რა ამყარებს და აუფასურებს ლარს - მარტივად

4-თვიანი გამყარების შემდეგ ლარმა ისევ დაიწყო გაუფასურება

2 ივნისს, სამიოდე კვირაში მას შემდეგ, რაც ლარმა, ხანგრძლივი გამყარების შემდეგ, ისევ დაიწყო გაუფასურება, ეროვნულმა ბანკმა სავალუტო აუქციონზე $17 მილიონი გაყიდა.

გუშინდელი ინტერვენციის შემდეგ ლარი მცირედით ისევ გამყარდა, თუმცა ბუნდოვანია, მოახერხებს თუ არა სახელმწიფო გაუფასურების ტენდენციის გრძელვადიან შეფერხებას ან შემობრუნებას.

ეს გადაწყვეტილება ასევე მიანიშნებს მოლოდინზე, რომ ქვეყანაში უცხოური ვალუტის ნაკადები, - რაც უკრაინის ომის დაწყების შემდეგ რუსეთის მოქალაქეების ხარჯზე რეკორდულად გაიზარდა, - შემცირდება.

ამ სტატიაში მარტივად აგიხსნით:

  • რა განაპირობებს ლარის კურსის ბოლოდროინდელ ცვლილებებს?
  • რა ეფექტი აქვს ეროვნული ბანკის ნაბიჯებს?
  • რა შეიძლებოდა გაკეთებულიყო სხვანაირად?

საქართველოს ეროვნულმა ბანკმა ლარის გაუფასურების დაწყებიდან რამდენიმე კვირაში 17 მლნ აშშ დოლარი გაყიდა

ლარის ქცევა

წლევანდელ გაზაფხულზე ლარის კურსმა ბოლო ხუთი წლის განმავლობაში ყველაზე მყარ ნიშნულს მიაღწია.

თუკი 4 იანვარს მოქმედი კურსით, ერთი აშშ დოლარის ღირებულება 2.70 ლარი იყო, დაახლოებით ოთხ თვეში, 9 მაისს - 2.48 ლარი გახდა.

ეროვნული ვალუტა ასეთი მყარი 2018 წლის გაზაფხულის შემდეგ არ ყოფილა.

  • ლარის დრამატული და ხანგრძლივი გაუფასურება 2018 წლიდან დაიწყო;
  • გაუფასურების პიკს დოლართან მიმართებით მან 2020 და 2022 წლებში მიაღწია - ჯერ პანდემიის შოკის, შემდეგ კი უკრაინაში ომის დაწყების გამო;
  • 2020 წლის 26 მარტს ერთი აშშ დოლარის ღირებულებამ 3.46 ლარს მიაღწია; 2022 წლის მარტშიც ამ ნიშნულს მიუახლოვდა - მოკლე დროში 3.4 ლარამდე გაიზარდა.

ლარმა აშშ დოლართან მიმართებით გამყარება 2022 წლის მეორე ნახევრიდან დაიწყო. წლის ბოლომდე 1 აშშ დოლარის ღირებულება საშუალოდ 2.8-2.6 ლარის ფარგლებში მერყეობდა.

მომდევნო პერიოდის დინამიკა კიდევ უფრო გაუმჯობესდა: 2023 წლის იანვრიდან 10 მაისამდე პერიოდში კი ლარი დოლართან მიმართებით 8%-ით გამყარდა. გამყარების ეს ტენდენცია სტაბილური იყო.

მაგრამ 10 მაისიდან ლარმა ისევ დაიწყო გაუფასურება: 24 დღეში 6.4%-ით გაუფასურდა. 2 ივნისის მოქმედი კურსით, ერთი აშშ დოლარი 2.6396 ლარი ღირდა.

სანამ ამ ცვლილებების მიზეზებს მიმოვიხილავთ, აგიხსნით, თუ როგორ დგინდება ქვეყანაში გაცვლითი კურსი.

მცურავი გაცვლითი კურსი

საქართველოში რამდენიმე ათწლეულია, მცურავი გაცვლითი კურსის რეჟიმი მოქმედებს.

