„თუკი ჭეშმარიტი თავისუფლება გსურს, მზად უნდა იყო, თავისუფლებისთვის ყველაფერი გარისკო“, - დაპოსტა პაველ დუროვმა 2018 წლის აპრილში.
ცოტა ხანში, თავისუფლების სანაცვლოდ მას მნიშვნელოვან კომპრომისებზე შეიძლება მოუხდეს წასვლა.
24 აგვისტოს ტელეგრამის შემქმნელი პარიზის აეროპორტში დააკავეს.
სხვადასხვა მედიის ცნობით, გამოძიება ამტკიცებს, რომ დუროვის უმოქმედობამ ხელი შეუწყო მისი პლატფორმის მეშვეობით თაღლითობას, ნარკოტიკების ბრუნვას, მუქარის, ორგანიზებული დანაშაულისა და ტერორიზმის პროპაგანდის გავრცელებას.
სააგენტო „როიტერსის“ ინფორმაციით, ფრანგული პოლიცია ბრალს სდებს ტელეგრამზე ჩადენილი ციფრული და ფინანსური დანაშაულების წაყრუებაში.
ასევე ნახეთ AFP: დუროვს საფრანგეთში დაკავების ვადა გაუხანგრძლივეს„კმარა ტელეგრამის დაუსჯელობა“, - გამოცემა ”გარდიანის” თანახმად, თქვა ერთმა-ერთმა გამომძიებელმა. მან ასევე აღნიშნა, დუროვის ჩამოსვლა გამიკვირდა, რადგან იცოდა, რომ საფრანგეთში დაჭერას უპირებდნენო.
მომდევნო დღეს გაკეთებულ განაცხადებაში, ტელეგრამმა დუროვის ბრალეულობა უარყო.
„აბსურდია იმის მტკიცება, რომ პლატფორმის მფლობელი დამნაშავეა მის ბოროტად გამოყენებაში“, - განაცხადა კომპანიამ და დაამატა, რომ დუროვს „არაფერი აქვს დასამალი“.
საფრანგეთის პრეზიდენტის, ემანუელ მაკრონის მტკიცებით, დუროვი დააკავეს გამოძიების მოთხოვნით, და ამის მიღმა არ დგას პოლიტიკური მოტივები.
„საფრანგეთი სიტყვისა და გამოხატვის თავისუფლების ერთგულია“, - დაწერა მაკრონმა სოციალურ ქსელ X-ზე.
ასევე ნახეთ მაკრონი: Telegram-ის დამფუძნებლის დაპატიმრება არ არის პოლიტიკური გადაწყვეტილებაგზა წარმატებისკენ და „ვკონტაქტე“
პაველ დუროვი 39 წლისაა. დაიბადა სანქტ-პეტერბურგში (მაშინ ჯერ კიდევ ლენინგრადში).
იგი ნიჭიერ მოსწავლედ ითვლებოდა. მიღებული აქვს რუსეთის ხელისუფლებისა და პრეზიდენტის სტიპენდიები.
2006 წელს, უნივერსიტეტის დამთავრებისთანავე, ფეისბუკით შთაგონებულმა, შექმნა რუსეთის ყველაზე პოპულარული სოციალური ქსელი - „ვკონტაქტე“.
შთაგონების მიუხედავად, მომდევნო წლებში დუროვი ფეისბუკს „პედოლიბერალების ბურჯსა“ და „იაფფასიან ნახელავს“ უწოდებდა.
2013 წელს მას კრემლთან დაკავშირებულ მეწილეებთან კონფლიქტი მოუვიდა.
გარდა ამისა, დუროვი ამბობდა, რომ უარი უთხრა რუსეთის უშიშროებას უკრაინაში საპროტესტო აქციების ორგანიზატორთა პირადი მონაცემების გაცემაზე. მისი მტკიცებით, სწორედ ამიტომ გაყიდა საკუთარი წილი.
„ეს იქნებოდა არა მხოლოდ კანონდარღვევა, არამედ იმ მილიონობით უკრაინელის ღალატი, რომლებიც გვენდნენ… არაფერს ვნანობ - ადამიანების პირადი მონაცემების დაცვა ამაზე გაცილებით ძვირი ღირს“, - წერდა დუროვი.
2014 წლის დასაწყისში დუროვი რუსეთიდან წავიდა. 2017 წლიდან ის არაბთა გაერთიანებულ საამიროებში ცხოვრობს. იქვეა მისი შექმნილი მეორე ციფრული გიგანტის, ტელეგრამის სათავო ოფისიც.
ასი შვილის მამა
დუროვი თავს ლიბერტარიანელს უწოდებს.
2019 წელს გამოქვეყნებულ პოსტში მან შეაქო უკრაინის პრეზიდენტის, ვოლოდიმირ ზელენსკის პარტია, მისი თქმით, ლიბერტარიანული იდეოლოგიის გატარებისთვის.
იმავე პოსტში მან მოიწონა საქართველოც, „საგადასახადო და სავიზო რეჟიმის უნიკალური სიმარტივისთვის“.
არაერთხელ უთქვამს, რომ ცხოვრების ჯანსაღ წესს მისდევს, აინტერესებს სულიერება და მედიტაცია. არ ჭამს ხორცს და თევზს, არ სვამს ალკოჰოლსა და ყავას.
