თბილისი, დედაქალაქად გამოცხადების შემდეგ, არაერთხელ იქნა დანგრეული. უკანასკნელ და, ალბათ, ყველაზე მასშტაბურ ნგრევას ადგილი ჰქონდა 1795 წელს, როცა ირანის შაჰმა აღა-მაჰმად-ხანმა, პირდაპირი მნიშვნელობით, მიწასთან გაასწორა ქალაქი. ამ დროს განადგურდა თბილისის ისტორიულ ძეგლთა უმრავლესობა, დაიწვა მთის კალთებზე მდებარე საცხოვრებელი უბნები, განსაკუთრებული რისხვა დაატყდა კალასა და ისანს. სასწაულად გადარჩა მხოლოდ რამდენიმე შენობა, ძირითადად საკულტო ნაგებობები, აბანოები... დარეჯან დედოფლის (დარიას) სასახლე - „საჩინო“ ერთ-ერთია სასწაულად გადარჩენილ ამ შენობებს შორის. ვინ იყო დარეჯან დედოფალი? რა ისტორიას ინახავს 1776 წელს აშენებული სასახლე და რა საფრთხე ემუქრება აღა-მაჰმად-ხანის ცეცხლსა და მახვილს გადარჩენილ „საჩინოს“?
თვალსაჩინო გეოგრაფია
მეტეხის აღმართზე, მარცხენა მხარეს იწყება კიბეების რიგი, რომელსაც თბილისში შემორჩენილ ერთ-ერთ უძველეს, 250 წლის შენობისკენ ავყავართ. კლდის თავზე აშენებული ეს სასახლე ძველი ქალაქის თითქმის ყველა წერტილიდან იპყრობს ყურადღებას. და მართლაც, შეუძლებელია თვალში არ მოგვხდეს მეტეხის პლატოს ჩრდილო-აღმოსავლეთით, მტკვრისკენ მიმართულ შემაღლებულ ადგილზე აღმართული, წრიული ფორმის კოშკი ხის ფართო აივნით.
კოშკი აშენებულია ავლაბრის (ქალაქის) კედლის ნარჩენებზე, რომელიც რიყის ქვითა და ბრტყელი კვადრატული აგურითაა ნაგები. ჰორიზონტალური და ვერტიკალური ზოლები, რასაც ქვის მჭიდრო წყობები ქმნიან, ისტორიკოს გიორგი ხუციშვილს აგონებდა „დაწნულ მათრახს ან ვაზს“ - მოტივს, რომელიც ხშირად გვხვდება ქართლ-კახეთის შენობებში, ქვასა და ხეზე ქართული ჩუქურთმის ორნამენტებში („ჩემი თბილის-ქალაქი“).
თბილისის ცნობილი მკვლევარი, არქიტექტორი, თენგიზ კვირკველიაც შენიშნავდა, რომ დარეჯანის სასახლე აგებულია ძველი ციხესიმაგრის ნანგრევებზე, რომლის კოშკები, ბურჯები და კედლები ამოყვანილია რიყის ქვისა და კვადრატული (ე.წ. ქართული) აგურის შერეული წყობით, მრგვალი ხის აივანი კი მოხდენილად აგვირგვინებს მძლავრად წინ გამოსულ ასევე მრგვალ ბურჯსო.
სულხან-საბას ლექსიკონის მიხედვით, საჩინო იგივეა, რაც გამოჩენილი, თვალსაჩინო. „საჩინო“ მართლაც თვალსაჩინო ადგილზეა აშენებული და მისი აივნიდანაც საუცხოო სანახაობად - ამფითეატრად იშლება თბილისის თითქმის მთელი ისტორიული ნაწილი: რიყე, მეტეხის ეკლესია, მტკვარზე გადებული ხიდები, ნარიყალა, მეიდანი, აბანოები, ლეღვთახევი, არწრუნის ყოფილი ქარვასლა, სიონის ტაძარი, მთაწმინდა და ა.შ.