ამ რეჟიმით მოქმედ გაცვლით კურსს, - განსხვავებით ფიქსირებულისგან, - სავალუტო ბაზარი განსაზღვრავს. ანუ კურსი მოთხოვნასა და მიწოდებაზეა დამოკიდებული.

სავალუტო ბაზარი, თავის მხრივ, შედგება კომერციული ბანკებისგან, კორპორაციებისა და ინდივიდებისგან, რომლებიც მუდმივად ყიდიან და ყიდულობენ უცხოურ ვალუტას.

ბანკნოტები ყვარლის ფულის მუზეუმში.

ბანკთაშორის ბაზარზე ვაჭრობა მიმდინარეობს საერთაშორისო სავაჭრო სისტემაში („ბლუმბერგზე“). ლარის საშუალო შეწონილი კურსი აშშ დოლარის მიმართ ამ სისტემაში გარიგებათა გათვალისწინებით გამოითვლება. სწორედ ეს კურსი ცხადდება ოფიციალურ გაცვლით კურსად შემდგომი დღისთვის.

ასეთ რეჟიმში გაცვლითი კურსი საგრძნობად მერყეობს, მაგრამ, ამავდროულად, - როგორც ეროვნული ბანკი განმარტავს, - მოქნილია და „ითავსებს შოკების შემწოვ ფუნქციას“.

ეროვნული ბანკი - ბაზრის მონაწილე?

ეროვნული ბანკი განმარტავს, რომ ის „არანაირ გავლენას არ ახდენს გაცვლითი კურსის განსაზღვრის პროცესზე“; რომ მისი „ამოცანა არ არის ლარის კურსის ფიქსაცია და, შესაბამისად, არ ერევა სავალუტო ბაზრის პროცესში“, - „გარდა გამონაკლისი შემთხვევებისა“.

ასეთ გამონაკლის შემთხვევად ეროვნული ბანკი ასახელებს პერიოდს, როდესაც კურსი მკვეთრად იცვლება.

ეკონომისტი, კვლევითი ცენტრის, „გნომონ ვაიზის“ მკვლევარი ეგნატე შამუგია შენიშნავს, რომ სინამდვილეში ეროვნული ბანკი მონეტარული ინსტრუმენტებით - სავალუტო ინტერვენციებით - ლარის კურსზე ხშირად ზემოქმედებს.

„სავალუტო ინტერვენციებით ეროვნული ბანკი ხდება ბაზრის მონაწილე, გავლენას ახდენს ორივე - მიწოდების და მოთხოვნის მხარეზე და, შესაბამისად, ზემოქმედებს კურსის განსაზღვრის პროცესზე“, - ამბობს იგი რადიო თავისუფლებასთან საუბარში.

ეროვნული ბანკის „ყოველთვიური მიმოხილვის“ ანგარიშები აჩვენებს, რომ ის მონაწილეობს უცხოური ვალუტით ვაჭრობაში. ბოლო სამ წელიწადში ვაჭრობაში მისი წილი 0-დან 7%-მდე მერყეობს.

გამყარების მიზეზები

როდესაც ვალუტის კურსი საბაზრო პრინციპით, - მოთხოვნისა და მიწოდების საშუალებით - ფორმირდება, თეორიულადაც კი შეუძლებელია გაცვლით კურსზე მოქმედი ყველა ფაქტორის იდენტიფიცირება და კურსის ცვლილებაში თითოეულის წვლილის დადგენა.

ამის მიუხედავად, ეგნატე შამუგიას თქმით, 10 მაისამდე პერიოდში ლარის გამყარების მიზეზებს შორის მაინც შეიძლება „მოთხოვნის და მიწოდების მხარეებიდან თითო-თითო ფაქტორი დავინახოთ“:

  • „მოთხოვნის მხრიდან გვაქვს შედარებით გამკაცრებული მონეტარული პოლიტიკა - რეფინანსირების განაკვეთის 11%-ზე შენარჩუნება;
  • მიწოდების მხრიდან კი - სავალუტო შემოდინებები, რაც რუსეთიდან მიგრანტებს და ფულად შემოსავლებს უკავშირდება“.

