ორწლიანი მზადების, საბუთების შეგროვების, ენის სწავლის, აპლიკაციის შევსებისა და გასაუბრებების შემდეგ, ნინო მაღრაძე კანადაში გადავიდა საცხოვრებლად. ახლა მისი სახლი ალბერტას შტატის ქალაქ ედმონტონშია, იქვე მუშაობს და გვიყვება ქვეყანაზე, სადაც „ცოტა ხალხი და ბევრი გაყინული ტბაა, ძალიან ცივა, ქუჩაში კი, შეიძლება, კოიოტიც შეგხვდეს“. ევროკავშირის ქვეყნებისა და აშშ-ს შემდეგ, კანადა გახდა ის ქვეყანა, რომელსაც საქართველოდან ემიგრირებული მოქალაქეები ყველაზე ხშირად ირჩევენ საცხოვრებლად.
ამ სტატიაში მოგიყვებით, რატომ და რა გზებით მიდიან კანადაში საქართველოს მოქალაქეები. რა ხვდებათ მათ იქ და რატომ იღებს კანადა ემიგრანტებს იოლად.
„უნარების მქონე მუშა“ - ნინოს წასვლის ამბავი
როდესაც ნინო მაღრაძემ კანადაში წასვლა გადაწყვიტა ექსპრეს შესვლის (Express Entry) სახელმწიფო პროგრამაზე შეაჩერა არჩევანი, რაც ამ ქვეყანაში კონკრეტული „უნარების მქონე მუშად“ ჩასვლას ნიშნავს. ნინომ იცოდა, რომ ცხოვრება ნულიდან უნდა დაეწყო - კანადაში აზრს კარგავდა, რას აკეთებდა ის საქართველოში, აზრს კარგავდა მისი წარმატებული კარიერა და კარგი ხელფასი.
ნინო, მომხმარებელთან ურთიერთობის მენეჯერი, სამსახურით უკმაყოფილო არ ყოფილა, თუმცა უნდოდა ჰქონოდა კანადური პასპორტი, რომლითაც, მოგზაურობის მოყვარული ნინო, მსოფლიოს ნებისმიერი ქვეყნის საზღვარს უპრობლემოდ გადაკვეთდა.
კანადაში ლეგალურად წასვლის გზა იმიტომ აირჩია, რომ სურდა, ამ ქვეყნის მუდმივი ბინადრის სტატუსი მიეღო და საზღვრის გადაკვეთისთანავე მუშაობის უფლება ჰქონოდა.
„საზღვარზევე ამბობ - მე ჩამოვედი ემიგრანტად. ტყუილების თქმა არ გიწევს“, - გვეუბნება ნინო.
საცხოვრებელი ადგილი ნინოს კანადის ხელისუფლებამ შესთავაზა: როგორც წესი, აპლიკაციის განხილვის შემდეგ, ის წყვეტს, ესა თუ ის ემიგრანტი, მისი მონაცემების გათვალისწინებით, რომელ პროვინციაში შეძლებს მარტივად დაფუძნებას და სამსახურის პოვნას. ასე მოხვდა ნინო ალბერტას შტატის ქალაქში, სადაც პირველი ერთი-ორი წელი უნდა იცხოვროს.
ნინო გვიყვება, რომ მთავარია, სწორი მოლოდინი გქონდეს და არ გეგონოს, რომ ყველაფერი მარტივად გამოგივა. სწორედ ამიტომ, მან წასვლამდე არაერთი ქართველი ემიგრანტის ამბავი მოისმინა.
სამი თვეა უკვე კანადაშია და მხოლოდ ახლა იპოვა სრულგანაკვეთიანი სამსახური გაყიდვების სფეროში, სადაც ყველაფერი თავიდან უნდა დაიწყოს.
ჩასვლის პირველ დღეებში კაფეში მუშაობდა, მიმტანად, შემდეგ ყავას ამზადებდა, ახალი წლის პერიოდში, „სანტას ელფიც“ კი გახდა, ბავშვებს ართობდა. თუმცა დროებითი სამუშაოთი ბინის ქირას ვერ ფარავდა და დანაზოგის ხარჯვა დაიწყო.
