მას შემდეგ, რაც საქართველომ ევროკავშირის კანდიდატი ქვეყნის სტატუსი მიიღო, ევროკომიის რეკომენდაციებში სასამართლოსთან დაკავშირებით ახალი ჩანაწერი გაჩნდა. საქართველოს ხელისუფლებას მოსამართლეების ნაწილის კეთილსინდისიერების შემოწმება დაევალა. ამისთვის იშვიათი სისტემის შექმნაა საჭირო, რომელშიც საერთაშორისო სპეციალისტებს გადაწყვეტილების მიღების უფლება ექნებათ.
კეთილსინდისიერების შემოწმების მექანიზმი დროებითი იქნება და სასამართლო სისტემაში მხოლოდ მნიშვნელოვანი თანამდებობის მქონე მოსამართლეებს შეეხება. ესენი არიან:
- იუსტიციის უმაღლესი საბჭოს წევრები;
- უზენაესი სასამართლოს მოსამართლეები;
- სასამართლოს თავმჯდომარეები.
ასეთი სულ 60 მოსამართლეა. მათი რაოდენობა დაითვალა ორგანიზაციამ „სასამართლოს გუშაგი“.
ევროკავშირში მოსამართლეების შემოწმების ამ ექსტრაორდინარულ მეთოდს ვეტინგის(Vetting) სახელით იცნობენ. მართალია, ეს ტერმინი საქართველოს შესახებ რეკომენდაციებში ნახსენები არაა, მაგრამ ქართველმა პოლიტიკოსებმა და NGO-ების ნაწილმა კეთილსინდისიერების შემოწმების შესახებ ჩანაწერს ვეტინგი დაარქვეს.
რა არის ვეტინგი(Vetting)?
ვეტინგი ინგლისური სიტყვაა და თანამდებობასთან შესაბამისობის შემოწმებას ნიშნავს. ამ სიტყვის წარმოშობის ისტორია ცხენების დოღს უკავშირდება და გულისხმობს მოთხოვნას, რომ რბოლამდე ცხოველის ჯანმრთელობა შემოწმდეს. მოგვიანებით, ტერმინმა ზოგადი მნიშვნელობა შეიძინა და “შეფასების” სინონიმი გახდა.
მართლმსაჯულების კონტექსტში ვეტინგი არის მექანიზმი, რომელიც მოსამართლეების კეთილსინდისიერებას ამოწმებს. ის საგამონაკლისო და არასტანდარტული პროცესია, რომელმაც სასამართლო სისტემა არაკეთილსინდისიერი წევრებისგან უნდა გაწმინდოს.
თანამდებობასთან შესაბამისობის შემოწმება მძიმე ჩარევაა სასამართლო შტოში და ისეთ დროს გამოიყენება, როცა სასამართლოს მიმართ ნდობა დაკარგულია, გამეფებულია კორუფცია და კლანური მმართველობა, მიიღება პოლიტიკური გადაწყვეტილებები, სისტემა კი თავისი თავის გაჯანსაღებას ვერ ახერხებს.
„ვეტინგი სპეციფიკური და არაორდინარულია. მისი გამოყენების მასშტაბი იმდენად მცირე უნდა იყოს, რამდენადაც შესაძლებელია. თუმცა, თუ ინსტიტუციური რეფორმები ცალკე არ გატარდა და ჭარბი ძალაუფლებით აღჭურვილი იუსტიციის საბჭო არ რეფორმირდა, კეთილსინდისიერების შემოწმებას აზრი არ ექნება“, - განმარტავს რადიო თავისუფლებასთან „სოციალური სამართლიანობის ცენტრის“ მართლმსაჯულების პროგრამის ხელმძღვანელი, გურო იმნაძე.
საერთაშორისო გამოცდილება
ვეტინგის ჩატარების სტანდარტული მეთოდი არ არსებობს. ეს მექანიზმი, როგორც წესი, იმ ქვეყანაზეა მორგებული, სადაც რეფორმა იწყება. არსებული საერთაშორისო მაგალითები საქართველოსთვის შესაძლოა შესაფერისი არ იყოს, თუმცა პროცესის არსზე, მიზანსა და რისკებზე წარმოდგენას ქმნიდეს.
სასამართლო სისტემის ვეტინგი მიმდინარეობს ალბანეთში, უკრაინაში, მოლდოვაში.
