ჟურნალისტების მოწამვლა თბილისში, მიუნხენსა და პრაღაში

ნატალი არნო, ელენა კოსტიუჩენკო, ირინა ბაბლოიანი - ილუსტრირებული ფოტო

2022 წელს მოწამვლის ახალმა ტალღამ გადაუარა ჟურნალისტებსა და აქტივისტებს, რომლებმაც რუსეთი დატოვეს და საცხოვრებლად საზღვარგარეთ გადაბარგდნენ, - ამის შესახებ წერს ინტერნეტ-გამოცემა The Insider-ი, რომლის მტკიცებით, 2022 წლის ოქტომბერში მიუნხენში მოწამლეს „ნოვაია გაზეტასა“ და „მედუზას“ ჟურნალისტი ელენა კოსტიუჩენკო, ერთი კვირის შემდეგ, პრაქტიკულად იდენტური სიმპტომებით ჯანმრთელობის მდგომარეობა გაუუარესდა თბილისში მყოფ „ეხო მოსკვის“ ჟურნალისტს ირინა ბაბლოიანს, მიმდინარე წლის გაზაფხულში კი ნეიროტოქსიკური ნივთიერებით მოწამლეს ფონდ „თავისუფალი რუსეთის“ ხელმძღვანელი, ნატალია არნო.

The Insider-მა დეტალურად შეისწავლა ამ მოწამვლების გარემოებები ექიმებთან და ტოქსიკური ნივთიერებების ექსპერტებთან ერთად.

როგორც წესი, The Insider არ აქვეყნებს თავის გამოძიებას, ვიდრე არ დაადგენს დამნაშავეთა ვინაობას, თუმცა ამ შემთხვევაში რედაქციამ კონსულტაციის შემდეგ, გადაწყვიტა არსებული მონაცემების გასაჯაროება, რათა გაეფრთხილებინა რუსეთიდან წასული სამოქალაქო აქტივისტები და ჟურნალისტები არსებული საფრთხის შესახებ. „ბევრი მათგანი, ვინც პოლიტიკური მიზეზების გამო ემიგრაციაში წავიდა, სათანადოდ არ ზრუნავს საკუთარ უსაფრთხოებაზე, რის გამოც რუსული სპეცსამსახურების იოლ სამიზნეს წარმოადგენენ. გარდა ამისა, მოწამვლის მსხვერპლებმა შეიძლება ვერ გააცნობიერონ, რომ მოწამლულნი არიან და დროულად არ მიმართონ სამედიცინო დაწესებულებას“, - წერს The Insider-ი.

ელენა კოსტიუჩენკო - მოწამვლა მიუნხენში

როგორც The Insider-ი წერს, 2022 წლის 24 თებერვალს, როდესაც შეიტყო უკრაინაში სრულმასშტაბიანი შეჭრის დაწყების შესახებ, ელენა კოსტიუჩენკო, მაშინ „ნოვაია გაზეტას“ ჟურნალისტი, გაემგზავრა უკრაინაში, საიდანაც პირველივე კვირებში გამოაქვეყნა რამდენიმე მნიშვნელოვანი სტატია, მათ შორის ცნობილი რეპორტაჟი, რომელშიც აღწერილია რუსეთის არმიის მიერ ხერსონში ჩადენილი დანაშაულები - წამებისა და ადამიანების გატაცების ფაქტები. ჟურნალისტმა ასევე გადაწყვიტა ჩასულიყო უკრაინის კონტროლის ქვეშ მყოფ მარიუპოლში, თუმცა ზაპოროჟიეში ყოფნისას მას დაუკავშირდა კოლეგა, რომელმაც შეატყობინა მოსალოდნელი საფრთხის შესახებ, რომ კადიროველებისთვის ცნობილი იყო მისი ადგილსამყოფელი და, რომ გაცემული იყო განკარგულება მისი მოკვლის თაობაზე.

საუბრის დასრულებიდან ერთ საათში ჟურნალისტს დაუკავშირდა უკრაინის დაზვერვის წარმომადგენელი, რომლის ინფორმაციითაც, მზადდებოდა „ნოვაია გაზეტას“ ჟურნალისტის მკვლელობა. კიდევ ერთი საათის შემდეგ ელენას დაურეკა გაზეთის მთავარმა რედაქტორმა, დმიტრი მურატოვმა: „შენ აღარ მიდიხარ მარიუპოლში. შენ ახლავე უნდა დატოვო უკრაინა“. გაზეთის წესების მიხედვით, რედაქცია ასე მიმართავს ჟურნალისტს მხოლოდ იმ შემთხვევაში, როცა მის სიცოცხლეს საფრთხე ემუქრება. აღსანიშნავია, რომ ერთი კვირით ადრე, 23 მარტს, კიევში მოკლეს The Insider-ის ჟურნალისტი ოქსანა ბაულინა. ელენა კოსტიუჩენკომ დატოვა ზაპოროჟიე, შემდეგ კი უკრაინა. ელენამ გადაწყვიტა დარჩენილიყო ევროპაში, დაესრულებინა წიგნი და გარკვეული დროის შემდეგ დაბრუნებულიყო რუსეთში.