საკუთარ ინსტაგრამზე ბოლო დროს ხშირად პოსტავდა ფოტოებს, სადაც წელსზემოთ შიშველია.
ჩაცმულობაში დუროვი შავ ფერს ანიჭებს უპირატესობას. „გარდიანი“ წერს, რომ მისი იმიჯი კიანუ რივზსა და ფილმ „მატრიცას“ მოგაგონებთ.
დუროვი ხშირად იწონებდა თავს იმით, რომ მარტო ცხოვრობს და მარტოობა მოსწონს. ამისდა მიუხედავად, სულ ცოტა ხნის წინ დაწერა, 15 წლის მანძილზე სპერმის დონორი ვიყავი და მსოფლიოს 12 ქვეყანაში 100-ზე მეტი შვილი მყავსო.
სხვადასხვა მონაცემით, დუროვს აქვს ოთხმაგი მოქალაქეობა: რუსეთის, არაბთა გაერთიანებული საამიროების, კენძულ სენტ-კიტსისა და ნევისის და საფრანგეთის.
ამ უკანასკნელის პასპორტი მან მიიღო 2021 წელს და გამონაკლისის სახით. „როგორც ფრანგულად მოსაუბრე უცხოელმა, რომელსაც… წვლილი შეაქვს საფრანგეთის საერთაშორისო გავლენის გაძლიერებაში“, - წერდა ფრანგული გამოცემა „ლე მონდი“.
დუროვის ქონება, „ფორბსის“ თანახმად, 15,5 მილიარდ დოლარს შეადგენს. მისი სიმდიდრის მთავარი წყარო ტელეგრამია.
ასევე ნახეთ „ტელეგრამის“ ბნელი მხარეტელეგრამის ორი მხარე
2014 წელს დუროვმა შექმნა ტელეგრამი - დაცული მესენჯერი, რომელსაც მალე არხების შექმნის ფუნქციაც დაემატა.
ტელეგრამი ამბობს, რომ მასზე მიმოწერა ორმხრივადაა დაშიფრული, ანუ მისი წაკითხვა გამგზავნისა და ადრესატის გარდა არავის შეუძლია.
ამის გამო, ტელეგრამი მალე გახდა პოპულარული ისეთ ქვეყნებში, სადაც სიტყვის თავისუფლება შეზღუდულია. მაგალითად, ირანსა და რუსეთში.
კრემლმა აპლიკაციის დაბლოკვა ჯერ კიდევ 2018 წელს სცადა, მაგრამ უშედეგოდ.
უკრაინაში ომის დაწყების შემდეგ, ტელეგრამი გახდა ინფორმაციის ერთ-ერთი მთავარი წყარო ომზე.
განსაკუთრებით აქტიურობენ ე.წ. რუსი Z-ბლოგერები, რომლებიც ომს მხარს უჭერენ, მაგრამ ხშირად წერენ რუსული არმიის დანაკარგებსა და მარცხზე, რასაც პროკრემლისტური მედია თავს არიდებს ხოლმე.
ტელეგრამის მტკიცებით, დღეს 950 მილიონზე მეტი მომხმარებელი ჰყავს.
საერთაშორისო ორგანიზაციების დაკვირვებით, მასალების მოდერაციაც ტელეგრამზე გაცილებით რბილია, ვიდრე, მაგალითად, ფეისბუკსა და იუთუბზე.
ამის გამო პლატფორმას ხშირად ადანაშაულებენ დეზინფორმაციის, შეთქმულების თეორიისა და პედოფილიური მასალების გავრცელებაში.
დიდ ბრიტანეთში, ავსტრალიაში, ბრაზილიაში და სხვაგან ტელეგრამს ადანაშაულებენ უმოქმედობაში, რომელიც ახალისებს ულტრამემარჯვენე და ნეონაცისტურ დაჯგუფებებს.
საქართველოში, ტელეგრამზე გადაინაცლა ფეისბუკზე დაბლოკილმა რადიკალურმა ჯგუფმა „ალტ-ინფომ“.
მაისის ბოლოს, ევროკავშირიც სთხოვდა ტელეგრამს, გაემკაცრებინა ინფორმაციის კონტროლის კრიტერიუმები და შესაბამისობაში მოეყვანა ისინი ევროკავშირის კანონმდებლობასთან.
მაგრამ დუროვის დაკავება საფრანგეთის ერთპიროვნული გადაწყვეტილებაა და ევროკავშირი მასთან არაფერ შუაშია - უთხრა გამოცემა „ევრონიუსს“ ევროკომისიის წარმომადგენელმა.
დუროვი იშვიათად ელაპარაკება მედიას. მაგრამ აპრილში ინტერვიუ მისცა ამერიკელ კომენტატორ ტაკერ კარლსონს.
ტელეგრამი დარჩება „ნეიტრალურ პლატფორმად“ და არ გახდება „გეოპოლიტიკური მოთამაშე“ - უთხრა მან ტაკერ კარლსონს.
საფრანგეთის ხელისუფლებას დუროვის დაკავებიდან აქვს 96 საათი, რათა ან ბრალი წაუყენოს მას, ან გაათავისუფლოს.
გამოცემა „ფრანს პრესის“ თანახმად, დუროვი მალე სასამართლოს წინაშე წარდგება.