რა არჩევანია გასაკეთებელი 2020-ში?

Your browser doesn’t support HTML5

გასულ კვირაში გამოქვეყნებულ საარჩევნო გარემოს წინასწარ შეფასებაში ამერიკის ეროვნულ-დემოკრატიულმა ინსტიტუტმა (NDI) ერთ-ერთ მთავარ გამოწვევად დაასახელა „არჩევნების სანდოობასთან დაკავშირებული საკითხები“.

NDI-ის პრეზიდენტმა დერეკ მიტჩელმა განაცხადა - „შემდგომი რეფორმების გარეშე, დემოკრატიული ინსტიტუტების მიმართ მოსახლეობის ნდობის შემცირების ტენდენცია კვლავ გაგრძელდება. მონაწილე მხარეებმა პოლიტიკური ნება უნდა გამოიჩინონ და საარჩევნო პროცესის სამართლიანობა პარტიულ ინტერესებზე მაღლა დააყენონ”.

ამ თემის კომენტირებისას, საქართველოს საზოგადოებრივ საქმეთა ინსტიტუტის (GIPA) სამართლისა და პოლიტიკის სკოლის დეკანი ბაკურ კვაშილავა რადიო თავისუფლების ეთერში აცხადებს:

„მთავარი გამოწვევა იყო და ყოველთვის რჩება პოლიტიკური ნება, ანუ ის - შეძლებს თუ არა ცესკო დამოუკიდებლად შეასრულოს ფუნქცია, რომელიც საშუალებას მისცემს მას, რომ არჩევნები ჩატარდეს სამართლიანობის პრინციპის გათვალისწინებით.

ამ შემთხვევაში ლაპარაკია ისეთ მოვლენებზე, რომლებზეც ცესკო-ს პირდაპირი გავლენა არც აქვს. ესაა ადმინისტრაციული რესურსის გამოყენება, ეს არის სხვადასხვა ეკონომიკური ან ფინანსური რესურსების გამოყენება საარჩევნო პერიოდში, რაც დღეს ეს კიდევ უფრო აქტუალური ხდება კოვიდის გამოწვევებთან მიმართებით.

დღესაც, როგორც წინა არჩევნების დროს, მთავარი საკითხია არჩევნებისადმი ნდობა და არჩევნების სწორად ჩატარება, სადაც პოლიტიკური ნება იქნება გადამწყვეტი მნიშვნელობის.

აქ გასათვალისწინებელია, რომ, როგორც უწინ, დღესაც საქართველოს სასამართლო სისტემა არის ნაკლებად სანდო. თუ გადავხედავთ სასამართლოს ინდექსებს, ვნახავთ, რომ ქართულ სასამართლოს აქვს საკმაოდ მაღალი შეფასება პროფესიონალიზმის თვალსაზრისით, მაგრამ არის ერთ-ერთი ყველაზე ჩამორჩენილი დამოუკიდებლობის მხრივ“.

არჩევნების სამართლიანად ჩატარებასა და საქართველოს დასავლეთისკენ სვლას შორის „დილის საუბრების“ რესპონდენტი პირდაპირ კავშირს ხედავს. მისი თქმით, ამოსავალია არა ის, რომელ პარტიას აძლევს ხმას ამომრჩეველი, არამედ ის, თუ როგორ ატარებს ქვეყანა არჩევნებს:

„როცა ატარებ არჩევნებს ცუდად, მაშინ ირჩევ რუსეთს. როცა ატარებ არჩევნებს კარგად, მაშინ არის ეს ნაბიჯი გადადგმული დასავლეთისკენ“.

ბაკურ კვაშილავა ლაპარაკობს ოპოზიციური პარტიების გეგმაზე, თუკი მთავრობის შესაქმნელად საჭირო იქნება კოალიციის შექმნა „ქართულ ოცნებასთან“, უარი თქვან მასთან თანამშრომლობაზე:

„მე იმედი მააქვს, რომ ეს იქნება სიმბოლური შეთანხმება. ეს არ მოეწონებათ, რა თქმა უნდა, ოპოზიციურ პარტიებს, მაგრამ...

