„წარმატებული ადამიანი ღირსეული განათლებით“ - ასე წარადგინა საქართველოს პრემიერ-მინისტრმა ირაკლი ღარიბაშვილმა განათლების ახალი მინისტრი გიორგი ამილახვარი, რომელმაც ამ თანამდებობაზე მიხეილ ჩხენკელი შეცვალა. ამილახვარი „ქართული ოცნების“ ერთ-ერთი ყველაზე შეძლებული დეპუტატია საქართველოს მე-10 მოწვევის პარლამენტში, პარტიული სიის მე-12 ნომერი, რომელიც დეპუტატი გახდა 2020 წლის საპარლამენტო არჩევნების შემდეგ.
მინისტრად დანიშვნამდე გიორგი ამილახვარს საკანონმდებლო ორგანოში განათლებისა და მეცნიერების კომიტეტის თავმჯდომარის პოსტი ეკავა. საქართველოს პარლამენტის ცნობით, მას 2298 კანონპროექტისთვის აქვს მხარი დაჭერილი. მათ შორის, ე.წ. რუსული კანონისთვისაც.
-
2018 – 2019 წლებში იყო საგანმანათლებლო პროგრამების აკრედიტაციის საბჭოს თავმჯდომარის მოადგილე
-
2010 – 2020 წლებში: თბილისის ღია სასწავლო უნივერსიტეტის ვიცე-რექტორი, რექტორი, ასოცირებული პროფესორი სამართალში
-
2008 – 2010 წლებში: ლიეტუვური საინვესტიციო კომპანია შპს „სავერუსის“ ფილიალი საქართველოში „სავერუს ჯორჯია“ - მთავარი იურისტი
-
2007 – 2008 წლებში: სახელმწიფო მინისტრის აპარატი ევროპული და ევროატლანტიკური ინტეგრაციის საკითხებში - მთავარი სპეციალისტი
გიორგი ამილახვრის "კი" ე.წ. რუსულ კანონს
განათლების ახალი მინისტრი ერთ-ერთია „ქართული ოცნების“ იმ 78 დეპუტატს შორის, ვინც მხარი დაუჭირა „უცხოეთის აგენტების კანონს“ („უცხოური გავლენის გამჭვირვალობის შესახებ“ კანონპროექტი), რომლის გასაპროტესტებლად მარტის დასაწყისში ათასობით დემონსტრანტი გამოვიდა, მათ შორის, სტუდენტები.
ისიც, თანაგუნდელების მსგავსად, ირწმუნებოდა, რომ ამ კანონის პროექტი ამერიკული კანონის ზუსტი ანალოგია, ოპოზიციამ კი „არაფრისგან „ფეიკნიუსი“ შექმნა. ციტატა:
„საზოგადოების მოწამვლას ცდილობენ. როგორც ჩანს, მათ კანონპროექტის შინაარსში საერთოდ არ ჩაუხედავთ, რადგან კანონპროექტი არის ამერიკული კანონის ზუსტი ანალოგი - თარგმანი. შესაბამისად, რომელ რუსულ ვერსიაზე საუბრობენ, როცა გადმოტანილია ამერიკული ვერსია. ეს არის მათი ორმაგი სახე, როცა ერთი მხრივ, არიან არაკომპეტენტურები და მეორე მხრივ, პროპაგანდისტულ, დამაზიანებელ საქმეს აგრძელებენ“.
„მეთვალყურე უნდა ჰყოლოდა“ - დეპუტატის კომენტარი და ბოდიში ვაკის პარკის ტრაგედიაზე
კიდევ ერთი კომენტარი, რის გამოც გიორგი ამილახვარი მედიის ფოკუსში მოექცა, ვაკის პარკში, 2022 წლის 13 ოქტომბერს მომხდარ ტრაგედიას ეხებოდა, რომლის დროსაც, შადრევანში ჩავარდნილი ბურთის ამოსაღებად ჩასულ სამ მოზარდს დენმა დაარტყა, მათგან ერთი, 13 წლის მარიტა მეფარიშვილი ვერ გადაარჩინეს.
ამილახვარმა მაშინ თქვა:
„არასრულწლოვან ბავშვს უნდა ჰყავდეს მეთვალყურე, იმ ადგილას რომ არ ჩავიდეს, სადაც რეკონსტრუქცია მიმდინარეობს, სადაც მსგავსი ტექნიკური შეფერხებები შეიძლება იყოს და ადამიანის ჯანმრთელობის დაზიანება გამოიწვიოს... ამაზე ახლა რამე პასუხისმგებლობას სთხოვ ვის? და ამას მეკითხები სერიოზულად?!“ - ასე მიმართა მან ჟურნალისტს.