„პირველი სამი კვირა აქ ერთმა ქართველმა შემიფარა. ამ მხრივ ძალიან გამიმართლა,რადგან თბილისიდან კანადაში ბინის მოძებნა ძალიან რთულია. ან სასტუმრო უნდა დაჯავშნო, რაც ძვირი გამოდის. არც სამსახურის პოვნა აღმოჩნდა მარტივი“.
ნინოს სჯერა, რომ კანადაში შრომა მაინც უფრო მეტად დაუფასდება, ვიდრე საქართველოში. ამიტომ ახლა დაბალ პოზიციაზე მუშაობის დაწყებაზეც თანახმაა.
ნინო მაღრაძე გვიამბობს, რომ არსებობს რამდენიმე პირობა, რომლის დაკმაყოფილებაც აუცილებელია, თუ კანადაში წასვლას გადაწყვეტ. საჭიროა გქონდეთ:
- ენის ცოდნის დამადასტურებელი სერტიფიკატი - ინგლისურის ან ფრანგულის.
- უნივერსიტეტის დიპლომი, რომელიც კანადურად უნდა დამოწმდეს და ეს იმისთვის არის საჭირო, რომ გაირკვეს, საქართველოში მიღებული განათლების საფეხური კანადური განათლების რომელ საფეხურს შეესაბამება.
- ასევე, კანადამ უნდა ჩათვალოს, რომ მას შენი პროფესია ნამდვილად სჭირდება, რაც მონიჭებული ქულებით ფასდება.
- ხოლო იმისთვის, რომ ამ პროგრამით მიგიღონ, სულ ცოტა, ერთი წელი უნდა გქონდეს ნამუშევარი შენი პროფესიით.
ამ ვიდეოში, რომელიც ნინომ კანადაში ჩასვლის შემდეგ ჩაწერა, ის თავის გამოცდილებაზე ჰყვება - რა უნდა გააკეთოთ იმისთვის, რომ გაიგოთ, შეგიძლიათ თუ არა საერთოდ ამ პროგრამით კანადაში წასვლა.
ნინო საქართველოში დაბრუნებას შემდეგი 15-20 წელი არ გეგმავს: „მანამდე მინდა კანადის პასპორტით ბევრი ვიმოგზაურო. ეს ქვეყანა გაძლევს ამის შესაძლებლობას“.
რა სურს კანადას?
კანადა არის ქვეყანა, რომლის მთავრობასაც მიგრანტებთან დაკავშირებით, მკაფიოდ გაცხადებული პოლიტიკა აქვს. მაგალითად, 2024 წელს, ქვეყანა გეგმავს 485 000 მუდმივი მცხოვრებლის მიღებას. 2025 წელს კი 500 000 იმიგრანტს ელის. კანადაში ჩასულები საქმდებიან, იხდიან გადასახადებს და ქვეყნის ეკონომიკას აძლიერებენ.
ამ საიტზე დეტალურად არის ჩამოთვლილი ის სახელმწიფო პროგრამები, რომელთა დახმარებითაც, დათქმული პირობების დაკმაყოფილების შემთხვევაში, მსურველებს მსოფლიოს სხვადასხვა ქვეყნიდან, კანადაში კანონიერად ცხოვრების უფლების მიღება შეუძლიათ.
ვინ მიდის კანადაში საქართველოდან და რა გზებით?
ამ პროგრამებს შორის არის ზემოთ ნახსენები ე.წ. ექსპრეს შესვლის (Express Entry) საემიგრაციო პროგრამაც, რომლითაც სარგებლობენ საქართველოს ის მოქალაქეები, ვისაც კანადაში ლეგალურად ჩასვლა და ცხოვრება სურს. ამ პროგრამას კიდევ რამდენიმე ქვეპროგრამა აქვს, მათ შორის, ე.წ. Federal skilled worker-ის პროგრამა, რომლითაც ნინო მაღრაძემაც ისარგებლა.
