რა არის კ2 კოეფიციენტი და რატომ არის ის ასეთი მნიშვნელოვანი

“გადავწყვიტეთ, სამართლებრივ დონეზე საერთოდ ავკრძალოთ K2 კოეფიციენტით მანიპულაციები. როგორი ინოვაციური და მასშტაბური პროექტებიც არ უნდა განვახორციელოთ მომავალში... ყველაფერი გაუფერულდებოდა, თუ ამის პარალელურად ხელშეუხებლად დარჩებოდა წლების განმავლობაში მიმდინარე ურბანული ქაოსი“, - განაცხადა თბილისის მერმა კახა კალაძემ 15 თებერვალს საკრებულოში გამართულ ბრიფინგზე.

მისი თქმით, წლების განმავლობაში “ზვავის პრინციპით” აგორებულ ურბანულ ქაოსს ქალაქი მხოლოდ ასეთი რადიკალური გადაწყვეტილებით თუ აღუდგება წინ.

რა არის კ2 კოეფიციენტი?

ინტენსიური განაშენიანების კ2 კოეფიციენტი არის მიწის ნაკვეთზე განთავსებული კაპიტალური შენობა-ნაგებობების სართულების ჯამური ფართობის შეფარდება მიწის ნაკვეთის ფართობთან

ინტენსიური განაშენიანების კოეფიციენტის გაზრდა, ანუ შენობის სიმაღლის გაზრდა შესაძლებელია. ამისთვის დეველოპერი შესაბამის მოსაკრებელს იხდის.

როგორ შეიძლება მიხვდეთ, რომ ესა თუ ის შენობა კ2 კოეფიციენტის გაზრდითა არის აშენებული? მარტივად რომ ვთქვათ, ასეთია თითქმის ყველა შენობა,რომელიც ორჯერ მაღალია მის გარშემო მდგარ შენობებზე.

მაგალითად, “ქინგ დევიდი” თამარის ხიდთან, არქის მრავალსართულიანი სახლი ვაკეში და ცათამბჯენები ყიფშიძის კუთხეში, პანორამა თბილისის კომპლექსი პუშკინის ქუჩაზე, შენობა პირველი გიმნაზიის უკან და სხვა მრავალი.

​კ2 კოეფიციენტი, მერების პრესტიჟის საკითხი

ქალაქის მოქმედი მერის განცხადება ჰგავს მისი წინამორბედის, დავით ნარმანიას 2016 წელს გაკეთებული განცხადებას, რომელიც ასევე კ2 კოეფიციენტის გაზრდის შეზღუდვას შეეხებოდა.

"ჩვენ, მივიღეთ გადაწყვეტილება, რომლის თანახმადაც, ქალაქის ცენტრალურ ნაწილში წესდება დროებითი შეზღუდვა საცხოვრებელ სახლებზე კ2 კოეფიციენტის გაზრდასთან დაკავშირებით, რაც საშუალებას მოგვცემს, შევცვალოთ წლების განმავლობაში დამკვიდრებული მანკიერი პრაქტიკა - თბილისის ცენტრალური და ისტორიული ნაწილის ქაოტური განაშენიანება, ისედაც მჭიდრო დასახლებებში“, - თქვა მაშინ დავით ნარმანიამ, რომელიც ამტკიცებდა, რომ მერია ქალაქის ქაოტური განაშენიანებისა და დაურეგულირებელი მშენებლობების პრობლემას გადაწყვეტდა.

“ეს არის აბსოლუტურად სხვადასხვა ტიპის გადაწყვეტილებები. ის ვრცელდებოდა მხოლოდ ცენტრალურ უბნებზე და მხოლოდ სპეციალურ ნებართვებზე. რაც ნიშნავს იმას, რომ კონკრეტულ ერთ მშენებლობაზე, რომელსაც განაშენიანების რეგულირების გეგმა არ ჭირდებოდა, მხოლოდ იმ არეალში და იმ მშენებლობაზე ვრცელდებოდა. ამ შემთხვევაში ჩვენ მივიღეთ გადაწყვეტილება, რომ ყველა კონკრეტულ მშენებლობაზე და პლუს განაშენიანების რეგულირების გეგმებზე გავრცელდეს, რაც იმას ნიშნავს, რომ კოეფიციენტს ვეღარც გრგ-თი გაზრდი და ვეღარც მერის სპეციალური ნებართვით. ჩვენ ვკეტავთ ყველა გზას. იარსებებს მხოლოდ რამდენიმე გამონაკლისი: ავარიული სახლები, დაუმთავრებელი ნაგებობები, კოოპერატიულ ბინათმშენებლობებს.” - უთხრა რადიო თავისუფლებას საკრებულოს წევრმა ბექა დავითულიანმა, რომელსაც იმის გასარკვევად დავუკავშირდით, არის თუ არა ქალაქის მერის ინიციატივა საკრებულოს შესაბამისი დადგენილებით ზურგგამაგრებული.

