9 მაისმა ისე ჩაიარა, რომ არსებითად არაფერი შეცვლილა რუსეთ-უკრაინის ომის ფრონტის ხაზზე. მნიშვნელოვანი ცვლილებები არ მომხდარა ბახმუტის მონაკვეთზე, რომლისკენაც იყო მიპყრობილი ყურადღება „ვაგნერის“ მეთაურის, ევგენი პრიგოჟინის ხმაურიანი განცხადებების შემდეგ: პრიგოჟინი, რომელიც მწვავედ აკრიტიკებს რუსეთის თავდაცვის სამინისტროს ხელმძღვანელობას, ჯერ პოზიციების მიტოვებით, შემდეგ კი ბახმუტის აღებით იმუქრებოდა.
რუსი და უკრაინელი ანალიტიკოსები ფიქრობენ, რომ „ვაგნერის“ მეთაური არანაკლები სისასტიკით იბრძვის ძალაუფლებისთვისაც, რომელსაც იგი, პირველ რიგში, რუსეთის სამხედრო ხელმძღვანელობას ეცილება.
რა პოლიტიკური ამბიციები შეიძლება ჰქონდეს მძიმე დანაშაულებისთვის მსჯავრდადებულთა შეიარაღებული რაზმების მეთაურს და რამ შეიძლება გააჩეროს იგი?
ასევე ნახეთ „პუტინის მზარეულის“ სისხლიანი მენიუ10 მაისს კერძო სამხედრო კომპანია „ვაგნერის“ დამფუძნებელმა და მეთაურმა, ევგენი პრიგოჟინმა კვლავ დაადანაშაულა რუსეთის თავდაცვის სამინისტრო „ვაგნერის" მებრძოლებისთვის არასაკმარისი საბრძოლო მასალის მიწოდებაში, ხოლო რეგულარული ჯარის ნაწილები - პოზიციების მიტოვებაში. მანამდე, პრიგოჟინი, თითქმის ერთი კვირის განმავლობაში უკიდურესად დამამცირებელი ტონითა და ლექსიკით მიმართავდა რუსეთის თავდაცვის მინისტრს, სერგეი შოიგუსა და გენერალური შტაბის უფროსს, ვალერი გერასიმოვს, რომლებიც, „ვაგნერის“ მეთაურის თქმით, დროულად არ აწვდიდნენ კერძო სამხედრო კომპანიას საკმარის შეიარაღებას.
ასევე ნახეთ პრიგოჟინი ბახმუტიდან თავისი მეომრების გაყვანით იმუქრება, თუ ამუნიციის ნაკლებობის პრობლემა არ მოგვარდაარადა, ცოტა ხნის წინ პრიგოჟინმა ბახმუტიდან გასვლა სწორედ იმის გამო გადაიფიქრა, რომ ვითარება „მოულოდნელად“ მოგვარდა: „ვაგნერისა“ და რუსეთის სამხედრო სარდლობის ურთიერთქმედების საკითხი „სირიის ყასბად“ ცნობილ გენერალ სერგეი სუროვიკინს დაევალა.
„რუსეთის თავდაცვის სამინისტროსა და "ვაგნერის" მფლობელს, ევგენი პრიგოჟინს შორის დაპირისპირებაში კვლავ ამ უკანასკნელმა გაიმარჯვა. პრიგოჟინმა ფაქტობრივად დანიშნა თავდაცვის ახალი მინისტრი, - ამის შესახებ უკრაინულ ტელევიზიას „24-ე არხს“ რუსმა პოლიტოლოგმა ანდრეი პიონტკოვსკიმ უთხრა, - აქამდე პრიგოჟინი, ვითომდა, საბრძოლო მასალის ნაკლებობას უჩიოდა, ახლა კი მან მიიღო ადამიანი, რომელიც რეალურად თავდაცვის მინისტრის სერგეი შოიგუს ალტერნატივაა. პრიგოჟინმა სრული გამარჯვება მოიპოვა. სერგეი სუროვიკინი დე ფაქტო თავდაცვის მინისტრია, ხოლო კიდევ ერთი გენერალ-პოლკოვნიკი (მიხაილ მიზინცევი) პრიგოჟინმა თავის ადიუტანტად დანიშნა. სწორედ ის იქნება კავშირზე სუროვიკინთან“.
ასევე ნახეთ თავისიანებისთვისაც საშიში - ვინ არის გენერალი სუროვიკინი?ამერიკის ომის შემსწავლელი ინსტიტუტი (ISW) ვარაუდობს, რომ ევგენი პრიგოჟინსაც და რამზან კადიროვსაც სურთ, რომ ფრონტზე წარუმატებლობა მთლიანად რუსეთის თავდაცვის სამინისტროს დაჰბრალდეს. ანალიტიკოსები თვლიან, რომ პრიგოჟინი და კადიროვი, სავარაუდოდ, ცდილობენ წარმოაჩინონ რუსეთის თავდაცვის სამინისტროსა და რეგულარული ჯარების არაეფექტიანობა და ბახმუტისათვის ბრძოლაში რუსეთის წარუმატებლობა სამინისტროს დააბრალონ.
