ბაქოს თანახმად, ოპერაციის შეჩერების თხოვნა ყარაბაღის სომხური მოსახლეობის წარმომადგენლებისგან, რუსეთის სამშვიდობო კონტინგენტის მეშვეობით, მიიღეს.
მაგრამ ცეცხლის შეწყვეტის შემდეგ პირველ საათებში მთიან ყარაბაღსა და მის დედაქალაქ სტეფანაკერტში (აზერბაიჯანულად - ხანკენდი) სრული პანიკა სუფევდა. იქ მდებარე ერთადერთ - ხოჯალის აეროპორტს რეგიონის დატოვების მსურველი უამრავი ადამიანი მიაწყდა.
„სტეფანაკერტში არ არის ელექტრობა. პრობლემაა კავშირის მხრივ. ქალაქში ამჟამად სუფევს გაურკვევლობა. ხალხმა არ იცის, რა ქნას, საით წავიდნენ, ზოგიერთები მიდიან აეროპორტში. მაგრამ ვერ წარმომიდგენია, როგორ შეძლებენ ამდენი ადამიანის მიღებას აეროპორტში რუსი მშვიდობის დამცველები“, - ასე აღწერდა ყარაბაღში შექმნილ ვითარებას დამოუკიდებელი ჟურნალისტი მარუტ ვანიანი.
ყარაბაღელი სომხების რეგიონში დარჩენა-არდარჩენის ბედი ახლა იმაზეა დამოკიდებული, თუ რით დასრულდება 21 სექტემბრისთვის ქალაქ ევლახში დაგეგმილი შეხვედრა, რომელზეც მხარეებმა მთიან ყარაბაღში მცხოვრები სომხების უფლებების დაცვის, უსაფრთხოების, რეინტეგრაციის და აზერბაიჯანის კონსტიტუციის ფარგლებში ცხოვრებისა და საქმიანობის უზრუნველყოფის საკითხები უნდა განიხილონ.
ფაშინიანმა შეთანხმების შესახებ არაფერი იცოდა
ევლახის შეხვედრამდე ერთი დღით ადრეც ბუნდოვანია, თუ ვინ მიიღებს მონაწილეობას მოლაპარაკებაში და საბოლოოდ რა ტექსტის გარშემო შეჯერდებიან მხარეები.
„აზერბაიჯანის შემთხვევაში საკითხი მარტივად გადაწყდება: შეხვედრაში მონაწილეობას მიიღებს ის, ვისაც ქვეყნის პრეზიდენტის ადმინისტრაცია ჩათვლის საჭიროდ. მთიანი ყარაბაღის შემთხვევაში კი ჯერჯერობით უცნობია, თუ ვინ უნდა აღჭურვოს ასეთი უფლებამოსილებით და ვის შეარჩევენ მოსალაპარაკებლად მთიანი ყარაბაღიდან“, - ამბობს „ეხო კავკაზას“ მიმომხილველი ვადიმ დუბნოვი.
მთიანი ყარაბაღის თვითაღიარებული რესპუბლიკის მთავრობის ბოლო ოფიციალური განცხადებები „საინფორმაციო შტაბის“ სახელით კეთდება. ამ შტაბის განცხადებაში დადასტურებულია, რომ მხარეებმა მიაღწიეს შეთანხმებას, რომელიც რუსეთის სამშვიდობო კონტინგენტის დისლოკაციის ზონიდან სომხეთის შეიარაღებული ძალების დარჩენილი ქვედანაყოფების გაყვანას, ყარაბაღის თავდაცვის არმიის დაშლასა და სრულ განიარაღებას ითვალისწინებს.
„ამ განცხადებიდან ჩანს, რომ მთიანი ყარაბაღის ხელისუფლება დათანხმდა ულტიმატუმზე, რომელიც მას რუსეთის მშვიდობის დამცველებმა გადასცეს, მხოლოდ ერთი დაზუსტებით, რომ გუშინ აზერბაიჯანის მოთხოვნებს შორის, შეიარაღებული ფორმირებების განიარაღების გარდა, იყო ასევე ხელისუფლების ყველა ორგანოს დაშლაც. დღეს კი, იმ მოთხოვნებს შორის, რომელიც ყარაბაღელებმა უნდა შეასრულონ, ეს მოთხოვნა არ დგას. შესაძლოა ის გაჩნდეს მოგვიანებით, მაგრამ ყოველ შემთხვევაში არც ოფიციალურ ცნობებსა და არც თვითგამოცხადებული მთიანი ყარაბაღის პრეზიდენტის მიერ ჩატარებული უშიშროების საბჭოს გადაწყვეტილებაში ეს პუნქტი [ხელისუფლების ყველა ორგანოს დაშლა] არ არის“, - ამბობს ვადიმ დუბნოვი.
