სომხეთი მთიანი ყარაბაღის დამოუკიდებლობის აღიარებაზე ფიქრობს - რა არ უნდა გამოგრჩეს 6 ოქტომბერს

ვითარება მთიან ყარაბაღსა და მის ირგვლივ

მთიანი ყარაბაღის თვითგამოცხადებული რესპუბლიკის მესვეურებმა 5 ოქტომბერს ეუთის მიმართეს განცხადებით მათი დამოუკიდებლობის აღიარების აუცილებლობის თაობაზე. "შექმნილ ვითარებაში საერთაშორისო აღიარება რჩება ერთადერთ ქმედით მექანიზმად რეგიონში მშვიდობის და უსაფრთხოების აღსადგენად" - წერია განცხადებაში.

პარალელურად სომხეთის პრეზიდენტმა არმენ სარქისიანმა თქვა, რომ შესაძლოა სომხეთმა აღიაროს მთიანი ყარაბაღის დამოუკიდებლობა და მას პირდაპირი დახმარებაც კი გაუწიოს.

თვითგამოცხადებული რესპუბლიკის ლიდერებმა მშვიდობიან მოსახლეობას მოუწოდეს დატოვონ აზერბაიჯანის ის ქალაქები, სადაც სამხედრო ობიექტებია განლაგებული. ისინი აცხადებენ, რომ ამ ქალაქებზე შესაძლოა განხორციელდეს დარტყმები, რაც იქნება პასუხი მთიან ყარაბაღში სტეფანაკერტის და სხვა დასახლებული ადგილებისთვის ცეცხლის გახსნაზე.

წაიკითხე მეტი.

არჩევნები 2020: "ბევრი სიურპრიზი" და ტრადიციული მეთოდები ხმების დასაცავად

„ქართული ოცნების“ ხელისუფლებამ საერთაშორისო დონეზეც დადო არაერთი პირობა, რომ ყველაფერს გააკეთებს 31 ოქტომბრის საპარლამენტო არჩევნების უმაღლესი დემოკრატიული სტანდარტებით ჩასატარებლად. თუმცა ოპოზიციას ეჭვი ეპარება და ამომრჩეველთა ხმების დაცვისთვის ემზადება.

ბევრი სიურპრიზი გვაქვს ... ასე რომ მოემზადეთ, ბიძიკოებო, სიურპრიზებისთვის- ასე მიმართა ექსპრეზიდენტმა, მიხეილ სააკაშვილმა ხელისუფლებას, 4 ოქტომბერს, „მთავარი არხის“ ეთერით, როცა ის არჩევნების შედეგების შესაძლო გაყალბების აღკვეთაზე ლაპარაკობდა.

ინფორმაციის მაქსიმალური შეგროვების, სათანადო მონიტორინგისა და 5-7 კაციანი მობილური ჯგუფების გარდა, სააკაშვილმა ე.წ. „ფეის-კონტროლის“ სისტემის მომზადებაც ახსენა.

ვინ როგორ აპირებს არჩევნებზე ხმების დაცვას და რა მექანიზმები უნდა გვეგულებოდეს ჩვენ არჩევანის გაკეთებისას - წაიკითხე მეტი ლელა კუნჭულიას სტატიაში.

მასობრივი ინტოქსიკაცია გორში

გორში, კომბინატის დასახლებაში, გუშინ დილიდანვე მაღაზიებთან ხალხის რიგები გაჩნდა. ადგილობრივმა მოსახლეობამ მასობრივად დაიწყო წყლის შეძენა. ამის მიზეზი კი წყლით მოწამვლის შესახებ გავრცელებული ინფორმაცია გახდა. ბოლო ორ დღეში ამ დასახლებიდან ინტოქსიკაციის ნიშნებით კლინიკებს ბევრმა ადამიანმა მიმართა.

გასული ორი დღის განმავლობაში სამედიცინო ცენტრ „იავნანაში” ინტოქსიკაციის სიმპტომებით 48 არასრულწლოვანი შეიყვანეს, - ამის შესახებ „იავნანას” კრიტიკული მედიცინის დეპარტამენტის ხელმძღვანელმა ლია ლაზარაძემ განაცხადა.

შიდა ქართლის გუბერნატორის მოვალეობის შემსრულებელი სიმონ გულედანი აცხადებს, რომ წყლის სათავე ნაგებობა კარგად არის დაცული და მისი დაბინძურება შეუძლებელია, თუმცა სპეციალისტები ქალაქის სხვადასხვა უბნიდან წყლის სინჯებს ლაბორატორიული კვლევისთვის უკვე იღებენ.

წაიკითხე მეტი.

დღეს იპოდრომის პროექტის პრეზენტაცია გაიმართება

დღეს გავიგებთ როგორი იქნება იპოდრომის ტერიტორია, მას მერე რაც ეს რეკრეაციული სივრცე “ქართული ოცნების” ლიდერმა, ბიძინა ივანიშვილმა საპარლამენტო არჩევნებამდე 25 დღით ადრე თბილისს აჩუქა. იპოდრომი მისი საკუთრება თითქმის 10 წლის განმავლობაში იყო და უცნობია, რა ფასად მოიპოვა წინა ხელისუფლების დროს რეკრეაციული სივრცე ქალაქის ცენტრში.