ასევე ნახეთ დეპუტატი ამილახვარი ვაკის პარკში მომხდარ უბედურ შემთხვევაზე კომენტარის გამო ბოდიშს იხდისმოგვიანებით მან ამ კომენტარის გამო ბოდიში მოიხადა.
„არ აქვს იმის ახსნას აზრი, თუ რა კონტექსტით გავაკეთე ის განცხადება, რაც გავაკეთე. ეს ჩემთვის არის ცხოვრებისეული კრედო, მსგავსი არასდროს არ მიფიქრია მთელი ცხოვრების განმავლობაში და ჩემთვისაც ამ კონტექსტში ის განცხადება, რაც გავაკეთე, არის სრულიად მიუღებელი“, - თქვა მან.
ამილახვრის როლი სახელმწიფო ინსპექტორის სამსახურის გაუქმების საქმეში
გიორგი ამილახვარი ერთ-ერთი ავტორია „სახელმწიფო ინსპექტორის სამსახურის შესახებ კანონში ცვლილებების" კანონპროექტისა, რატი იონათამიშვილთან, გივი მიქანაძესთან, ანრი ოხანაშვილთან, დავით მათიკაშვილთან, ალუდა ღუდუშაურსა და გურამ მაჭარაშვილთან ერთად.
ამ კანონპროექტს დიდი წინააღმდეგობა და კრიტიკა მოჰყვა ოპოზიციის, არასამთავრობო სექტორისა და თავად სახელმწიფო ინსპექტორის, ლონდა თოლორაიას მხრიდან, რომელმაც მხოლოდ სამი დღით ადრე გაიგო, რომ მისი უწყება უქმდებოდა.
ასევე ნახეთ დიდი ჩანაცვლება - შეცვლის ეს კანონი სისტემას და არა ადამიანებს?გიორგი ამილახვარმა და მისმა კოლეგებმა კანონპროექტის განმარტებით ბარათში ჩაწერეს, რომ სახელმწიფო ინსპექტორის სამსახური უფლებამოსილია, გამოიძიოს გარკვეული დანაშაულები და თან გააკონტროლოს პერსონალურ მონაცემთა დამუშავების კანონიერება მაშინ, როცა „დანაშაულის გამოძიება, ზოგადად, მჭიდროდ არის დაკავშირებული პერსონალურ მონაცემთა თავად გამომძიებლის მიერ დამუშავებასთან“.
მათ მიიჩნიეს, რომ ამის გამო, სამსახურის მიერ გამოძიებისა და გამოძიების პროცესში პერსონალური მონაცემების დამუშავების კანონიერების შემოწმების „ფუნქციების აღრევა ხდება და ეს იწვევს ინტერესთა კონფლიქტს“.
სამსახურის გაუქმების, გაყოფის და ამ ფუნქციების გამიჯვნის საჭიროებაც ასე დასაბუთდა.
საარჩევნო კოდექსსა და „მაუწყებლობის შესახებ“ კანონში შესატანი ცვლილებების ინიციატორი
გიორგი ამილახვარი იმ საკანონმდებლო პაკეტის ერთ-ერთი ინიციატორიცაა, რომელსაც მკაცრად აკრიტიკებდა არასამთავრობო ორგანიზაცია IDFI - ის მოუწოდებდა საქართველოს პარლამენტს, მხარი არ დაეჭირა „მაუწყებლობის შესახებ“ საქართველოს კანონსა და საქართველოს საარჩევნო კოდექსში შესატანი ცვლილებებისთვის, რომლითაც განისაზღვრებოდა წინასაარჩევნო სააგიტაციო მასალის შინაარსობრივი მოთხოვნები.
ასევე ნახეთ IDFI ახალ კანონპროექტზე: შეიძლება მსუსხავი ეფექტი იქონიოს გამოხატვის თავისუფლებაზეიკრძალებოდა იმგვარი სააგიტაციო მასალის საჯარო სივრცეში გავრცელება, რომელიც გამიზნული იყო საარჩევნო სუბიექტის/კანდიდატის მიმართ „უარყოფითი განწყობის შესაქმნელად“. ცვლილებები ითვალისწინებდა როგორც პოლიტიკური სუბიექტის, ისე გამავრცელებლის/მესაკუთრის დაჯარიმების შესაძლებლობას 2000, რიგ შემთხვევებში კი 4000 ლარის ოდენობით.