„ეს გადაწყვეტილება ასახავს პრიგოჟინის უნდობლობას რუსეთის სამხედრო სარდლობის მიმართ. ამით ის აჩვენებს, რომ რუსეთის სამხედრო ისტებლიშმენტისგან დამოუკიდებელია და ცდილობს შეინარჩუნოს სახე, თუ "ვაგნერის" ძალები ვერ აიღებენ ბახმუტს“, - ასკვნიან ISW-ის ანალიტიკოსები.
„ვაგნერის“ დამფუძნებელი, როგორც ჩანს, დიდი ხანია ზრუნავს „სახის შენარჩუნებაზე“. 2023 წლის 14 აპრილს, ევგენი პრიგოჟინმა „ვაგნერის“ პრესსამსახურის ტელეგრამარხზე გამოაქვეყნა ვრცელი კომენტარი, რომელშიც განაცხადა, რომ „ხელისუფლებისთვის და მთლიანად საზოგადოებისთვის, დღეს აუცილებელია ომში რაიმე სახის მსხვილი წერტილის დასმა“. პრიგოჟინის აზრით, იდეალური ვარიანტი იქნება გამოცხადდეს შეიარაღებული დაპირისპირების დასრულება, რადგან რუსეთმა, მისი თქმით, მიაღწია დაგეგმილ შედეგებს.
„ახლა მხოლოდ ერთი რამ რჩება: მტკიცედ მოვიკიდოთ ფეხი, ჩავარჭოთ კლანჭები იმ ტერიტორიებზე, რომლებიც უკვე არსებობს“, - დაწერა მაშინ ევგენი პრიგოჟინმა, თუმცა მისმა ამ განცხადებამ მწვავე რეაქცია გამოიწვია ომის გაგრძელების ყველაზე მგზნებარე მხარდამჭერთა ბანაკში, ე.წ. გაბრაზებულ პატრიოტთა კლუბში, რომლის სულის ჩამდგმელი რუსეთის უსაფრთხოების ფედერალური სამსახურის ყოფილი ოფიცერი და ე.წ. დნრ-ს ყოფილი თავდაცვის მინისტრი იგორ გირკინია.
გირკინმა და მისმა თანამოაზრეებმა უკრაინაში ომის წარმართვის შესახებ გამოაქვეყნეს 40 კითხვა, რომელთა ადრესატები კრემლი, რუსეთის პრეზიდენტი ვლადიმირ პუტინი და რუსეთის სამხედრო სარდლობა არიან.
„გაბრაზებული პატრიოტების“, ერთ-ერთი კითხვა იყო, რატომ არ აპატიმრებს რუსეთის ხელისუფლება პრიგოჟინს ომის გაყინვის შესახებ მისი „პირდაპირი მოწოდებისთვის“, რაც, გირკინის თქმით, ტოლფასია რუსეთის ფედერაციის ტერიტორიული მთლიანობის დარღვევის მოწოდებისა.
რამ შეიძლება შეაჩეროს?
ანდრეი პიონტკოვსკის თქმით, ბევრი რამ მეტყველებს იმაზე, რომ პრიგოჟინი საერთოდ არ არის დაინტერესებული ბახმუტით ან ვაგნერელებისთვის საბრძოლო მასალის მიწოდებით.
„პრიგოჟინი, პირველ რიგში, ფიქრობს თავის მომავალზე პოსტპუტინურ რუსეთში. ერთ-ერთ ბოლო მიმართვაში თავი წარადგინა რუსეთის მხსნელად, რომ ბახმუტთან ბრძოლით იგი იხსნიდა სამშობლოს“, - ამბობს ანდრეი პიონტკოვსკი, რომლის დაკვირვებითაც, პრიგოჟინი შესაძლებლობას არ უშვებს ხელიდან, რომ რუსეთის თავდაცვის სამინისტრო და მისი ხელმძღვანელობა არ გააკრიტიკოს და უკიდურესად ნეგატიურ ტონში არ მოიხსენოს. არადა, რუსეთში წელიწადზე მეტია მოქმედებს კანონი „თავდაცვის სამინისტროს დისკრედიტაციის შესახებ“, რომლითაც უკვე რამდენიმე ასეული ადამიანია გასამართლებული, თუმცა პრიგოჟინი იქით უყენებს ბრალს თავდაცვის სამინისტროსა და გენერალური შტაბის ხელმძღვანელობას.