  • მოწამვლა

The Insider-ის მიხედვით, 2022 წლის აპრილის ბოლოს დმიტრი მურატოვი კვლავ დაუკავშირდა კოსტიუჩენკოს და დაჟინებით სთხოვა არ დაბრუნებულიყო მოსკოვში: „რუსეთში დაბრუნება არ შეიძლება. აქ მოგკლავენ“.

კოსტიუჩენკომ იპოვა ბინა ბერლინში, სექტემბრის ბოლოს კი „მედუზაში“ დაიწყო მუშაობა. ახალ სამსახურში პირველი მივლინება ირანი უნდა ყოფილიყო, რის შემდეგაც ისევ უკრაინაში აპირებდა წასვლას. რადგან ჰაკერული თავდასხმის გამო, საელჩოს ვებგვერდზე რეგისტრაცია დიდი ხნის განმავლობაში არ მუშაობდა. ნაცნობების მეშვეობით მან მოახერხა საბუთების ჩაბარება მიუნხენში საკონსულოში. როგორც The Insider-ი წერს, ჟურნალისტი სწორედ მიუნხენში, მეგობართან ერთად ღია კაფეში სადილობისას მოწამლეს.

"სანამ ისინი სადილობდნენ, მაგიდასთან ორჯერ მივიდნენ ლენას მეგობრის (მასპინძლის) ნაცნობები - ჯერ მამაკაცი, შემდეგ ორი ქალი. ამან გააკვირვა ჟურნალისტი - რამდენად პატარა ქალაქია მიუნხენი, რომ ასე ხშირად ხვდები ნაცნობებს. ელენა ტუალეტში გავიდა. მის დაბრუნებამდე, მთელი ეს დრო, მეგობარი ადგილზე რჩებოდა. ელენას საჭმელი უგემური ეჩვენა, ამიტომ ნახევარი თეფშზე დატოვა. დაახლოებით 15:30 საათზე ჩასხდნენ მანქანაში და სადგურისკენ წავიდნენ. მანქანაში მეგობარმა დეზოდორანტი შესთავაზა, "არც ისე თავაზიანია", - გაიფიქრა ლენამ, მაგრამ მალე, სადგურის ტუალეტში მიხვდა, რომ მართლაც უჩვეულო, უსიამოვნო სუნი ასდიოდა. ეს არ იყო ოფლის სუნი. მაშინ ელენამ ჯერ არ იცოდა, რომ ეს მოწამვლის პირველი სიმპტომი იყო", - წერს The Insider-ი.

ჟურნალისტი ელენა კოსტიუჩენკო,

ბერლინში მატარებლით დაბრუნდა. გზაში ცუდად გახდა. შინ მისვლისთანავე საწოლზე დაეცა და დაიძინა. როგორც The Insider-ი წერს, მეორე დილით ელენა კოსტიუჩენკომ მუცელში ძლიერი ტკივილი იგრძნო, ოღონდ არა კუჭთან, არამედ უფრო ზევით, ხერხემალთან. ისეთი თავბრუსხვევა ჰქონდა, რომ ფეხზე დგომა არ შეეძლო. ამ დღიდან დაეწყო უძილობა, ღებინება. ელენამ არ გამოიძახა სასწრაფო დახმარება, მხოლოდ ექიმთან მიღებაზე ჩაეწერა.

"ექიმმა, რომელმაც 10 დღის შემდეგ (28 ოქტომბერს) მიიღო, ყველაფერი გადატანილ კოვიდს დააბრალა. თუმცა, სისხლის ანალიზმა აჩვენა, რომ ღვიძლის ფერმენტები (Alanine transaminase და Aspartate transaminase) ხუთჯერ აღემატებოდა ნორმას და, რომ შარდში სისხლი იყო. ექიმები შეშფოთდნენ. ეჭვი მიიტანეს ვირუსულ ჰეპატიტზე, მაგრამ ანალიზმა ჰეპატიტიც გამორიცხა. დროთა განმავლობაში კუჭის ტკივილი შემსუბუქდა. თავბრუსხვევამაც იკლო. სიმპტომებიდან მხოლოდ წარმოუდგენელი სისუსტე და გულისრევა დარჩა. თავი იჩინა ახალმა სიმპტომებმაც - სახის, თითების, ხელისა და ფეხისგულების გაწითლება-შეშუპებამ. შეიცვალა უძილობის სტრუქტურაც - ახლა ტკივილი აღარ უშლიდა ხელს დაძინებაში, მაგრამ ტვინმა უარი თქვა ძილზე, თითქოს დაავიწყდა, როგორ აკეთებდა ამას", - ვკითხულობთ The Insider-ის გამოძიებაში.

