„ამხელა სამსახური მას კრემლისათვის აქამდე არასდროს გაუწევია, როგორც წესი, ცარიელი ჟესტებით და რიტორიკით კმაყოფილდებოდა“, - ამბობს ბუდაპეშტის ევროატლანტიკური ინტეგრაციის ცენტრის მკვლევარი დორკა ტაკაში. უნგრეთის პრემიერ-მინისტრმა 14 დეკემბერს, მუქარის მიუხედავად, ხელი არ შეუშალა უკრაინასთან ევროკავშირში გაწევრების შესახებ მოლაპარაკებების დაწყებას, თუმცა ისეთი ფორმულირებით, რომელიც მას პროცესის შეფერხების საშუალებას კიდევ მისცემს. ამავე დროს, ორბანმა დაბლოკა ევროკავშირის 50-მილიარდიანი დახმარების პაკეტი უკრაინისთვის. ვაჟა თავბერიძე დორკა ტაკაშის ვიქტორ ორბანის თამაშის მიზნებსა და თავისებურებებზე ესაუბრა.
რადიო თავისუფლება: რა არის პრეზიდენტ ორბანის მოდუს ოპერანდი ევროკავშირთან მიმართებით? რა თამაშს თამაშობს?
დორკა ტაკაში: ამ მომენტისათვის ვხედავთ, რომ ორბანი ცდილობს, ანტილიბერალი სახელმწიფოების ალიანსი, ერთგვარი კოალიცია შეაკოწიწოს როგორც ევროკავშირში, ასევე მის ფარგლებს გარეთ. თავად უნგრეთი ევროკავშირშია, მაგრამ რადგანაც იქ ორბანი გულზე ნაკლებად ეხატებათ, უწევს თვალსაწიერი გაიფართოოს და ამიტომაცაა, რომ უშურველად ქომაგობს ახალი ქვეყნების ევროკავშირში გაწევრებას, ძირითადად ბალკანეთიდან. უკრაინას არ სწყალობს, სამაგიეროდ, მზარდად არალიბერალური საქართველო მისი ერთ-ერთი მთავარი, საფლაგმანო პროექტია.
საქართველო ორბანის საფლაგმანო პროექტია.
რადიო თავისუფლება: მართლაც კრემლის კაცია, როგორც ბევრი აცხადებს თუ საკუთარ თამაშს თამაშობს?
დორკა ტაკაში: სამწუხაროდ, ეს ორი ერთმანეთს სულაც არ გამორიცხავს. თუმცა, უნდა ითქვას, რომ უკრაინისათვის მისაცემი 50-მილიარდიანი პაკეტის დაბლოკვა ორბანის მხრიდან რაღაც ახალია, ეს სხვა განზომილებაა - ამხელა სამსახური მას კრემლისათვის აქამდე არასდროს გაუწევია, როგორც წესი, ცარიელი ჟესტებით და რიტორიკით კმაყოფილდებოდა, ეს უკვე კრემლის მაამებლობის ჯერ არნახული მასშტაბებია. რა თქმა უნდა, კრემლში კმაყოფილები არიან ორბანით, აქებენ და ადიდებენ. ის, რასაც ორბანი აკეთებს, რუსული პროპაგანდისთვის დიდებული საჩუქარია: შეხედეთ, შეხედეთ! ბრიუსელში განხეთქილებაა - ევროკავშირი ერთიანი არ არის, დაქსაქსულია! შეხედეთ უნგრეთს, შეხედეთ სლოვაკეთს! წინ ვერ დაგვიდგებიან, იმიტომ რომ ერთსულოვნება აკლიათ. მოკლედ, ორბანის ნარატივებს კრემლი წლებია, სათავისოდ იყენებს, მაგრამ ამ ყველაფრისთვის ზურგის გამაგრება, უკრაინისთვის ფინანსური დახმარების დაბლოკვით, ეს უკვე ახალი სიმაღლეების დაპყრობაა.
რადიო თავისუფლება: გასაგებია. ორბანს კრემლისთვის სარგებელი მოაქვს - მაგრამ კრემლს რა სარგებელი მოაქვს ორბანისთვის? ის რას იღებს ამ ყველაფრიდან?