ალბანეთი
ალბანეთმა მოსამართლეების კეთილსინდისიერების შემოწმება 2014 წლიდან დაიწყო, მას შემდეგ, რაც ევროპის კავშირის წევრობის კანდიდატის სტატუსი მიიღო და საქართველოს მსგავსად, ევროკომისიამ გაწევრებაზე მოლაპარაკების დასაწყებად მოთხოვნები წაუყენა. ამ მომენტისთვის ალბანეთის სასამართლოში კორუფცია კრიტიკულ ფაზაში იყო შესული.
2014 წლის ნოემბერში, ალბანეთის პარლამენტმა სპეციალური კომიტეტი შექმნა. ამ ჯგუფმა საზოგადოებისა და პოლიტიკური ჯგუფების ფართო კონსენსუსით ანგარიში მოამზადა, სადაც დაიწერა, რომ სასამართლოს მიმართ ნდობა დაკარგულია. მოსამართლეებმაც აღიარეს, რომ სისტემაში კორუფცია იყო გამეფებული. პრობლემაზე პასუხად ალბანეთში კეთილსინდისიერების შემოწმების დროებითი მექანიზმი ამუშავდა და განურჩევლად ყველა მოსამართლეს შეეხო. რეფორმისას შეამოწმეს პროკურორებიც.
მოსამართლეების ნაწილი კეთილსინდისიერების შემოწმებას არ დაელოდა, განცხადება დაწერა და სასამართლოდან წავიდა.
ვეტინგმა ალბანეთს პრობლემებიც მოუტანა: შეფერხდა საკონსტიტუციო სასამართლოსა და უზენაესი სასამართლოს მუშაობა, სისტემას მოსამართლეები აღარ ჰყოფნიდა. უზენაესი სასამართლო 6 წლის განმავლობაში ერთი მოსამართლის ამარა იყო დარჩენილი.
ამის მიუხედავად, ვენეციის კომისიამ გამართლებულად მიიჩნია ვეტინგი, თუმცა თქვა, რომ „ეს ზომა არ იქნებოდა რეკომენდებული სხვა ქვეყნებში, სადაც სასამართლო კორუფციას ამ მასშტაბისთვის არ მიუღწევია“.
კოსოვო
თუმცა იგივე ჩარევა არ მოიწონა კოსოვოს შემთხვევაში, სადაც ვეტინგის პირველი ეტაპი 2010 წელს დაიწყო და ხუთი წელი გაგრძელდა. ვაკანტური ადგილების სიცარიელემ კოსოვოში სასამართლო და პროკურატურა გადატვირთა. ვეტინგის პარალელურად, მართლმსაჯულების სისტემური რეფორმაც არ მიმდინარეობდა. შესაბამისად, პროცესმა შედეგი ვერ მოიტანა.
უკრაინა და მოლდოვა
უკრაინაში მოსამართლეების კეთილსინდისიერებას ანტიკორუფციული სასამართლო ამოწმებს, რომელიც 2018 წელს სასამართლოს საერთაშორისო ექსპერტებით დაკომპლექტდა. 2022 წელს მოსამართლეების ვეტინგის უკრაინული მექანიზმი გამოიყენა მოლდოვამ სასამართლოს თვითმმართველი ორგანოს (იუსტიციის საბჭო) დასაკომპლექტებლად. მოლდოვა სამომავლოდ, ყველა მოსამართლისა და პროკურორის შემოწმებას გეგმავს.
ვეტინგის დროს კეთილსინდისიერების განმსაზღვრელი ერთ-ერთი მთავარი პარამეტრი ფინანსებია. მაგალითად, რამდენად შეესაბამება მოხელეების შემოსავლები და ქონება ერთმანეთს, ხომ არ რჩება განცდა, რომ მოსამართლე სხვა გზებითაც აგროვებდა დოვლათს; ყურადღება ექცევა ჟურნალისტურ გამოძიებებსაც. შემმოწმებელ კომისიას უფლება აქვს, მოსამართლის შესახებ ნებისმიერი სამთავრობო უწყებიდან გამოითხოვოს ინფორმაცია, მათ შორისაა სახელმწიფო უსაფრთხოების სამსახურიც.
ასევე ნახეთ სანქცირებული მოსამართლეები 2040-იან წლებამდე - არის თუ არა უვადო მოსამართლე ხელშეუხებელი?კეთილსინდისიერების შემოწმების ვარიანტები
„როგორც წესი, ვეტინგი პრობლემის აღიარებით იწყება“, - ამბობს იურისტი გიორგი ჩიტიძე, „სამოქალაქო საზოგადოების ფონდის“ წარმომადგენელი. ის რადიო თავისუფლებას მოსამართლეების კეთილსინდისიერების შემოწმების საკუთარ ხედვას უზიარებს.
