პაველი 39 წლისაა (40 წელი 19 სექტემბერს შეუსრულდებოდა), მაგრამ თუ კარგად არ დააკვირდი, ბიჭი გეგონება. თავისი ვიდეოარხი აქვს „უცხოეთის აგენტი მალდერი“ - მალდერი 90-იანების ცნობილი ფილმის „იქს ფაილების“ მთავარი გმირია. მოგვიანებით მისი მეგობარი იტყვის, რომ პაველს უყვარდა ამ ჟანრის კინო.
პაველ კუშნირმა თავის Youtube-არხზე ოთხიოდე ვიდეოს დადება ძლივს მოასწრო. ეს უხარისხო ჩანაწერიც, რომელიც სიცოცხლის ფასად დაუჯდა, მაშინ სულ ხუთმა კაცმა ნახა.
„ცხოვრება მხოლოდ ისაა, რაც ამ ცხოვრებაში მეტად არასდროს იქნება: თავისუფლება, შემოქმედება, სიყვარული, გულწრფელობა, ჭეშმარიტება, ადამიანის ტრაგიკული მშვენიერება. ომი საშინელებაა მისი ფორმისა და შინაარსის გამო! სული იგივე თავისუფლებაა! იესო ქრისტე ძე უფლისა! ბუჩის ხოცვა-ჟლეტა ჩვენი ერის სირცხვილია! ფაშიზმი - ჩვენი ქვეყნის სიკვდილი! პუტინი ფაშისტია! ჩვენმა ერებმა მილიონობით საუკეთესო შვილი შესწირეს იმას, რომ ფაშიზმი არასოდეს განმეორებულიყო. და ჩვენ ამას ვერ მივიღებთ, ქედს ვერ მოვუხრით. ძირს ომი უკრაინაში! ძირს პუტინის ფაშისტური რეჟიმი! თავისუფლება ყველა პოლიტპატიმარს! საერთოდ ყველა პატიმარს თავისუფლება! ყველას თავისუფლება!“ - ამბობს პაველი და კამერას თიშავს.
ომის საწინააღმდეგო ვიდეოების გამო კუშნირი მაისის ბოლოს დააპატიმრეს, ბრალდებით: „ტერორისტული საქმიანობისკენ საჯარო მოწოდება“.
პაველი ბირობიჯანის წინასწარი დაკავების იზოლატორში 27 ივლისს გარდაიცვალა. ექიმებმა მიზეზად გულის დაავადება მიუთითეს. უშიშროების ფედერალური სამსახურის თანამშრომელმა, პაველის დედას შვილის სიკვდილი რომ შეატყობინა, უთხრა, უკრაინაში ომის გასაპროტესტებლად შიმშილობა გამოაცხადა და ამან მოკლაო.
პაველის მეგობარმა ოლგა შკრიგუნოვამ რედაქცია „ოკნოს“ ჟურნალისტს უთხრა, რომ გამორიცხული არ არის, კუშნირზე ძალადობდნენ კიდეც. მეგობრებს დამოუკიდებელი ექსპერტიზის ჩატარება უნდოდათ, მაგრამ დედა არ დათახმდა. მისი დაჟინებით, პაველის ცხედარი დაწვეს.
რახმანინოვიდან პუტინის ციხემდე
პიანისტი პაველ კუშნირი ტამბოვში გაიზარდა. დაამთავრა მოსკოვის ჩაიკოვსკის სახელობის კონსერვატორია. ჯერ კურსკის რეგიონულ ფილარმონიაში მუშაობდა სოლისტად, შემდეგ - კურგანის. 2022 წელს საცხოვრებლად ბირობიჯანში გადავიდა (ებრაელების ავტონომიური ოლქი სამხრეთ რუსეთში). აქაც ფილარმონიის სოლისტი იყო. უკრავდა რახმანინოვს. ხატავდა და წერდა კიდეც. მისი რომანი „რუსული ნაწყვეტები“ 2014 წელს გამოიცა. მაშინ ეს წიგნი დიდად არავის შეუმჩნევია, მაგრამ მუსიკოსის გარდაცვალების შემდეგ გერმანიაში, ორ დღეში ხელმეორედ მოამზადეს დასაბეჭდად. რომანი 2014 წლის უკრაინაში მომხდარ მოვლენებს ეხება.