დორკა ტაკაში: ეს მილიონდოლარიანი კითხვაა. მთავრობაში გეტყვიან, რომ სწორედ ამ ურთიერთობის წყალობით აქვს უნგრეთს იაფი რუსული გაზი, რომ ესაა მათი სარგებელი. მაგრამ ეს მითია. უნგრეთი უფრო იაფად არ ყიდულობს რუსულ გაზს, ვიდრე რეგიონის სხვა ქვეყნები, რომლებიც კრემლს ასე არ ეძმაკაცებიან. ასე რომ, ეს ერთობ მყიფე არგუმენტია. რეალურად, ეს ნაკლებად ემსახურება უნგრეთის ეროვნულ ინტერესს, მაშ, რას ემსახურება? ვფიქრობ, პასუხი უფრო ორბანისა და მისი პირადი გუნდის ფინანსურ ინტერესში უნდა ვეძიოთ. სხვა ლოგიკა აქ არაა. საქმე ისაა, რომ ამ ყველაფრის ფასს - კრემლთან მეგობრობის ფასს არა ორბანი, არამედ უნგრეთი და უნგრელი ხალხი გადაიხდის.
კრემლთან მეგობრობის ფასს ორბანის ნაცვლად უნგრეთი და უნგრელი ხალხი გადაიხდის.
რადიო თავისუფლება: უკრაინასთან ევროგაწევრების მოლაპარაკებების დაწყებას ის მანამდე ეწინააღმდეგებოდა, სანამ უნგრეთისთვის განკუთვნილი 10 მილიარდის გალღობას არ მიაღწია [დაახლოებით 22 მილიარდი ევროს დახმარება ევროკავშირმა ბუდაპეშტს ბოლო წლებში ადამიანის უფლებათა და სამართლის უზენაესობის დარღვევების გამო გაუყინა]. შემდეგ, მრავლისმეტყველი ჟესტით, დარბაზიდან გავიდა თუ გაიყვანეს, რათა კენჭისყრას არ დასწრებოდა. სამაგიეროდ, მოგვიანებით უყოყმანოდ დაბლოკა უკრაინისთვის ფინანსური დახმარების 50-მილიარდიანი პაკეტი - ერთი, მარტო წავიდა ოცდაექვსის წინააღმდეგ. რამდენად დიდია რისკი, რომ ეს არ იყო ერთჯერადი ინციდენტი და ამიერიდან, ყოველ ჯერზე, როდესაც ევროკავშირი უკრაინის დახმარებას გადაწყვეტს, ორბანი თავს წამოყოფს და ფულებს მოითხოვს?
დორკა ტაკაში: რისკი არსებობს და ეს რეალური რისკია. 14 დეკემბრამდე, ორბანი და მისი მთავრობაც ერთხმად აცხადებდნენ, რომ ამ ორ საკითხს - უნგრეთის გაყინულ ფინანსებს და უკრაინის დახმარებას - ერთმანეთს არ მიაბამდნენ, მაგრამ უკვე პარასკევს დილით, თავის ყოველკვირეულ რადიოჩართვაში ორბანმა ლამის ხელების ფშვნეტით განაცხადა, რომ უკრაინასთან წევრობაზე მოლაპარაკების დაწყება მხოლოდ სიმბოლური ნაბიჯია, რომ წლების განმავლობაში ევროკავშირს არაერთხელ დასჭირდება უნგრეთის თანხმობა ამ საკითხზე და უნგრეთიც ყოველ ჯერზე ამას სათავისოდ გამოიყენებს, და მხოლოდ მაშინ დათანხმდება, როდესაც თავისას მიიღებს, რადგან, როგორც თავად თქვა: „უნგრეთს სჭირდება მისთვის განკუთვნილი ფული სრულად - არა ნახევარი და არა მეოთხედი“ ეს სხვა არაფერია, თუ არა კლასიკური შანტაჟი. Მაგრამ, ვინაიდან უკრაინის ფინანსური დახმარებისთვის ვეტო კი არ დაუდია, არამედ უბრალოდ დაბლოკა, ეს დახმარებას მხოლოდ შეაფერხებს, პროცესს დროში გაწელავს - სხვა ქვეყნებს აქვთ უნგრეთისთვის გვერდის ავლის გზები და უკვე თქვეს, რომ სწორედ ასე აპირებენ მოქცევას.
რადიო თავისუფლება: უკრაინიდან საქართველოსკენ გადავინაცვლოთ, რომელიც, როგორც თქვენ აღნიშნეთ, მისი საფლაგმანო პროექტია. რამდენად უნდა ვუმადლოდეთ ორბანს კანდიდატის სტატუსის მიღებას? რა როლი ითამაშა მან ამ ყველაფერში?