ეს ხედვა ზოგადია, პროცესი კი იმაზე რთული, ვიდრე ერთი შეხედვით შეიძლება ჩანდეს. საბოლოოდ, გადაწყვეტილება, დიდი ალბათობით, პარლამენტმა უნდა გააფორმოს მაღალი პოლიტიკური ჩართულობითა და კონსენსუსით. შესაბამისად, შემოწმების მეთოდი, ფორმა და კრიტერიუმები მონაწილე მხარეებს შორის შეთანხმების საკითხია. მხარე ბევრია: ხელისუფლება, ოპოზიცია, არასამთავრობო ორგანიზაციები, მედია, აკადემიური სფერო, საერთაშორისო პარტნიორები და სპეციალისტები.
იმ სცენარში, სადაც „ქართული ოცნების“ ხელისუფლება მოსამართლეების კეთილსინდისიერების შემოწმებას თანხმდება, პროცესები შესაძლოა ასე განვითარდეს:
- პარლამენტში კონსენსუსით, ანუ პოლიტიკური პარტიების ფართო ჩართულობით შეიქმნება დოკუმენტი, სადაც დეტალურად აღიწერება პრობლემები, რომლებიც სასამართლო სისტემის ნდობას, დამოუკიდებლობას, მიუკერძოებლობას კითხვის ნიშნის ქვეშ აყენებს;
- შეირჩევიან მოსამართლეები, რომელთა კეთილსინდისიერებასაც შეამოწმებენ;
- დაზუსტდება იმ კომისიის შემადგენლობა, რომელიც შემოწმებაზე იქნება პასუხისმგებელი;
- განისაზღვრება საერთაშორისო და ადგილობრივი სპეციალისტების რაოდენობა და შეფარდება;
- საერთაშორისო სპეციალისტებს გადაწყვეტილების მიღების უფლება უნდა მიენიჭოთ;
- შეიქმნება და დაკომპლექტდება კომისიის გადაწყვეტილებების გასაჩივრების ორგანო, იგივე სააპელაციო კომისია, რათა მოსამართლეებს არ წაერთვათ სამართლიანი სასამართლოს უფლება;
- დადგინდება რეფორმის (დაწყებისა და დასრულების დრო);
- განისაზღვრება შემოწმების მოდელი და პროცედურა;
- შემუშავდება მოსამართლების შესახებ ინფორმაციის მოპოვებისა და დამუშავების მეთოდოლოგია;
- შეიცვლება კონსტიტუცია, რადგან, მოქმედი წესით, მოსამართლეები უვადოდ არიან დანიშნულები და მათი თანამდებობიდან გადაყენების საფუძველი მხოლოდ დისციპლინური გადაცდომა შეიძლება გახდეს.
„[მექანიზმის მომზადების] პროცესი, საუკეთესო შემთხვევაში, 6 თვიდან ერთ წლამდე უნდა გაგრძელდეს, წინააღმდეგ შემთხვევაში ეფექტის ნაცვლად, უკუეფექტი შეიძლება მივიღოთ. ვადის გახანგრძლივების შემთხვევაში ჩნდება რისკი, რომ კლანი დაიწყებს მოძლიერებას და პოლიტიკოსებთან საერთო ენის გამონახვას შეეცდება. ამით პროცესი ჩიხში შედის“, - აზუსტებს გიორგი ჩიტიძე.
სასამართლო საკითხებზე მომუშავე არასამთავრობოები ფიქრობენ, რომ ვეტინგის დროს სპეციალურმა კომისიამ „კლანისადმი ანგარიშვალდებულების“ ხარისხიც უნდა გაზომოს. მაგალითად,
- იყო თუ არა დასაბუთებული მოსამართლის დაწინაურება ან მისი სხვა სასამართლოში მივლინება;
- ხომ არ აქვს მოსამართლეს კავშირი ისეთ საქმეებთან, რომლებიც ავტორიტეტულმა ეროვნულმა და საერთაშორისო ორგანიზაციებმა პოლიტიკურ საქმეებად მიიჩნიეს;
- იყენებს თუ არა მოსამართლე რბილი და მკაცრი ზემოქმედების ზომებს მისი ქვემდგომების “ერთგულების” მოსაპოვებლად;
- ხომ არ მიავლინა იუსტიციის საბჭომ მოსამართლე სახლიდან დაშორებულ რეგიონში დასჯის მიზნით.
თუ მოსამართლე კეთილსინდისიერების შემოწმებას ვერ გაივლის, ის თანამდებობას დატოვებს. ამ სცენარით, ვაკანტურ ადგილებზე კანდიდატების შერჩევაც დროებითი კომისიის პასუხისმგებლობა იქნება.
