გამარჯვებული ოფიციალურად უახლოეს მომავალში გამოცხადდება
კერძო პარტნიორის შერჩევისას მოთხოვნები ორმა კონკურსანტმა დააკმაყოფილა. ესენია:
- შვეიცარიულ-ლუქსემბურგული კომპანია (Terminal Investment Limited Holding S.A. (T.I.L Holding S.A)
- ჩინურ-სინგაპურული კონსორციუმი (China Communications Construction Company Limited (ჩინეთი) & China Harbour Investment Pte. Ltd (სინგაპური), (ქვეკონტრაქტორები - China Road and Bridge Corporation და Qingdao Port International Co., Ltd)
ამის შესახებ საგანგებო ბრიფინგზე თქვა ეკონომიკის მინისტრმა ლევან დავითაშვილმა.
ამ ორ კომპანიას ტექნიკური, კომერციული და ფინანსური წინადადებები 20 მაისამდე უნდა წარედგინა, თუმცა მინისტრის თქმით, საბოლოო ეტაპზე განაცხადი მხოლოდ ჩინურმა კომპანიამ შეიტანა.
კითხვაზე, შეიძლება თუ არა ეს კომპანია კონკურსში გამარჯვებულად ჩაითვალოს, დავითაშვილი პასუხობს, რომ რადგან განაცხადი სრულყოფილად არის შევსებული, „დიდი შანსია, რომ კომისიამ [ჩინურ-სინგაპურული კონსორციუმი] გამარჯვებულად გამოაცხადოს. ამისთვის რამდენიმე დაზუსტებაა საჭირო“. მინისტრი ფიქრობს, რომ სახელმწიფო გამარჯვებულს რამდენიმე დღეში გამოაცხადებს.
რა ვიცით China Communications Construction Company Limited-ზე?
2006 წელს დაფუძნებულ China Communications Construction Company Limited-ს ჩინეთის სახელმწიფო საწარმო SASAC ფლობს. კომპანიის 2023 წლის ანგარიშის მიხედვით, China Communications Construction Company Limited-ს 35 შვილობილი კომპანია ჰყავს.
ამერიკული „ფორბსის“ ინფორმაციით, შარშან კომპანიამ 106 მილიარდ დოლარზე მეტი შემოსავალი მიიღო. 2023 წლის მონაცემებით, მისი აქტივების ჯამური ღირებულება 218.8 მილიარდი დოლარია. ის ძირითადად ინფრასტრუქტურულ პროექტებშია ჩართული: პორტების, გზების, ხიდებისა და რკინიგზის მშენებლობაში.
China Communications Construction Company Limited [CCCC]-ის შვილობილი კომპანიები აშშ-ის სავაჭრო დეპარტამენტს ჰყავს სანქცირებული. ისინი აშშ-ის სავაჭრო დეპარტამენტმა 2020 წლის აგვისტოში სამხრეთ ჩინეთის ზღვაში ხელოვნური კუნძულების მშენებლობის გამო დაასანქცირა. ჰონგ-კონგის სუვერენიტეტის დარღვევა, გარემოსთვის მიყენებული ზიანი - ეს იყო აშშ-ის პრეტენზიები ჩინეთის მიმართ ტრამპის პრეზიდენტობის პერიოდში.
„ჩინეთი CCCC-ს, როგორც ერთ-ერთ მთავარ მშენებელს, იყენებს “ერთი სარტყელი - ერთი გზის ინიციატივაში”. მისი შვილობილი კომპანიები ჩართულნი იყვნენ კორუფციაში, გარემოსთვის ზიანის მიყენებასა და სხვა სახის დარღვევებში მსოფლიოს მასშტაბით“, - აცხადებდნენ სახელმწიფო დეპარტამენტში 2020 წლის აგვისტოში.
სანქციების შესახებ ინფორმაციას უარყოფენ ეკონომიკის სამინისტროში.
„გავრცელებული ინფორმაცია კომპანიის (China Communications Construction Company Limited) სანქციებთან დაკავშირებით სიმართლეს არ შეესაბამება, კომპანიის მიმართ არ ვრცელდება საერთაშორისო სანქციები. გამარჯვების შემთხვევაში კომპანიას თავისუფლად შეუძლია მონაწილეობა მიიღოს ანაკლიის პორტის პროექტის განხორციელებაში“, -ეკონომიკის სამინისტრომ სპეციალური განცხადება 30 მაისს გაავრცელა, თუმცა მის შვილობილ კომპანიებზე კომენტარი არ გაუკეთებია.