რატომ სიმბოლური? წარმოვიდგინოთ, რომ „ოცნება“ აგროვებს, რაც მოსალოდნელია, 40-დან 50 პროცენტამდე ხმებს და მას სჭირდება კოალიციის შექმნა. თუ ეს 30 პარტია, რომელიც წარმოდგენილია პარლამენტში, უარს ამბობს კოალიციის შექმნაზე, მაშინ რა შედეგისკენ მივდივართ? - ისინი თვითონ ვერ ჩამოაყალიბებენ მთავრობას, ესე იგი, უნდა გვქონდეს კიდევ ერთი არჩევნები. ეს იქნება სწორედ ყველაზე დიდი არგუმენტი იმ ადამიანებისთვის, რომლებიც ეწინააღმდეგებოდნენ ჩვენი შერეული სისტემის შეცვლას და მოჰყავდათ იქ ბელგიის მაგალითი, ესპანეთის მაგალითი და ამბობდნენ, აი, ხომ ხედავთ, სადაც პროპორციული არჩევნებია, იქ ვერ აყალიბებენ მთავრობას, მთელი სამი წელია მთავრობის გარეშეა ქვეყანა, იმათ კი შეუძლიათ ქვეყნის განვითარების ხელშეწყობა ამის მიუხედავად, მაგრამ ჩვენ განვითარების ეტაპზე ვართ, არ შეგვიძლია ამის გაკეთებაო.

პრაქტიკულად, მოგვიწევს არჩევნების თავიდან ჩატარება, მერე ისევ თავიდან ჩატარება და ა.შ..

ვიტყოდი, რომ ეს განცხადება კარგია იმისთვის, რომ მობილიზაცია გაუკეთო საკუთარ ამომრჩეველს და აჩვენო როგორი ერთგული ხარ პრინციპების, ოღონდ ეს პრინციპები ქართულ პოლიტიკაში არის ისევ ვიღაცის წინააღმდეგ გამოსვლა. ეს არის ყველაზე უზენაესი პრინციპი და აწერ ხელს „წიგნი ფიცისა“-ზე და შემდეგ პრაქტიკულად უზრუნველყოფ იმას, რომ კოალიციური მთავრობა არ შეიქმნას. მე მიმაჩნია, რომ ეს, შესაძლოა, საარჩევნოდ კარგი ხრიკი იყოს, მაგრამ სახელმწიფოებრიობის თვალსაზრისით არ მიმაჩნია ეს სწორ გამოსავლად“.

რა შეიძლება პრინციპულად შეცვალოს 2020 წლის საპარლამენტო არჩევნებმა პოლიტიკურ ასპარეზზე, სხვადასხვა პოლიტიკური ძალის გადაწყვეტილებების მიღებაში ჩართვის კუთხით? ბაკურ კვაშილავა არ თვლის, რომ ერთი არჩევნები მნიშვნელოვნად შეცვლის დღეს არსებულ ორპოლუსიანობას და უზრუნველყოფს რეალურ მრავალპარტიულობას:

„ორპოლუსიანობა გამოწვეულია სხვადასხვა მოვლენით. ყველაზე ძლიერი პარტია საქართველოში ყოველთვის ხელისუფლებაშია და მეორე პარტია დღეს არის „ნაციონალური მოძრაობა“, რადგან ეს არის ერთადერთი პარტია, რომელიც გადარჩა მას შემდეგ, რაც დაკარგა ხელისუფლება. მან მოიპოვა მეორე ადგილი და დღესაც ახერხებს იყოს ერთ-ერთი მთავარი ძალა, რომელიც პოლიტიკურ დისკუსიას განსაზღვრავს და ჰყავს გარკვეული რაოდენობა მხარდამჭერების, რომლებიც მუდმივად აძლევენ მას ხმას. მე ვიტყოდი, რომ ამას შეცვლის პროპორციული სისტემა, საპარლამენტო მმართველობაზე გადასვლა, მაგრამ ვერ შეცვლის ერთი არჩევნების შემდეგ.