IDFI მიიჩნევდა, რომ რადგან წინასაარჩევნო კამპანია არჩევნებში მონაწილეობის უფლების განუყოფელი კომპონენტია, პროცესის შინაარსობრივი რეგულირება განსაკუთრებულ სიფრთხილეს მოითხოვდა იმიტომ, რომ მაღალი იყო როგორც გამოხატვის თავისუფლების, ისე არჩევნებში მონაწილეობის უფლების დარღვევის საფრთხე. ორგანიზაცია აცხადებდა, რომ ინიციირებული კანონპროექტით მკვიდრდებოდა ბუნდოვანი მოთხოვნა, რასაც შეიძლება მსუსხავი ეფექტი ჰქონოდა გამოხატვის თავისუფლებაზეც და საარჩევნო სუბიექტთა თანასწორობაზეც.
კახა კალაძის შტაბში
გიორგი ამლახვარი იყო კახა კალაძის საარჩევნო შტაბის ხელმძღვანელი, როცა კალაძე თბილისის მერობისთვის იბრძოდა. კალაძე გიორგი ამილახვარს ასე ახასიათებდა: „მას აქვს განათლების სფეროში მუშაობის, ახალგაზრდებთან საქმიანი ურთიერთობის დიდი გამოცდილება... კარგი მენეჯერია“.
ასევე ნახეთ კახა კალაძის საარჩევნო შტაბს დეპუტატი გიორგი ამილახვარი უხელმძღვანელებს„მილიონერი“ პარლამენტარები „ქართული ოცნებიდან“
გიორგი ამილახვარი „ქართული ოცნების“ ერთ-ერთი ყველაზე მაღალშემოსავლიანი დეპუტატია, რომელიც მეუღლესთან ერთად ფლობს რამდენიმე ბინას, მიწებს, აგარაკს, ძვირადღირებულ ავტომობილს, საკუთარ კომპანიას. მისი შვილები კერძო სკოლაში სწავლობენ.
ასევე ნახეთ მილიონერი პარლამენტარები "ქართული ოცნებიდან"ეს არის მისი ქონებრივი დეკლარაცია, სადაც მითითებულია, რომ ის ფლობს მანსარდას, ბინას და სარდაფს ყაზბეგის ქუჩაზე და მითითებულია, რომ ეს ნაჩუქარი ქონებაა. ასევე არასაცხოვრებელ ფართს ამავე მისამართზე, რომელიც 3000 დოლარად აქვს ნაყიდი. მისი მეუღლის სახელზეა 500 000 ლარად ნაყიდი 196,91 კვადრატული მეტრი ფართობის ბინა ამაღლების ქუჩაზე, 10 000 ლარად ნაყიდი დამხმარე ფართი ამავე მისამართზე, 2 ავტოფარეხი. 15 000-15 000 ლარად ნაყიდი. გიორგი ამილახვრის სახელზეა 5000 ლარად ნაყიდი ჰოლი (დამხმარე ფართი) სულხან-საბას ქუჩაზე, ასევე 79 800 ლარად ნაყიდი მიწის ნაკვეთი შინდისში.
გიორგი ამილახვრის საკუთრებაშია 76 000 ევროდ ნაყიდი ავტომობილი Mercedes GLE 450. გასულ წელს მან 9700 ევროდ შეიძინა მაჯის საათი, ხოლო მისმა მეუღლემ 47 000 ლარი გადაიხადა 3 ბეჭედში, საყურეებსა და ყელსაბამში.
გიორგი ამილახვარი არის შპს „ნიმი 1“-ისა და „ნიმი 2 საქართველოს“ 100%-იანი მეწილე.
მისი მეუღლე არის შეზღუდული პასუხისმგებლობის საზოგადოება „თოუ დეველოპმენტი საქართველოს“ 100 %-იანი მეწილე და არა მხოლოდ. ჩამონათვალი შეგიძლიათ იხილოთ დეკლარაციაში.
შვილების განათლებაში გასულ წელს გადახდილი აქვთ 25 000 ლარი და 5900 დოლარი.
20 მარტს, მინისტრის პოსტზე წარდგენისას მან თქვა, რომ განათლების სფეროში ბევრი გამოწვევა არსებობს და საქმიანობას სწორედ მათთან გამკლავებით დაიწყებს.
„გვინდა, რომ ყველაფერი საუკეთესო შევთავაზოთ ჩვენს შვილებს სკოლებში, დაწყებული ინფრასტრუქტურით, გაგრძელებული სასწავლო პროგრამითა და საგანმანათლებლო რესურსებით, ამიტომ ამ კუთხით აქტიურად და სწრაფად ვიმუშავებთ“, - თქვა ამილახვარმა.
გიორგი ამილახვარი „ქართული ოცნების“ ხელისუფლების პერიოდში მეექვსე განათლების მინისტრია, გიორგი მარგველაშვილის, თამარ სანიკიძის, ალექსანდრე ჯეჯელავას, მიხეილ ჩხენკელის (რომელიც ამ პოსტზე მოგვიანებით დაბრუნდა) და მიხეილ ბატიაშვილის შემდეგ.