ცესკომ არჩევნების შედეგები შეაჯამა. რა იქნება შემდეგ? - რა არ უნდა გამოგრჩეს 4 დეკემბერს

"ოცნების" 90 დეპუტატი და ნარკოლოგიური ცნობების დილემა ახალ პარლამენტში

3 დეკემბრს ცესკომ საპარლამენტო არჩევნების საბოლოო შედეგები შეაჯამა და ახლა მე-10 მოწვევის პარლამენტის პირველი სხდომის თარიღი 10 დღის ფარგლებში უნდა დაასახელოს საქართველოს პრეზიდენტმა. თუმცა პირველი სხდომის გამართვა ჯერ ისევ არ ნიშნავს ახალი პარლამენტის სრული უფლებამოსილების შეძენასა და არჩეული პირების სადეპუტატო უფლებამოსილების ცნობას.

კონსტიტუციისა და კანონმდებლობის თანახმად, პირველ სხდომაზე ახლად არჩეული პარლამენტი უფლებამოსილია შეუდგეს მუშაობას, თუ სხდომას ესწრება პარლამენტის სრული შემადგენლობის უმრავლესობა (მინიმუმ 76 დეპუტატი). მაგრამ პარლამენტი სრულ უფლებამოსილებას შეიძენს მხოლოდ პარლამენტის წევრთა ორი მესამედის (100 დეპუტატის) უფლებამოსილების ცნობის შემდეგ (და ამ მომენტიდან უფლებამოსილება უწყდება წინა მოწვევის პარლამენტსაც). სხდომა შეწყდება, თუკი ვერ მოხერხდება 150-დან 100 დეპუტატის უფლებამოსილების ცნობა.

მომდევნო სხდომას იწვევს უკვე ცესკოს თავმჯდომარე 10 დღის განმავლობაში იმ მომენტიდან, როდესაც შესაძლებელი გახდება უფლებამოსილების მქონე დეპუტატთა რიცხვის 100-მდე შევსება.

რადგან „ქართულ ოცნებას“ მომავალ პარლამენტში 90 დეპუტატი ეყოლება, ამ პროცედურისთვის დასჭირდება სულ ცოტა 10 ოპოზიციონერი დეპუტატის უფლებამოსილების ცნობა.

როგორ ხდება დეპუტატების უფლებამოსილების ცნობა ან მათი შეწყვეტა? წაიკითხე მეტი ლელა კუნჭულიას სტატიაში.

„მოგვეცით უფლება, გავიხსნათ 15 დეკემბერს“ - სავაჭრო ობიექტების მიმართვა მთავრობას

მაღაზიები და მოლები მთავრობას სთხოვენ, რომ ობიექტების გახსნის უფლება 14 დეკემბრიდან მისცენ. ეს მეორე მცდელობაა მათი მხრიდან, რომ გადაწყვეტილება შეაცვლევინონ ხელისუფლებას. წინა კვირაში ოფიციალური წერილიც მისწერეს მთავრობას, თუმცა პასუხი არ მიუღიათ. ბოლო გადაწყვეტილების თანახმად, 24 დეკემბრამდე ყველა მაღაზია და სავაჭრო ცენტრი დაკეტილი იქნება. შემდეგ გაიხსნება, თუმცა მხოლოდ 2 იანვრის ჩათვლით.

სავაჭრო ცენტრების წარმომადგენლები შიშობენ, რომ ამ ტიპის შეზღუდვა, ანუ, მხოლოდ წინასაახალწლო დღეებში გახსნილი სავაჭრო ობიექტები, ეპიდემიის გავრცელების რისკს წარმოადგენს. გარდა ამისა, მათივე თქმით, ჯერ კიდევ გაზაფხულზე გამოცხადებულმა ე.წ. ლოკდაუნმა, სავაჭრო სფერო სერიოზული გამოწვევებისა და პრობლემების წინაშე დააყენა, ხოლო დეკემბერში, წინასაახალწლოდ გაჩერებული ვაჭრობა, არაერთი მაღაზიის, ქსელისა თუ სავაჭრო ცენტრის არსებობას დააყენებს საფრთხის ქვეშ.

წაიკითხე მეტი.

ეპიდემიოლგიური მდგომარეობა საქართველოში

გუშინ საქართველოში კორონავირუსის 4260 ახალი შემთხვევა დადასტუურდა. გარდაიცვალა 45 პაციენტი. გარდაცვლილთა საერთო რიცხვი 1387-მდე გაიზარდა.

საქართველოს ჯანდაცვის მინისტრის მოადგილე, თამარ გაბუნია ამბობს, რომ საქართველოში ინფიცირების მაღალი მაჩვენებლის მიუხედავად, მძიმე პაციენტებისთვის კლინიკებში ადგილები არის. ამის დასტურად მან მთავრობის სხდომის დასრულების შემდეგ სტატისტიკური მონაცემები წარუდგინა მედიასაშუალებებს.

„ყველაზე მეტად დატვირთულია თბილისის საწოლფონდი. პაციენტების ნაკადების მართვა მარტივი არ არის, მაგრამ არც იმის პრობლემა არ არის, რომ მძიმე პაციენტები კლინიკაში ვერ მოხვდნენ. კლინიკები მუშაობენ მაქსიმალური დატვირთვით“, - თქვა მან.

წაიკითხე მეტი.

მთავრობა რესტორნების სესხის სუბსიდირებას იწყებს

საქართველოს მთავრობა სარესტორნო ბიზნესის სესხის და ლიზინგის სუბსიდირებას იწყებს. განაცხადების მიღება ხვალ დღეიდან იწყება.

