სარაკეტო თავდასხმები მთიანი ყარაბაღის რეგიონში - რა არ უნდა გამოგრჩეს 5 ოქტომბერს

აზერბაიჯანი აცხადებს, რომ სომხეთის ძალები ქალაქ განჯას ბომბავენ, ერევანი ამას უარყოფს

სომხეთსა და აზერბაიჯანს შორის შეიარაღებული დაპირისპირება გრძელდება. აზერბაიჯანის თავდაცვის სამინისტრომ 4 ოქტომბერს განაცხადა, რომ სომხური ძალები რაკეტებით ბომბავენ მის სიდიდით მეორე ქალაქ განჯას. სომხეთი უარყოფს ბრალდებას, რომ მან "რაიმე ტიპის" ცეცხლი მიმართა აზერბაიჯანისკენ, თუმცა სეპარატისტული მთიანი ყარაბაღის დე ფაქტო ლიდერი ამბობს, რომ მისმა ძალებმა განჯაში სამხედრო ბაზა გაანადგურეს.

სამხრეთ კავკასიის ორმა დაპირისპირებულმა ქვეყანამ უკვე სურვილი გამოთქვა, რომ მინსკის მოლაპარაკებები განახლდეს. ამის სურვილი ჯერ 2 ოქტომბერს სომხეთმა გააჟღერა, შემდეგ კი მას მოჰყვა აზერბაიჯანის პრეზიდენტის, ილჰამ ალიევის მოწოდება რუსეთის, აშშ-სა და საფრანგეთის მისამართით, რომ მათ როგორც მინსკის ჯგუფის წევრებმა გააგრძელონ ძალისხმევა მთიანი ყარაბაღის კონფლიქტის გადასაჭრელად.

წაიკითხე მეტი.

შსს: დაკავებულია "ქართული ოცნებისა" და "ნაციონალური მოძრაობის" 2-2 მხარდამჭერი

შს სამინისტროს ინფორმაციით, მარნეულსა და ბოლნისში მომხდარი ფიზიკური დაპირისპირების ფაქტებზე დაკავებულია ოთხი პირი. აქედან ორი „ქართული ოცნების“, ხოლო ორი „ნაციონალური მოძრაობის“ მხარდამჭერი და აქტივისტია.

27 სექტემბერს ბოლნისის მუნიციპალიტეტის სოფელ ნახიდურში მომხდარი ინციდენტის გამო დაკავებულია ამავე სოფლის მკვიდრი, „ნაციონალური მოძრაობის“ აქტივისტი - არიფ იუსუფოვი, რომელმაც, გამოძიების ინფორმაციით, ბლაგვი საგნის გამოყენებით ჯანმრთელობის დაზიანება მიაყენა პარტია ქართული ოცნების მხარდამჭერებს“.

29 სექტემბერს მარნეულის მუნიციპალიტეტში მომხდარი ფიზიკური დაპირისპირების გამო, დაკავებულია ასევე „ნაციონალური მოძრაობის“ აქტივისტი, მარნეულის საოლქო კომისიის წევრი, ლაშა ქველაძე.

წაიკითხე მეტი.

ეპიდემიოლოგიური მდგომარეობა საქართველოსა და მსოფლიოში

კვირას საქართველოში კორონავირუსის 554 ახალი შემთხვევა გამოვლინდა. თებერვლიდან დღემდე ინფიცირებულთა რიცხვმა კი 8118-ს მიაღწია. გუშინ ასევე გამოჯანმრთელდა 252 პაციენტი. გარდაცვლილთა საერთო რაოდენობა დღემდე 50-ია.

ვირუსის გამოვლენილი შემთხვევების რაოდენობა ახალ რეკორდებს ხსნის მსოფლიოშიც. აშშ-ის პრეზიდენტი დონალდ ტრამპი ერთ-ერთია ვინც ახლა ვირუსზე მკურნალობის კურსს გადის. თეთრი სახლის ინფორმაციით პრეზიდენტს მსუბუქად გამოხატული სიმპტომები აქვს. ტრამპის შემდეგ ვირუსი რესპუბლიკური პარტიის რამდენიმე წევრსაც დაუდასტურდა.

პარალელურად, ევროპის რამდენიმე ქვეყანაში ვირუსით ინფიცირების ტემპმა საგრძნობლად იმატა. სად დაბრუნდა და სად უნდა ველოდეთ შეზღუდვების დაბრუნებას, წაიკითხე მეტი აქ.