მისი ერთ-ერთი შვილობილი კომპანია China Road and Bridge Corporation-ი ჩართული იყო საქართველოში უბისა-შორაპნის მონაკვეთის მშენებლობაში.
2020 წელს ჩინური კომპანია შრომის უსაფრთხოების ნორმების დარღვევის გამო რეგიონული განვითარებისა და ინფრასტრუქტურის სამინისტრომ გააფრთხილა. ინციდენტი 14 თებერვალს, დილის საათებში, სოფელ უბისაში მოხდა.
სამინისტროს ინფორმაციით, უბისა-შორაპნის მონაკვეთის მშენებელი კომპანიის China Road and Bridge Corporation-ის საამქროს თუნუქის სახურავი ჩამოიშალა, რის შედეგადაც მსუბუქად დაზიანდა ჩინეთის ორი მოქალაქე, ხოლო საქართველოს ერთმა მოქალაქემ შედარებით მძიმე დაზიანებები მიიღო.
გაჩერებული სტრატეგიული პროექტი
საქართველოს მთავრობამ 2020 წლის დასაწყისში გამოაცხადა, რომ „ანაკლიის განვითარების კონსორციუმთან“ ღრმაწყლოვანი პორტის მშენებლობის საინვესტიციო ხელშეკრულებას წყვეტდა, რადგან კონსორციუმმა ვერ შეასრულა საინვესტიციო ხელშეკრულებით გათვალისწინებული ვალდებულებები. კონსორციუმი ამას უარყოფს და საქართველოს მთავრობას ბრალს სდებს სტრატეგიული პროექტის მიზანმიმართულად ჩაშლაში.
ექსპერტების თქმით, რეალური მიზეზი გეოპოლიტიკური იყო - რუსეთი ამერიკულ ინვესტიციებს ეწინააღმდეგებოდა.
„რა უნდათ ამერიკელებს შავ ზღვაში?!“ - კონსორციუმის დამფუძნებლის, მამუკა ხაზარაძის თქმით, ეს ბიძინა ივანიშვილმა მას ჯერ კიდევ 2017 წელს უთხრა; ივანიშვილს ან მის გარემოცვას ამ სიტყვების ნამდვილობა არ დაუდასტურებია. ხაზარაძემ კი თქვა, რომ მაშინ გაიგო ივანიშვილისგან, რომ ანაკლიის ინვესტორი, მისი აზრით, „ჩინური სახელმწიფო კომპანია“ უნდა ყოფილიყო. პროექტი ჩავარდა.
აშშ-ის წინა პრეზიდენტის, დონალდ ტრამპის ადმინისტრაცია რეგიონის ქვეყნებს მოუწოდებდა, რუსეთსა და ჩინეთთან ახლო ეკონომიკური კავშირები არ გაებათ - პოლიტიკური რისკების გამო.
ეს საქართველოს მაგალითზეც გამოჩნდა: როდესაც 2019 წელს სახელმწიფო მდივანმა მაიკ პომპეომ პრემიერ-მინისტრი მამუკა ბახტაძე მიიღო ვაშინგტონში, მასთან ერთად საერთო პრესკონფერენციაზე „საქართველოს ვითომ-მეგობრები“ უწოდა რუსეთსა და ჩინეთს და განაცხადა, რომ ანაკლიის პორტი დაიცავდა საქართველოს ამ ორი ქვეყნის „მტაცებლური ეკონომიკური გავლენებისგან“.
ასევე ნახეთ „როგორც ჩანს, რაღაც გამოვტოვეთ“ - რაში სჭირდება ჩინეთს საქართველოსთან სტრატეგიული პარტნიორობა„ანაკლიის განვითარების კონსორციუმთან“ კონტრაქტის გაწყვეტის შემდეგ, სახელმწიფომ ანაკლიის პორტის საკუთარი სახსრებით აშენების პირობა დადო. მთავრობის თანახმად, ინვესტორს პორტის მხოლოდ 49%-იანი წილი ექნება.
პროექტში ჩინელი ინვესტორის შერჩევას გამოეხმაურნენ ნატოშიც.
