შეზღუდვების ნაწილი დღეს იხსნება - რა არ უნდა გამოგრჩეს 15 თებერვალს

15 თებერვლიდან საქართველოში განხორციელდება პანდემიასთან ბრძოლის ზომების შემსუბუქების მორიგი ტალღა

დღეიდან საქართველოში იხსნება პანდემიის გამო დაწესებული საგანგებო ზომების ნაწილი. კერძოდ:

  • დიდ ქალაქებში მოსწავლეები სწავლას სკოლებში, საკლასო ოთახებში განაგრძობენ, თუმცა მშობლებს რჩებათ უფლება, სურვილის შემთხვევაში კვლავ დისტანციური განათლების გზა აირჩიონ. მეხუთე კლასიდან ზემოთ, მოსწავლეებისთვის აუცილებელი იქნება პირბადეების ტარება.
  • კვების ობიექტები შეძლებენ კლიენტების ღია სივრცეში მიღებას, შაბათ-კვირის გარდა. ამასთან, პრემიერ-მინისტრის განცხადებით, ის კომპანიები, რომლებიც განზრახ დაარღვევენ კანონს და შეზღუდვების პერიოდში აკრძალულ ეკონომიკურ საქმიანობას მიმართავენ, ვეღარ შეძლებენ ისარგებლონ პანდემიის დროს დაწესებული შეღავათებით, პროგრამებითა და სუბსიდიებით.

საღამოს 9 საათიდან დილის 5 საათამდე ისევ აკრძალული იქნება გადაადგილება. ქვეყანა ზომების შემსუბუქების მორიგ ეტაპზე უკვე მარტიდან გადავა.

ამ თემაზე ასევე ნახე:

პარლამენტის ბიურო ნიკა მელიასათვის სადეპუტატო იმუნიტეტის მოხსნის საკითხს განიხილავს

არსებული ინფორმაციით, პარლამენტის ბიურო „ნაციონალური მოძრაობის“ თავმჯდომარის ნიკა მელიასათვის სადეპუტატო იმუნიტეტის მოხსნის საკითხს ორშაბათს, 15 თებერვალს განიხილავს, პლენარულ სხდომაზე კენჭს კი 16 თებერვალს უყრის.

საქართველოს პროკურატურამ 12 თებერვალს საქართველოს პარლამენტს მიმართა "ნაციონალური მოძრაობის" თავმჯდომარის, ნიკა მელიას პატიმრობაზე წინასწარი თანხმობის მისაღებად.

ნიკა მელიას გირაოს გადასახდელად პროკურატურისგან მიცემული ვადა 12 თებერვალს ამოეწურა. მან გირაოს თანხა, 40 000 ლარი, სასამართლოს მიერ დაწესებულ ვადაში, 2020 წლის 24 დეკემბრამდე არ გადაიხადა და, ასევე, გირაო არ უზრუნველყო რაიმე ქონებით.

დღეს ოპოზიციური პარტიები წარმომადგენლები ერთმანეთს შეხვდებიან და „ნაციონალური მოძრაობის“ თავმჯდომარის ირგვლივ შექმნილ ვითარებაზე ერთიან პოზიციას დააფიქსირებენ.

წაიკითხე მეტი.

აშშ-ის სენატმა ტრამპი გაამართლა ამბოხების წახალისების ბრალდებაში, საიმპიჩმენტო პროცესი დასრულდა

აშშ-ის სენატმა ყოფილი პრეზიდენტი, დონალდ ტრამპი გაამართლა საიმპიჩმენტო პროცესზე, სადაც მას ბრალად უყენებდნენ ამბოხების წახალისებას თავის მომხრეებში, რომლებმაც 6 იანვარს კაპიტოლიუმზე მიიტანეს იერიში. ტრამპი პირველი პრეზიდენტია, რომელიც მეორედ გადაურჩა იმპიჩმენტს.

57 ხმა 43-ის წინააღმდეგ - ტრამპს რესპუბლიკელთა უმრავლესობა მიემხრო. მის დამნაშავედ ცნობას 67 ხმა სჭირდებოდა, ანუ სენატის ორი მესამედი.

