„თავი და თავი შეცდომა კი, უეჭველია,
კაცის სხეულს სჭირს:
ერთი თავით აბა რას იზამს,
როცა ცხოვრება უშეცდომოდ ასე ძნელია?!“ (პარუირ სევაკი, თარგმანი გივი შაჰნაზარისა)
გივი შაჰნაზარი 1933 წლის 23 აგვისტოს, თბილისში დაიბადა. მამით სომეხს დედა და ბებია ქართველები ჰყავდა. სომხური უნივერსიტეტში ისწავლა.
„აღმოსავლეთმცოდნეობაზე, არაბულზე აბარებდა. საგამოცდო კომისიის წევრი იყო არმენოლოგი ილია აბულაძე. გივი მეუბნებოდა, სომხურად მკითხა და ერთი სიტყვა არ ვიცოდიო“, - ჰყვება ლიტერატურათმცოდნე მერაბ ღაღანიძე.
გივი შაჰნაზარმა ქართულად თარგმნა პარუირ სევაკის კრებული „იქმენინ ნათელი“, კაროლ ვოიტილას (იოანე პავლე II) დრამა „ოქრომჭედლის სახელოსნოს წინ“, ნაწყვეტები გრიგოლ ნარეკაცის „გოდებათა მატიანედან“, ასევე, აფხაზური და ოსური პოეზია.
„წყალობა შენი – სასოება ყოველთა ზედა,
პირველნათელი შენი – თვალის, გულის და გონის,
წყარო ჭვრეტისა, ო, იესო, რამეთუ შენ ხარ,
მხოლოდ შენ ერთი – მოვლენილი სიკეთედ ჩვენდა,
მიმნიჭებელი სიცოცხლის და უკვდავებისა“... („გოდებათა მატიანედან“ თარმანი გივი შაჰნაზარისა)
„ნარეკაცის „გოდებათა მატიანედან“ სომხური ლიტერატურის სავიზიტო ბარათია. შუა საუკუნეების სასულიერო ტექსტია, რომლის თარგმნა ადვილი არ გახლდათ, - ამბობს მთარგმნელი ასია დარბინიანი, - მეც მთარგმნელობა გივითი შთაგონებულმა დავიწყე. ჩემთვის ის ძალიან დიდი ავტორიტეტი იყო“.
გივი შაჰნაზარს ნათარგმნი აქვს საიათნოვას ლექსებიც. 2014 წელს, როდესაც თბილისში საიათნოვას დაბადების 300 წლისთავი აღნიშნეს, შაჰნაზარმა რადიო თავისუფლებას უთხრა: „მხოლოდ დიდი პიროვნებები ახერხებენ მოიცვან დიდი სივრცეები. საიათნოვა ერთ-ერთი მათგანი მგონია, რადგან ის „მოიცავდა“ არა მხოლოდ თავის მშობლიურ საქართველოსა და სომხეთს, საიდანაც წარმოშობით იყო, არა მხოლოდ თურქეთსაც, არამედ ეს საზღვრები კიდევ უფრო შორს მიდიოდა...“
2015 წელს გივი შაჰნაზარს თბილისის საპატიო მოქალაქის წოდება მიენიჭა. 2021 წელს გადაეცა პრემია „საბა“, ლიტერატურის განვითარებაში შეტანილი განსაკუთრებული წვლილისთვის.
შაჰნაზარი თავადაც წერდა ლექსებს, თუმცა ფრთხილად და თარგმანთან შედარებით უფრო მოკრძალებულად.
„ყოველთვის დიდხანს მსჯელობდა, რამე დაებეჭდა თუ არა. ცოტას წერდა. მისი ლექსები და თარგმანები რომ შეკრიბო, ერთი ტომი თუ გამოვა. სულ ვსაყვედურობდი, რომ გრიგოლ ნარეკაცის პოეზიის თარგმნა დაიწყო და ბოლომდე არ მიიყვანა“, - ამბობს მერაბ ღაღანიძე. „გივი რაინდობის, კეთილშობილების განსახიერება იყო, შემწყნარებელი, ლაღი ადამიანი. ყველაზე ცუდი დახასიათება, რაც მისგან მომისმენია, ასეთი ფრაზაა: „ეს ადამიანი ჩვენ არ მოგვეწონება“. არ მახსოვს რამე შეკრება, პრეზენტაცია თუ საღამო, სადაც გივი არ ყოფილიყო თავისი ჯოხით. ცალი ფეხი ბავშვობაში დაკარგა, მაგრამ მაინც ყველგან მიდიოდა“.
Your browser doesn’t support HTML5
2010 წელს გივი შაჰნაზარმა რადიო თავისუფლებისთვის დღიურები დაწერა, ამ დღიურებში 24 მაისის ორშაბათს ასე აღწერს:
„დღის პირველი ნახევარი ჩემს, თითქმის ყოველდღიურ, საქმიანობას არ გასცილებია, მთარგმნელობით საქმიანობას ვგულისხმობ. მე, როგორც ორი ძველთუძველესი ერის შვილი, მათი ურთიერთობის ბევრი გზის კვალში მადევრის როლს ვერასოდეს ვუღალატებ. საქვეყნოდ გაცხადებულად ერთსაც ვიტყვი, რომ ღმერთს ეს ორი ქრისტიანი ერი, თავისი უძველესი კულტურით, იქნებ სამყაროს გადასარჩენადაც კი შეუქმნია... არაერთხელ განმიცხადებია და ახლაც გავიმეორებ, რომ სამყაროს ორი უზარმაზარი ნახევარსფეროს - დასავლეთისა და აღმოსავლეთის ამ ორ სამყაროს უზომოდ დიდ ფილტვს - კავკასიის გარეშე (ამ ორი ფილტვის შემაერთებლის გარეშე) არსებობა არც უწერია. ეს მოსაზრება პირველად მე გამოვთქვი და ეჭვიც არ მეპარება, რომ ღმერთის გარეშე ეს არც არასოდეს ყოფილა და სხვანაირად ალბათ არც ეგების“.