დღეს მოსამართლეების კეთილსინდისიერებას არავინ ამოწმებს?
ეს სიმართლე არ არის. მოსამართლეების კეთილსინდისიერების შემოწმება იუსტიციის უმაღლესი საბჭოს პასუხისმგებლობაა. შემოწმების წესი კი დეტალურადაა განსაზღვრული „საერთო სასამართლოების შესახებ“ საქართველოს კანონში.
საქართველოში მოსამართლეობის კანდიდატი ორი ძირითადი კრიტერიუმის – კეთილსინდისიერებისა და კომპეტენტურობის – საფუძველზე შეირჩევა.
კეთილსინდისიერების კრიტერიუმის მახასიათებლებია:
- პიროვნული კეთილსინდისიერება და პროფესიული სინდისი;
- დამოუკიდებლობა, მიუკერძოებლობა და სამართლიანობა;
- პიროვნული და პროფესიული ქცევა;
- პიროვნული და პროფესიული რეპუტაცია;
- ფინანსური ვალდებულება.
კომპეტენტურობის კრიტერიუმებია:
- სამართლის ნორმების ცოდნა;
- სამართლებრივი დასაბუთების უნარი და კომპეტენცია;
- წერის უნარი;
- ზეპირი კომუნიკაციის უნარი;
- პროფესიული თვისებები, მათ შორის, ქცევა სასამართლო დარბაზში;
- აკადემიური მიღწევები და პროფესიული წვრთნა;
- პროფესიული აქტივობა.
კანონში თითოეული ეს კრიტერიუმი დეტალურადაა განმარტებული და ჩამოწერილია ის მახასიათებლები, რომლებზე დაყრდნობითაც გადაწყვეტილება უნდა იყოს მიღებული.
კრიტერიუმებთან შესაბამისობას იუსტიციის უმაღლესი საბჭო, სპეციალური კითხვარებით ადგენს. იქმნება ე.წ. შემფასებელი ჯგუფები, რომლებმაც კანდიდატზე ყველა საჭირო ინფორმაცია უნდა შეაგროვონ. დამუშავებულ ინფორმაციას იუსტიციის საბჭოს დარჩენილ წევრებს წარუდგენენ. მომდევნო ეტაპი გასაუბრებაა, რის შემდეგაც მოსამართლეობის მსურველებს საბჭოს წევრები კრიტერიუმების მიხედვით ქულებს უწერენ.
იუსტიციის საბჭოს ყოფილი არამოსამართლე წევრი ნაზი ჯანეზაშვილი ამბობს, რომ ფურცელზე შერჩევის წესი კარგადაა დაწერილი, თუმცა „კლანური მმართველობის პირობებში კარგი კანონი პრაქტიკაში აღარ მუშაობს“.
„წლების განმავლობაში სისტემა ასე მუშაობდა - ლევან მურუსიძე ამოწმებდა დიმიტრი გვრიტიშვილის კეთილსინდისიერებას, გვრიტიშვილი ამოწმებდა მიქაუტაძის კეთილსინდისიერებას, კლანის წევრები ერთმანეთს მაღალ ქულებს უწერდნენ და უვადოდაც ინიშნებოდნენ“, - ამბობს ნაზი ჯანეზაშვილი.
მოვლენები, რომლებმაც მოსამართლეთა კეთილსინდისიერება კითხვის ნიშნის ქვეშ დააყენა
ის არასამთავრობო ორგანიზაციები, რომლებიც საქართველოში ვეტინგის იდეას იწონებენ, იმ მთავარ მოვლენებს ასახელებენ, რომლებიც ბოლო ხუთ წელიწადში სასამართლო ხელისუფლებაში მოხდა:
- 2019 წლის 12 დეკემბერს საქართველოს პარლამენტმა უზენაეს სასამართლოში უვადოდ განაწესა 14 მოსამართლე. კანდიდატებთან გასაუბრებას პირდაპირ ეთერში აჩვენებდნენ. გამჭვირვალობის მიუხედავად, კეთილსინდისიერებასა და კვალიფიციურობაზე ეჭვები ვერ გაიფანტა. ეუთო/ ოდირმა, აშშ-ის საელჩომ, ევროსაბჭოს საპარლამენტო მონიტორინგის ჯგუფმა - ყველამ ერთხმად მიანიშნა, რომ კანდიდატთა ნაწილმა საკმარისი იურიდიული ცოდნა და მიუკერძოებლობისადმი ერთგულება ვერ გამოავლინა.