აზერბაიჯანის თავდაცვის სამინისტროს ცეცხლის შეწყვეტის პირობებად ასახელებს ყარაბაღის რაიონში მყოფი სომხეთის შეიარაღებული ძალების და უკანონო ფორმირებების მიერ იარაღის დაყრას, საბრძოლო პოზიციების დატოვებას, ყარაბაღიდან სომხეთის არმიის ქვედანაყოფების გასვლას და ადგილობრივი უკანონო ფორმირებების დაშლას. ასევე - ყველა სახეობის იარაღის და მძიმე ტექნიკის ჩაბარებას. აზერბაიჯანის თავდაცვის სამინისტროს თანახმად, ამ პროცესების რეალიზაცია უზრუნველყოფილი იქნება რუსეთის სამშვიდობო ძალებთან კოორდინაციით.
მაგრამ ცეცხლის შეწყვეტის შეთანხმების მიღწევამდე აზერბაიჯანის შეიარაღებულმა ძალებმა, მძლავრი საარტილერიო და საავიაციო მხარდაჭერით, ყარაბაღში კონტროლზე აიყვანეს 90-ზე მეტი მნიშვნელოვანი საბრძოლო და სტრატეგიული პოზიცია, ნადავლის სახით ხელთ იგდეს 7 სატრანსპორტო საშუალება, 4 ნაღმსატყორცნი, 1 ტანკი და 2 ჯავშანმანქანა.
სტრატეგიული სიმაღლეებისა და საგზაო კვანძები დაკარგვა დაადასტურა მთიანი ყარაბაღის (სომხურად „არცახის“) ხელისუფლებამ, რომელიც შექმნილ ვითარებაში იძულებული გახდა, დათანხმებოდა ცეცხლის შეწყვეტას.
„შექმნილ ვითარებაში, ომის შეწყვეტისა და სიტუაციის მოწესრიგებისკენ მიმართული საერთაშორისო საზოგადოების ძალისხმევა არასაკმარისი აღმოჩნდა. ამ ყველაფრის გათვალისწინებით, არცახის რესპუბლიკის ხელისუფლება იღებს რუსეთის სამშვიდობო მისიის სარდლობის წინადადებას ცეცხლის შეწყვეტის თაობაზე“, - ნათქვამია არაღიარებული მთიანი ყარაბაღის მთავრობის საინფორმაციო შტაბის განცხადებაში.
სავარაუდოდ, შეთანხმების შესახებ არაფერი იცოდა სომხეთის პრემიერ-მინისტრმა, ნიკოლ ფაშინიანმა, რომელმაც 20 სექტემბრის მიმართვაში განაცხადა, რომ სომხეთის მხარე „ცნობად იღებს არაღიარებული მთიანი ყარაბაღის განცხადებას ცეცხლის შეწყვეტის შესახებ“.
ყარაბაღელი სომხების უსაფრთხოების საკითხის კომენტირებისას, ფაშინიანმა აღნიშნა, რომ რაკი რუსმა მშვიდობის დამცველებმა გააკეთეს ცეცხლის შეწყვეტის შესახებ შეთავაზება, ეს ნიშნავს, რომ მათ სრულად და დათქმების გარეშე აიღეს თავიანთ თავზე მთიან ყარაბაღში მცხოვრები სომხების უსაფრთხოების უზრუნველყოფის მთელი ვალდებულება.
ბაქო კი აცხადებს, რომ მთიანი ყარაბაღის სომხური მოსახლეობის უსაფრთხოებასა და სოციალურ-ეკონომიკურ ინტეგრაციაზე აზერბაიჯანის ხელისუფლება იზრუნებს.