ეგნატე შამუგია, ეკონომისტი, კვლევითი ცენტრის, „გნომონ ვაიზის“ მკვლევარი

2023 წლის იანვარ-აპრილში რუსეთიდან საქართველოში წმინდა გზავნილების მოცულობა წინა წლის შესაბამის პერიოდთან შედარებით 3.4-ჯერ არის გაზრდილი. წმინდა გზავნილები გულისხმობს სხვაობას მიღებულ და გაგზავნილ გზავნილებს შორის.

2022 წლის შემოდგომის მონაცემებით, საქართველოში შესული რუსეთის მოქალაქეებიდან 120 000-მდე ადამიანი დარჩა; ამავდროულად, იუსტიციის სამინისტროს ცნობით, 2022 წელს რუსეთის მოქალაქეებმა საქართველოში 6062 ბინა შეისყიდეს, 2023 წლის პირველ 3 თვეში კი - კიდევ 2187. ჯამში - 8249. იყიდეს მიწის ნაკვეთებიც.

„მათ მხოლოდ ბინების სახით შეიძინეს 10 000-მდე ბინა. ეს ნიშნავს, რომ თუ ერთი 2-ოთახიანი ბინა 50 000 დოლარი ღირს, დაახლოებით ნახევარი მილიარდი დოლარი უკვე მხოლოდ ბინებში იქნა ჩადებული, რომ არაფერი ვთქვათ სხვა უძრავ ქონებაზე. ერთი სიტყვით, დიდი ოდენობით რუსული ფული „მიაწვა“ ბაზარს და ამან გამოიწვია ეროვნული ვალუტის გამყარება“, - გვეუბნება რომან გოცირიძე, ეროვნული ბანკის ყოფილი პრეზიდენტი.

„ჰოლანდიური დაავადება“

სპეციალისტები ამბობენ, რომ ლარი კიდევ უფრო მაღალ ნიშნულამდე გამყარდებოდა, რომ არა ეროვნული ბანკის პოლიტიკა - დიდი რაოდენობით დოლარის შესყიდვის ხარჯზე გამყარების ტემპის შეფერხება.

პარლამენტის დამოუკიდებელი წევრი, ეროვნული ბანკის ყოფილი პრეზიდენტი რომან გოცირიძე რადიო თავისუფლებასთან საუბარში ამბობს, რომ რუსეთიდან კაპიტალის შემოდინებამ ლარის იმ ტემპით გამყარება გამოიწვია, რომ „ჰოლანდიური დაავადების“ სახე შეიძინა, რამაც უბიძგა ეროვნულ ბანკს ასეთი პოლიტიკისაკენ.

ტერმინი „ჰოლანდიური დაავადება“ მიემართება მე-20 საუკუნის 60-იან წლებში ნიდერლანდებში განვითარებულ პარადოქსულ მოვლენებს:

  • ახლად აღმოჩენილი ბუნებრივი რესურსების მძლავრმა ექსპორტმა უცხოური ვალუტის შედინება გამოიწვია;
  • ამან უპრეცედენტოდ გაამყარა ადგილობრივი ვალუტა, გულდენი;
  • ადგილობრივი ვალუტის გამყარებამ ექსპორტის კონკურენტუნარიანობის დაცემა გამოიწვია;
  • მსგავსი ეფექტი შეიძლება გამოიწვიოს, მაგალითად, პირდაპირი უცხოური ინვესტიციების ზრდამ ან ინტენსიურმა პრივატიზაციამაც;
  • მაღალმა სავალუტო შემოდინებამ შესაძლოა ინფლაცია გაზარდოს.

გოცირიძის თქმით, „ჰოლანდიური დაავადების“ რისკის ფონზე, ეროვნული ბანკი იძულებული გახდა, დოლარი შეესყიდა ლარის კიდევ უფრო გამყარების თავიდან ასარიდებლად.