დარეჯან დედოფლის სასახლის, „საჩინოს“ ახლოს, ავლაბრის ხიდთან იყო თბილისელთა საყვარელი დროის სატარებელი, ბოჰემური ადგილი „სირაჩხანა“ - რომელიც ძველი მეტეხის ხიდთან იწყებოდა და ავლაბრის გალავნის ქვემოთ კლდის ძირს მიუყვებოდა. ამ გზას სირაჩხანის, ღვინის აღმართსაც უწოდებდნენ. როგორც თბილისის გამორჩეული მკვლევარი, თემო ბერიძე წერდა, სირაჩხანამ ძველ ქალაქურ ყოფასა და მის პოეზიაში თავისი თვალსაჩინო ადგილი დაიკავა. „ძველი ქალაქელი მოკამათეს ხშირად ასე მიმართავდა ხოლმე: მე რას მელაპარაკები, შენ როცა დაიბადე, მე მაშინ სირაჩხანაში ტიკზე ვიჯექ და ღვინოს ისე ვსომდიო“ („და აღმოცენდა თბილისი“. თ. ბერიძე). აქვე, იყო ქარვასლები და იმდროინდელ კავკასიაში ცნობილი გერმანელი კოლონისტის, ზალცმანის ტრაქტირი რიყეზე.
სასახლის ამბები
დარეჯანის სასახლე აშენდა 1776 წელს ერეკლე მეფის მეუღლის დარეჯანისათვის. სასახლის კომპლექსში შედიოდა აპარტამენტები და სხვადასხვა დამხმარე სათავსი. 1789 წელს დარეჯან დედოფალმა "საჩინოსთან" წმინდა ირაკლისა და წმინდა დარიას სახელობის კარის ეკლესი
რატომ შეირჩა დედოფლისთვის ეს ადგილი?
1783 წელს ერეკლე II-ის ბრძანებით ჩატარებულმა აღწერამ აჩვენა, რომ ავლაბარში სახლობდა 355 კომლი. აქედან გარეთა ავლაბარში - 136 კომლი, ხოლო შიგნითა ავლაბარში - 219 კომლი. ავლაბარში დედოფალსაც ჰქონია თავისი მამული. ცნობილია დედოფლის საქმეთა მწარმოებლისა და საფინანსო-სამეურნეო საქმეების მმართველის (მილახვარის) ვინაობა. როგორც დედოფლის ერთ-ერთი წერილიდან ჩანს, სწორედ მისი საქმეების მმართველის, იოსებ (ოსეფა) ყორღანაშვილის მონაწილეობით უნდა იყოს აშენებული „საჩინოც“. ასე ჩანს 1797 წლით დათარიღებული სიგელიდან, რომელითაც დარეჯან დედოფალი იოსებ ყორღანაშვილს ავლაბარში ზეთის სახდელ ქარხანას აძლევს:
„ჩვენ საქართველოს დედოფალმან დადიანის ასულმან დარეჯან თქვენ ჩვენს მილახვარს იოსებ ყორღანოვს ავლაბრის გაკეთებისა და აქაურის ჩვენის სახლისა და ეკლესიის აშენებაზე შენის დიდის გარჯისა და ღვაწლ დადების სამუქფო და წყალობა გიყავით და გიბოძეთ... სამკვდრო მამულად ავლაბარში ტფილისის გალავნის კარს გვერდით ისევ შენისავ გარჯით ჩვენს საკუთარ ადგილას შენგანვე გაკეთებულ ზეთის სახდელის თავის შესავალ-გასავლითა და სახლის შინ რაც ცარიელი ადგილია ტფილისის გალავნის კედლამდინ...“
სულ რაღაც ერთ წელში ოსეფა ყორღანაშვილს სასიკვდილო განსაცდელისგან იხსნის „საჩინო“. სწორედ აქ, დარეჯანის სასახლეს შეაფარებს თავს გიორგი XIII-ს აუგად ხსენებისთვის დევნილი დედოფლის მამულების მმართველი.
პლატონ იოსელიანისგან ცნობილია, რომ დარეჯან დედოფალი ცხადად არ აღიარებდა გიორგის მეფედ და ამბობდა, „მე მინდა მეფობა, ვითარცა ეკატერინა იყო დედოფლად რუსეთშიო.“
ერეკლე მეორის გარდაცვალების (1798 წლის 11 იანვარი) შემდეგ ტახტზე ავიდა მეფის უფროსი ვაჟი და დარეჯანის გერი, გიორგი.
