კორონავირუსთან ბრძოლის ჭრილში მთავრობა ვაჭრობის სექტორს ფასების შეკავებისკენ მოუწოდებს. დაიდო პირობა, რომ 10-მდე სახეობის სასურსათო პროდუქტზე ფასები შენარჩუნდება.
რა განაპირობებს მთავრობის მიერ სურსათის ფასების გაკონტროლებას? რამდენად გამართლებულია ხელოვნური ჩარევა საბაზრო ეკონომიკის კანონებში? რა შეიძლება მოიტანოს ფასების კონტროლმა?
საკვებ პროდუქტებზე ფასების შენარჩუნებას მთავრობა პანიკის პრევენციისა და ხალხის დამშვიდების წინაპირობად განიხილავს.
„ჩვენ ვსაუბრობთ არა 7 პროდუქტზე, არამედ უკვე 9 პროდუქტზე, რაც არის მნიშვნელოვანი და რაც არის იმის შესაძლებლობა, რომ ჩვენი მოქალაქეები იყვნენ მშვიდად - ამ თვალსაზრისით ფასების ზრდა არ იქნება“, - განაცხადა პრემიერის მრჩეველმა, ირაკლი ჩიქოვანმა 19 მარტს, უწყებათაშორისი საკოორდინაციო საბჭოს სხდომის შემდეგ გამართულ ბრიფინგზე.
მას შემდეგ, რაც ჩამონათვალს წიწიბურა და ლობიო დაემატა, სია ასე გამოიყურება: ბრინჯი, ფქვილი, მაკარონი, ხორბალი, მზესუმზირის ზეთი, შაქარი, რძის ფხვნილი და მისგან წარმოებული პროდუქტები, წიწიბურა და ლობიო.
ბიზნესთან საერთო ენის გამონახვა პრემიერ-მინისტრისგან სოფლის მეურნეობის სამინისტროს ჰქონდა დავალებული. 19 მარტს მინისტრმა, ლევან დავითაშვილმა თქვა, რომ შეთანხმება შედგა მსხვილი იმპორტიორებისა და დისტრიბუტორებისთვის სავალუტო რისკებისგან დაზღვევის მექანიზმის შეთავაზებით, თუმცა პროცესი მკაცრად გაკონტროლდება.
- „განსხვავება, კონკრეტული ფასიდან და კონკრეტული გაცვლითი კურსიდან გამომდინარე, ჩვენ კომპენსაციის სახით შეგვიძლია ავუნაზღაუროთ ამ მსხვილ მომწოდებლებს იმისთვის, რომ მათ კონკრეტული ფასი შეინარჩუნონ ამ მნიშვნელოვან პროდუქტებზე“;
- „მიწოდების ჯაჭვის სხვადასხვა რგოლში ძალიან მნიშვნელოვანია, რომ ჩვენ გავაკონტროლოთ ფასი და კონკრეტულმა ოპერატორმა არ მოახდინოს ფასით სპეკულირება და ამაზე გვექნება მონიტორინგი“.
ვიდრე ბიზნესთან შეთანხმების აფიშირება მოხდებოდა, რამდენიმე დღის წინ გაიმართა ეკონომიკისა და სოფლის მეურნეობის მინისტრების საგანგებო შეხვედრა მსხვილ სადისტრიბუციო და იმპორტიორ კომპანიებთან.
შეხვედრის შემდეგ გაკეთებულ განცხადებებში მკაცრი გაფრთხილებაც იგრძნობოდა.
- „მნიშვნელოვანი საკითხია, რომ ვინმემ არ ისარგებლოს ბოროტად არსებული სიტუაციით და სპეკულატიური ფასები არ არსებობდეს. ამაზე ვიქნებით ძალიან მკაცრები, პრინციპულები და მომთხოვნები. მოვუწოდებთ ყველას, რომ ამისგან თავი შეიკავოს, რადგან ჩვენი მხრიდან ძალიან მკაცრი რეაგირება იქნება“ - ლევან დავითაშვილი, სოფლის მეურნეობის მინისტრი.
- „მოვუწოდებთ სავაჭრო ქსელებს, ნუ ისარგებლებენ შექმნილი ვითარებით, აჟიოტაჟიური მოთხოვნით, ჩვენ ამას მკაცრად გავაკონტროლებთ“ - ნათია თურნავა, ეკონომიკის მინისტრი.
ფასების შეკავების დაპირება მთავრობის მხრიდან უკვე რამდენიმე დღეა ისმის. პარალელურად კი, სოციალურ ქსელებშიც აშკარად იკვეთება საქართველოს მოქალაქეების წუხილი - ფასები ისევ იზრდება. ეკონომისტები გარკვეულ პროდუქტებთან მიმართებით 20-25%-იან მატებაზე ლაპარაკობენ.