მისი განმარტებით, ქართულ რეალობაში „ჰოლანდიურ დაავადებას“ ის ამწვავებს, რომ საქართველოს მოქალაქეების მიერ საზღვარგარეთიდან გადმორიცხული დიდძალი უცხოური ვალუტა გაუფასურდება, - რაც, ლარის გამყარების პარალელურად ფასების ზრდის გამო, საგანგაშოა.

რეკორდული დარეზერვება

სავარაუდოდ, სწორედ ამ რისკების დაზღვევის მიზნით, ბოლო პერიოდში, - ეროვნული ბანკის სავალუტო ბაზრის აპრილის ანგარიშის თანახმად, - უწყებამ 322.4 მლნ აშშ დოლარი შეისყიდა. ჯამში პირველ ოთხ თვეში შესყიდვების მოცულობამ 782.9 მილიონი დოლარი შეადგინა.

ეს რეკორდულად დიდი მოცულობის სავალუტო ინტერვენცია იყო. ჯამში საქართველოს სავალუტო რეზერვებმა 5.1 მლრდ აშშ დოლარს გადააჭარბა (დაზუსტებული მონაცემები მომდევნო კვირაში გამოქვეყნდება).

ეროვნული ბანკი წლების განმავლობაში ბაზარზე უცხოურ ვალუტას აუქციონის საშუალებით ყიდულობდა და ყიდდა, 2020 წლიდან კი ვაჭრობა ბლუმბერგის Bmatch პლატფორმაზეც დაიწყო. სწორედ ამ პლატფორმაზე გაზარდა შესყიდვები ეროვნულმა ბანკმა 2022 წლიდან.

ეროვნული ბანკის პრეზიდენტის მოვალეობის შემსრულებელი, არჩილ მესტვირიშვილი დოლარის შესყიდვის პოლიტიკას ასე ხსნიდა: რეზერვები საერთაშორისო სავალუტო ფონდის მეთოდოლოგიით გათვალისწინებულ ზომას ჯერ კიდევ ჩამორჩება, და როცა ბაზარმა ამის საშუალება მოგვცა, შევისყიდეთო.

ეგნატე შამუგიას შეფასებით, სავალუტო ბაზარზე დოლარის აქტიურ შესყიდვას მონეტარული პოლიტიკის შემსუბუქების ეფექტი ჰქონდა, რაც კონტრპროდუქტიული იყო ამ პერიოდის ორნიშნა ინფლაციის შემცირების თვალსაზრისით.

„შეცდომები“

ეროვნული ბანკის ყოფილი პრეზიდენტი, რომან გოცირიძე რამდენიმე კვირის წინ აცხადებდა, რომ მცირე დროში, გადმორიცხვების მოსალოდნელი შემცირების გამო, პირიქით, ლარის გაუფასურების რისკი გაჩნდებოდა, რის გამოც სიფრთხილისკენ მოუწოდებდა ეროვნულ ბანკს.

„ასეთი ვითარების მართვას სჭირდება ხელოვნება, კარგი ანალიზი, დაკვირვება, მათ შორის ბიუჯეტის დეფიციტზე… ისე უნდა მართოს ეროვნულმა ბანკმა ეს პროცესები, რომ მომენტალურად არ დაუდგეს უკუინტერვენციის განხორციელების საჭიროება. და ეს პროცესი არ იქნა სწორად მართული. ეროვნულმა ბანკმა ურთიერთსაპირისპირო სიგნალები გაუგზავნა ბაზარს“, - ეუბნება იგი რადიო თავისუფლებას.

დამოუკიდებელი პარლამენტარი რომან გოცირიძე - ეროვნული ბანკის პრეზიდენტი 2005-07 წლებში.

2023 წლის 10 მაისს ეროვნულმა ბანკმა მონეტარული პოლიტიკა შეარბილა და რეფინანსირების განაკვეთი 11%-დან 10.5%-მდე დაწია. ესე იგი, „ძვირი ფულის“ პოლიტიკა შეცვალა.