საკრებულოს დადგენილება ჯერ არ მიუღია და მისი მიღება უახლოეს სხდომებზე არც იგეგმება.

კიდევ ერთი ყოფილი მერი, გიგი უგულავა დღეს გაკეთებულ განცხადებას პოპულიზმად აფასებს: "სამართლიანობა მოითხოვს, გაირკვეს ბოლო ერთი წლის განმავლობაში ვისზეა გაცემული K2-ის შეცვლილი კოეფიციენტი. თბილისის მერის გადაწყვეტილება არ არის სამართლიანი და არ ვარ დარწმუნებული იმაში, რომ ეს პრობლემებს არ შეუქმნის ქალაქმშენებლობას და საბოლო ჯამში დააზარალებს მუშებს, ინჟინრებს, არქიტექტორებს საერთოდ ამ სფეროს,” - განაცხადა უგულავამ.

უგულავა კალაძეს მოუწოდებს, გაასაჯაროვოს მისი მერობის პერიოდში გაცემული შესაბამისი ნებართვების რაოდენობა და მიანიშნებს, რომ ‘პანორამა თბილისი” და “არქი ჯგუფიც” არ უნდა დავივიწყოთ, რომელთა მფლობელებიც ქალაქის მერთან დაახლოებული პირები არიან.

კ2-ის გაყიდვის სტატისტიკა

ფაქტჩეკის მიერ გამოთხოვილი საჯარო ინფორმაციების ანალიზით 2016 წელს გაირკვა, რომ მიუხედავად იმისა, რომ მშენებლობის კოეფიციენტის გაზრდა კონკრეტული თანხის სანაცვლოდ ერთიანი ნაციონალური მოძრაობის ხელისუფლებაში ყოფნის დროს დაკანონდა, კ2 კოეფიციენტის გაყიდვების წლიური მაჩვენებელმა კი ქართული ოცნების დროს მოიმატა.

თბილისის მუნიციპალიტეტის არქიტექტურის სამსახურის ინფორმაციით, 2009 წლიდან 2014 წლის აგვისტომდე კ2 კოეფიციენტის გაზრდასთან დაკავშირებით 1 948 თანხმობაა გაცემული, ხოლო 2014 წლის აგვისტოდან დღემდე კი - 1 037 თანხმობა, რაც იმას ნიშნავს, რომ 2009-2014 წლებში წელიწადში საშუალოდ 336 ნებართვა გაიცემოდა, 2014-2016 წლებში კი საშუალოდ 518.

მას შემდეგ, რაც დავით ნარმანიამ კ2 კოეფიციენტის წინააღმდეგ გაილაშქრა, 2017 წელს ქალაქმშენებლობითი პარამეტრების მომატებაზე (K1 და K2) მერიამ ნებართვა 312 ობიექტზე გასცა.

მარტივი გათვლებით გამოდის, რომ თბილისში გასულ წლებში დაახლოებით 3000 შენობაზეა გაყიდული კ2 კოეფიციენტი.

გამოხმაურებები ძველ ახალ ინიციატივაზე

ქალაქის მერობის ყოფილი კანდიდატი და პარლამენტარი, ელენე ხოშტარია თვლის, რომ ქაოტური განაშენიანება მართლაც ამ ქალაქის პრობლემაა და გადაწყვეტილება სწორია, თუმცა კითხვები მაინც რჩება.

კითხვები აქვს ქალაქმგეგმარებელ ზურაბ ბაქრაძესაც, რომელიც თვლის, რომ ამას აუცილებლად უნდა მიაყოლონ მიწათსარგებლობის გეგმით დადგენილი ზონების და ქვეზონების ცვლილების ამჟამინდელი პრაქტიკის აკრძალვა.

ორგანიზაცია "ახალგაზრდა არქიტექტორებს" იმის თქმა უჭირთ, რამდენად ეშველება ქალაქს ამ აკრძალვით, მაგრამ არქიტექტორებს რომ დიდი თავისტკივილი მოშორდებათ, ეს იციან.

"კ-2 კოეფიციენტების მატება სამართლებრივად აღარ იარსებებს, ქალაქს ეს რამდენად უშველის ძნელი სათქმელია, ვინაიდან უკვე დიდი ხანია საკმარისზე მეტი კ2 გაიცა იქ სადაც არ იყო სასურველი, თუმცა მაინც პოზიტიურ მოვლენად უნდა შეფასდეს.

მეორეს მხრივ ეს არქიტექტორების თავისტიკივილიც იყო, ხშირ შემთხვევაში დამკვეთების მხრიდან მუდმივი მოლოდინი და მოთხოვნა რომ კ2-ი მაქსიმალურად გაზრდილიყო და კ2-ის კვლევა-დასაბუთების მომზადებისას ცალკე დამკვეთისთვის იმის დასაბუთება რომ ეს დასაბუთება საკმაოდ სოლოდური შრომაა და შესაბამის ანაზღაურება სჭირდებოდა....."