განსაკუთრებული ინტერესი ჰქონდა ენების მიმართ. ერთი ლექსი ნა’ვის ენაზეც კი აქვს დაწერილი, ეს არის გამოგონილი ენა, რომელზეც ფილმ „ავატარის“ პერსონაჟები ლაპარაკობენ.
„პაშკა ძალიან მაგარი, მხიარული ბიჭი იყო, სულ რაღაცას იგონებდა. სულ ერთად ვიყავით, ლუდს ვსვამდით, ვსეირნობდით, ვლაპარაკობდით. ლექსებს წერდა, წიგნებს, ამას მიზიარებდა ხოლმე. ძალიან მგრძნობიარე და ფაქიზი იყო, მაგრამ თან სამართლიანობის ძლიერი გრძნობა ჰქონდა, მასშტაბური აზროვნება, სურვილი ყველაფერი ბოლომდე მიეყვანა“, - იხსენებს „ნასტოიაშჩეე ვრემიასთან“ პაველის მეგობარი ოლგა შკრიგუნოვა.
რეჟიმის წინააღმდეგ პროტესტი პაველმა ჯერ კიდევ 2012 წელს დაიწყო, მოსკოვის ბოლოტნაიას მოედანზე გამართულ საპროტესტო აქციებზე იდგა. მოგვიანებით ყირიმის ანექსიისა და დონბასში ომის წინააღმდეგ გამოდიოდა. 2022 წელს კურგანში ომის საწინააღმდეგო ბროშურები დაწერა და გამოაქვეყნა. ამ დროს მეგობარს უხსნიდა, ყველაზე რთული ვატმანის დიდ ქაღალდზე მუშაობააო: „იღებ ვატმანს და მთელ ქაღალდზე დიდი წითელი ასოებით წერ „პუტინი ფაშისტია“. მერე ზედ შავი მარკერით ანტიფაშისტურ ტექსტს აწერ, საკმაოდ რომანტიკულს. შემდეგ ჭრი ვატმანს და ნაწილებს სკოჩით აწებებ, რომ მერე ადვილად ააწყო და განათავსო“.
2023 წლის 9 მაისს კუშნირმა პირველად გამოაცხადა შიმშილობა. 20 დღე შიმშილობდა. მეორე შიმშილობამ, უკვე 100 დღე გასტანა. მესამე, მშრალი შიმშილობა, რომელსაც შეეწირა კიდეც, ციხეში დაიწყო.
კუშნირის დედა ირინა ლევინა, რომელიც 79 წლისაა, „მედიაზონასთან“ საუბარში მოჰყვა, რა უთხრა მას გამომძიებელმა: „ამბობდნენ, რომ ეხმარებოდნენ, წვეთოვანები ედგა. ცდილობდნენ, როგორმე ხელი შეეწყოთ. მაგრამ ეტყობა, ეს საკმარისი არ აღმოჩნდა“.
პაველ კუშნირის ფერფლი 16 აგვისტოს ტამბოვში დაკრძალეს. დაკრძალვას ოცდაათიოდე ადამიანი ესწრებოდა.
„როგორც ყველა ნიჭიერი ადამიანი, პაველიც მგრძნობიარე იყო. ძლიერ განიცდიდა იმას, რასაც ყოფიერების ტრაგედია, ჩვენი დროის ტრაგედია ჰქვია. მსოფლიო ტრაგედია, რომელშიც ჩვენი და სხვა ქვეყნები აღმოჩნდნენ. ამის გამო ვერ დარჩა გულგრილი იმ ყველაფრის გამო, რაც ხდებოდა“, - თქვა გამომშვიდობებისას ბაპტისტური ეკლესიის მოძღვარმა ვლადიმირ პოპოვმა. პაველი ამ ეკლესიის მრევლი იყო.
Youtube-არხზე, რომელზეც პაველის სიცოცხლეში თითქმის არავინ შედიოდა, ახლა კომენტარების ცვენაა:
„ახლა თავისუფალი ხარ! მუდმივი ხსოვნა იყოს იმ ადამიანის, რომელიც რეჟიმს ვერ შეეგუა“.
„სიცოცხლე გაწირა რუსეთის გასათავისუფლებლად. ეს დღეც დადგება. ხსოვნა იყოს“.
„მადლობა, რომ იყავი ამ ცოდვილ დედამიწაზე. მადლობა, რომ შესანიშნავ მუსიკას უკრავდი. მადლობა სიმართლისთვის“.