თეორეტიკოსები, რომლებიც ამტკიცებენ (და მე მათ ვეთანხმები), რომ საარჩევნო სისტემა გავლენას ახდენს პოლიტიკური პარტიების რაოდენობაზე, მთავრობის ჩამოყალიბების ტენდენციებზე და ა.შ., ყოველთვის ამბობდნენ იმას, რომ ეს ხდება რამდენიმე საარჩევნო ციკლის შემდეგ. მესამე-მეოთხე ციკლის შემდეგ პოლიტიკური კულტურა უკვე იწყებს ტრანსფორმაციას და ორპარტიული სისტემა ნელნელა გარდაიქმნება რეალურ მრავალპარტიულ სისტემად. ამიტომ ჩვენ უნდა ველოდეთ ამ ეფექტების გამოვლენას, მაგრამ არა ოქტომბერში. ეს პროცესი დაიწყება, მაგრამ ვერ ვიტყვით, რომ ეს იქნება დასასრული და ვნახავთ ძალების დრამატულად განსხვავებულ დისპოზიციას.

ქართული პოლიტიკური რეალობა იმდენად ჩამოუყალიბებელია, და განვითარების პროცესშია, ესეც არ არის გამორიცხული, მაგრამ მაინც ნაკლებად სავარაუდოა“.

ისევე როგორც წინა არაერთ არჩევნებზე, მომავალი საპარლამენტო არჩევნების დროსაც მთავარი თემა არის და იქნება ქვეყნის საგარეო კურსი. ამ თემაზე მსმენელის მიერ ეთერში დასმულ შეკითხვას ბაკურ კვაშილავა ასე პასუხობს:

„შესაძლოა, მთავრობა აცხადებდეს, რომ დასავლეთის მომხრეა და ჰქონდეს „კასრები“. შეიძლება მთავრობა იყოს რუსეთის მომხრე და მასაც ჰქონდეს კასრები. ანუ, ერთია გაცხადებული საგარეო კურსი და მეორეა რამდენად დემოკრატიულია მთავრობა და რამდენად იცავს ის ადამიანის უფლებებს.

ჩემთვის ადამიანის უფლებები და სახელმწიფოს სამართლებრივი მოწყობა გაცილებით მნიშვნელოვანია, ვიდრე დიქტატურის ფორმით ქვეყნის წაყვანა გნებავთ, დასავლეთისკენ. ეს ისედაც ოქსიმორონია, შეუძლებელია, მაგრამ, ეს რომ იყოს შესაძლებელი, მე ვიქნებოდი ამის წინააღმდეგი.

არასდროს დამიჭერია მხარი ისეთი ქმედებებისთვის, რომლებიც მოითხოვს ადამიანის დაჩაგვრას, მაგალითად, გზის ასაშენებლად ან ხიდის, რომელიც დასავლეთთან „შეგაერთებს“. ეს არის არასწორი გზა ქვეყნის მშენებლობის და ვინც ასეთ გზას დაადგება, იქნება ეს „ოცნება“ თუ „ნაციონალური მოძრაობა“, იმედი მაქვს მიიღებს ისეთ პასუხს, რომ ჩამოშორდება ხელისუფლებას“.

„დილის საუბრებში“ ბაკურ კვაშილავა ბელარუსში მიმდინარე პროცესებსაც შეეხო. ის აცხადებს, რომ ბელარუსი უკვე სხვა ქვეყანაა და იმის მიუხედავად, რა პოლიტიკური შედეგი მოჰყვება საზოგადოების პროტესტს, იქ ცვლილებები უკვე შეუქცევადია:

„ბელარუსი უკვე არ იქნება ისეთი ქვეყანა, სადაც ყველა ამბობს, რომ კი, არის დიქტატორი, მაგრამ მოსახლეობის დიდი ნაწილი კმაყოფილია ამ მმართველობით და იქ არაფერი შეიცვლება.

