რა არა აქვს ხალხს - 10 მთავარი აქცენტი NDI-ის კვლევიდან

NDI-ის საზოგადოებრივი აზრის კვლევის თანახმად, რომელიც ივლისში ჩატარდა, ყველაზე მნიშვნელოვანი ეროვნული პრობლემები ბოლო 10 წლის განმავლობაში საქართველოში არ შეცვლილა.

რომ დავაზუსტოთ, ამ მოცემულობით საქართველოს მოსახლეობას ყველაზე მეტად ისევ აწუხებს:

უმუშევრობა,

სიძვირე,

სიღარიბე.

აი რამდენიმე მონაცემი, რომელიც ბოლო კვლევამ აჩვენა:

  • გამოკითხულთა 34% ( მთლიანი მოსახლეობის 21%) უმუშევარია და ეძებს სამსახურს;
  • გამოკითხულთა 43% ფიქრობს, რომ 5 წლის წინანდელთან შედარებით, ახლა უფრო ნაკლები ფინანსური შესაძლებლობები აქვს;
  • ოჯახის მთლიანი შემოსავალი 800 ლარზე მეტი გამოკითხულთა მხოლოდ 20%-ს აქვს, 63%-ის შემოსავლები 800 ლარამდეა;
  • გამოკითხული მოსახლეობის 48%-ს ბოლო 6 თვის მანძილზე ჰქონია შემთხვევა, როდესაც არ ეყო ფული კომუნალური გადასახადების დასაფარად;
  • გამოკითხულთა 54%-მა გასული წელს არ იმკურნალა, რადგან არ ჰქონდა ამის ფინანსური შესაძლებლობა;
  • 50%-ს გასული წლის განმავლობაში ჰქონია შემთხვევა, როდესაც თავისთვის ან ოჯახის წევრისთვის წამალი სიძვირის გამო ვერ შეიძინა;
  • გამოკითხულთა მხოლოდ 10% ახერხებს ფულადი დანაზოგის შექმნას;
  • გამოკითხულთა 70% მიიჩნევს, რომ ქვეყნის ეკონომიკა უთანასწოროა და იგი სარგებელს ადამიანების მხოლოდ გარკვეულ მცირე ჯგუფს აძლევს;
  • გამოკითხულთა 57%-ს არ სჯერა, რომ როდესაც პენსიაზე გავა, შეძლებს დაგროვილი თანხით სარგებლობას;
  • გამოკითხულთა 84% ეკონომიკურ პრობლემებზე პასუხისმგებლობას მთავრობას აკისრებს.