ამირხანაშვილის ჩვენებით, შაქარაშვილის საძებნელად საბურთალოდან სამი მანქანა წავიდა
19 წლის ფეხბურთელის, გიორგი შაქარაშვილის გარდაცვალების საქმის ერთ-ერთი მთავარი მოწმე, გურამ ამირხანაშვილი, პირველი გამოკითხვისას, გამომძიებლებს ეუბნება, რომ გიორგი შაქარაშვილის საძებნელად საბურთალოდან მცხეთაში სამი მანქანა წავიდა.
ჩვენების თანახმად, მას შემდეგ, რაც ის „ტოიოტა კამრის“ ექვსმა მგზავრმა დიდუბეში ჩამოსვა, ტაქსიში ჩაჯდა, ტაქსის მძღოლს ტელეფონი სთხოვა და დასახმარებლად მეგობარს, ირაკლი წაქაძეს დაურეკა. ირაკლი წაქაძე შაქარაშვილის საქმეზე ამჟამად ბრალდებულია. მას გამოძიება 126-ე მუხლს, ცემას ედავება. გამოძიების თანახმად, ის აგარაკზე მომხდარ დაპირისპირებაში მონაწილეობდა.
გურამ ამირხანაშვილის ჩვენებაში ვკითხულობთ:
„ჩემი ტელეფონი ჩხუბამდე ვათხოვე კოკოს (კონსტანტინე ღიბრაძე), ტაქსის მძღოლმა მომცა თავისი ტელეფონი, რითაც მაშინვე დავურეკე ირაკლი წაქაძეს. მოვუყევი მომხდარი ფაქტის შესახებ და ვთხოვე, რომ სასწრაფოდ დაბრუნებულიყო უკან და მოეძებნა გიორგი შაქარაშვილი. აღნიშნულზე ირაკლი წაქაძე დამთანხმდა. დილას მითხრა, რომ სამი ავტომანქანით წავიდნენ ირაკლი და მისი მეგობრები გიორგი შაქარაშვილის მოსაძებნად, თუმცა უშედეგოდ“.
აღსანიშნავია, რომ შაქარაშვილის ე.წ. სამძებრო ღონისძიებაზე, ამირხანაშვილი სხვა არცერთ ჩვენებაში აღარ ლაპარაკობს.
19 წლის ირაკლი წაქაძე, ფეხბურთელი, დაბადების დღეზე იუბილარმა მიიპატიჟა. წაქაძე ნარეკვავში მდებარე აგარაკზე თავისი კუთვნილი ავტომობილით, ვერცხლისფერი „მერსედესით“, რამდენიმე მეგობართან ერთად ჩავიდა. გამოკითხვის ოქმის თანახმად, გიორგი შაქარაშვილს ის „მისი სპორტული კარიერიდან გამომდინარე“ იცნობდა. ირაკლი წაქაძე გამოკითხვის ოქმში ადასტურებს, რომ აგარაკზე დაწყებულ დაპირისპირებაში თავადაც იღებდა მონაწილეობას. მეტი დეტალი შაქარაშვილის გარდაცვალების საქმიდან წაიკითხე ნინო თარხნიშვილის სტატიაში.
ამ თემაზე ასევე ნახე:
- პროკურატურა მზადაა, შაქარაშვილის საქმეზე ომბუდსმენთან ითანამშრომლოს
- რატომ ეძებდა პოლიცია „ნასვამ“ შაქარაშვილს და არა თავდასხმისას გაუჩინარებულ შაქარაშვილს?
- ავთანდილ ბილანიშვილი ნიკა გვარამიას ჟურნალისტური ეთიკის ქარტიაში უჩივის
რეზოლუცია საქართველოზე: რას ითხოვენ ევროპარლამენტარები
ევროკავშირისგან მეტი მხარდაჭერის მისაღებად საქართველომ კონკრეტული პირობები უნდა შეასრულოს, - მითითებულია ევროპარლამენტის საგარეო საქმეთა კომიტეტის მიერ 13 ივლისს დამტკიცებული რეზოლუციის პროექტში. ევროკავშირთან ასოცირების შეთანხმების საქართველოს მიერ შესრულების შემფასებელ დოკუმენტში, სხვა საკითხებთან ერთად, ხაზგასმულია ასევე ხელისუფლებასა და ოპოზიციას შორის 8 მარტს ხელმოწერილი შეთანხმების სრულად შესრულებისა თუ პოლიტიკურად მოტივირებულ მართლმსაჯულებასთან ბრძოლის აუცილებლობა.