„დედოფალსა დარეჯანს არა ენება, რათა მეფის ძისა გიორგის დროშა პირველობდეს... მეფემ სცნო ესე ამბავი და არ ათხოვა ყური“-ო, - წერს პლატონ იოსელიანი, მაგრამ სულ სხვანაირი რეაქცია ჰქონდა გიორგის, როცა იგივე გააკეთა ოსეფა ყორღანაშვილმა.
„...მივიდა მეფესთან ამბავი, რომ დედოფლის ამილახვარი ყორღანაშვილი გაბედვით იტყოდა მეფეზე აუგს, რამაც ძალიან გააბრაზა გიორგი და ბრძანა მისი შეპყრობა, მაგრამ აცნობეს ყორღანაშვილსა ოსეფასა და დაიმალა დედოფალთან. გიორგიმ აქაც უკან დაიხია: „რა ვქმნა, გამოვათრევინო დედოფლისა სადგომიდან მყრალი ყორღანაშვილი, შესწუხდება დედაჩემი, მოხუცი განიგმირება და იტყვიან, მეფე გიორგი ნერონი არისო: დედა შეურაცხყოო. უტევეთ, იყოს მუნ პრყრბილად“ (პ. იოსელიანი. „ცხოვრება გიორგი XIII-ისა“).
ბევრად დრამატული ამბებიც ახსოვს დარეჯანის სასახლესა და ეკლესიას. სწორედ აქ დაასვენეს ერეკლესა და დარეჯანის უფროსი შვილი, ლეონი (ლევანი) - მორიგე ჯარის სარდალი, დაჯილდოებული განსაკუთრებული პოლიტიკური და სამხედრო ნიჭით, რომელიც საეჭვო ვითარებაში გარდაიცვალა სოფელ ვეჯინში მოთარეშე ლეკების რაზმის დამარცხების შემდეგ. ერთ-ერთი ვერსიით ლეონი მოკლა სოფლის მებატონის, ასათ ვაჩნაძის ახალგაზრდა ცოლმა, რომელსაც თავად იოანე აბაშიძის ქორწილში გადაჰკიდებია ნასვამი უფლისწული.
„სკანდალის თავიდან ასაცილებლად ვაჩნაძის მეუღლე აუყენებიათ და კარდენახისკენ გაუპარებიათ, შეზარხოშებული ლეონი მას უკან დასდევნებია; ქალს ეს შეურაცხყოფად მიუღია და ვაჟისთვის მუცელში დანა ჩაუცია. დაჭრილი ბატონიშვილი ვეჯინში დაბრუნებულა, მასპინძლის კოშკში დაწოლილა და იმ ღამესვე გარდაცვლილა“ (გ. ქიქოძე, „ერეკლე მეორე“).
ამგვარი ხმები ერეკლემდეც მივიდა. ერეკლემ არც თვითონ იგლოვა და არც სხვები აგლოვა. მისი ბრძანებით, ლევანის გვამი კახეთიდან დარეჯან დედოფლის აშენებულ (დარიას) ეკლესიაში დაასვენეს. ერეკლეს უთქვამს:
„თუ ჩემი შვილი ლევანი მართლა ხანჯლით განგმირულია დედაკაცზე ქმრისგან, ჭეშმარიტებას ვფიცავ, სახალხოთ ვათრევინებო ლევანის გვამს“.
მეფე ამალით ავლაბრისაკენ გაემართა. ლევანის სიკვდილით დამწუხრებული და მეფის ქადილით შეწუხებული ამალა სრული დუმილით მიემართებოდა. ერეკლემ შვილის ცხედარი ეკლესიიდან გარეთ, დღის სინათლეზე გამოასვენებინა, ტანს გაახდევინა და უბრძანა გაეჩხრიკათ სად იყო ნაჭრილობევი. ჭრილობა არსად არ აღმოაჩნდა. მაშინ ერეკლემ დაიჩოქა და მოთქმით ტირილს მოჰყვა“ (ალ. ჯ. ორბელიანისა. საქართველოს მეფის ძე ლევან).