მიუხედავად იმისა, როგორი იქნება საბოლოო შედეგი ამ გამოსვლების, ფაქტია, რომ ბელარუსი სხვანაირი ქვეყანა იქნება, ვიდრე აქამდე იყო, იმიტომ, რომ ამ გამოსვლებში მონაწილეობა მიიღო არა მხოლოდ ახალგაზრდობამ, ინტელექტუალურმა ელიტამ, არამედ, რასაც ქვია „საშუალო მოქალაქეების“ ძალიან დიდმა რაოდენობამ. სწორედ ეს იყო ალბათ იმის მიზეზი, რომ თავიდან მაინც, ლუკაშენკას გაუჭირდა იმ ზომების გამოყენება, რომლებიც მისთვის ნაჩვევია. პრაქტიკულად, ის ყველა არჩევნების წინ და არჩევნების შემდეგაც აპატიმრებდა თავის ძირითად პოლიტიკურ ოპონენტებს. ასე მოხდა ამ შემთხვევაშიც, მაგრამ უკვე საჭირო გახდა არა 50 ადამიანის დაპატიმრება, არამედ გაცილებით მეტის და თუ ეს ასე გაგრძელდა, შეუძლებელი იქნება ამ სიტუაციის კონტროლი, ვინაიდან არსებობს ზღვარი, რომლის შემდეგაც აღარც ციხეები დაიტევს ამდენ ხალხს.

ცვლილებებს უნდა ველოდოთ, მაგრამ ეს არ ნიშნავს, რომ მაინცდამაინც ამ წელს მოხდება. ფაქტია, რომ მის ძალუფლებას საფუძველი შეერყა და რაღაც ცვლილებები გარდაუვალი იქნება უახლოეს მომავალში“.

რაც შეეხება ალიაქსანდრ ლუკაშენკას ძალაუფლების ერთ-ერთ მნიშვნელოვან საფუძველს - ძალოვან უწყებებს:

„ლუკაშენკას აქვს საკმაოდ დიდი დასაყრდენი, მათ შორის შეიარაღებულ ძალებში, შინაგან ჯარებში, ეს ბუნებრივია ნებისმიერი დიქტატურის დროს, მაგრამ სწორედ იმაში მდგომარეობს ამ ცვლილებებით გამოწვეული დინამიკა, რომ სწორედ ამ დასაყრდენში უნდა გაჩნდეს ბზარი. როგორც კი იქ ჩნდება ბზარი, იმ დროს იწყება უკვე რევოლუციის წარმატება. ეს არის მოსალოდნელი მაშინ, როცა ამ ჯარისკაცების რაღაც ნაწილის, თუნდაც 20-30%-ის უახლოესი ადამიანები აღმოჩნდებიან ხოლმე ბარიკადის მეორე მხარეს. როცა მასობრივ პროტესტებთან გვაქვს საქმე, ეს უფრო და უფრო ხშირად მოხდება და ჯარისკაცებს მოუწევთ უკვე იმ გადაწყვეტილების მიღება - აღასრულონ თავიანთი უშუალო მეთაურის ბრძანება, თუ გაითვალისწინონ ის, რომ ბარიკადის მეორე მხარეს შეიძლება იდგნენ მათი ოჯახის წევრები. სწორედ ამის ეშინია ლუკაშენკას და ამიტომ არის, რომ ამ ტიპის მმართველები ერიდებიან მსგავსი მასობრივი პროტესტის დროს ჯარის გამოყენებას, რადგან ამ დროს შესაძლებელია მოხდეს ისეთი პრეცედენტი, რომ არ შეასრულოს ჯარისკაცმა ბრძანება, რადგან სახეზე გვექნება რღვევა მთელი უსაფრთხოების სტრუქტურის, რომელზეც აწყობილია მოცემული ავტორიტარული სახელმწიფო“.