ამ აპლიკაციას ნამდვილად შეუძლია ბევრი კარგის გაკეთება.
მაგრამ „ტელეგრამს“ სხვებიც აფარებენ თავს, ვისაც იზიდავს მისი დაშიფვრის შესაძლებლობები და კონტროლის ნაკლებობა - ნარკოდილერებით და პედოფილებით დაწყებული და დამთავრებული რუსი სამხედროებით, რომლებიც იბრძვიან უკრაინაში და პროპაგანდისტებით, რომლებიც დეზინფორმაციას ავრცელებენ სოციალურ მედიაში.
„ტელეგრამი“ ყურადღების ცენტრში 24 აგვისტოს მოექცა, როდესაც პარიზში მისი თანადამფუძნებელი, პაველ დუროვი დააკავეს. ფრანგული მედიის ცნობით, ეს მოითხოვა საფრანგეთის შინაგან საქმეთა სამინისტროს სპეციალურმა განყოფილებამ, რომელსაც ევალება არასრულწლოვანთა წინააღმდეგ დანაშაულის გამოძიება.
დუროვისთვის ბრალი ოფიციალურად არ წაუყენებიათ. პარიზის პროკურატურა განცხადებას მოგვიანებით გაავრცელებს.
„ტელეგრამმა“ 26 აგვისტოს გაავრცელა განცხადება, სადაც ნათქვამია, რომ დუროვს, 39 წლის მილიარდერს, რომელიც ფრანგულ პასპორტსაც ფლობს, დასამალი არაფერი აქვს. მესენჯერისა და სოციალური მედიის პლატფორმის ბოროტად გამოყენებაზე პასუხისმგებლობის დაკისრება აბსურდულიაო, - აცხადებს კომპანია.
ასევე ნახეთ ასი შვილის მამა, ოთხი ქვეყნის მოქალაქე, ორი გიგანტის დამფუძნებელი - რა ვიცით საფრანგეთში დაკავებულ პაველ დუროვზე?რა არის „ტელეგრამი“?
„ტელეგრამი“ დუროვმა და მისმა ძმამ 2013 წელს დააარსეს, მას შემდეგ, რაც რუსეთის მთავრობამ მასობრივი პროდემოკრატიული საპროტესტო გამოსვლები დაარბია 2011 და 2012 წლების ბოლოს.
მისი ერთ-ერთი მთავარი უპირატესობაა კომუნიკაციის დაშიფვრა და მომხმარებლების ანონიმურობა. ჯგუფებში მომხმარებლის ტელეფონის ნომერი არ ჩანს.
მას 700 მილიონზე მეტი მომხმარებელი ჰყავს, მათი უმრავლესობა რუსეთში, უკრაინასა და სხვა ყოფილ საბჭოთა რესპუბლიკებში ცხოვრობს. „ტელეგრამი“ მსოფლიოში სიდიდით მესამე საკომუნიკაციო პლატფორმაა WhatsApp-ისა და ფეისბუკის მესენჯერის შემდეგ.
სხვა შეტყობინებების პლატფორმებთან შედარებით, „ტელეგრამი“ გახლავთ „ნაკლებად უსაფრთხო. მას უფრო სუსტი პოლიტიკა აქვს უკანონო შინაარსის გამოვლენის თვალსაზრისით“, - უთხრა დევიდ ტიელმა, სტენფორდის უნივერსიტეტის მკვლევარმა, „ასოშიეიტიდ პრესს“.
ჩაგრულთა ინსტრუმენტი
2020 წელს ბელარუსში საპროტესტო აქციების დროს, „ტელეგრამი“ გადამწყვეტ როლს თამაშობდა ორგანიზებასა და ინფორმაციის გაზიარებაში. „ტელეგრამის“ არხმა, „NEXTA ლაივმა“, რომელიც პირდაპირ ეთერში აქვეყნებდა ცნობებს მინსკში და სხვაგან მიმდინარე საპროტესტო აქციებიდან, 9 აგვისტოს სადავო არჩევნების შემდეგ სამი დღის განმავლობაში 2 მილიონამდე მომხმარებელი შეიძინა. არხის შემქმნელი, 22 წლის სტეპან პუტილო ბელარუსის მთავრობამ ტერორისტადაც კი გამოაცხადა.
ირანში „ტელეგრამს“ 40 მილიონამდე მომხმარებელი ჰყავს. 2018 წელს ის ინფორმაციის მიღების მთავარი წყარო გახდა, როდესაც ანტისამთავრობო პროტესტი მთელ ქვეყანას მოედო. ბევრი ირანელი „ტელეგრამის“ კერძო ჯგუფებს იყენებდა ოჯახის წევრებსა და მეგობრებთან კონტაქტის შესანარჩუნებლად. ისინი საჯარო არხებს იწერდნენ იმ ახალი ამბების მისაღებად, რომლებსაც სახელმწიფო მედია არ ავრცელებდა. ირანის ხელისუფლებამ საბოლოოდ „ტელეგრამის“ დაბლოკვა სცადა 2018 წლის არეულობის დროს.
უკანონო საქმიანობა
„ტელეგრამის“ დაშიფვრის ფუნქციამ ისინიც მიიზიდა, ვინც ბავშვებზე სექსუალური ძალადობის სურათებით და მოპარული საკრედიტო ბარათის ნომრებით ვაჭრობენ. BBC-ის გამოძიებამ 2019 წელს დაადგინა, რომ უსაფრთხო შეტყობინებების აპლიკაციები, მათ შორის „ტელეგრამი“ და „დისკორდი“, განსაკუთრებით პოპულარული გახდა მას შემდეგ, რაც პოლიციამ წარმატებული ოპერაციები ჩაატარა „დარქ ვებზე“ მოქმედი კრიმინალური ბაზრების წინააღმდეგ - ეს ინტერნეტქსელია, რომელზე წვდომა მხოლოდ სპეციალური ხელსაწყოების გამოყენებითაა შესაძლებელი.