Wizz Air-მა შეასრულა ავიარეისები რიგა-ქუთაისი და ქუთაისი-რიგა

6-თვიანი პაუზის შემდეგ, ქუთაისის საერთაშორისო აეროპორტმა განაახლა რეგულარული ავიარეისების შესრულება საქართველოსა და ლატვიას შორის. პირველ რეისზე რიგიდან ჩამოფრინდა 108 მგზავრი, საიდანაც 96 - საერთაშორისო ვიზიტორია, ხოლო დანარჩენები საქართველოს მოქალაქეები არიან. საქართველოს 12 მოქალაქე საკარანტინო სივრცეებში გადაიყვანეს.

რიგის მიმართულებით შესრულებული ავიარეისით კი, 4 ოქტომბერს 131-მა მგზავრმა ისარგებლა. ლატვიაში გამგზავრების მსურველებმა საზღვარზე უნდა წარადგინონ უკანასკნელი 72 საათის განმავლობაში კორონავირუსზე ჩატარებული ტესტის უარყოფითი პასუხი. ასევე, საქართველოდან ლატვიის რესპუბლიკაში ჩასული პირები ექვემდებარებიან 10-დღიან სავალდებულო თვითიზოლაციას.

წაიკითხე მეტი.

ბელარუსის პოლიციამ წყლის ჭავლი გამოიყენა დემონსტრანტების დასაშლელად

ბელარუსის დედაქალაქში ათი ათასობით მოქალაქე გავიდა ქუჩებში ქვეყნის პოლიტპატიმრების მხარდასაჭერ აქციაზე. პოლიციამ წყლის ჭავლი გამოიყენა დემონსტრანტების დასაშლელად.

აქციის მონაწილეებს ხელში ეჭირათ ბელარუსის ოპოზიციის სიმბოლოდ ქცეული, წითელი და თეთრი შეფერილობის დროშები, ისინი დასარტყამ ინსტრუმენტებზე უკრავდნენ და ასე უახლოვდებოდნენ საპატიმროს. პოლიციამ მინსკის ცენტრში ქუჩები გადაკეტა, დროებით დაიხურა მეტროს ზოგიერთი სადგური, რათა მოქალაქეებს ქალაქის ცენტრში მისვლა გართულებოდათ.

ბელარუსში უკვე მერვე კვირაა გრძელდება დემონსტრაციები პრეზიდენტ ალექსანდრ ლუკაშენკას წინააღმდეგ.

წაიკითხე მეტი.

დაპირებები არჩევნებისთვის - მაშინ და ახლა

200 000-მდე სამუშაო ადგილის შექმნა, ეკონომიკის მინიმუმ 40%-ით ზრდა თუ განაცხადის გაკეთება ევროკავშირის სრულფასოვან წევრობაზე - „ქართული ოცნების“ წინასაარჩევნო დაპირებები საზოგადოებამ 1 ოქტომბრის პრეზენტაციაზე, არა ბიძინა ივანიშვილისგან, არამედ მისი თანაგუნდელებისგან და ძირითადად - მინისტრებისგან მოისმინა. როგორც „ქართულ ოცნებაში“ გვითხრეს, პარტიის პროგრამა სრული სახით რეგიონებში მისი დეტალური განხილვის შემდეგ გამოქვეყნდება.

საქართველოში თითქმის ყველას ახსოვს თავად ივანიშვილის მიერ 2012 წელს გაკეთებული განცხადება, რომ: ეკონომიკური ზრდის თვალსაზრისით, ქვეყანაში პირველი წელიწადი იქნებოდა ძალიან რთული, მეორე წელიწადი იქნებოდა საგრძნობლად უკეთესი, მესამე წელიწადს მოსახლეობის დიდი ნაწილი ამას საკუთარ ჯიბესა და ოჯახზე იგრძნობდა, ხოლო მეოთხე წელიწადი იქნებოდა ძალიან კარგი.

ბიძინა ივანიშვილი 8 წლის შემდეგ ოპონენტებს ერთადერთ საკითხში ეთანხმება და აღიარებს, რომ „ქართულმა ოცნებამ“ ვერ შეძლო დაემარცხებინა სიღარიბე. თუმცა ამისათვის ყოფილ პრემიერ-მინისტრსა და პარტიის თავმჯდომარეს ობიექტური მიზეზებიც ეგულება.

რამდენად რეალისტურია „ქართული ოცნების“ წინასაარჩევნო დაპირებები და როგორ აფასებს პარტია 8 წლის განმავლობაში გაცემული დაპირებების შესრულებას - წაიკითხე მეტი ლელა კუნჭულიას სტატიაში.

საპარლამენტო არჩევნების 30-წლიანი ისტორია ქვეყნის უახლესი ისტორიის მთავარ ეტაპებს მოიცავს „ანარეკლებში" სატელევიზიო გადაცემების ციკლი არჩევნების ისტორიაზე საქართველოში დამოუკიდებლობის აღდგენის შემდეგ. პირველი გადაცემა: 1990 და 1992 წლების არჩევნები.