სასახლის დიასახლისი - რუსეთთან მებრძოლი დედოფალი
დარეჯანი იყო ერეკლეს მესამე ცოლი. ალექსანდრე ჯამბაკურ ორბელიანის მიხედვით: „მეფე ერეკლეს ჰყვანდა სამი ცოლი: პირველი თავად ფხეიძის ქალი იმერეთიდგან, მეორე თავად აბაშიძის ქალი და მესამე დადიანის ქალი მეგრელიიდან. პირველ ცოლთან ჰყუანდა „კარგი ვახტანგ“ (კარგი იმიტომ რქმევია, რომ მშვენიერი თუალ ტანადი ყოფილა), მეორესთან - გიორგი და თამარ და მესამე დარიასთან ანუ დარეჯანთან, რამდენიმე მამაკაცი და რამდენიმე დედაკაცი“.
“რამდენიმე მამაკაცი და რამდენიმე დედაკაცი“ ჯამში 14 შვილი იყო: 5 ქალი და 9 ვაჟი. აქედან ერთი ქალი და ოთხი ვაჟი მცირეწლოვნები გარდაიცვალნენ.
ალექსანდრე ორბელიანის თქმით, დარეჯანი „დიდ სიყვარულსა და ჭირნახულობის ქვეშ“ ზრდიდა თავის გერებსაც. როცა 14 წლის ვახტანგის გარდაცვალების ამბავი შეიტყო, მწუხარებით რამდენჯერმე გული წასვლია. ზოგადადაც „იყო დიდი ღვთის მოშიში და მოყვარე ქრისტიანობისა, იყო მლოცავი, გლახაკთ, ობოლთ, ქვრივთ, დაცემულთ და სნეულთ მოწყალე. ...თავის ქმრისა დიდი სიყვარული ჰქონდა. არავის ახსომს მცირედი მეფის წინააღმდეგი იმას გაებედოს, არამც თუ გარეულიყო, ასეთი სიყვარული და თავაზი ჰქონდა ქმრისა და დარწმუნებულიც იყო, რომ მეფე ირაკლი დიდი გონიერი არის. როდესაც დედოფალი მეფესთან იყო ხოლმე, სულ თვალებში შეჰყურებდა, მეფის სიმხიარულე დედოფლის ბედნიერება იყო და მცირედი შეწუხება - მწარე ცრემლი, რომლებისა ქვეშაგები არ გაყრილა სიკვდილამდინ და მარადის ერთს ქვეშაგებში ეძინათ ტკბილად“.
თუმცა, როგორც რუსი ისტორიკოსი პიოტრ ბუტკოვი წერს, იყო ერთი საკითხი, რომელზეც მეფე და დედოფალი ვერ რიგდებოდნენ: დედოფალი დარეჯანი მუდამ საყვედურით ავსებდა მეფეს, რომ მან ტრაქტატით დაანგრია საქართველოს სამეფოო.
დარეჯანი ბოლომდე დარჩა ანტირუსული ფრთის მთავარ ძალად. 1801 წლის 12 სექტემბრის მანიფესტის გამოცხადებისა და საქართველოს სამეფოს გაუქმების შემდეგ რუსეთის იმპერიამ გადაწყვიტა თავი მოეკვეთა ანტირუსული ფრთისათვის. თამარ პაპავას თქმით, რუსი მოხელეები უპირველეს ყოვლისა, საჭიროდ სცნობდნენ დედოფალ დარეჯანის და მისი შვილების რუსეთში გადასახლებას. ამ მიზნით რუსეთის იმპერატორმა ალექსანდრე პირველმა გამოსცა ბრძანება, რომლის ძალითაც ქართული სამეფოს ყველა მამული სამუდამოდ გადაირიცხა რუსეთის ხაზინაში.
