„დარჩით მექსიკაში“ - რა ელით აშშ-ში მიგრაციის მსურველებს ტრამპის ადმინისტრაციის პირობებში

ფოტო არქივიდან. მექსიკიდან აშშ-ში ჩასული მიგრანტების რიგი ტეხასის სასაზღვრო პუნქტთან. 2023 წლის სექტემბერი

აშშ-ში მიგრაციის მსურველები გვარიანად დააფრთხო პრეზიდენტ დონალდ ტრამპის განცხადებებმა მექსიკის საზღვარზე საგანგებო მდგომარეობის გამოცხადების შესახებ. ამასთან, სხვადასხვა შტატში, გავრცელებული ცნობებით, მიგრანტების მასობრივი დეპორტაციისთვის ემზადებიან.

მიგრაციის მსურველი საქართველოს მოქალაქეები და ტურ-ოპერატორები, რომლებიც მათ მიგრაციაში ეხმარებოდნენ, დაძაბული მოლოდინის რეჟიმში არიან, თუმცა რჩებათ ფრთხილი იმედი, რომ აშშ, თავისი ფუნდამენტური პრინციპებიდან გამომდინარე, მიგრანტებისთვის ყველა გზას არ ჩაკეტავს, ხოლო უკვე წასულებს ან საზღვარზე მომლოდინეებს უკან არ გამოაბრუნებენ.

დონალდ ტრამპის ინაუგურაციის შემდეგ მალევე წვდომა შეიზღუდა ბაიდენის ადმინისტრაციის დროს შექმნილ სპეციალურ საემიგრაციო პორტალზე - CBP One, რომელიც მიგრანტებს კანონიერ მომსახურებას სთავაზობდა.

უფლებადამცველმა ორგანიზაციებმა პრეზიდენტ ტრამპის პირველი გადაწყვეტილებების გამო სასამართლოსაც მიმართეს.

რა იკრძალება?

„ჩვენ დავიწყებთ მილიონობით და მილიონობით უცხოელი კრიმინალის დაბრუნებას იქ, საიდანაც ისინი ჩამოვიდნენ“, „ორშაბათს, მზის ჩასვლისთვის, ჩვენი საზღვრების გავლით [მიგრანტების] შემოჭრა დასრულდება“, - განაცხადა დონალდ ტრამპმა, 20 იანვარს, საპრეზიდენტო ინაუგურაციაზე სიტყვით გამოსვლისას, როცა მან კრიზისების გადაწყვეტის პროცესში „ისტორიული სისწრაფითა და ძალით“ მოქმედების პირობა დადო. ინაუგურაციის შემდეგ კი, მალევე, ხელი მოაწერა 200-მდე აღმასრულებელ აქტს, მათ შორის განკარგულებებს, რომლებიც სწორედ საიმიგრაციო პოლიტიკის გამკაცრებას უკავშირდება.

ამ ეტაპზე, აშშ-ის პრეზიდენტის ახალი ადმინისტრაციის გადაწყვეტილებით:

  • აიკრძალება აშშ-ის მოქალაქეობის მინიჭება ჩვილებისთვის, დაბადების ადგილის გათვალისწინებით - გავრცელებული პრაქტიკით, ფეხმძიმე ქალები ხშირად სპეციალურად ამ მიზნით ჩადიოდნენ აშშ-ში, რათა შვილებს აშშ-ის მოქალაქეობა ავტომატურ რეჟიმში მინიჭებოდათ;
  • გამოცხადდება საგანგებო მდგომარეობა აშშ-ის სამხრეთ საზღვარზე, მექსიკასთან - ეს არის მარშრუტი, რომელსაც ყველაზე ხშირად იყენებენ არალეგალი მიგრანტები და თავშესაფრის მაძიებლები, მათ შორის - საქართველოდან;
  • დასრულდება კედლის მშენებლობა მექსიკის საზღვარზე - რაც თავდაცვის ძალების რესურსების ჩართვას მოითხოვს [ეს პროცესი ტრამპის პრეზიდენტობის პირველ ვადაში დაიწყო];
  • მიგრანტების დეპორტაცია მასობრივ სახეს მიიღებს - რისთვისაც უკვე ემზადებიან კონკრეტული შტატები და მუნიციპალიტეტები.

