სრულად შეგროვდა კარტოგრაფების გირაოსთვის საჭირო თანხა - რა არ უნდა გამოგრჩეს 29 იანვარს

ივერი მელაშვილი: მადლობა მხარდაჭერისთვის... იმედი მაქვს, გავიმარჯვებთ

თითქმის 4 თვის თავზე, ე.წ კარტოგრაფების საქმეზე დაკავებული ნატალია ილიჩოვა და ივერი მელაშვილი გუშინ სასამართლომ გირაოს სანაცვლოდ გაათავისუფლა. კომენტარი მედიასთან გათავისუფლების შემდეგ ივერი მელაშვილმა გააკეთა. მან მადლობა გადაუხადა მხარდამჭერებსა და ადვოკატებს. თქვა, რომ მისი დაკავება პოლიტიკურ საკითხებს უკავშირდება.

"დიდი მადლობა მხარდაჭერისათვის სულ ყველას. ჩატარდა პროცესი და, როგორც იქნა, ეს არის საზოგადოების დამსახურებაც და ჩემი ადვოკატებისაც, მოხდა ის რომ პატიმრობიდან გამათავისუფლეს. ახლა პროცესი წარიმართება და იმედი მაქვს, გავიმარჯვებთ", - თქვა მელაშვილმა.

მიუხედავად იმისა, რომ დაკავებულები თავისუფლები არიან, საქმე გრძელდება და კარტოგრაფების საქმეზე არსებითი განხილვაც გაგრძელდება. აღმოჩნდა, რომ სამსახურში ვერ დაბრუნდება ივერი მელაშვილი. მთავარი პროკურატურის შუამდგომლობის საფუძველზე თბილისის საქალაქო სასამართლომ ის საგარეო საქმეთა სამინისტროდან გაათავისუფლა. გარდა ამისა, ილიჩოვასა და მელაშვილს 20-20 ათასი ლარი დაეკისრათ გირაოს სახით. თანხა მოძრაობა „სირცხვილიას“ ორგანიზებით ხალხმა მათ იმავე საღამოს სრულად შეუგროვა.

წაიკითხე მეტი.

ამ თემაზე ასევე ნახე:

მიიღებს თუ არა საქართველო Pfizer-ის ვაქცინას?

დღეს გაირკვევა, მიიღებს თუ არა საქართველო კორონავირუსის საწინააღმდეგოდ კომპანია Pfizer-ის წარმოებულ ვაქცინას. საქართველომ ვაქცინა პირველ ეტაპზე 20 000 ადამიანის სამყოფი დოზა მოითხოვა. დღეს უნდა გაირკვეს ვაქცინის მოწოდების თარიღი და დოზები.

22 იანვარს დაავადებათა კონტროლის ცენტრის ხელმძღვანელმა ამირან გამყრელიძემ განმარტა, რომ თუ ქვეყანა Pfizer-ის ვაქცინას მიიღებს, ის მხოლოდ სამ დიდ ქალაქში - თბილისში, ქუთაისსა და ბათუმში იქნება ხელმისაწვდომი იმ ჯგუფებისთვის, რომლებიც ვაქცინაციის პირველ ეტაპზე უნდა აიცრან. ამირან გამყრელიძის განმარტებით, ამ ქალაქებში -70 გრადუსიანი ცივი ჯაჭვის სისტემები არსებობს, რაც ვაქცინის ამ სახეობის შენახვისთვის საჭირო პირობაა.

თვალი ადევნე სიახლეებს ამ თემაზე რადიო თავისუფლების ახალი ამბების ლენტაში.

ამ თემაზე ასევე ნახე:

კომუნიკაციების კომისიამ "მთავარი არხის" სიუჟეტი მინისტრის გენიტალიების ახლო ხედით უხამსობად მიიჩნია და დარღვევა დაადგინა

საქართველოს კომუნიკაციების კომისიამ "მთავარ არხს" ფინანსთა მინისტრის, ვანო მაჭავარიანის პარლამენტში გადაღებული კადრების ახლო ჩვენებისთვის დარღვევა დაუდგინა. საუბარია 12 დეკემბერს საინფორმაციო გამოშვებაში გასულ მასალაზე, სადაც ახლო კადრით იყო ნაჩვენები მინისტრის შარვალი.

კომუნიკაციების კომისიის გადაწყვეტილებით, მაუწყებელს დარღვევა დაუდგინდა, თუმცა სანქცია არ დაეკისრა.

“ჩვენ არ გვაქვს მიზნად, რომ კონკრეტული მედიასაშუალებები, სადაც ეს დარღვევები ხდება, დასჯის ინსტრუმენტით ვაიძულოთ, აღმოფხვრას. ამას ეფუძნებოდა ჩვენი გადაწყვეტილება”, - თქვა კომისიის თავმჯდომარემ კახა ბექაურმა.

წაიკითხე მეტი.

ამ თემაზე ასევე ნახე:

„გახსოვართ?“ - რატომ ფიქრობენ შშმ პირები, რომ ისინი დაავიწყდათ

დათომ, ესმამ, გიორგიმ, ოლგამ, კობამ და მათთან ერთად სხვებმა, მთავრობის ადმინისტრაციაში წერილი დატოვეს. ისინი შეზღუდული შესაძლებლობის მქონე პირები არიან და თვლიან, რომ კოვიდპანდემიით გამოწვეული რთული სოციალური ვითარების ფონზე, მათი საჭიროებები, მათი უფლებები, ხელისუფლების ყურადღების მიღმა დარჩა.

წერილის ავტორებსა და მათ უკან მდგომ ათობით ათას შშმ პირს, სამი მთავარი მოთხოვნა აქვთ. სწორედ ამ მოთხოვნების ჩამონათვალი გაუგზავნეს 28 იანვარს შშმ პირებმა და მათი უფლებების დამცველმა ორგანიზაციებმა საქართველოს მთავრობას.

  • 2021 წლის გაზაფხულიდან გაიზარდოს სოციალური პაკეტი შშმ პირებისთვის;
  • შემუშავდეს კრიტერიუმები, რითაც დადგინდება სოციალური პაკეტის ოდენობა, რათა დაკმაყოფილდეს შშმ პირთა საჭიროებები ღირსეული ცხოვრებისთვის:
  • ამუშავდეს გაეროს შშმ პირთა უფლებების კონვენციის იმპლემენტაციაზე პასუხისმგებელი უწყებათაშორისი საკოორდინაციო ორგანო.

როგორია დღეს ქვეყანაში შშმ პირთა სოციალური პაკეტი და რატომ აქვთ მათ იმის შეგრძნება, რომ ისინი სახელმწიფოს დაავიწყდა? წაიკითხე ვრცლად ნინო თარხნიშვილის სტატიაში.

შარშან ამ დროს, იანვრის მიწურულს, 30 წლის ნინი დავლიანიძე ჩინეთის ქალაქ უჰანში, ახალი კორონავირუსის აფეთქების ეპიცენტრში, აღმოჩნდა. რადიო თავისუფლების მკითხველისთვის ნინი თითქმის თვე-ნახევარი აღწერდა, როგორ უმკლავდებოდა მარტოობას იზოლაციაში. ამ ამბებიდან ერთი წლის შემდეგ, რადიო თავისუფლება ნინი დავლიანიძეს მისი გადაწყვეტილების სისწორესა და ცხოვრებაში მომხდარ ცვლილებებზე ესაუბრა.