- 2021 წლის დეკემბერში საერთო სასამართლოების შესახებ კანონში ცვლილება შევიდა და დისციპლინურ პასუხისგებლობას დაექვემდებარა მოსამართლის მიერ “პოლიტიკური ნეიტრალიტეტის პრინციპის დარღვევით აზრის საჯაროდ გამოთქმა“. დისციპლინური გადაცდომაა ერთადერთი მექანიზმი, რომლითაც იუსტიციის საბჭოს უვადოდ დანიშნული მოსამართლის სისტემიდან გაშვება შეუძლია. კანონის ახალი ჩანაწერი კი, ვენეციის კომისიის შეფასებით, ინტერპრეტაციის შესაძლებლობებს ტოვებს.
- 2022 წლის 23 ოქტომბერს იუსტიციის საბჭოში მეორე ვადით დაბრუნდნენ მოსამართლეები დიმიტრი გვრიტიშვილი და ლევან მურუსიძე. ისინი ე.წ. სასამართლო კლანის გავლენიან წევრებად ითვლებიან. მათ საბჭოში ხელმეორედ დანიშვნას მოსამართლეთა კონფერენციის აბსოლუტურმა უმრავლესობას დაუჭირა მხარი.
- 2023 წლის 5 აპრილს აშშ-მ „საჯარო თანამდებობის ბოროტად გამოყენებისა“ და „მნიშვნელოვან კორუფციულ საქმიანობაში ჩართვის“ გამო სანქციები დაუწესა სამ მოქმედ და ერთ ყოფილ მოსამართლეს: მიხეილ ჩინჩალაძეს, ლევან მურუსიძეს, ირაკლი შენგელიას, ვალერიან ცერცვაძეს.
- 2023 წლის 17 მაისს პარლამენტმა იუსტიციის საბჭოს სამი არამოსამართლე წევრი დანიშნა. მმართველ პარტიას კვორუმი „ნაციონალური მოძრაობის“ სიით პარლამენტში შესულმა 5-მა დეპუტატმა შეუვსო. იქამდე ორი წლის განმავლობაში ეს ადგილები ვაკანტური იყო. მმართველმა პარტიამ მხარი არ დაუჭირა არასამთავრობო სექტორის მიერ წარდგენილ არცერთ კანდიდატს მიუხედავად იმისა, რომ ვენეციის კომისია გადაწყვეტილების ფართო კონსენსუსით მიღებას უწევდა რეკომენდაციას.
ადგილობრივი ორგანიზაციები სასამართლო სისტემაში გამეფებულ ნეპოტიზმსაც ამხელენ. „სასამართლო გუშაგის“ მიერ 2022 წელს გამოქვეყნებულ ანგარიშში თავად მოსამართლეები ადასტურებენ ანონიმურობის დაცვით, რომ სასამართლო სისტემაში გავლენიანი ჯგუფი არსებობს, გადაწყვეტილებები ნეპოტიზით მიიღება, სისტემა კი ჩაკეტილია ახალი ხალხისთვის:
- „ჩემს სასამართლოში, ვიტყოდი, ესეთ შედარებას მოვიყვანდი, რომ აი, ჩიტიც კი ვერ შემოფრინდება, თუ არ არის ნათესავი, ახლობელი, მეგობრის შვილი, ნათელ-მირონი...“
- „თუკი გამოხვალ კონფერენციაზე და კონკრეტულ პირს გალანძღავ, დავუშვათ, უკვე მათ ნდობას იმსახურებ. ... ეს რომ მექნა, ალბათ, მგონია, რომ ეხლა ბევრად წინ ვიქნებოდი, ასე ვთქვათ, სისტემაში დაწინაურებაზე“.
- „არსებობს რაღაც ჯგუფი, რომელიც, ასე ვთქვათ, ჭადრაკის დაფასთან ზის და ანაწილებს ამ როლებს...“
- “მოსამართლის პოზიციაზე ვიღაცის დახმარების გარეშე [დანიშვნა], საერთოდ შეუძლებელი მგონია, რომ ვინმე შეიძლება მოხვდეს ამ პოზიციაზე ან [იუსტიციის უმაღლეს] სკოლაშიც კი ჩააბაროს“.
2019 წლის ანგარიშში ეუთო/ოდირმაც ღიად მიუთითა ინტერესთა კონფლიქტის შემთხვევებზე უზენაესი სასამართლოს მოსამართლეობის კანდიდატების ნომინირების პროცესში.