დონალდ ტრამპის მიერ ხელმოწერილი ერთ-ერთი დოკუმენტის თანახმად, თავდაცვის სამინისტროს დაევალა, რომ 30 დღეში მოამზადოს შესაბამისი გეგმა საზღვრების ჩასაკეტად, რომლის მიზანია - „სუვერენიტეტისა და ტერიტორიული მთლიანობისა და შეერთებული შტატების უსაფრთხოების შენარჩუნება, შემოჭრის სხვადასხვა ფორმის შესაკავებლად, უკანონო მასობრივი მიგრაციის, ნარკოტიკებით ვაჭრობის, კონტრაბანდისა და ტრეფიკინგის ჩათვლით“.

ახალი პოლიტიკის პირველი შედეგები უკვე სახეზეა - 21 იანვარს დილიდან შეიზღუდა წვდომა მიგრანტების აღრიცხვისთვის მოქმედ პორტალზე CBP One, რომელიც ბაიდენის ადმინისტრაციის მიერ ბოლო წლებში გამკაცრებული საიმიგრაციო პოლიტიკის ფარგლებში შეიქმნა, მიგრანტთა ნაკადების მოსაწესრიგებლად.

CBP One-ის აპლიკაციის საშუალებით [რომელიც 2023 წელს ამოქმედდა] მიგრანტები დისტანციურად რეგისტრირდებოდნენ - ეს აპლიკაცია დღეში 1500-2000 მიგრანტს აღრიცხავდა. ასე დგებოდა კანონიერი რიგი - სასაზღვრო სამსახურის წარმომადგენელთან გასასაუბრებლად და წინასწარვე შეიძლებოდა იმის გარკვევა - მოხვდებოდა მიგრანტი ე.წ. ციხეში თუ უკან გამოაბრუნებდნენ. ვინც ამ კანონიერ გზას გამოიყენებდა, უარის შემთხვევაშიც კი - სასჯელი არ დაეკისრებოდა.

„შევწყვეტთ თავშესაფრის მიცემას და დავიწყებთ დაუყოვნებელი დეპორტაციის პროცესს, თავშესაფრის მიღების შესაძლებლობის გარეშე. შემდეგ ჩვენ შევწყვეტთ მოქალაქეობის მინიჭების პრაქტიკას [აშშ-ში] დაბადების [ადგილის] მიხედვით“, - ამერიკის ხმის ინფორმაციით, ასეთი განცხადება მედიასთან თეთრი სახლის პრესსპიკერის მოადგილემ, ენ კელიმ გააკეთა. ამავე წყაროს მიხედვით, პრეზიდენტის ადმინისტრაცია აღადგენს ძველ პოლიტიკას - „დარჩი მექსიკაში“, რომელიც პრეზიდენტ ტრამპის პირველი ვადის ფარგლებში მოქმედებდა. ამ პოლიტიკის თანახმად - აშშ-ში შესვლის მსურველები ვერ შედიოდნენ ქვეყანაში, მექსიკის საზღვარზე შეტანილი განაცხადის დაკმაყოფილების გარეშე.

საქართველოს მოქალაქეები ლოდინის რეჟიმში

„ამერიკაში წასვლაზე აღარ ვიფიქროთ? თუ ჯერ არ ვინერვიულოთ წინასწარ?“ - შეკითხვებს სვამენ მიგრაციის მსურველი საქართველოს მოქალაქეები სოციალურ ქსელებში, დახურულ თუ ღია ჯგუფებში, სადაც ისინი ერთმანეთს საემიგრაციო გამოცდილებას უზიარებენ.

იმის გათვალისწინებით, რომ ჯერ ყველაფერი სრულად ნათელი არ არის, ერთმანეთს ნერვიულობას მაინც არ ურჩევენ და სტაჟიანი ემიგრანტები, დასამშვიდებლად, ტრამპის პრეზიდენტობის წინა ვადასაც იხსენებენ:

„2019 წელს ტრამპის პრეზიდენტობის დროს გადმოვედი მექსიკიდან [აშშ-ში]. დღეს უკვე მწვანე ბარათი მაქვს. ნუ ნერვიულობთ. კარგად გაეცანით კანონებს თქვენს უფლებებს. ამერიკაში ადამიანის უფლება არასდროს დაირღვევა, ჩრდილოეთ კორეა არაა!“.