ასევე ნახეთ რას ჰპირდება მთავრობა და რა სჭირდება ხალხს19 მარტს საზოგადოების ნაწილი უკმაყოფილო დარჩა იმით, რომ მთავრობის მიერ გამოქვეყნებულ ჩამონათვალში ვერ ნახა (ასევე ძალიან გაძვირებული) ბოსტნეული. საკითხი ბევრისთვის ართუ უმნიშვნელოა იმ ფონზე, როდესაც ექიმები კორონავირუსის დასამარცხებლად, მსოფლიოს ჯანსაღი კვებისკენ მოუწოდებენ.
წამლებს ეს არ შეეხება? აფთიაქების ფასებს რატომ არ აკონტროლებთ? - ამ შინაარსის შეკითხვები სოციალურ ქსელებშიც გამოჩნდა.
რა შეიძლება მოგვიტანოს ფასების კონტროლმა?
მკაცრი განცხადებების შემდეგ ბიზნესთან მიღწეული შეთანხმების ზუსტი დეტალები არ გასაჯაროებულა და ძნელი სათქმელია, თუ რამდენად მოქნილი და შედეგიანი იქნება ეს მექანიზმი. თუმცა, თავისთავად, დარგის სპეციალისტები არ მიესალმებიან საბაზრო ეკონომიკის წესრიგში ჩარევას.
ფასების კონტროლით შეიძლება ძალიან ცუდი შედეგებიც მივიღოთ, - ეუბნება რადიო თავისუფლებას „ახალი ეკონომიკური სკოლა - საქართველოს“ ვიცე-პრეზიდენტი გია ჯანდიერი.
„მოსალოდნელია, რომ შეიქმნას დეფიციტი და ზოგიერთი პროდუქტი საერთოდ გაქრეს სავაჭრო ქსელებიდან, რადგან ფასები ხშირად არა იმპორტიორებზე, არამედ მათ მიმწოდებლებზეა დამოკიდებული... კორონავირუსის გამო მიმწოდებლებსაც გაუჭირდათ და ბევრმა ფასები გაზარდა... ამასთან, იმპორტიორებს პროდუქციის შესყიდვის ხარჯი ლარის გაუფასურების გამოც ეზრდებათ... იმპორტიორებსა და გამყიდველებს, რადგან მათაც საკუთარი ვალდებულებები აქვთ“.
ასევე ნახეთ კორონავირუსი: რეალურად რა უშველის ტურიზმს, ეკონომიკასსაბაზრო ეკონომიკის ძირითად პრინციპებზე დაყრდნობით, გია ჯანდიერი ასევე ამბობს, რომ:
- სინდისიერებასა და მორალზე ლაპარაკი უადგილოა - რადგან სრულიად ბუნებრივია, „ამა თუ იმ პროდუქტის ფასის ზრდა ხდება მოთხოვნის შესაბამისად“;
- რადგან მოსახლეობის მსყიდველუნარიანობა მაღალი არ არის, ფასების გაზრდასაც აქვს თავისი ლიმიტი - „იყიდიან, იყიდიან და ბოლოს და ბოლოს რამდენს იყიდიან?!“;
- თუკი ფასები მოთხოვნის შესაბამისად, ბუნებრივად არ განისაზღვრება - „ხალხმა შეიძლება ესა თუ ის პროდუქტი ჭარბად იყიდოს, სწორედ სიიაფის გამო და გაჩნდეს დეფიციტი“.
ასევე ნახეთ რას, რამდენს და რატომ იმარაგებენ კახეთში?
„ჩვენ თუ საბაზრო ეკონომიკის პრინციპებს ვაღიარებთ, სახელმწიფო არ უნდა ერეოდეს პროდუქტების ფასების საკითხში... მაგრამ, როგორც ჩანს, სიტუაცია კონტროლიდან გამოდის... ფასები მომატებულია, ხოლო ლარის კურსი მკვეთრად არის დაცემული“, - ეუბნება რადიო თავისუფლებას საერთაშორისო კვლევებისა და პროგნოზირების ცენტრის ვიცე-პრეზიდენტი, ნიკა შენგელია.
მისი ორგანიზაციის შეფასებით, ფასებთან მიმართებით საუკეთესო გამოსავალი იქნებოდა იმპორტიორებისთვის დამატებითი ღირებულების გადასახადის წინასწარი გადახდის პრაქტიკის დროებითი შეჩერება - „ჩვენ ასეთი რეკომენდაციით მთავრობასაც მივმართეთ“.
ეკონომისტებს არ უკვირთ, რომ ლარის მკვეთრი გაუფასურების პირობებში ფასებიც სწრაფად იზრდება. ეროვნული ბანკის მცდელობის მიუხედავად, ისინი ლარის მნიშვნელოვან გამყარებას არ მოელიან.