რეზოლუციის პროექტში ევროპარლამენტარები საქართველოს კვლავაც სრულ მხარდაჭერას უცხადებენ სუვერენიტეტისა და ტერიტორიული მთლიანობის დაცვის კუთხით; გმობენ რუსეთის ფედერაციის მიერ საქართველოს ტერიტორიების განგრძობად ოკუპაციას და კვლავაც მზად არიან საქართველოს შემდგომი მასშტაბური დახმარებისთვის ასოცირების შეთანხმებით ნაკისრი ვალდებულებების შესასრულებლად.
ასევე, რეზოლუციის ტექსტში აღნიშნულია, რომ საქართველომ მიაღწია პროგრესს „ყოვლისმომცველი რეფორმების“ განხორციელების გზაზე, რამაც ეს ქვეყანა ევროკავშირის მნიშვნელოვან პარტნიორად აქცია რეგიონში.
რა აქვს ევროკავშირის რეზოლუციას საერთო აშშ-ის კონგრესის წიაღში დამტკიცებულ კანონპროექტთან და როგორ აფასებენ ევროპარლამენტარების მიერ დასმულ აქცენტებს საქართველოში, წაიკითხე მეტი ლელა კუნჭულიას სტატიაში.
კომუნიკაციების პროვაიდერებთან კანონზე კონსენსუსი ვერ შედგა, კომიტეტის სხდომა დღეს გაიმართება
"ელექტრონული კომუნიკაციების შესახებ" კანონპროექტზე პროვაიდერებსა და მარეგულირებელ კომისიას შორის შეთანხმება ჯერ ვერ შედგა. ამ მიზეზით გადაიდო დარგობრივი კომიტეტის სხდომა, რომელიც გუშინ იყო ჩანიშნული.
"გასაგებია, რომ ჩვენ ვსაუბრობთ ძალიან მნიშვნელოვან მოცემულობაზე, რომელსაც ჰქვია სახელმწიფოს აუცილებელი ზედამხედველობა კრიტიკულ ინფრასტრუქტურაზე, მაგრამ ამ პროცესში ასევე ძალიან მნიშვნელოვანია, რომ არსებობდეს მაქსიმალური ურთიერთგაგება მარეგულირებელსა და იმ კომპანიებს შორის, რომელთაც ეხება ეს კანონპროექტი", - თქვა კომიტეტის თავმჯდომარემ, რომან კაკულიამ.
კანონში ცვლილებები “კავკასუს ონლაინის” გამო შედის, თუმცა ყველა კომპანიას შეეხება. უკვე 9 თვეა, კომუნიკაციების კომისია უშედეგოდ ცდილობს შეცვალოს “კავკასუს ონლაინის” მეწილეები და კომპანია აიძულოს მისი თანხმობის გარეშე გასხვისებული წილი პირვანდელ მფლობელს დაუბრუნოს. კომპანიას წილების გასხვისება კომისიისთვის უნდა შეეთანხმებინა. ამ მიზეზით ის უკვე გააფრთხილეს და 4-ჯერ დააჯარიმეს, ჯამში 660 ათასი ლარით, თუმცა უშედეგოდ. საქართველოს კანონმდებლობით, კომისიას ახლა “კავკასუს ონლაინის” იძულების მექანიზმად მხოლოდ საქმიანობის შეჩერების გამოყენება შეუძლია.
იმისთვის, რომ კომისიამ მიზანს მიაღწიოს, მთავრობასთან ერთად საკანონმდებლო პაკეტი შეიმუშავა, რომლითაც ცვლილება შევა “მაუწყებლობის შესახებ” კანონსა და “ელექტრონული კომუნიკაციების შესახებ” კანონში. ერთი მხრივ, კომისიის გადაწყვეტილების აღსრულება სასამართლოში საქმის გასაჩივრების მიუხედავად ვერ შეჩერდება, მეორე მხრივ კი, კომისიას გადაწყვეტილების აღსასრულებლად შეეძლება სატელეკომუნიკაციო კომპანიებში მმართველის დანიშვნა და წილების გასხვისება.
როგორ ცხოვრობს ჩაკეტილი გალი
ოკუპირებული გალის რაიონის მცხოვრებლები, რომლებსაც დე ფაქტო მთავრობამ პანდემიის მიზეზით 14 მარტიდან აუკრძალა დანარჩენ საქართველოში გადმოსვლა, სოციალური მდგომარეობის უკიდურეს გაუარესებაზე ლაპარაკობენ. რადიო თავისუფლების გალელი რესპონდენტი, რომელსაც ვინაობის დასახელება უსაფრთხოების დაცვის მიზნით არ სურს, სატელეფონო საუბარში აცხადებს, რომ ოკუპირებულ რეგიონში საკვები პროდუქტები გაძვირდა და მედიკამენტების დეფიციტი შეიქმნა.