დორკა ტაკაში: ძალიან კარგი კითხვაა. თუ უნგრეთის მთავრობას დააკვირდებით, დაინახავთ, რომ ის მზარდი იზოლაციის ქვეშაა - სულ უფრო და უფრო ნაკლებია იმ მთავრობების რიცხვი, რომელთაც სურთ ორბანთან საქმის დაჭერა. შედეგად ვიღებთ ამ გულითად მეგობრობას მოძმე არალიბერალ რეჟიმთან, ვხედავთ რიხიან, სიმბოლურ ჟესტებს, როგორიცაა, მაგალითად, პრემიერ ღარიბაშვილის მთავარ სპიკერად მიწვევა ბუდაპეშტში გამართულ კონსერვატიულ კონფერენციაზე, შემდეგ ორბანის საპასუხო, საოჯახო ვიზიტი საქართველოში, რაც, იმის გათვალისწინებით, რომ ორბანს მსგავსი რამეები დიდად არ ეჭაშნიკება და იშვიათად თანხმდება ხოლმე, [ღარიბაშვილისადმი] პირადი სიმპათიის ნიშანია. ინტერესთა თანხვედრას თან ახლავს მსგავსი რიტორიკაც და არალიბერალური განწყობების წახალისება. აგდებული დამოკიდებულება „გარყვნილი დასავლეთისადმი“, სუვერენიტეტის - რეალური იქნება ის თუ მოჩვენებითი - თაყვანისცემა, და ლამის სარკისებური მიდგომა უკრაინის საკითხის მიმართ - არც ერთს არ სჯერა, რომ უკრაინას ძალუძს, ამ კონფლიქტიდან გამარჯვებული გამოვიდეს. საინტერესოა ისიც, რომ ყოველ ჯერზე, როდესაც ორბანი უკრაინას აკრიტიკებს და ამბობს, რომ უკრაინა ევროკავშირისთვის მზად არაა, რომ იქ დემოკრატიას უგულებელყოფენ, კორუფცია მეფობს და ოლიგარქიული მმართველობაა, საქართველო რატომღაც „გადაავიწყდება“ ხოლმე. არასდროს გვესმის მსგავსი კრიტიკა საქართველოს მიმართ, რომელსაც ასევე აწუხებს იდენტური პრობლემები. და თუ გამომძიებელ ჟურნალისტებს ვენდობით, მაშინ უნგრეთიდან რუსეთში ბევრი რამ გადის, და იგივე ხდება საქართველოდან, ეს კიდევ უფრო აახლოებს ორ ქვეყანას... ამავე დროს, არის კიდევ ერთი ასპექტი, პირადი სიმპათიებისა და ურთიერთსარგებლის მიღმა - საქართველო ფრიად გამოსადეგი ინსტრუმენტია ორბანისთვის, რათა უკრაინის ევროკავშირში ინტეგრაციის პროგრესი დააბრკოლოს. რეალურია სცენარი, სადაც ყოველ ჯერზე, როდესაც უკრაინა ნაბიჯს წინ გადადგამს, ორბანი გამოვა და ვეტოთი დაიმუქრება, თუ საქართველოც არ მიიღებს იმას, რასაც ითხოვს. ეს კი ბრიუსელისთვის დამატებით თავსატეხს ნიშნავს - უკრაინის საკითხზე მისაღწევ კონსენსუსს საქართველოზე მისაღწევი კონსენსუსებიც ემატება.
რეალურია სცენარი, სადაც ყოველ ჯერზე, როდესაც უკრაინა ნაბიჯს წინ გადადგამს, ორბანი გამოვა და ვეტოთი დაიმუქრება, თუ საქართველოც არ მიიღებს იმას, რასაც ითხოვს.
რადიო თავისუფლება: გამოდის, რომ ორბანი წაუგებელ თამაშს ითამაშებს: უკრაინასაც დააბრკოლებს და საქართველოსაც მოიმადლიერებს, იმ შემთხვევაშიც კი, თუ თბილისს უარით გამოისტუმრებენ ხოლმე - ის ხომ ეცადა, მაგრამ ბრიუსელში გაჯიუტდნენ... არა?
დორკა ტაკაში: სწორედ ასეა. რამდენად დიდია ამ სცენარის ალბათობა, მომავალი გვაჩვენებს, მაგრამ არარეალური ნამდვილად არ არის. ასე რომ, თუ საქართველოს მთავრობას მართლაც სურს, ქვეყანა ევროკავშირის წევრი გახდეს, იმედია, გონიერება ეყოფათ და ყველა ფსონს უნგრეთზე არ დადებენ, ქვეყანაზე, რომელიც თანდათან ევროკავშირის პარიად იქცევა.
