15 სექტემბერი დემოკრატიის საერთაშორისო დღეა, რომელიც 2007 წლის 8 ნოემბერს დააწესა გაეროს გენერალურმა ასამბლეამ. ეს დღე პირველად აღინიშნება პანდემიის პირობებში, როცა შეზღუდულია მთელი რიგი თავისუფლებები და უფლებები, როცა ჩაკეტილია საზღვრები და მკაცრად რეგლამენტირებულია გადაადგილებისა და შეკრების თავისუფლება.
საქართველო ჰიბრიდული დემოკრატიაა. ანალიტიკური კვლევითი ორგანიზაცია The Economist Intelligence Unit-ის დემოკრატიის ინდექსის თანახმად, საქართველო, 2019 წლის მონაცემების მიხედვით, 165 ქვეყანას შორის 89-ე ადგილზე იმყოფება. ასეთი სურათი გვაქვს 2018 წლიდან, როცა საქართველომ, 2017 წელთან შედარებით (79-ე), მთელი ათი საფეხურით დაიხია უკან, თუმცა ეს სულაც არ ნიშნავს იმას, რომ მკვეთრად შემცირდა იმ ადამიანთა რიცხვი, ვინც ფიქრობს, რომ საქართველოში ამჟამად დემოკრატიაა.
კავკასიის კვლევითი რესურსების ცენტრის (CRRC) მიერ ამერიკის ეროვნულ-დემოკრატიული ინსტიტუტის (NDI) დაკვეთით 2020 წლის აგვისტოში ჩატარებულმა კვლევამ აჩვენა, რომ გამოკითხულთა 48 % მიიჩნევს, რომ საქართველოში ამჟამად დემოკრატიაა; 37% ფიქრობს, რომ არ არის დემოკრატია, 14 %-ს კი პასუხი არ აქვს.
CRRC დირექტორის, კობა თურმანიძის თქმით, შედარებით შემცირდა, მაგრამ გამოკითხულთა უმრავლესობა ასევე ამბობს, რომ დემოკრატია მმართველობის ყველა სხვა ფორმაზე უკეთესია, ხოლო კითხვაზე „საქართველო დემოკრატიული ქვეყანაა?“ - დადებითი პასუხი 50 %-ის ფარგლებში მერყეობს, თუმცა, როგორც კობა თურმანიძე შენიშნავს, წინა კვლევებთან შედარებით, საგრძნობი მატება შეინიშნება.
„პარადოქსული სიტუაციაა“, - ამბობს კობა თურმანიძე, - „ერთი მხრივ, უფრო ნაკლები ხალხი ფიქრობს, რომ დემოკრატია მმართველობის ყველა ფორმას სჯობია, მეორე მხრივ კი, მეტი ამბობს, რომ საქართველოში დემოკრატიაა“.
დემოკრატიის გაგებისა და აღქმის მექანიზმი, რომელიც ისედაც ვერ მუშაობდა გამართულად, კიდევ უფრო დააზიანა COVID-19-ის პანდემიამ. კობა თურმანიძის თქმით, სწორედ პანდემიის დროს გაიზარდა იმ ადამიანთა რაოდენობა (48 %), ვინც ფიქრობს, რომ საქართველოში დემოკრატიაა. პანდემიამდე ასე ფიქრობდა მხოლოდ 33 % (2019 წ), 43 % (2018 წ).
„ამგვარი ზრდა ირიბად შეიძლება უკავშირდებოდეს იმ გარემოებას, რომ პანდემიასთან ბრძოლის დროს, ზოგადად, გაიზარდა სახელმწიფო ინსტიტუტებისადმი საზოგადოების მხარდაჭერა. ხალხი დაირაზმა ინსტიტუტებისა და მთავრობის ირგვლივ. კვლევებმა აჩვენა, რომ ნდობის თვალსაზრისით, მაღალი შეფასება ჰქონდა ყველა იმ აქტორს, ვინც ჩართული იყო COVID-19-ის წინააღმდეგ ბრძოლაში“, - უთხრა რადიო თავისუფლებას კობა თურმანიძემ, რომლის თქმითაც, ცალკე პრობლემაა ის, თუ რას გულისხმობენ გამოკითხულები დემოკრატიაში.