„იქედან [ზუგდიდიდან] რაღაცას აგზავნიან, აქ ვხვდებით და გადმოგვაქვს. წამალი და რაღაცები მე, მაგალითად, მალულად გადმომიტანეს, მაგრამ ყველა ხომ არ არის ასე? ყველას ხომ არ ჰყავს იქეთ ახლობელი, რომ იყიდოს და გაუგზავნოს. თანაც ხალხს, რამდენი ხანია, პენსია არ აუღია. უკიდურეს გაჭირვებაშია ადამიანი. საქართველოს პენსიას და დევნილის დახმარებას იქეთ იღებდა ხალხი და არაფერი არ აუღიათ. რომ ნახოთ, აქ ადამიანი როგორ დადის... ზაფხულის ფეხსაცმელი არ აქვთ და შარშანდელი თუ რამე ჰქონდათ, იმით დადიან. საჭმლის მხრივაც ძალიან უჭირს ხალხს. არ აქვთ პურის ფქვილი. ცელოფნებით დადიან, ცოტა თუ გაქვს, მასესხეო. ძალიან ცუდ პირობებშია ხალხი“, - ამბობს გალში მცხოვრები რესპონდენტი.
მისივე სიტყვებით, არსებული სიტუაციის გამო მოსახლეობა საკუთარი ჯანმრთელობის ხარჯზე ცდილობს, მდინარე ენგურის გადაცურვით საქართველოს კონტროლირებად ტერიტორიაზე მოხვდეს და საჭირო სერვისები მიიღოს.
როგორც ოკუპირებულ რეგიონში მცხოვრები ჰყვება, გალელი მგზავრები აქაც დამატებით სირთულეს აწყდებიან. ზუგდიდის მუნიციპალიტეტში ჩამოსვლისთანავე 14 დღით განმუხურის საკარანტინო სივრცეში გადაჰყავთ. მოქალაქეებმა იციან, რომ ეს პროცედურა კორონავირუსის გავრცელების რისკის შესამცირებლად კეთდება, მაგრამ მათთვის მიუღებელია, რადგან ასე ხშირად გადაადგილებას ვერ შეძლებენ. რესპონდენტი ამბობს, რომ იმ შემთხვევაშიც კი, თუ ენგურის ხიდზე მოძრაობა ორმხრივად აღდგა, იძულებული იქნებიან მაინც გალში დარჩნენ.
რატომ ვერ გაუძლო გელათის სახურავმა ზამთარს - ფრესკების გადასარჩენად ტაძარი ტენტით გადახურეს
გელათის სამონასტრო კომპლექსის მთავარი - ღვთისმშობლის შობის - ტაძრის სახურავი (ტაძარი გასულ წელს მოჭიქული კრამიტით გადაიხურა) შეიცვლება, აცხადებს საქართველოს კულტურული მემკვიდრეობის დაცვის ეროვნული სააგენტოს გენერალური დირექტორი, ნიკოლოზ ანთიძე. იგი ადასტურებს, რომ კრამიტის ნაწილი უხარისხოა, თუმცა, მისი შეფასებით, ტაძრის ფრესკები ამ მიზეზით არ დაზიანებულა.
გელათის მონასტრის ეზოში სააგენტოს სპეციალისტთა ჯგუფი მუშაობს. მიუხედავად იმისა, რომ წვიმს, ექსპერტთა 4-კაციანი ჯგუფი დეტალურად ათვალიერებს ტაძრის ფასადს, რომელიც წვიმის დროს სახურავიდან გამოჟონილი წყლით სველდება. ხარაჩოებზე ასული სპეციალისტები აკვირდებიან ტაძრის ცენტრალური ნაწილის ჭერის იმ ფრაგმენტსაც, რომელიც რამდენიმე დღის წინ ტენტით გადახურეს. თითქმის ორსაათიანი მუშაობის შემდეგ ისინი თბილისში ისე გაბრუნდნენ, რომ ჟურნალისტებს განმარტების მიცემაზე არ დათანხმდნენ.
ტაძრის მომსახურე პერსონალი, რომელიც პროცესებს ყოველდღიურად აკვირდება, რადიო თავისუფლებას უყვება, რომ ბოლო წლების განმავლობაში მონასტრის ცენტრალურ ტაძარში წყალი სახურავის გამოცვლის დროს რამდენჯერმე ჩავიდა, რამაც ჭერი და კედლები დააზიანა და, შესაბამისად, დაზიანდა ფრესკების ნაწილიც.
ორი წლის წინ, თბილისში 35-წლიანი ცხოვრების შემდეგ, ლიკა მეგრელაძე მშობლიურ გურიაში, სოფელ წითელმთაში დაბრუნდა და ახალი ცხოვრება დაიწყო. იქ მას ელოდა 80 წელს გადაცილებული დედა, თავისი წინაპრების 150 წლის ოდა, ბამბუკის ტყე, ბავშვობის მდინარე და, რაც მთავარია, გურული მეზობლები...