მაგრამ ჯერჯერობით არავინ არაფერი იცის და მოვლენების განვითარებას დაძაბულად აკვირდებიან. ტუროპერატორები [გადამყვანები] შეფასებებისგან ჯერჯერობით თავს იკავებენ, თუმცა შეუძლებლად თვლიან აშშ-ის მიერ თავშესაფრის ძიების ყველა ლეგალური გზის აკრძალვას, რადგან შემდეგ, როგორც პრაქტიკამაც აჩვენა, ლეგალურ გზებს არალეგალური ანაცვლებს.

CBP One-ის პორტალით სარგებლობა საქართველოს მოქალაქეებსაც უწევდათ, მიუხედავად იმისა, რომ ასეთი კანონიერი გზა დამატებით ხარჯებთან იყო დაკავშირებული - რადგან, გასაუბრებაზე გამოძახებამდე, მიგრანტები თავიანთი რიგს, კვირების ან თვეების განმავლობაში, ნიკარაგუასა თუ მექსიკაში ელოდებოდნენ.

რადიო თავისუფლების ინფორმაციით, ახლაც, შესაძლოა რამდენიმე ასეული ან რამდენიმე ათასი ადამიანი, ახალი ადმინისტრაციის კონკრეტულ გადაწყვეტილებებს ელოდებიან.

CNN-ი იტყობინება, რომ - დონალდ ტრამპის ინაუგურაციის შემდეგ, „ამერიკის სამოქალაქო თავისუფლებების კავშირმა“ [ACLU] უკვე მოასწრო სასამართლოში ჩივილი - სწორედ CBP One-ის დახურვის გადაწყვეტილების გამო, მიგრანტების უფლებების შეზღუდვის გამო. ასევე, ACLU-მ, სხვა უფლებადამცველ ორგანიზაციებთან ერთად, გაასაჩივრა - ახლად დაბადებული უცხოელებისთვის აშშ-ის მოქალაქეობის ავტომატურად მინიჭების შესახებ დღემდე მოქმედი რეგულაციის აკრძალვა.

„აშშ-ში დაბადებული ბავშვებისთვის მოქალაქეობაზე უარის თქმა არა მხოლოდ კონსტიტუციას ეწინააღმდეგება, არამედ ამერიკული ფასეულობების უხეში და სასტიკი უარყოფაა“, - ACLU-ს ხელმძღვანელის, ენტონი რომეროს სიტყვებს BBC ციტირებს.

საიმიგრაციო პოლიტიკა პრეზიდენტ ბაიდენის დროსაც გამკაცრდა, რაც ძირითადად მიგრანტების მტკივნეული თემის გარშემო წინასაარჩევნო მძაფრ დაპირისპირებას მოჰყვა, თუმცა მიგრანტებს ძირეული პრობლემები არ შეჰქმნიათ. საქართველოს მოქალაქეები მექსიკიდან აშშ-ში ძველებურად შედიოდნენ. უკან გამობრუნების რისკი მაღალი იყო საზღვრის უკანონო გადალახვის შემთხვევაში.

ჯო ბაიდენის განკარგულებით, აშშ-ის სამხრეთი საზღვარი სრულად არ ჩაკეტილა. გამონაკლისი კვლავ რჩებოდა ჰუმანიტარული საჭიროების მქონე ადამიანებისთვის და, მაგალითად: ტრეფიკინგის მსხვერპლისთვის; არასრულწლოვანისთვის - თანმხლები პირის გარეშე; პირისთვის, რომელიც გამოექცა სიცოცხლისთვის სარისკო ვითარებას, დევნას, შესაძლო წამებას [თუკი დადასტურდა შიშის ნამდვილობა და საფუძველი - შეამოწმებენ გამკაცრებული სტანდარტით]; სერიოზული სამედიცინო დახმარების საჭიროების მქონე პირისთვის.