თუმცა, ნინოც ამბობს, რომ ხშირად, ქართველები თავს არიდებენ ხანგრძლივ მზადებას, ენის კურსების გავლას და კანონიერი გზებით ემიგრაციას.
„მათ ურჩევნიათ, ამის ნაცვლად ვინმეს ფული გადაუხადონ და ან ე.წ. უკრაინული პასპორტით, ან ყალბი საქორწინო ხელშეკრულებით ჩავიდნენ კანადაში. ან სულაც ტურისტული ვიზით, რომელსაც შემდგომ დაარღვევენ. თუმცა, ცხადია, ეს არ არის კანადაში ემიგრაციის კანონიერი გზა“, - ამბობს ნინო.
რამდენიმე წლის წინ, საქართველოდან კანადაში კონკრეტული ხელობის, პროფესიის მქონე ადამიანები მიდიოდნენ. სურათი ბოლო დროს ნაწილობრივ შეცვლილია. როგორც ერთ-ერთი საემიგრაციო ფირმის წარმომადგენელმა, აკა სულავამ უთხრა რადიო თავისუფლებას, კანადა ახლა უპირატესობას ანიჭებს უმაღლესი განათლების მქონე მიგრანტებს.
მისი თქმით, განსაკუთრებით უწყობენ ხელს ოჯახებს, რომლებშიც რამდენიმე ბავშვია. მართალია, კანადის მთავრობას ასეთი ოჯახების მიღება უფრო ძვირი უჯდება, თუმცა, როგორც საემიგრაციო იურისტები გვეუბნებიან, ეს მომავალზე გათვლილი პოლიტიკაა: ბავშვები კანადაში იზრდებიან, სწავლობენ, პროფესიას ეუფლებიან, მუშაობენ, იხდიან გადასახადებს და, საბოლოო ჯამში, ეს ქვეყნის ეკონომიკის ზრდაზე აისახება.
აკა სულავა ამბობს, რომ 2022 წლამდე, საქართველოდან კანადაში, სხვადასხვა სახელმწიფო პროგრამით წელიწადში, დაახლოებით, 200-300 ადამიანი მიდიოდა.
2022 წელს ამ რიცხვმა საგრძნობლად იკლო - მიზეზი ჯერ პანდემია იყო, შემდგომ ომი უკრაინაში, რომლის დროსაც ფოკუსმა მთლიანად გადაინაცვლა უკრაინიდან ჩასულ მოქალაქეებზე.
საემიგრაციო ფირმები მოელიან, რომ საქართველოდან კანადაში წამსვლელთა რიცხვი 2023 წელს ისევ გაიზრდება და ამ ცვლილებას ისინი ამერიკის შეერთებულ შტატებში საემიგრაციო კანონმდებლობის გამკაცრებას უკავშირებენ.
„ჩვენი ვარაუდით, აშშ-ში წამსვლელთა ნაწილი კანადისკენ გადაინაცვლებს“, - ფიქრობს აკა სულავა.
კანადაში - კანონის გვერდის ავლით
სოციალურ ქსელებში საქართველოდან კანადაში წასვლის მსურველთა არაერთ ჯგუფს წააწყდებით. აქაც, აშშ-ში წამსვლელთა დახურული ჯგუფების მსგავსად, თითქმის ყოველ მეორე ადამიანს აინტერესებს კანადაში წასვლის იოლი გზები. ზოგი ამას მარტო გეგმავს, ზოგიც ოჯახთან ერთად. „მეუღლესთან და 4 თვის ბავშვთან ერთად ვფიქრობთ კანადაში ემიგრაციით წასვლას, არანაირი ინფორმაცია არ გვაქვს ამ საკითხზე, მხოლოდ საიტი moving2canada ვნახეთ და იქნებ ვინმე დამეხმაროთ და გამარკვიოთ საიდან დავიწყო“.