ქალაქის მერი ამბობს, რომ ამ ტერიტორიაზე ისეთივე რეკრეაციული სივრცე გაშენდება, როგორც ცენტრალ პარკია ნიუ-იორკში. ჯერ მხოლოდ ვიცით ის, რომ რომ პროექტზე ჰოლანდიური კომპანია LAP Landscape & Urban Design მუშაობს.

წაიკითხე მეტი.

ეპიდემიოლოგიური მდგომარეობა საქართველოში

გუშინ საქართველოში კორონავირუსის 578 შემთხვევა გამოვლინდა. გარდაიცვალა კიდევ 4 პაციენტი და გარდაცვლილთა რაოდენობა ამ დროისთვის 54-ია. ისევ წითელ ზონად რჩება აჭარა, სადაც გამოვლენილი შემთხვევების უმეტესობაა.

საქართველოს დაავადებათა კონტროლისა და საზოგადოებრივი ჯანდაცვის ეროვნული ცენტრმა გუშინ ანგარიში გამოაქვეყნა. დოკუმენტის მიხედვით, 2020 წლის 30 იანვრიდან 30 სექტემბრამდე საქართველოში ახალ კორონავირუსზე ჩატარდა 648 736 PCR-ტესტირება.

30 იანვრიდან 1 მარტამდე PCR-კვლევას ატარებდა მხოლოდ ლუგარის ლაბორატორიაში. 1 მარტიდან ტესტირებაში ეტაპობრივად სხვა ლაბორატორიების ჩაერთო.

წაიკითხე მეტი.

ყირგიზეთში თორმეტი პარტია მოითხოვს არჩევნების შედეგის გაუქმებას

ყირგიზეთში თორმეტი პოლიტიკური პარტია, მათ შორის ორი, რომელმაც მანდატები მოიპოვა, ხელს აწერს პეტიციას და მოითხოვს გაუქმდეს კვირას ჩატარებული არჩევნების შედეგი, რომლითაც გამარჯვება მიენიჭა ყირგიზეთის პრო-მოსკოვურად განწყობილი პრეზიდენტის, სოორონბაი ჟეენბეკოვის მომხრე პარტიებს.

6 ოქტომბერს დილით ბიშკეკის ცენტრში შეკრებილი 10 პარტიის აქტივისტები და მომხრეები სამთავრობო შენობებში შეიჭრნენ. ისინი აცხადებენ, რომ კვირას ჩატარებული არჩევნების შედეგი გაყალბებულია, არჩევნებს თან სდევდა ამომრჩევლის მოსყიდვა და სხვა დარღვევები.

ოპოზიციის განცხადებები გაამყარა ეუთოს შეფასებამ, რომელმაც 5 ოქტომბერს თქვა, რომ ყირგიზეთის არჩევნებს ჩრდილი მიაყენა "ამომრჩეველთა მოსყიდვის შესახებ სანდო ბრალდებებმა".

ნახე ვიდეო.

ყარაბაღი არ არის შორს - ინტერვიუ ისტორიკოს ბექა კობახიძესთან

მთიანი ყარაბაღის კონფლიქტის განახლებიდან მეთერთმეტე დღე გავიდა. ვითარება ყოველდღიურად იძაბება. მართალია ორივე მხარისგან ისმის მესიჯები იმის შესახებ, რომ მინსკის ჯგუფის შეკრების დროა, ჯერჯერობით დაპირისპირებას ბოლო არ უჩანს.

რადიო თავისუფლებამ ინტერვიუ ჩაწერა ბექა კობახიძესთან, რომელიც არის ილიას სახელმწიფო უნივერსიტეტის „თანამედროვე საქართველოს ისტორიის“ სამაგისტრო პროგრამის თანახელმძღვანელი, ასოცირებული პროფესორი.

ის მიიჩნევს, რომ ვითარება რეგიონში მას მერე შეიცვალა რაც 2018 წელს რევოლუციის შედეგად სომხეთში ნიკოლ ფაშინიანი მოვიდა ხელისუფლებაში. „რუსეთს კი, როგორც ცნობილია, არ უყვარს მის ახლო სამეზობლოში რევოლუციური პროცესები, რაც გადამდებია და ამ ფერადმა რევოლუციებმა, ერთ დღეს, შეიძლება, რუსეთშიც შეაღწიოს“, - ამბობს ბექა კობახიძე.

როგორ მივიდა სამხრეთ კავკასია მორიგ კრიზისამდე, რა სცენარებით შეიძლება განვითარდეს მოვლენები და თუ აქვს საერთაშორისო საზოგადოებას კონფლიქტის შეჩერების რესურს? - ინტერვიუ სრულად წაიკითხე აქ.

გახსოვთ, ერთმა ქალმა "მაკდონალდსს" რომ უჩივლა, ცხელი ყავა გადამესხა და მილიონები მომეცითო და მისცეს? სინამდვილეში კი ეგ ამბავი ასე მოხდა...