ეკონომიკის მინისტრმა ნათია თურნავამ თქვა, რომ სესხის პროცენტი „პრაქტიკულად სრულად“ 6 თვის განმავლობაში პროგრამის „აწარმოე საქართველოში“ ფარგლებში დაიფარება.

"ჩვენ კარგად გვესმის, რომ პანდემიიდან გამომდინარე, სარესტორნო ბიზნესი არის მძიმე მდგომარეობაში და ჩვენ მაქსიმალურად სწრაფად გვინდა, რომ შევუმსუბუქოთ საბანკო სესხების ტვირთი", - თქვა მინისტრმა.

წაიკითხე მეტი.

ამ თემაზე ასევე ნახე:

დავით ზალკალიანი: ნატო-საქართველოს "არსებით პაკეტს" სამი პროგრამა დაემატა

ნატო-საქართველოს „არსებითი პაკეტის” განახლებული ვერსიით, 14 პროგრამისგან შემდგარ პაკეტს კიდევ სამი პროგრამა დაემატა და კომპონენტები მნიშვნელოვნად გაძლიერდა. ამის შესახებ თბილისში დღეს, 3 დეკემბერს გამართულ ბრიფინგზე განაცხადა საგარეო საქმეთა მინისტრმა, დავით ზალკალიანმა.

მინისტრის თქმით, „არსებითი პაკეტი“ დიდწილად აძლიერებს საქართველოს თავდაცვისუნარიანობას, ქვეყანას აახლოებს ნატოს წევრობასთან და მნიშვნელოვნად ზრდის თავსებადობას ნატოს სტანდარტებთან: ეს არის უაღრესად მნიშვნელოვანი წინ გადადგმული ნაბიჯი საქართველოსთვის პრაქტიკული ინსტრუმენტების გაძლიერების თვალსაზრისით“.

წაიკითხე მეტი.

ბაქომ პირველად გაასაჯაროვა სამხედრო დანაკარგები - ბრძოლებში დაღუპულია 2783 აზერბაიჯანელი ჯარისკაცი

45-დღიანი შეიარაღებული კონფლიქტის შედეგად აზერბაიჯანმა დაკარგა 2783 ჯარისკაცი, მათგან 103 დაღუპულის იდენტიფიცირების პროცესი დღემდე გრძელდება.

ამის შესახებ ნათქვამია აზერბაიჯანის თავადაცვის სამინისტროს ოფიციალურ განცხადებაში, რომელიც სეპარატისტული ყარაბაღის გარშემო ბრძოლების დასრულების თითქმის ერთი თვის თავზე გამოქვეყნდა.

სამხედრო უწყების თანახმად, დაახლოებით 100 ჯარისკაცი ითვლება უგზო-უკვლოდ დაკარგულად. ხოლო 1245 სამხედრო მოსამსახურე დღემდე გადის მკურნალობას სამკურნალო დაწესებულებებში.

წაიკითხე მეტი.

მაკო ხალვაში: როცა ყველაფერს (ვერ) ხედავ

მაკო ხალვაში, 27 წლის.

პროფესია: ფიზიკური თერაპევტი.

დიაგნოზი: ბადურის ტაპეტორეტინალური აბიოტროფია, მცირემხედველი.

აი, მაკო ფოტოებს იღებს, ქუჩაში მისეირნობს, ავტობუსს ელოდება, ცეკვავს, სამსახურშია, პაციენტებს იღებს, ტრენინგს ესწრება, ინტერვიუს აძლევს. მთავარია, არ გაჩერდეს. იმოძრაოს, მცირემხედველობა მას ხელს ვეღარაფერში შეუშლის, რადგან 15 წლის წინ ასე გადაწყვიტა - ამ დიაგნოზთან ერთად უნდა ეცხოვრა და ყველა მიზნისთვის მიეღწია.

თუ მაკოს ჰკითხავთ, როგორ ხედავს, გიპასუხებთ, რომ ჩვეულებრივად. იმიტომ, რომ მისთვის ეს 15 წელზე მეტია, ჩვეულებრივი მდგომარეობაა.

სინამდვილეში, მაკოს თვალებით დანახული სამყარო უფრო სხვა ფერია, ვიდრე სხვების, სრულყოფილად მხედველების. როგორც თავად ამბობს, ცოტა იდუმალიც. ის ვერც ძალიან შორს ხედავს და ვერც ძალიან ახლოს.

მაგრამ ის ქალაქშია, ბათუმში, სადაც დაიბადა და გაიზარდა, აქ ყველა ქუჩა და მოსახვევი იცის, ყველა ამოჩრილი ქვა - ქვაფენილზე.

და კიდევ ახლა თავისი ახალი, „ჯადოსნური“ ხელსაწყო აქვს, რომელზეც დიდი ხანია ოცნებობდა და ოცნება უცნობმა ადამიანმა აუხდინა, მას მერე, რაც მაკო ხალვაში „ქალები საქართველოსთვის“ გვერდზე გამოჩნდა და თავისი თავგადასავალი მოჰყვა.

წაიკითხე მეტი.

მგონი ავად ვარ, რას ვშვრები?

- არ მქონია არავითარი შეხება კოვიდინფიცირებულთან, მაგრამ ამიწია სიცხემ ან მახველებს. რას ვშვრები?

- თუ შევამჩნიე COVID-19-ისთვის დამახასიათებელი ნიშნები, როგორ ვიქცევი?

- თუ ოჯახის ექიმი არ მირეკავს 24 საათის განმავლობაში მას მერე, რაც 112-ის ოპერატორს ვესაუბრე, როგორ ვიქცევი?

- რა უნდა ვქნა, რომ სახლში გადაცემის საფრთხე შევამცირო?

ამ ვიდეოში მიიღებთ პასუხს ამ და სხვა კითხვებზე.