„შეგიძლიათ დამაკვალიანოთ, როგორ ხდება ჩაბარება ლტოლვილად კანადაში? რა პირობებია, ვის უნდა მივმართო. თან 2 ბავშვთან ერთად მინდა ჩავბარდე, მარტოხელა დედა ვარ. საქართველოში ვეღარ გავჩერდები ისევ ბავშვების მომავლის გამო“.
ჯგუფში ასეთ დიალოგებსაც შეხვდებით:
- ლეგალურად წასვლა ძალიან ძვირი არ ჯდება?
- არალეგალურზე ძვირი მაინც არ ჯდება.
- თუ შენით შეავსებ გაცილებით ნაკლები დაჯდება და თუ შუამავალ კომპანიებს გამოიყენებ ჩემი გამოთვლით დაახლოებით 7-8 ათასი დოლარი უნდა, თავისი დიპლომის აღიარებით და ა.შ.
- თქვენს ადგილზე ყველა ვარიანტში ლეგალურად წავიდოდი რომელიმე „პროვინციული პროგრამით“ (იგულისხმება რეგიონალური პროგრამა - რ.თ.) თუ დარწმუნებული ხართ, რომ 2 წლის მერე საჭირო ქულებს ნამდვილად დააგროვებთ...
- ენას მაღალ ქულაზე ჩავაბარებ და 1 წლიანი სტაჟიც მექნება ისეთ სამსახურში, საიდანაც ცნობას მომცემენ.
- ჩემთვის პრიორიტეტი ყველა ვარიანტში წასვლა არაა, თუ ღირს დალოდება და ლეგალურად ჩასვლას უფრო ბევრი ბენეფიტები აქვს, მირჩევნია 3 წელი ველოდო.
შეხვდებით მოტყუებული ადამიანების პოსტებსაც, რომლებმაც არცთუ მცირე თანხა გადაიხადეს ე.წ. საბუთების დამზადებაში, მაგრამ კანადამდე ვერ ჩააღწიეს, რადგან საბუთები არ გამოდგა ნამდვილი.
„ადრე კანადაში წასვლისას ასეც ხდებოდა: ვიღაც აიღებდა წინასწარ 20 000 ათას დოლარს "ვიზის დამზადებაში" და შემდეგ ირკვეოდა, რომ არავითარი ვიზა არ არსებობდა. ასე ბევრი ადამაინი მოტყუვდა“, - ამბობს აკა სულავა.
მას ასევე ვკითხეთ, დაახლოებით, რა დაუჯდება სახელმწიფო პროგრამით კანადაში წასვლის მსურველ ადამიანს იურიდიული მომსახურება, დოკუმენტაციის მომზადება და ა.შ. როგორც ირკვევა, იურიდიული მომსახურების საფასური საწყის ეტაპზე (საბუთების მომზადება, ატვირთვა და ა.შ.), საშუალოდ, 150 ლარია. დადებითი პასუხის მიღების შემთხვევაში კი, საემიგრაციო ფირმას სრულად უხდიან მომსახურების საფასურს, რომელიც ზოგან 700 დოლარი ღირს, ზოგან კი მეტი. ამას ემატება სხვა ხარჯებიც, მაგალითად, საბუთების თარგმნა, ენის კურსის საფასური და ა.შ.
თუ კანადაში წასვლის მსურველი ადამიანი აპლიკაციის შევსების მერე მომდევნო ეტაპზე გადავა, მას საემიგრაციო ოფიცერთან დეტალური გასაუბრება ელის. თუ კანადა მზადაა მიგიღოს, შემდეგ უკვე ტექნიკური პროცედურების მოგვარებაღა გრჩება, მათ შორის, კანადის ვიზის აღება.
რადიო თავისუფლება დაინტერესდა, საქართველოს რამდენმა მოქალაქემ მიმართა კანადას თავშესაფრის მოთხოვნით, თუმცა ეს მონაცემი მიგრაციის საერთაშორისო ორგანიზაციის საქართველოს წარმომადგენლობას არ აღმოაჩნდა. კანადაში წასული ქართველების დაზუსტებულ რიცხვს ვერც სხვა მონაცემთა ბაზებში მივაგენით.