“მგრძნობიარე ადამიანია” - რა ვიცით ქალზე, რომელსაც Z-ბლოგერის მკვლელობაში ადანაშაულებენ

რუსეთის შსს-ს მიერ გამოქვეყნებულ მოკლე ვიდეოში, დარია ტრეპოვა ამბობს, რომ მართლაც გადასცა ბლოგერს სტატუეტი, რომელიც მოგვიანებით აფეთქდა

რუსეთში, ტერორიზმის ბრალდებით 26 წლის ქალი, დარია ტრეპოვა დააკავეს. მას კრემლის მხარდამჭერი სამხედრო ბლოგერის აფეთქება ედება ბრალად. რუსეთის შსს-მ უკვე გამოაქვეყნდა ვიდეო, სადაც დარია ტრეპოვა აღიარებს, რომ დანაშაულის ადგილზე მართლაც იყო.

მაქსიმ ფომინს ინტერნეტში ვლადლენ ტატარსკის სახელით იცნობენ. ბოლო ერთი წელი იგი ამტკიცებდა, რომ უკრაინა “ნაცისტური სახელმწიფოა” და რუსეთმა ის აუცილებლად უნდა დაიპყროს. დღეს იგი ცოცხალი აღარაა. კვირა საღამოს, სანქტ-პეტერბურგის ცენტრში აფეთქება მოხდა. ტატარსკი დაიღუპა, 30 ადამიანი კი დაშავდა.

ვლადლენ ტატარსკი

რუსული გამოცემა “მედუზას” ინფორმაციით, ტატარსკი ადრე უკრაინის მოქალაქე იყო. 2011 წელს, ბანკზე თავდასხმის ბრალდებით დააპატიმრეს. 2014 წლიდან იგი აღმოსავლეთ უკრაინაში, პრორუსი სეპარატისტების მხარეს იბრძოდა. ტელეგრამის პირად არხზე, სადაც უკრაინაში მიმდინარე ომს, კრემლის სასარგებლოდ აშუქებდა, 560 ათასზე მეტი გამომწერი ჰყავს.

ტატარსკი კრემლის პროპაგანდისტულ მესიჯებს კი იმეორებდა, თუმცა ხშირად ამბობდა, რომ რუსული ჯარი უკრაინაში “უფრო დაუნდობელი” უნდა იყოს. ოქტომბერში, მას შემდეგ, რაც ვლადიმირ პუტინმა აღმოსავლეთ უკრაინის ოთხი რეგიონის ანექსია გამოაცხადა, ტატარსკიმ ვიდეო მიმართვაში თქვა: “ყველას დავამარცხებთ, ყველას მოვკლავთ, ვისაც საჭიროა, ყველას გავძარცვავთ. ყველაფერი ისე იქნება, ჩვენ როგორც გვიყვარს. აბა თქვენ იცით, ღმერთი თქვენსკენ”.

ტატარსკის ერთ-ერთ ბოლო ვიდეოში, სამხედრო ფორმაში ჩაცმული ნიღბოსნები აწამებენ მამაკაცს, რომელსაც შუბლზე “ქართველი” აწერია. მწამებლები, სავარაუდოდ, არიან კერძო რუსული სამხედრო დაჯგუფების, “ვაგნერის” წევრები. "ვაგნერელებს" ადანაშაულებენ ათობით სამხედრო დანაშაულის ჩადენაში. მათ შორის, უკრაინასა და სირიაში.

აფეთქების დროს ტატარსკი სწორედ “ვაგნერის” მფლობელის, ევგენი პრიგოჟინის კაფეში იმყოფებოდა. იქ მისი “შემოქმედებითი საღამო” იმართებოდა. ბლოგერი ჰყვებოდა იმ გამოცდილებაზე, რომელიც “ომის გაშუქებისას” მიიღო.

“მგრძნობიარე ადამიანია”

ორშაბათს ტატარსკის მკვლელობის ბრალდებით დააკავეს 26 წლის ქალი, დარია ტრეპოვა. გამოძიების ვერსიით, ის მივიდა ტატარსკის “შემოქმედებით საღამოზე” და მას გადასცა თაბაშირის სტატუეტი, რომელშიც ასაფეთქებელი მოწყობილობა იყო დამალული.