„ეს გეგმა მომზადდა შესაბამისი სახელმწიფო სტრუქტურების მიერ. ასევე უნდა აღინიშნოს, რომ ყარაბაღის სომხური წარმომავლობის მოსახლეობის სოციალურ-ეკონომიკური ინტეგრაცია აზერბაიჯანის შიდა პრობლემას წარმოადგენს“, - განაცხადა 20 სექტემბერს აზერბაიჯანის პრეზიდენტის თანაშემწემ, ჰიქმეთ გაჯიევმა.
"ბოლოსწინა წერტილი ყარაბაღის დამოუკიდებლობაში"
მოვლენათა აზერბაიჯანული სცენარით განვითარებას ბევრი მოწინააღმდეგე ჰყავს მთიან ყარაბაღში, საიდანაც ცეცხლის შეწყვეტის შეთანხმების გამოცხადებისთანავე უამრავმა ადამიანმა მიაშურა სტეფანაკერტის აეროპორტს, რადგან სახმელეთო გზით სომხეთში გადასვლა უსაფრთხოების სერიოზულ რისკებთან არის დაკავშირებული.
ვადიმ დუბნოვის თქმით, ანალოგიური ვითარება იყო 2020 წლის ნოემბერში, მთიანი ყარაბაღის მეორე ომის დროსაც, როდესაც 44-დღიანი ინტენსიური საბრძოლო მოქმედებების შედეგად აზერბაიჯანის ხელში გადავიდა მთიანი ყარაბაღის სეპარატისტული რეგიონის 1/3 და კიდევ, ეთნიკური სომხებით დასახლებული 7 მიმდებარე რაიონი.
„ყარაბაღისთვის ეს არის კაპიტულაცია, ეს არის ბოლოსწინა წერტილი მათ დამოუკიდებელ არსებობაში. და ბოლო წერტილიც, როგორც ჩანს, საკმაოდ მალე დაისმება და შესაძლოა ეს მოხდეს ხვალ ევლახში გამართული შეხვედრის შემდეგ, როდესაც პაკეტში იქნება განხილული რეინტეგრაცია და ყველა დანარჩენი საკითხი, რომელსაც ბაქო აყენებს. რამდენადაც მე ვიცი, ყარაბაღში ვრცელდება ხმები, რომ მზადდება მასობრივი ევაკუაცია. და ეს ევაკუაცია, შესაძლოა, მართლაც მზადდებოდეს. მაგრამ ტოტალური ევაკუაციისა მე არ მჯერა. შესაძლოა, პირველ ეტაპზე ადამიანები მართლაც ემზადებოდნენ ევაკუაციისათვის, როგორც ეს მოხდა სამი წლის წინ, პირველი ომის შემდეგ. ძალიან ბევრი ადამიანი წავიდა მაშინ. მაგრამ შემდგომ ბევრიც დაბრუნდა, შესაძლოა სულ ტყუილად. ვფიქრობ, რომ ყარაბაღში ადამიანების საკმაო რაოდენობა დარჩება. და თქმა იმისა, რომ ეს მიწა გაუკაცრიელდება და სომხების გარეშე დარჩება, - გაზვიადებაა. ვფიქრობ, რომ ის დარჩება სომხური, მაგრამ ძალიან შეთხელდება“, - ამბობს ვადიმ დუბნოვი.
მისი თქმით, მთიან ყარაბაღში, არაღიარებული რესპუბლიკის ფარგლებში, ამჟამად, ყველაზე ოპტიმისტური გათვლებით, დაახლოებით 50-60 ათასი ეთნიკური სომეხი უნდა ცხოვრობდეს.
არავის შეუძლია იმის თქმა, მათი რა პროცენტი მოინდომებს დარჩენას და აზერბაიჯანის კონსტიტუციის ფარგლებში ცხოვრებას და საქმიანობას იმ ფონზე, როდესაც 19 სექტემბრის „ანტიტერორისტული ღონისძიებების“ დასრულების შემდეგაც კი ვითარება მთიან ყარაბაღში კვლავ დაძაბულია.