პავლე ციციანოვი, საქართველოს სამეფოს გამორჩეული მტერი, 1803 წლის 10 თებერვალს იმპერატორს სწერდა: „ქვრივი დედოფალი დარეჯანი, რომელიც აქ ყველა ამბების (შეთქმულებათა) მეთაურია, გადაჭრით უარს ამბობს წამოსვლაზე და მიზეზად თავისი ავადმყოფობა მოჰყავს“. დედოფლმა მედგარი წინააღმდეგობა გასწია, თუმცა ბოლოს მაინც გადაასახლეს რუსეთში, სადაც აღესრულა კიდეც. დარეჯანის გარდაცვალებასთან დაკავშირებით ბაგრატ ბატონიშვილი წერდა: „წელსა 1807, ნოემბრის პირველს გამოჩნდა ვარსკვლავი კუდიანი გრძელი და არა კომეტა. წელს ამას გარდაიცვალა დედოფალი დარეჯან დადიანის ასული, მეუღლე მეფისა ირაკლისა, სანკთ-პეტერბურხსა შინა ნოემბრის 8, რომელიცა დამარხა იმპერატორმა ალექსანდრემ დიდითა ცერემონითა ნევსკის მონასტერსა შინა ხარების ეკლესიაში“.
დედოფალ დარეჯანის ბეჭედზე ამოტვიფრული იყო წარწერა: „ვინ არის მიზეზი არსთა ფლობისა, მან მცა წიაღი დედოფლობისა“.
სასახლიდან კულტურული მემკვიდრეობის ძეგლამდე
ისტორიკოს მოსე ჯანაშვილის თქმით, დედოფლის პეტერბურგში გადასახლების შემდეგ, დარეჯანის სასახლე, მისი ეკლესიითურთ, შეიძინა რუსმა ეგზარქოსმა თეოფილაქტემ და იქ სასულიერო სემინარია გახსნა.
1824 წლის 29 ოქტომბერს მიტროპოლიტმა იონამ ტაძარი მაცხოვრის ფერისცვალების სახელზე აკურთხა და ამავე სახელობის მამათა მონასტერი დააარსა.
1862 წელს გაიხსნა სამაზრო-სამრევლო სასწავლებელი და სემინარია სამღვდელოების ბავშვებისათვის.1906-1908 წლებში ფერიცვალების მამათა მონასტრის წინამძღვარი იყო საქართველოს მომავალი კათოლიკოს-პატრიარქი, ამბროსი ხელაია.
დერაჯანის სასახლისთვის უმძიმესი აღმოჩნდა საბჭოთა პერიოდი. მოქალაქეების სტიქიურად შესახლების გამო სასახლის კომპლექსი არაერთხელ გადაკეთდა, დაემატა მინაშენები. მხოლოდ 1970-იან წლებში მოხერხდა მობინადრეთა გასახლება, რის შემდეგაც ჩატარდა სარესტავრაციო სამუშაოები და გვიანდელი მინარევებისგან გაწმენდის შემდეგ, სასახლეს პირვანდელი სახე დაუბრუნდა.
1979 წელს „საჩინო“, როგორც ქალაქის სიძველის დამახასიათებელი ძეგლი, დააკონსერვეს, ხოლო ავლაბრის ციხე-სიმაგრის კედელი ნაწილობრივ აღადგინეს.
გარკვეული დროის განმავლობაში დარეჯანის სასახლეში გახსნილი იყო „26 კომისრის“ რაიონული მუზეუმი, 1980-იან წლებში მუშაობდა ვერიკო ანჯაფარიძის სახელობის ერთი მსახიობის თეატრი.
საბჭოთა კავშირის დაშლის შემდეგ, 1991 წლიდან ეკლესია საქართველოს საპატრიარქოს გამგებლობაში გადავიდა, დაარსდა დედათა მონასტერი.
სასახლეში ძველი ნივთებიდან თითქმის არაფერია შემორჩენილი. ასევე ვერ გადარჩა კედლების ავთენტური, ირანული მოხატულობა. დრო და გრუნტის წყლები ლამის განუწყვეტლად უქმნის საფრთხეს როგორც კლდესა და გალავნის ნარჩენებს, ასევე 250 წლის ნაგებობას, რომელიც თვით აღა-მაჰმად-ხანის დარბევას გადაურჩა.
დარეჯანის სასახლეს ამჟამად რიგით მესამე რესტავრაცია უტარდება. ინდივიდუალურად შერჩეულმა მეთოდოლოგიამ დანგრევის საფრთხისგან უნდა იხსნას თბილისის ერთ-ერთი ყველაზე მნიშვნელოვანი შენობა, რომელმაც სასწაულებრივად გამოაღწია XVIII საუკუნიდან.