ერთი მხრივ, ამ ნაბიჯმა ათასობით ადამიანს, ვისაც სესხი ლარში აქვს აღებული, სესხის პროცენტი 0,5 პროცენტული პუნქტით შეუმცირა - ესე იგი, შეუმცირა ყოველთვიური გადასახადი, - თუმცა, მეორე მხრივ, სარისკო ნაბიჯი გადადგა:

„ეროვნულმა ბანკმა ამ გადაწყვეტილებით კომერციულ ბანკებს მისცა სიგნალი, მე თქვენ ფულს იაფად გაძლევთო. ეს მაშინ, როდესაც ინფლაციის რისკი არ არის განელებული - სტატისტიკა მიუთითებს, რომ შემცირებულია არა ინფლაცია, არამედ ინფლაციის ზრდის ტემპი. და არცერთი რისკფაქტორი, რაც ქვეყანაში ფასების ზრდას იწვევს, არ შენელებულა“, - ამბობს გოცირიძე.

რეფინანსირების განაკვეთის შემცირებას დაუყოვნებლივ მოჰყვა ლარის გაუფასურება, - და გაუფასურების ტრენდის დაბრუნება.

„გნომონ ვაიზის“ მკვლევარი ეგნატე შამუგია ლარის გაუფასურებას ეროვნული ბანკის მცდარ პოლიტიკას უკავშირებს და 4 მიზეზს ჩამოთვლის:

  1. „მონეტარული პოლიტიკის შემსუბუქება - რეფინანსირების განაკვეთის 0.5 პროცენტული პუნქტით შემცირება;
  2. ბაზარზე დოლარის ყიდვის ისტორიულად რეკორდული რაოდენობა და მზარდი ტემპი;
  3. უცხოურ ვალუტაში არარეზიდენტების დეპოზიტებზე სარეზერვო მოთხოვნების ზრდა;
  4. სხვა ინსტრუმენტებით ლარის ემისია“.

„უკუინტერვენცია“

2023 წლის 2 ივნისს ეროვნულმა ბანკმა მორიგი სავალუტო ინტერვენცია განახორციელა, თუმცა ამჯერად პირიქით - დოლარი გაყიდა.

ეროვნული ბანკის სავალუტო აუქციონზე მან გასაყიდად $40 მლნ გამოიტანა, თუმცა აუქციონზე მხოლოდ $17.1 მლნ გაიყიდა. ამ ნაბიჯის შემდეგ, ლარი დოლართან მიმართებით 0,61 თეთრით გამყარდა.

„სულ ცოტა ხნის წინ, რეფინანსირების განაკვეთის შემცირებით, ეროვნული ბანკი ამბობდა, რომ ფულად-საკრედიტო პოლიტიკას არბილებდა, ახლა კი, ამ ნაბიჯით, მკაცრ პოლიტიკაზე გადავიდა. გაყიდული დოლარები ნიშნავს „ამოღებულ“ ლარს. ესე იგი, მას „ამოაქვს“ ფულის მასა, რათა ინფლაცია არ გაიზარდოს. და, ამავე დროს, ემსახურება უფრო ლოკალურ მიზანს - რომ ვალუტამ არ დაიწყოს უფრო მკვეთრი გაუფასურება“, - ეუბნება რომან გოცირიძე რადიო თავისუფლებას.

ეროვნული ბანკის ეს გადაწყვეტილება მიუთითებს ფულადი ტრანსფერების შემცირების მოლოდინზე. გოცირიძე შენიშნავს, რომ სწორედ ასეთი დინამიკა შეიმჩნევა ყაზახეთში.

ყაზახეთის ეროვნული ბანკის მონაცემებით, 2023 წლის აპრილში რუსეთიდან ყაზახეთში ფულადი გზავნილების მოცულობა წინა წლის აპრილთან შედარებით 44%-ით შემცირდა. რუსულ მედიაში ამ შემცირებას ხსნიან გარემოებით, რომ ემიგრირებულმა მოქალაქეებმა დაიკმაყოფილეს საცხოვრებელი მოთხოვნილებები. რომან გოცირიძის სიტყვებით, - „ვისაც ფულის გამოტანა უნდოდა, უკვე გამოიტანა - და ალბათ მსგავსი პროცესი განვითარდება ჩვენთანაც“.