რამდენიმე ტელეგრამ-არხის მიერ გამოქვეყნებულ ფოტო-ვიდეო მასალაში, მართლაც ჩანს, როგორ მიდის ქალი, რომელიც დარია ტრეპოვას ჰგავს კაფეში და როგორ გადასცემს სტატუეტს ტატარსკის.

გამოცემა "ბაზა" წერს, რომ ტრეპოვა პოლიტიკური აქტივისტი და ფემინისტია. ის სანქ-პეტერბურგში ცხოვრობდა. სწავლობდა მედიცინას და დაწერა სადიპლომო ნაშრომი “სადამსჯელო ფსიქიატრიაზე”. მუშაობდა გამყიდველად ვინტაჟური ტანსაცმლის მაღაზიაში.

რამდენიმე პროსახელისუფლებო მედიის ინფორმაციით, 6 თვით საქართველოში იყო გადმობარგებული, თუმცა “ფინანსური სირთულეების გამო” უკან დაბრუნდა. “რადიო თავისუფლებამ” ვერ შეძლო ამ ინფორმაციის დადასტურება.

2022 წლის 24 თებერვალს, ომის დაწყების დღეს, ანტისაომარ მიტინგზე დარია ტრეპოვა ქმართან, დმიტრი რილოვთან ერთად დააკავეს. დაუზუსტებელი ინფორმაციით, რუსი ძალოვანები მასაც ეძებენ. რილოვი “რუსეთის ლიბერტარიანული პარტიის” წევრია. ეს “რადიო თავისუფლებას” პარტიის ლიდერმა, იაროსლავ კონვეიმ დაუდასტურა.

თავად დმიტრი რილოვი ამბობს, რომ მისი ცოლი “ძალიან კეთილი და მგრძნობიარე ადამიანია”. “მიმაჩნია, რომ დარია ვიღაც ადამიანებმა შარში გახვიეს და საკუთარი მიზნებისთვის გამოიეყენეს. ასი პროცენტით ვარ დარწმუნებული, რომ არ იცოდა, დარბაზში რა შეჰქონდა” - მოჰყავს მისი სიტყვები “დოიჩე ველეს” რუსულ სამსახურს.

გამოცემა "ერბეკა", წყაროზე დაყრდნობით წერს, რომ არც გამოძიება გამორიცხავს - შესაძლოა ტრეპოვამ მართლა არ იცოდა ასაფეთქებლის არსებობის შესახებ.

მეორე აფეთქება

მოკლე ვიდეოში, რომელიც რუსეთის შსს-მ მისი დაკავებიდან რამდენიმე საათში გამოაქვეყნა, დარია ტრეპოვა ამბობს, რომ სტატუეტი ტატარსკის მართლაც გახდა. კადრს მიღმა ისმის კითხვა “ვინ მოგცა სტატუტი?”, რასაც ტრეპოვა პასუხობს: “შეიძლება მერე მოგიყვეთ?”.

კრემლმა უკვე უწოდა მომხდარს "ტერაქტი", მის ორგანიზებაში კი ბრალი უკრაინას დასდო. ეს პირველი მკვლელობა არაა, რომელსაც კრემლი უკრაინას მაიწერს, და რომელთან კავშირსაც კიევი უარყოფს. 21 აგვისტოს მოსკოვში, ავტომობილის აფეთქებისას, დაიღუპა "რუსული სამყაროს" მთავარი იდეოლოგისა და მემარჯვენე რადიკალის, ალექსანდრ დუგინის ქალიშვილი დარია დუგინა.

ტატარსკის აფეთქებას რაც შეეხება, კრემლი მას ასევე უკავშირებს “კორუფციასთან ბრძოლის ფონდს”. ეს არასამთავრობო ორგანიზაცია დააფუძნა პატიმრობაში მყოფმა ოპოზიციონერმა, ალექსეი ნავალნიმ.

რუსეთის “ეროვნული ანტიტერორისტული კომიტეტის" განცხადებაში ნათქვამია, რომ ტრეპოვა ნავალნის “აქტიური მხარდამჭერია”. ფონდის ხელმძღვანელი, ივან ჟდანოვი კი აცხადებს, რომ ტატარსკი რუსეთის უშიშროების სამსახურმა მოკლა.