები მოყვანილი მოსავლის რეალიზებას ვერ ახერხებენ. პრეზიდენტობის კანდიდატმა წინასაარჩევნო გარემოზეც გაამახვილა ყურადღება.
„წინასაარჩევნო გარემო არის უთანაბრო, მაგრამ თუ მოვინდომებთ, ამ უთანასწორო ბრძოლას აუცილებლად მოვიგებთ. კახეთი 28 ოქტომბერს ბახტრიონზე ააფრიალებს გამარჯვების დროშას. მანამდე კი მოვუწოდებ ღვინის ქარხნის მფლობელებს და დირექტორებს: შეწყვიტეთ ივანიშვილ-თოფაძე -ტყემალაძის ვენახიდან ყურძნის მიღება და დაიწყეთ მევენახეებისგან, კახელი გლეხებიდან ყურძნის მიღება. ისედაც მათხოვრული ფასი - 70 თეთრია და ახლა ამასაც აღარ იღებენ. დაუკეტეს ხალხს ღვინის ქარხნები“.
28 ოქტომბერს მოვდივართ არჩევნებში მხოლოდ ერთი მიზეზის გამო: საქართველოს სჭირდება გადარჩენა. ქართველი არის ფიზიკური განადგურების პირზე არაადეკვატური ჯანდაცვით...გრიგოლ ვაშაძე
გაერთიანებული ოპოზიციის პრეზიდენტობის კანდიდატი გრიგოლ ვაშაძე ამომრჩეველს თელავში, ვაჟა-ფშაველას სახელობის სახელმწიფო თეატრის შენობაში, შეხვდა. ვაშაძე ამბობს, რომ 2012 წელს, ხელისუფლების ცვლილების შემდეგ, ყველას მოლოდინი ჰქონდა, რომ ქვეყანაში დემოკრატიული და ეკონომიკური წინსვლა იქნებოდა, მაგრამ, მისივე სიტყვებით, „ამის მაგივრად ქვეყანამ 90-იან წლებში დაბრუნება მიიღო“. გრიგოლ ვაშაძე ქვეყანაში შექმნილ ფონზე ილაპარაკა და აღნიშნა, რომ გაზრდილია სიღარიბე და ემიგრანტთა რაოდენობა:
„28 ოქტომბერს მოვდივართ არჩევნებში მხოლოდ ერთი მიზეზის გამო: საქართველოს სჭირდება გადარჩენა. ქართველი არის ფიზიკური განადგურების პირზე არაადეკვატური ჯანდაცვით, უმუშევრობით, უპერსპექტიობით და თითქმის ძალდატანებითი ემიგრაციით. ჩვენ დავიცავთ თითოეული მოქალაქის უფლებას. ამის გარანტი არის გაერთიანებული ოპოზიცია და თქვენი მონამორჩილი“.
ამ დროისთვის არსებული ინფორმაციით, 28 ოქტომბერს მოსახლეობას 25 კანდიდატს შორის მოუწევს პრეზიდენტის არჩევა. ცესკოს მიმდინარე წლის 15 ივლისის მონაცემებით, საქართველოში 3 მილიონ 459 ათას 31 ამომრჩეველია რეგისტრირებული.