რადიო თავისუფლება: საბოლოოდ რისი მიღწევა სურს? რა არის ორბანის თამაშის საბოლოო მიზანი?
დორკა ტაკაში: ძნელი სათქმელია. მიუხედავად მისი ანტიევროპული რიტორიკისა, არ ვფიქრობ, რომ უნგრეთის ევროკავშირიდან გასვლა სურს, პირიქით, მისი მიზანია, მეტი თანამოაზრე ჰყავდეს იქ. თუ ევროკავშირიდან გავა, უნგრეთის სტრატეგიული ფასი დაეცემა, სხვა ყველაფერთან ერთად, ის ნაკლებად მიმზიდველი გახდება ჩინური ინვესტიციებისათვის, ეს კი ორბანის საგარეო პოლიტიკისთვის ოქროს კვერცხისმდებელი ქათმის დაკარგვას უდრის. ორბანისთვის იდეალური ევროკავშირი სუსტი ევროკავშირია, სადაც, ასე ვთქვათ, მეტი გაუვა. ამიტომ ცდილობს ასე გამალებით ევროსკეპტიკოსი პარტნიორების მოძიებას, როგორიცაა, მაგალითად, სლოვაკეთის დღევანდელი მთავრობა - მისი მიზანია ევროკავშირში ევროსკეპტიკოსთა ბანაკი მოძლიერდეს.
თუ საქართველოს მთავრობას მართლაც სურს, ქვეყანა ევროკავშირის წევრი გახდეს, იმედია, გონიერება ეყოფათ და ყველა ფსონს უნგრეთზე არ დადებენ.
რადიო თავისუფლება: და ბოლო კითხვა, რომელიც, რომ ვუფიქრდები, შეიძლება პირველი უნდა ყოფილიყო - მის საოცარ ტრანსფორმაციაზე მინდა გკითხოთ, პროდემოკრატიული და ანტირუსული პოზიციების მქონე ლიდერიდან იმ ორბანამდე, რომელსაც დღეს ვხედავთ. თუნდაც იგივე საქართველო გავიხსენოთ - იყო დრო, როდესაც ის ამბობდა, რომ ექსპრეზიდენტი სააკაშვილი, რომელიც დღეს ციხეში ზის, მისი დიდი მეგობარი იყო, დღეს კი აცხადებს, რომ პრემიერი ღარიბაშვილია მისი მეგობარი... როგორ მოხდა ეს საოცარი გარდასახვა?
დორკა ტაკაში: დიახ, ამას ნამდვილად შეგვიძლია „საოცარი ტრანსფორმაცია“ ვუწოდოთ. ეს არის კაცი, რომელმაც დიდ პოლიტიკაში შემოაბიჯა იმით, რომ საჯაროდ გამოვიდა და მოითხოვა, რუსები უნგრეთიდან წაეთრიონო, თანაც ეს მაშინ, როდესაც ბუდაპეშტში ჯერ კიდევ საბჭოთა ტანკები იდგნენ... მისი პირველი ნაბიჯები პოლიტიკაში მძაფრ კონტრასტშია მის დღევანდელ რიტორიკასთან. მისმა პარტიამ, „ფიდეშმა“, ანალოგიური ტრანსფორმაცია განიცადა - ჯერ მთავრობაში მოვიდნენ, მაგრამ შემდეგ 8 წელი მოუწიათ ოპოზიციაში ყოფნა და ამ წლების განმავლობაში, როგორც ჩანს, გარკვეული დასკვნები გააკეთეს, ეს რვა წელი, ასე ვთქვათ, „გაკვეთილად გამოადგათ“... მთავარი მამოძრავებელი მიზანი ამ ტრანსფორმაციისა, ამ ანტილიბერალიზმისა და ანტიდემოკრატიისკენ მიმართული კურსისა, ვფიქრობ, იყო ძალაუფლების შენარჩუნება და არდათმობა, რაც შეიძლება დიდხანს, ნებისმიერ ფასად... გავიხსენოთ ორბანის ერთ-ერთი ყველაზე ცნობილი და ერთობ მრავლისმეტყველი ფრაზა, რომელიც მან 2002 წელს, არჩევნების წაგებისა და ოპოზიციაში გადაბარგებისას თქვა: „სამშობლო ოპოზიციაში ვერ იქნება!..“ ვფიქრობ ეს ხსნის ძალიან ბევრ რამეს, რასაც ისინი აკეთებენ 2011 წლიდან: ეს მოიცავს სახელმწიფოს მიტაცებას, მედიის მიტაცებას და ა.შ...