ასევე ნახეთ უნდოდა, მაგრამ აღარ მიდის - რატომ ცვლიან გეგმებს მოსამართლეები, აშშ-ის სასწავლო ვიზიტამდე?"საქართველოს იუსტიციის უმაღლესი საბჭო მთელ მსოფლიოში იუსტიციის საბჭოებს შორის ყველაზე უფლებამოსილი და ძლიერი ორგანოა. ამ სტრუქტურას უჭირავს ხელში მოსამართლეების კონტროლის ყველა ბერკეტი, იქნება ეს მოსამართლის დანიშვნა, გათავისუფლება, ხელფასი, მივლინება, სოციალური ბენეფიტები და დისციპლინური წარმოება, რაც მთავარია”, - ამბობს იურისტი, გიორგი ჩიტიძე.
იუსტიციის საბჭოს რეფორმას ევროკომისიაც მოითხოვს. გაფართოების ანგარიშში წერია, რომ საქართველოს ხელისუფლებამ:
- უნდა შეზღუდოს იუსტიციის უმაღლესი საბჭოს ძალაუფლება;
- დააკონკრეტოს მოსამართლეთა მივლინების საფუძვლები და ამ პროცესში საბჭოს დისკრეცია შეზღუდოს;
- დახვეწოს დისციპლინური სამართალწარმოება.
იუსტიციის უმაღლესი საბჭოს ძალაუფლების შეზღუდვაში იგულისხმება გადაწყვეტილებების მიღების პროცესში საბჭოს მოსამართლე და არამოსამართლე წევრების დაბალანსებული როლი, საბჭოს წევრების მეორე ვადით არჩევის შესაძლებლობის შეზღუდვა და მისი შემადგენლობის ეტაპობრივი განახლების შესაძლებლობა.
რას ფიქრობენ მოსამართლეები ე.წ. ვეტინგზე?
მოსამართლეთა შეზღუდული ჯგუფის კეთილსინდისიერების შემოწმების იდეას ყველაზე პირველი უზენაესი სასამართლო დაუპირისპირდა. განცხადება, რომელსაც ხელს სახელობითად არავინ აწერს, უზენაესის სასამართლოს მოსამართლეების მხოლოდ ნაწილის პოზიციას გამოხატავს.
უზენაეს სასამართლოს ორი მოსამართლე, ნინო ბაქაქური და ეკატერინე გასიტაშვილი „შეშფოთების“ ტექსტს არ შეუერთდნენ და განსხვავებული პოზიციები პლენუმის ოქმში განმარტეს. სხდომის ოქმი საჯაროდ ხელმისაწვდომი არ არის.
უზენაესი სასამართლოს პლენუმის წევრებს შორის არიან:
- უზენაესი სასამართლოსა და იუსტიციის უმაღლესი საბჭოს თავმჯდომარე ნინო ქადაგიძე;
- მისი პირველი მოადგილე, ყოფილი პროკურორი შალვა თადუმაძე;
- იუსტიციის საბჭოს ყოფილი მდივანი გიორგი მიქაუტაძე;
- თბილისის სააპელაციო სასამართლოს სანქცირებული თავმჯდომარე მიხეილ ჩინჩალაძე;
- ქუთაისის სააპელაციო სასამართლოს თავმჯდომარე ირაკლი ბონდარენკო. ის ამჟამად უზენაესი სასამართლოს მოსამართლეობის კანდიდატია.
უზენაესი სასამართლოს სახელით გავრცელებულ განცხადებაში წერია, რომ „ე.წ. ,,ვეტინგი“ ლახავს სასამართლოსა თუ ინდივიდუალური მოსამართლის დამოუკიდებლობას და ძირს უთხრის საზოგადოების ნდობას მართლმსაჯულების სისტემისადმი... უხეშად ლახავს სახელმწიფოს სუვერენიტეტს, ითვალისწინებს რა სახელმწიფო ხელისუფლების ერთ-ერთ შტოს - სასამართლოს დაკომპლექტების მექანიზმების გარე აქტორების ხელში გადატანას“.
ვინ აპირებს ჩემს შემოწმებას - ხელმოცარული იურისტები და კორუმპირებული პოლიტიკოსები? - ამ კითხვას სვამს შალვა თადუმაძე, უზენაესი სასამართლოს უვადოდ დანიშნული მოსამართლე.
თადუმაძე წლების განმავლობაში „ქართული ოცნების დამფუძნებლის, ბიძინა ივანიშვილის იურისტი იყო. ივანიშვილის პარტიის ხელისუფლებაში მოსვლისა და მისი გაპრემიერების შემდეგ თადუმაძე მთავრობის ადმინისტრაციის ხელმძღვანელად დაინიშნა. 2018 წელს ის გენერალური პროკურორი გახდა.