წარმომადგენელთა პალატაში დემოკრატები ამტკიცებდნენ, რომ ძალადობრივი თავდასხმა ტრამპმა გამოიწვია, მცდარი განცხადებების გაკეთებით, რომ მას არჩევნები მოჰპარეს და იერიშის წინ თავისი მომხრეების მიმართ მოწოდებით, მთელი ძალებით ებრძოლათ.

წაიკითხე მეტი.

როცა სისტემა დუმს, ბავშვები ქრებიან

14 წლის გოგო, რომელიც ბაბუამ 9 თებერვალს, სახლთან ახლოს, გარდაცვლილი ნახა, 13 თებერვალს დაკრძალეს. ქობულეთელი არასრულწლოვნის გარდაცვალების საქმეზე ოფიციალურად მხოლოდ ისაა ცნობილი, რომ შსს-მ იმავე დღეს დაიწყო გამოძიება სისხლის სამართლის კოდექსის 115-ე მუხლით, რაც თვითმკვლელობამდე მიყვანას გულისხმობს. მომდევნო დღეს, 11 თებერვალს კი დააკავა 23 წლის კაცი, რომელსაც ბრალად ედება 14 წლის გოგოსთან სქესობრივი კავშირი. შსს-ს ინფორმაციით, გამოძიება სისხლის სამართლის კოდექსის 140-ე მუხლით დაიწყო, რაც გულისხმობს სექსუალური ხასიათის შეღწევას თექვსმეტი წლის ასაკს მიუღწევლის სხეულში და რაც შვიდიდან ცხრა წლამდე თავისუფლების აღკვეთით ისჯება.

არაოფიციალური ცნობები კი, რომელსაც მედია ორი დღეა ოჯახის წევრებისგან, მეზობლებისგან, ახლობლებისგან, მასწავლებლებისგან თუ უბნის მაღაზიის გამყიდველებისგან აგროვებს, მრავალფეროვანია.

ოჯახის წევრის, უფრო ზუსტად კი გარდაცვლილის ბაბუის ინფორმაციით, მოზარდზე განხორციელებული სექსუალური ძალადობის შესახებ მათ პოლიციას ჯერ კიდევ დეკემბრის დასაწყისში შეატყობინეს. გოგო პოლიციაში გამოკითხეს და, სავარაუდოდ, დაიწყო გამოძიება, რადგან ბაბუის ინფორმაციით, მოზარდს ჩაუტარდა ექსპერტიზა, რომლის პასუხმაც, მისივე თქმით, დაიგვიანა. დაგვიანებული პასუხის მოლოდინში კი 14 წლის მოზარდმა თავი მოიკლა.

რა უნდა გაეკეთებინა გამოძიებას და რა არ გააკეთა? სად იყო სახელმწიფო ზრუნვის სააგენტო და განათლების სამინისტრო, როცა ნინის უჭირდა? წაიკითხე მეტი ნინო თარხნიშვილის სტატიაში

რუსი ოპოზიციონერის ალექსეი ნავალნის მომხრეებმა მისადმი მხარდაჭერა ახალი ტაქტიკით, შუქით გამოხატეს. რუსეთის სხვადასხვა ქალაქებში 14 თებერვალს საღამოს 8 საათზე 15 წუთით მობილურ ტელეფონებზე სანათები ჩართეს. მიუხედავად გაფრთხილებისა, რომ აქციაში მონაწილეები შეიძლებოდა სისხლისსამართლებრივად დასჯილიყვნენ.

ვალენტინობის დღეს დაგეგმილი აქციის ლოზუნგია "სიყვარული შიშზე ძლიერია", და ის იმართება ბოლო აქციებზე უსაფრთხოების ძალების მიერ გამოვლენილი "ძალადობის და რეპრესიების უპრეცედენტო ტალღის" წინააღმდეგ, - განაცხადეს ნავალნის გუნდში. აქციის ორგანიზატორები სწორედ ისინი იყვნენ.

ამ გამოძიებაში რადიო თავისუფლება აღწერს, როგორ მოიპოვა „ქართულ ოცნებასთან” დაკავშირებულმა ჯგუფმა გავლენა საქართველოს უმსხვილეს კომპანიაზე და რა სქემით შოულობენ „ოცნების“ მხარდამჭერები მანგანეზის ბიზნესში ათეულობით მილიონს.

ჟურნალისტური გამოძიების ტექსტი სრულად ნახე აქ.