„ერთადერთი, რასაც მისი შეჩერება შეუძლია... ის შეიძლება მოკლან, - ამბობს ანდრეი პიონტკოვსკი, - თუმცა შოიგუ და გერასიმოვი ჯერ თავს იკავებენ. ისინი არ რისკავენ და არ აკეთებენ ამას პუტინის ნებართვის გარეშე, მაგრამ ვითარება კიდევ უფრო მეტად დაიძაბება უკრაინის კონტრშეტევის დაწყებასთან ერთად“.
რუსი პოლიტოლოგის და პუტინის ყოფილი სპიჩრეიტერის, აბას გალიამოვის თქმით კი, არანაირი ელექტორალური წონა პრიგოჟინს არ აქვს, რადგან მან ფაქტობრივად მოიმდურა ყველა, მათ შორის მთელი ელიტა.
„ის ან აღიზიანებს ადამიანებს, ან აფრთხობს. მისი ქცევის მანერა, მისი ციხის ლექსიკა ზიზღის მომგვრელია ბაზისური ელექტორატისთვის - სახელისუფლებო პარტიის ამომრჩევლისათვის, რომელიც კონსერვატიული ამომრჩეველია. მისი შეხედულებით სახელმწიფო მოხელე აუცილებლად უნდა იყოს სოლიდური და ცოტათი მოსაწყენიც კი, როგორიც იყო ბრეჟნევი. არავითარ შემთხვევაში ხალხთან არ უნდა ლაპარაკობდეს ამგვარი კრიმინალური ლექსიკითა და მანერით. პრიგოჟინი კი სწორედ ასე ლაპარაკობს. მისი შესაძლებლობების ზღვარი - ამომრჩევლის რამდენიმე პროცენტია, თანაც ის ხალხი, ვისაც სტილისტურად მოსწონს პრიგოჟინი, როგორც წესი, არჩევნებზე არ დადის, ამიტომ, დიდი ალბათობით, ამ რამდენიმე პროცენტსაც ვერ მიიღებს. ის ვერც ამომრჩეველს და ვერც ფართო მასებს ვერ დაეყრდნობა. ვერც ხალხს, ვერც ისტებლიშმენტს და ვერც ელიტებს, ის არავის სჭირდება“, - ამბობს აბას გალიამოვი, რომლის თქმითაც, გარდა იმისა, რომ ყველასთან ნაჩხუბარია, ფართო გაგებით, მას ხალხისთვის შესათავაზებელიც არაფერი აქვს:
„რისი შეთავაზება შეუძლია? მხოლოდ ესკალაციისა, რაც არ უნდა ელექტორატს. ელექტორატს უნდა, რომ ყველაფერი დამშვიდდეს, ვითარების ნორმალიზება მოხდეს. ეს ადამიანი კი ყველაფერს პირიქით აკეთებს, ყველაფერი ფრონტისთვის, ყველაფერი გამარჯვებისთვისო, აი, თქვენ ურო, აი, თქვენ ციხიდან გამოყვანილი დამნაშავეები ქვეყნის სათავეში... ვის სჭირდება ეს? არავის და ეს აბსოლუტურად არარეალისტური სცენარია“.
აბას გალიამოვის თქმით, პრიგოჟინი აღზევდა რუსეთის არმიისა და ხელისუფლების კატასტროფის ფონზე, როცა პუტინი ისეთი იმედგაცრუებული იყო თავისი არმიითა და ბიუროკრატიით, რომ საჭიროდ მიიჩნია გამოეყენებინა პრიგოჟინი დაახლოებით ისე, როგორც ამას აკეთებდა ჰაიტელი დიქტატორი დუვალიე თავის ტონტონ-მაკუტებით ან მაო ძედუნი კულტურული რევოლუციის დროს ხუნვეიბინებით ან იგივე ივანე მრისხანე ოპრიჩნიკებით:
„როცა აღარ შეგიძლია დაეყრდნო სახელმწიფო ბიუროკრატიას, პრინციპულად აგყავს ხალხი პირდაპირ მარგინალური ჯგუფებიდან და ეს ადამიანები იმის გამო, რომ მადლიერები არიან ფსკერიდან ამოყვანისათვის, სოციალური ლიფტით გასეირნებისთვის, გემსახურებიან როგორც ოპრიჩნიკები, რომელთა დახმარებითაც შიშის ზარს სცემ ელიტებს“.
ევგენი პრიგოჟინიც წლების განმავლობაში უარყოფდა, რომ რამე კავშირი ჰქონდა „ვაგნერთან“. პოლიტოლოგ ანდრეი პიონტკოვსკის თქმით, რუსეთში უკვე შექმნილია, სულ ცოტა, 40-მდე ეგრეთ წოდებული კერძო სამხედრო კომპანია, რომლებიც, „ვაგნერის“ მსგავსად, აუცილებლად ჩაებმებიან უზარმაზარი აქტივებისთვის ბრძოლაში პოსტპუტინურ რუსეთში.