მის დიპლომთან დაკავშირებით კითხვები მას შემდეგ დაისვა, რაც უზენაეს სასამართლოში უვადოდ დანიშვნის სურვილი გაუჩნდა. დოკუმენტის მიხედვით რჩებოდა შთაბეჭდილება, რომ თადუმაძემ 1993 წელს ჩააბარა იმ უნივერსიტეტში, რომელიც 1994 წელს დაარსდა. მაშინ თადუმაძე ამბობდა, რომ ინსტიტუტში 16 წლის ასაკში, 1994 წელს ჩააბარა, თუმცა ხუთწლიანი სასწავლო კურსი ექსტერნად დაასრულა, დიპლომში ჩაიწერა სწავლის დასრულების თარიღი.
შალვა თადუმაძე ფიქრობს, რომ ვეტინგი „მის მიერ მიღებული ათასობით გადაწყვეტილებაა, რომელიც სხვადასხვა ელექტრონულ პლატფორმაზე საჯაროდ ქვეყნდება“ და ყველა მოქალაქისთვის ხელმისაწვდომია და „პოლიტიკურად ანგაჟირებულ ფსევდო ექსპერტებს“ მათ წაკითხვას ურჩევს.
ამას გარდა, მოსამართლე ამბობს, რომ მის ქონებრივ დეკლარაციაში რაიმე ტიპის დარღვევა არასამთავრობო ორგანიზაციებმაც ვერ იპოვეს, რომლებიც „პოლიტიკური ინტერესებიდან გამომდინარე ყოველწლიურად ამოწმებენ“.
ე.წ. ვეტინგს კატეგორიულად ეწინააღმდეგება იუსტიციის საბჭოს მოსამართლე წევრი, დიმიტრი გვრიტიშვილი. ის რადიო თავისუფლებას ეუბნება, რომ საქართველოში ვეტინგის ჩატარების წინაპირობა არ არსებობს.
„ალბანეთში ამ საგამონაკლისო ღონისძიების ჩატარებას თავისი წინაპირობები ჰქონდა, მოსამართლეები აღიარებდნენ, რომ სასამართლო სისტემაში კორუფცია იყო. საქართველოში ეს ვითარება არ არის და ამიტომ ვეწინააღმდეგებით... დეკლარაციები საჯაროა, შემოსავლები საჯაროა, თუ რაიმე კანონდარღვევა გვაქვს ჩადენილი, პროკურატურას მიმართონ, რა საჭიროა დამატებითი სტრუქტურები და რყევების შექმნა სასამართლო სისტემაში?“, - ამბობს დიმიტრი გვრიტიშვილი.
მოსამართლე ევროკომისიის რეკომენდაციებს ეჭვის ქვეშ აყენებს და ვეტინგის შესახებ ჩანაწერის დასაბუთებას მოითხოვს:
„ევროკომისია არ არის უზადო ჭეშმარიტების მატარებელი, თუ დასაბუთება არ არის, ასე ცხვრებივით უნდა დავეთანხმოთ ყველა რეკომენდაციას? რას გავს ეს?.. ვიღაცებს იმედი აქვთ, ვეტინგი თუ დაიწყება, გვრიტიშვილი და მისი კოლეგები განცხადებას დაწერენ და შიშით ქვეყნიდან გაიქცევიანო, არსად გამქცევი ვარ, აქ უნდა ვიცხოვრო ჩემს ოჯახთან ერთად“.
თბილისის სააპელაციო სასამართლოს უვადო მოსამართლე ქეთი მესხიშვილი ვეტინგის სამიზნე ჯგუფში არ არის, თუმცა საჭიროების შემთხვევაში მზადაა „ამ შემოწმებას თავი დაუქვემდებაროს“.
„არ მინდა, ჩემი ქმედებით, ევროპასთან დაახლოების პროცესს ხელი შევუშალო. ვფიქრობ, კეთილსინდისიერების შემოწმება არის პროცესი, სასამართლოს მიმართ ნდობას გაზრდის და მე მზად ვარ, ამ მოთხოვნას თავი სიამოვნებით დავუქვემდებარო“, - ამბობს რადიო თავისუფლებასთან მოსამართლე, ქეთი მესხიშვილი.
ხელისუფლება ვეტინგის წინააღმდეგია
ხელისუფლება ვენეციის კომისიის რეკომენდაციის შესრულებას არ აპირებს და მოსამართლეების კეთილსინდისიერების შემოწმებას „ექსტრაორდინარული მეთოდით“ კატეგორიულად გამორიცხავს.