BBC-ის გამოძიებამ აღმოაჩინა მტკიცებულება, რომ პედოფილები იყენებდნენ როგორც „ტელეგრამს“, ასევე „დისკორდს“, რათა ბავშვებზე ძალადობის ამსახველი მასალების მომხმარებელი მიეზიდათ, ჯგუფების ბმულები კი ჩამარხული იყო „იუტუბის“ ვიდეოების საჯარო კომენტარების განყოფილებაში.
პროპაგანდის ინსტრუმენტი
„ტელეგრამი“ ნამდვილად არ გახლავთ ერთადერთი სოციალური პლატფორმა, თუმცა ის განსაკუთრებულად მნიშვნელოვან როლს თამაშობს დეზინფორმაციის გავრცელებაში.
„ტელეგრამი“ არის დეზინფორმაციის ყველაზე დიდი პლატფორმა ცენტრალურ და აღმოსავლეთ ევროპაში, - ნათქვამია 2023 წლის საგამოძიებო ჟურნალისტიკის ანგარიშში. ავტორი დასძენს, რომ გერმანულენოვანი არხები თამაშობენ „მნიშვნელოვან როლს. აქ იყრის თავს ექსტრემალური მოსაზრებები, რომლებიც შემდეგ გავლენას ახდენს დანარჩენ ცენტრალურ და აღმოსავლეთ ევროპაზე“.
ამან გერმანიის ხელისუფლების ყურადღება მიიქცია. 2022 წელს გერმანიამ 5,12 მილიონი ევროს ოდენობის ჯარიმები გამოუწერა „ტელეგრამის“ ოპერატორებს, რომლებიც გერმანულ კანონმდებლობას არღვევდნენ.
მას შემდეგ, რაც რუსეთის პრეზიდენტმა ვლადიმირ პუტინმა 2022 წლის თებერვალში დაიწყო სრულმასშტაბიანი შეჭრა უკრაინაში, კრემლმა უფრო ხშირად დაიწყო „ტელეგრამის“ გამოყენება.
ომის პირველი თვეების განმავლობაში, კრემლმა შეავიწროვა დასავლური სოციალური მედიის პლატფორმები, ხოლო „ტელეგრამს“ ლმობიერად უდგებოდა და მას საკუთარი მიზნებისთვის იყენებდა“, - ნათქვამია ატლანტიკური საბჭოს ციფრული კრიმინალისტური კვლევის ლაბორატორიის (DFRLab) ივნისის მოხსენებაში.
DFRLab-მა ასევე აღმოაჩინა, რომ რუსული კერძო სამხედრო კომპანიები აქტიურად იყენებდნენ „ტელეგრამს“ სახსრების მოზიდვის, რეკრუტირებისა და ინფორმაციის გაზიარებისთვის. „ვაგნერის“ დაქირავებულ ჯგუფს 30-ზე მეტი ცალკეული არხი ჰქონდა, რომლებიც რეგიონული რეკრუტირების ოფისებს ეკუთვნოდა. თუმცა, ისინი რუსეთის სატელეკომუნიკაციო მარეგულირებელმა „როსკომნადზორმა“ გააქრო 2023 წლის ივნისის რუსეთის მაღალი რანგის სამხედრო ხელმძღვანელობის წინააღმდეგ „ვაგნერის“ ამბოხის შემდეგ.
მოწოდებები „ტელეგრამის“ წაშლის შესახებ
რუსი ბლოგერები, ოფიციალური პირები და სხვები ყურადღებით ადევნებენ თვალს დუროვის საქმის განვითარებას საფრანგეთში. „ტელეგრამი“ ხომ მათი კომუნიკაციისა და პროპაგანდის მნიშვნელოვანი ინსტრუმენტია.
„ბაზა“, რუსეთის უსაფრთხოების აპარატთან დაკავშირებული „ტელეგრამის“ არხი, 25 აგვისტოს წერდა, რომ თავდაცვის სამინისტროს თანამშრომლებს, ცნობილ ბიზნესმენებსა და უსაფრთხოების რამდენიმე უწყების ოფიცრებს დაევალათ აპლიკაციიდან სამუშაოსთან დაკავშირებული შეტყობინებების წაშლა.
„Z-ბლოგერებისთვის, Z-პროპაგანდისთვის ეს მოვლენები მართლაც შემაშინებელია, რადგან მათი მთელი აქტივობა მიმდინარეობს "ტელეგრამის" ანონიმურ და ნახევრად ანონიმურ არხებზე“, - განმარტა კირილ მარტინოვმა, ლატვიური გაზეთ Novaya Gazeta Europe-ის მთავარმა რედაქტორმა. ტერმინი „Z“ პრორუსი ბლოგერებისა და დეზინფორმაციის აღსაწერად გამოიყენება.
„ეს არ არის მხოლოდ ახალი ამბების წყარო. ის ნამდვილად გახლავთ ერთგვარი ოპერაციული ინსტრუმენტი - თანამედროვე რაცია, სადაც ადამიანები ერთმანეთთან ათანხმებენ საბრძოლო მოქმედებების დეტალებს“, - განუცხადა მარტინოვმა Current Time-ს - რუსულენოვან ტელევიზიასა და ციფრულ ქსელს, რომელსაც რადიო თავისუფლება მართავს.