„ხშირ შემთხვევაში დემოკრატიის მომწონებლები და დამწუნებლები ღირებულებებით არ განსხვავდებიან ერთმანეთისგან. მათ მნიშვნელოვან ნაწილს არაფრად მიაჩნია, მაგალითად, უმცირესობების უფლებების დაცვა, ტოლერანტობა და ა.შ. ამიტომ შეგვიძლია ასეთი ირონიული თუ ცინიკური დასკვნა გავაკეთოთ: საქართველოში დემოკრატიის მოწონება უფრო მოდის საკითხია, ვიდრე - ღირებულებების“.
ფილოსოფოსი ზაზა ფირალიშვილი კი დარწმუნებულია, რომ საქართველო, დემოკრატიის თვალსაზრისით, ნელა, მაგრამ წინ მიდის:
„მთავარი მაინც ის არის, რამდენად არის საზოგადოებაში დიალოგისა და თანამშრომლობის კულტურა. კაცმა რომ თქვას, დემოკრატია სხვა არც არაფერია. დემოკრატია ეს არის საზოგადოების უნარი იარსებოს დიალოგის რეჟიმში და იარსებოს თანამშრომლობის რეჟიმში. დემოკრატია სხვა არაფერია, თუ არა მოქალაქის რწმენა, რომ მას რაღაცა ეკითხება ქვეყანაში, საზოგადოებაში; გააჩნია კომპეტენცია და შესაძლებლობა ცვლილებები შეიტანოს იმ გარემოში, სადაც ცხოვრობს... ეს თანდათანობით ჩნდება ქართულ სინამდვილეში“.
ზაზა ფირალიშვილის თქმით, ნებისმიერ ხელისუფლებას შეუძლია საზოგადოებრივი აზრით მანიპულირება, შეუძლია შექმნას ვითარება, როცა უბრალო მოქალაქეებისთვის მისი გარდაუვალობა, მისი ფატალურობა იქნება ცხადი საგარეო ან საშინაო მტრის ხატის შექმნით და ა.შ. მაგრამ, მიუხედავად ამისა, მაინც არ უნდა გადავაჭარბოთ მთავრობის როლი დემოკრატიის ფორმირებაში.
რა გავლენას ახდენს დემოკრატიულ პროცესებზე პანდემია, რომლის პირობებშიც ვცხოვრობთ?
ზაზა ფირალიშვილის თქმით, პანდემია „მშვენიერ“ შესაძლებლობას აძლევს მოხერხებულ დემაგოგებს როგორც ხელისუფლებაში, ასევე მის გარეთ:
„პოლიტიკოსებს მიაჩნიათ, რომ უნდა ისარგებლონ ნებისმიერი გარემოებით. აქაც ჩვენზე, საზოგადოებაზეა დამოკიდებული, რამდენად მივცემთ უფლებას თავს მოგვახვიონ ზოგჯერ სრულიად ფანტასტიკური ვერსიები, ისარგებლონ ამით და თვითონ ნახონ მოგება. ერთნი გვეუბნებიან, რომ პანდემია არ არსებობს, რომ ეს მოიგონეს მასონებმა, რათა ჩაგვკეტონ სახლებში; მეორენი თესავენ პანიკას, რათა პანიკის ვითარებაში მათ გარშემო გაერთიანდეს საზოგადოება“.
ზაზა ფირალიშვილის თქმით, ქართული საზოგადოება იოლად, ზედმეტი ემოციური შეფერილობის გარეშე, დაექვემდებარა პანდემიით ნაკარნახევ ცხოვრების რეჟიმს, რაც ასევე ძალიან მნიშვნელოვანი ფაქტორია:
„ეს იმას ნიშნავს, რომ ჩვენს საზოგადოებაში ცოცხალია დიალოგისა და თანამშრომლობის კულტურა, რაც ყველაზე კარგად სასაზღვრო სიტუაციაში გამოჩნდა. გავიხსენოთ, რა შედეგები მოჰყვა იგივე პანდემიას სხვა ქვეყნებში, თუმცა, თქმა არ უნდა, პოლიტიკოსები რისი პოლიტიკოსები არიან, რომ არ ისარგებლონ ნებისმიერი შემთხვევით?!“