ბევრი იმედოვნებს, რომ რადგან დონალდ ტრამპმა დეპორტაციასთან მიმართებით კრიმინალები ახსენა, აშშ-დან მხოლოდ კრიმინალებს გააძევებენ, მაგრამ ვარაუდობენ ასევე, რომ დაწესდება მკაცრი კონტროლი - კრიმინალების გამოსავლენად.

მზადება მიგრანტების წინააღმდეგ და მათ დასაცავად

CNN-ი წერს, რომ ახალი, ხისტი საემიგრაციო პოლიტიკის პირობებში დაითესა შიში და გაუგებრობა ამერიკის ქალაქებში, სადაც ბევრი მიგრანტი ცხოვრობს და „სასკოლო ავტობუსის მძღოლებიდან დაწყებული, რესტორნის მენეჯერებითა და სასულიერო პირებით დამთავრებული, ყველას აწუხებს შეკითხვა - „რა უნდა ვქნათ, თუკი საიმიგრაციო და საბაჟო სამსახურები კარზე დააბრახუნებენ?!“

ამერიკის მთელ რიგ შტატებში საიმიგრაციო პოლიტიკის გამკაცრებას სიხარულით ხვდებიან. ინაუგურაციამდე რამდენიმე კვირით ადრე, ათობით შტატის გუბერნატორებმა გამოაქვეყნეს ერთობლივი განცხადება, სადაც ისინი მხარს უჭერენ „პრეზიდენტ დონალდ ტრამპის ურყევ ვალდებულებას, კვლავ აქციოს ამერიკა უსაფრთხოდ, უკანონო მიგრაციის კრიზისის გადაჭრის გზით და არალეგალური ემიგრანტების დეპორტაციით, რომლებიც საფრთხეს უქმნიან ჩვენს საზოგადოებას და ეროვნულ უსაფრთხოებას“.

როგორც იუწყებიან, ფლორიდის, ტეხასისა და ნევადის შტატების გუბერნატორები აცხადებენ, რომ მზად არიან ეროვნული გვარდიის რესურსების მობილიზებისთვის, წესრიგის აღსადგენად.

თუმცა მთელი რიგი შტატების ცალკეული ქალაქები თუ მუნიციპალიტეტები სხვადასხვანაირად მოქმედებენ

მაგალითად, კოლორადოს შტატის დედაქალაქ დენვერში, რომელიც მიგრანტების სიმრავლით გამოირჩევა, არ აპირებენ დაეხმარონ ფედერალური საემიგრაციო და საბაჟო სამსახურის [ICE] აგენტებს, ქალაქში ჩატარებული რეიდების დროს, მიგრანტთა დევნაში; თუმცა მიმართავენ სასამართლოს, თუკი მიგრანტები სამიზნე გახდებიან, მაგალითად - სკოლებში, საავადმყოფოებსა თუ ეკლესიებში.

მაგრამ ასევე კოლორადოს შტატში, დუგლასის ოლქში, სადაც 400 ათასი ადამიანი ცხოვრობს, ადგილობრივმა საბჭომ მოითხოვა სპეციალური მკაცრი კანონების შემოღება და მიგრანტთა გასახლება აშშ-დან.

ილინოისის შტატში, ქალაქ ჩიკაგოში, საჯარო სკოლებმა მიგრანტთა ოჯახებს სპეციალური წერილები გაუგზავნეს და შეატყობინეს, რომ კვლავ ძალაშია მოსწავლეებისა და პერსონალის დაცვის პროგრამა სკოლებში, სადაც იკრძალება ICE-ის აგენტებთან თანამშრომლობა, ხოლო უმაღლესი სასწავლებლის კამპუსში არ დაიშვებიან - სისხლის სამართალწარმოების ორდერის გარეშე. მიგრანტების ოჯახებთან ტარდება ტრენინგები - საკუთარ უფლებებში გარკვევის მიზნით.

ინაუგურაციამდე რამდენიმე დღით ადრე, Wall Street Journal-ი წერდა, რომ მიგრანტთა წინააღმდეგ მასშტაბური რეიდების დაწყება სწორედ ჩიკაგოდან არის მოსალოდნელი.

ასევე ნახეთ: