რა ვუყოთ ქალაქის მახინჯ შენობებს

თბილისში მდებარე შენობები, რომლებიც ამახინჯებენ ქალაქის იერსახეს, დაჯარიმდნენ 5 000 ლარით იმ შემთხვევაში, თუ არ მოხდება მათი შეკეთება, რეკონსტრუქცია, აღდგენა ან/და დემონტაჟი - დაახლოებით ასეთი საკანონმდებლო ინიციატივით მიმართა ინფრასტრუქტურის სამინისტრომ პარლამენტს.

საკანონმდებლო ინიციატივაში განმარტებულია ისიც, თუ როდის ჩაითვლება, რომ შენობა ქალაქის იერსახეს ამახინჯებს: თუ შენობას დაზიანებული აქვს გარე მოპირკეთება, გადახურვა, შემინვა, შემოღობვა, გარეშემომზღუდავი ან/და მზიდი კონსტრუქციები.

კანონპროექტში ამ ეტაპზე დაკონკრეტებული არ არის, რა ტიპის შენობებზე გავრცლდება ის, მაგრამ ვიცით, რომელზე არ გავრცელდება. დამტკიცების შემთხვევაში, ჯარიმა არ შეეხება საცხოვრებელ სახლებს, კულტურული მემკვიდრეობის ძეგლებსა და საკარმიდამო ნაკვეთებში აგებულ ნაგებობებს.

შესაბამისად, იერსახის დამახინჯებაზე შეიძლება ედაონ ყველას:

  • ავტოსამრეცხაოს დაზიანებული სახურავით;
  • კედელზე დაზიანებული ფილის მქონე საცხობს;
  • სავაჭრო და საოფისე ნაგებობს შუშის დაბზარული ფასადებით;
  • უფუნქციო ყოფილ ინდუსტრიულ ნაგობებს მორღვეული გალავნით.
  • და ბევრ სხვა ტიპის ნაგებობას და მის მფლობელს.

საკანონმდებლო ინიციატივა გულისხმობს მის გავრცელებას არა მხოლოდ თბილისში, არამედ საქართველოს მთელ ტერიტორიაზე. ჯარიმის თანხა განსხვავებულია დასახლების ტიპის მიხედვით. თუკი თბილისში ჯარიმა 5 000 ლარის ოდენობით განისაზღვრება, თვითმმართველ ქალაქებში ის 1 000 ლარი იქნება, ქალაქებში - 500 ლარი, დაბებსა და სოფლებში - 200.

კანონის აღსრულება დაევალება ზედამხედველობის ორგანოს და იმ შემთხვევაში, თუ შენობის აღდგენა, შეკეთება და რეკონსტრუქცია შეუძლებელია, მას აქვს უფლება, მოითხოვოს ნაგებობის დემონტაჟი.

მიუხედავად იმისა, რომ კანონში ცვლილების შეტანის ინიციატივაში ერთი შეხედვით ყველაფერი განმარტებულია, მაინც რჩება უპასუხო კითხვები:

  • რა ხდება იმ შემთხვევაში, თუკი შენობა შერეული ტიპის არის - ნახევრად საცხოვრებელი, ნახევრად კომერციული.
  • გავრცელდება თუ არა ეს კანონი ხანგრძლივად მიმდინარე მშენებლობებზე.
  • რა ელის იმ შენობის მეპატრონეს, თუკი ერთხელ არ გადაიხდის დაკისრებულ ჯარიმას.
  • იქნება თუ არა ეს დამატებითი მძიმე ტვირთი მცირე ბიზნესისთვის, რომელიც რიგ შემთხვევებში იძულებულია შედარებით დაბალი სტანდარტის შენობაში იმუშაოს.
  • ქმნის თუ არა კორუფციის რისკს ის, რომ ყველა ზემოთ არსებულ კითხვაზე პასუხი საკანონდებლო ინიციატივაში არ მოიძებნება.

რადიო თავისუფლებამ სცადა საკანონმდებლო ცვლილების ინიციატორებისგან უფრო მეტი დეტალი გაეგო, თუმცა უშედეგოდ. სამინისტროში არც იმას ამბობენ, კონკრეტულად რომელი შენობები გახდა ამ ინიციატივის მიზეზი და არც იმას, როგორი იქნება მისი გავრცელების არეალი, რამდენად დიდია იმ შენობების რიცხვი, რომლებიც, მაგალითად, თბილისის იერსახეს ამახინჯებს.

საკანონმდებლო ინიციატივის შეფასება ქალაქმგეგმარებელ ზურაბ ბაქრაძეს ვთხოვეთ, რომლის აზრითაც ის, რასაც ხელისუფლებაში იერსახის დამახინჯებად მიიჩნევენ, მოუვლელობაა და ასეთი შენობების შემთხვევაში ბევრი სხვადასხვანაირი პრობლემა იქნება, რომლებსაც ერთნაირი მიდგომით ვერ გადაჭრი. ზოგ მეპატრონეს შესაძლოა მართლაც სჭირდებოდეს იძულება, რომ მოუაროს მნიშვნელოვან შენობას, ზოგს კი ეს დამატებით მძიმე ფინანსურ ტვირთად დააწვება, რამაც შესაძლოა ამ ნაგებობის გაყიდვაც კი აიძულოს.

“დამახინჯებაზე თუ ვლაპარაკობთ, ამან უნდა მოიცვას ყველა ის შენობა, რომელიც მართლაც ამახინჯებს ქალაქს და თუ ეს არ უნდათ და ამაში სირთულეებს ხედავენ, მაშინ ფორმულირება შეცვალონ და ეს იყოს მოუვლელი, დაზიანებული შენობები. თვითონ ყოველდღიურად ამახინჯებენ ქალაქს სხვადასხვა მშენებლობებით, ამაზე არ ფიქრობენ”.

Your browser doesn’t support HTML5

რა ვუყოთ ქალაქის იერსახის დამმახინჯებელ შენობებს?