„გეგმური გადაწყვეტილებები საქართველოს ხელისუფლების პრეროგატივაა, მაგრამ კარგადაა ცნობილი, რომ ჩინეთი დიდი ხანია მსხვილ უცხოურ ინფრასტრუქტურულ პროექტებზე თავისი გავლენის მოხდენას ცდილობს“, - ეს უთხრა ნატოს წარმომადგენელმა რადიო თავისუფლებას ანაკლიის ღრმაწყლოვანი პორტის ინვესტორის - ჩინური კონსორციუმის დასახელების შესახებ დასმული კითხვის პასუხად. მანვე დასძინა, რომ „შავი ზღვა ნატოსთვის სტრატეგიული მნიშვნელობის რეგიონად რჩება“.
ასევე ნახეთ "ჩინეთი დიდი ხანია მსხვილ უცხოურ ინფრასტრუქტურულ პროექტებზე გავლენის მოხდენას ცდილობს" - ამბობენ ნატოში2023 წლის ოქტომბერში ამერიკის სახელმწიფო მდივნის თანაშემწემ ევროპისა და ევრაზიის საკითხებში, ჯეიმს ო'ბრაიენმა, ვაშინგტონში, სენატის საგარეო ურთიერთობათა კომიტეტის ევროპის ქვეკომიტეტის სხდომაზე, რომელზეც შავი ზღვის რეგიონის უსაფრთხოება განიხილებოდა, ანაკლიის პორტზეც ისაუბრა და განაცხადა, რომ „კრიტიკული ინფრასტრუქტურა არ უნდა ეკუთვნოდეს სახელმწიფოებს, რომლებიც მიითვისებენ ან მოისყიდიან ქვეყნებს, რომლებშიც ოპერირებენ და ეს მოიცავს საპორტო ინფრასტრუქტურასაც, როგორიცაა ანაკლიაში. როგორც ვიცი, ამ ტენდერში არის ორი ფინალისტი. პროექტის დასრულებას წლები დასჭირდება. არის ჩინურ-სინგაპურული კონსორციუმი და ასევე დასავლური კონსორციუმი“. ო'ბრაიენის თქმით, გააგრძელებენ ძალისხმევას, რომ „ანაკლიის პორტი იმართებოდეს ისეთი კომპანიის მიერ, რომელიც მუშაობს კანონის ფარგლებში“.
ასევე ნახეთ ო'ბრაიენი საქართველოზე: ამიტომ დავაწესეთ გარკვეული სანქციები და წამოვაყენეთ გარკვეული მოთხოვნებიგანახლება : 30 მაისს საქართველოს ეკონომიკის სამინისტრომ გაავრცელა განცხადება, სადაც წერია რომ CCCC-ის კონტრაქტორები აშშ-ის კომერციის დეპარტამენტმა სპეციალურ სიაში შეიყვანა და შეზღუდვები დაუწესა, თუმცა არ დაუსანქცირებია.
"მეტი სიცხადისთვის აღვნიშნავთ, რომ 2020 წელს აშშ-ის კომერციის დეპარტამენტმა CCCC და მისი რამდენიმე შვილობილი კომპანია შეიყვანა ე.წ “Entity List”-ში. ექსპორტის ადმინისტრაციის რეგულაციების შესაბამისად, ამერიკული კომპანიები ამავე დეპარტამენტის მრეწველობისა და უსაფრთხოების ბიუროდან საჭიროებენ ლიცენზიას გარკვეული ტიპის ექსპორტზე, რეექსპორტზე, შიდა სახელმწიფოებრივი საქონლის, სოფტვერის ან ტექნოლოგიების ტრანსფერებზე თუ მათ სურთ ტრანზაქციების განხორციელება ე.წ “Entity List”- ში მითითებულ კომპანიებთან.
შესაბამისად, ზემოხსენებული კომპანიების შესაბამის სიებში შეყვანა გულისხმობს მხოლოდ კონკრეტული ტრანზაქციების განხორციელების შეზღუდვებს და არა მათ დასანქცირებას - შეზღუდვები არ წარმოადგენს კომპანიების აქტივების მაბლოკირებელ სანქციებს და არ ზღუდავს არანაირ ფინანსურ ტრანზაქციებს CCCC და მის კომპანიებთან, თუ აღნიშნული ტრანზაქცია არ მოიცავს ექსპორტს, რეექსპორტს და ზემოხსენებულ ტრანსფერებს. ასევე ის არ ზღუდავს სხვა პირებს, შეიძინონ რაიმე სახის მომსახურება ან საქონელი CCCC-დან და მისი შვილობილი კომპანიებისგან".