საქართველოს პრემიერ-მინისტრისთვის, ირაკლი კობახიძისთვის ვეტინგი მიუღებელია, რადგან, მისივე თქმით, ეს პროცესი „კონსტიტუციას ეწინააღმდეგება“.
„ჩვენ უვადოდ გამწესებული მოსამართლეები გვყავს, რომელთაც ასაკობრივი ზღვარის ამოწურვამდე ვერავინ შეეხება. ყოველგვარი ისეთი ინიციატივა, რომელიც მოსამართლის უვადოობის პრინციპს ეწინააღმდეგება, თავისთავად, კონსტიტუციასთანაცაა წინააღმდეგობაში”, - ამბობს ირაკლი კობახიძე.
საერთაშორისო სპეციალისტების ვეტინგის პროცესში მონაწილეობას ეწინააღმდეგება საქართველოს პარლამენტის თავმჯდომარე შალვა პაპუაშვილი. ის ამტკიცებს, რომ NGO-ები, რომლებიც კეთილსინდისიერების შემოწმების მექანიზმის ამოქმედებას უჭერენ მხარს, სახელმწიფო ინტერესების დაზიანებას ცდილობენ:
„გადაწყვეტილებები უნდა იყოს მიღებული ხალხის მანდატით, „ენჯეოები“ კი ამბობენ, რომ მათმა უცხოელმა დამფინანსებლებმა მართონ ქვეყანა და გადაწყვიტონ, ვინ იყოს მოსამართლე“.
არასამთავრობო სექტორში ამბობენ, რომ "ქართული ოცნება" მანიპულაციური განცხადებებით, მოსახლეობის შეცდომაში შეყვანას და მთავარი საკითხიდან ყურადღების გადატანას ცდილობს. მართლმსაჯულების კოალიციამ განცხადებაც გაავრცელა, სადაც წერია, რომ „ხელისუფლება კლანის წევრების კეთილსინდისიერების შემოწმებაზე უარით ევროინტეგრაციის პროცესს აფერხებს“.
მართლმსაჯულების რეფორმასთან დაკავშირებით, ევროკომისიის რეკომენდაციების საპასუხოდ, საქართველოს მთავრობამ 2023 წლის 27 ნოემბერს ევროინტეგრაციის სამთავრობო კომისიის სხდომაზე განსახორციელებელი ღონისძიებების გეგმა დაამტკიცა. ამ გეგმის თანახმად,
იხვეწება დისციპლინური სამართალწარმოების პროცესის ზოგიერთი ეტაპი და გასაჩივრების წესები;
- ზუსტდება მოსამართლეთა დისციპლინირების ერთ-ერთი საფუძველი და დარღვევად „პოლიტიკური ნეიტრალიტეტის პრინციპის დარღვევის“ ნაცვლად, „პოლიტიკური ნეიტრალიტეტის პრინციპის აშკარა დარღვევა“ ჩაითვლება.
- დარღვევად არ ჩაითვლება მართლმსაჯულების სისტემის გაუმჯობესების შესახებ მოსამართლის მიერ გამოთქმული მსჯელობა.
- უზენაესი სასამართლოს მოსამართლეობის კანდიდატს ხუთის ნაცვლად, სპეციალობით მუშაობის 10-წლიანი გამოცდილება მოეთხოვება.
„საერთაშორისო გამჭვირვალობა-საქართველოში“ ამბობენ, რომ დაგეგმილი ცვლილებები ევროკომისიისა და ვენეციის კომისიის მთავარ რეკომენდაციებს არ ითვალისწინებს. მაგალითად, არ ეხება ისეთ მნიშვნელოვან საკითხებს, როგორებიცაა იუსტიციის უმაღლესი საბჭოს ყოვლისმომცველი რეფორმა, იუსტიციის უმაღლესი საბჭოს ძალაუფლების შეზღუდვა და მოსამართლეთა ნაწილის კეთილსინდისიერების გადამოწმების მექანიზმი.
მცდელობის მიუხედავად, არასამთავრობო სექტორში თითქმის არავის აქვს მოლოდინი, რომ "ქართული ოცნება" ვეტინგის შესახებ რეკომენდაციას შეასრულებს. ამ ნაბიჯის გადადგმა ნიშნავს აღიარებას, რომ სასამართლო დამოუკიდებელი არ არის, იუსტიციის საბჭო თავის ფუნქციას ვერ ასრულებს, გადაწყვეტილებები კი პოლიტიკური ჩარევითა და კლანური მმართველობით მიიღება.