„მედუზას“ ცნობით, მთიან ყარაბაღში, 20 სექტემბერს, ცეცხლის ქვეშ მოყვა რუსი მშვიდობის დამცველების მანქანა, რომელიც ჯანიათაგის სადამკვირვებლო პოსტიდან ბრუნდებოდა. რუსეთის თავდაცვის სამინისტროს ცნობით, თავდასხმის შედეგად მანქანაში მყოფი ჯარისკაცები დაიღუპნენ.
რუსეთის სამხედრო უწყებას არ დაუზუსტებია, თუ ვინ გახსნა ცეცხლი და რამდენი რუსი ჯარისკაცია დაღუპული.
იმავე გამოცემა „მედუზას“ განკარგულებაში აღმოჩნდა სავარაუდოდ რუსეთის პრეზიდენტის ადმინისტრაციის მიერ შემუშავებული მეთოდური მითითება, რომელიც 19 სექტემბრის საღამოს დაეგზავნათ სახელმწიფო მოხელეებსა და კრემლის ლოიალურ მედია საშუალებათა წარმომადგენლებს.
მასში კრემლი ადრესატებს ურჩევს, რომ მთიან ყარაბაღში კონფლიქტის ესკალაციაში სომხეთის მთავრობა და დასავლეთის ქვეყნები დაადანაშაულონ.
მანამდე, რუსეთის პრეზიდენტმა ვლადიმირ პუტინმა სომხეთის ხელმძღვანელობა ირიბად დაადანაშაულა მთიანი ყარაბაღის აზერბაიჯანის კუთვნილებად აღიარებაში.
„და სომხეთის ხელისუფლებამაც ამის შესახებ საქვეყნოდ განაცხადა, აზერბაიჯანის სსრ-ს ფარგლებში აღიარა რა 1991 წლამდე არსებული მთელი ტერიტორია და დაასახელა რიცხვი, რომელშიც თავად ყარაბაღის ტერიტორია შედის. ეს მოხდა. ეს არ ყოფილა ჩვენი გადაწყვეტილება - ეს სომხეთის დღევანდელი ხელისუფლების გადაწყვეტილებაა“, - თქვა პუტინმა 12 სექტემბერს, აღმოსავლეთის ეკონომიკურ ფორუმზე სიტყვით გამოსვლის დროს.
თავის მხრივ, სექტემბრის დასაწყისში, სომხეთის პრემიერ-მინისტრმა ნიკოლ ფაშინიანმა „სტრატეგიული შეცდომა“ უწოდა უსაფრთხოების სფეროში სომხეთის მხოლოდ ერთ ქვეყანაზე, კერძოდ, რუსეთზე, დამოკიდებულებას.
გამოცემა La Repubblica-სთან ინტერვიუში, ფაშინიანმა მაშინ აღნიშნა, რომ სომხეთმა უკვე იგემა ამ სტრატეგიული შეცდომის „მწარე ნაყოფი“ და ამჟამად ცდილობს უსაფრთხოების სტრატეგიის „დივერსიფიკაციას“.
ასევე ნახეთ
მოსალოდნელია თუ არა მოსკოვსა და ერევანს შორის კავშირების გაწყვეტა?
19 სექტემბრის მოვლენების შემდეგ ნიკოლ ფაშინიანს სხვა საზრუნავი გაუჩნდა.
ვითარება დაძაბული რჩება სომხეთის დედაქალაქში, სადაც მოსახლეობა მეორე დღეა მართავს საპროტესტო აქციებს სომხეთის ხელისუფლების წინააღმდეგ, რომელმაც გადაწყვიტა არ გაეწია შეიარაღებული წინააღმდეგობა აზერბაიჯანის არმიისთვის მთიანი ყარაბაღის არაღიარებულ რესპუბლიკაში.
ბოლო ცნობით, დემონსტრანტებს ერევანში გადაკეტილი აქვთ რამდენიმე ქუჩა სომხეთის მთავრობის სახლის წინ, სადაც 20 სექტემბრის ღამით მასობრივი საპროტესტო აქციის გამართვა იგეგმება.
საარჩევნო ბლოკ „დედა სომხეთის“ ლიდერმა, ანდრანიკ ტევანიანმა ჟურნალისტებს უთხრა, რომ ოპოზიცია პრემიერ-მინისტრის იმპიჩმენტის საკითხსაც დააყენებს, როდესაც საპროტესტო აქციებზე „მასობრიობა იქნება უზრუნველყოფილი“.