ექიმები სულ უფრო მეტ ახალ ანალიზებს იღებდნენ და მათი საშუალებით გამორიცხავდნენ ავტოიმუნურ დაავადებებს, გართულებულ პიელონეფრიტს, სხვადასხვა სისტემურ დაავადებას და ვირუსულ ჰეპატიტს. ექიმმა, რომელიც „მედუზას“ სარედაქციო ჯგუფმა ელენას დააკავშირა, მოწამვლის ვარაუდი გამოთქვა. მაშინ ელენას, ეს იდეა აბსურდულად ეჩვენა, მაგრამ ერთი თვის შემდეგ ექიმმა, რომელიც აკვირდებოდა კოსტიუჩენკოს მდგომარეობას ადგილობრივ კლინიკაში, განაცხადა, რომ მათ გამორიცხეს ჯანმრთელობის გაუარესების ყველა შესაძლო მიზეზი, გარდა მოწამვლისა. ჟურნალისტს შესთავაზეს ტოქსინებზე ანალიზის ჩაბარება „შარიტეს“ კლინიკაში.

  • კლასიფიცირებული ანალიზები

ტოქსინებზე ანალიზის ჩასაბარებლად საჭირო იყო პოლიციასთან დაკავშირება, რაც ელენამ გააკეთა კიდეც. 9 საათის განმავლობაში კითხავდნენ, მისი საქმე ჩააბარეს გამომძიებელს, რომელიც მანამდე ზელიმხან ხანგოშვილის მკვლელობისა და პიოტრ ვერზილოვის მოწამვლის საქმეებს იძიებდა. პოლიციელი იმედგაცრუებული იყო იმის გამო, რომ კოსტიუჩენკომ მალევე არ მიმართა პოლიციას. ახლა, მოწამვლიდან 2,5 თვის შემდეგ, ორგანიზმში შხამების პოვნა თითქმის შეუძლებელიაო.

The Insider-ის წყარო, რომელსაც კავშირი აქვს ლაბორატორიებთან, ირწმუნება, რომ გერმანელმა სამართალდამცავმა უწყებებმა კოსტიუჩენკოს სისხლი სავარაუდოდ სრულფასოვნად გამოიკვლიეს, თუმცა, როგორც ჩანს, მას-სპექტრომეტრიამ არ აჩვენა ცალსახა შედეგი: რაღაც (ზუსტად რა - წყარომ არ იცის) ნივთიერებების კონცენტრაცია ორგანიზმში აღმოჩნდა ზღვრულის ფარგლებში, რაც არ იძლეოდა დასკვნის გაკეთების საშუალებას.

“გამოკვლევის შედეგების დამალვა შესაძლოა პაციენტის უფლებების უხეშ დარღვევად მოგეჩვენოთ, სინამდვილეში ეს ასეცაა, მაგრამ ასეთი რამ პირველად არ ხდება. „ნოვიჩოკით“ მოწამლული კარა-მურზას სისხლის ანალიზი ამერიკულმა სპეცსამსახურმა გაასაიდუმლოვა. ნოვიჩოკით მოწამლული ემელიან გებრევის ანალიზები იდუმალ ვითარებაში "გაქრა" ფინეთის Verifinn-ის ლაბორატორიიდან. ეს შემთხვევა საკუთრივ გერმანიაშიც არაა ერთადერთი“, - წერს The Insider.

ექიმების აზრი: The Insider-ი ესაუბრა არაერთ ექიმსა და ტოქსიკოლოგს, რომლებიც ეთანხმებიან კოსტიუჩენკოს ექიმის დასკვნებს - აღწერილი სიმპტომები შეუძლებელია აიხსნას სხვა რამით, გარდა ეგზოგენური მოწამვლისა. კლინიკური სურათი და ლაბორატორიული მონაცემები მიუთითებდა ღვიძლისა და თირკმელების (ჰემატურია) მწვავე დაზიანებაზე. ასევე აღინიშნა რიგი ნევროლოგიური დარღვევებისა. ექსპერტები ვარაუდობენ, რომ გამოყენებული იქნა ქლორორგანული ნაერთები, ისეთი როგორიცაა, მაგალითად, დიქლორეთანი. ნაკლებად სავარაუდოა, რომ შხამი სხეულში მოხვდა შესუნთქვის შედეგად, ასეთ შემთხვევაში დაზიანდებოდა ფილტვები. დიდი ალბათობით, შხამი ჟურნალისტის ორგანიზმში შევიდა კანის (თუმცა ქლორორგანული ნაერთების შემთხვევაში ამას საკმაოდ ხანგრძლივი კონტაქტი დასჭირდებოდა) ან საკვების საშუალებით.

ნატალია არნო - მოწამვლა პრაღაში

ნატალია არნო არის ფონდ „თავისუფალი რუსეთის“ პრეზიდენტი, რომელიც მხარს უჭერს აქტივისტებს, ჟურნალისტებს, პროდემოკრატიულ ორგანიზაციებს და ამზადებს საკუთარ ანალიტიკას, მათ შორის სანქციების დაწესებაზე პუტინის გარემოცვისა და პუტინის დანაშაულის თანამონაწილეებისათვის.

როგორც The Insider-ი წერს, 2023 წლის 2 მაისს ნატალია არნომ მონაწილეობა მიიღო პრაღაში არასაჯარო ღონისძიებაში, რის შემდეგაც, დაახლოებით 19:30 საათზე, სასტუმრო Garden Court Hotel-ში დაბრუნებულმა აღმოაჩინა, რომ მისი ნომრის კარი ღიაა. ოთახს არაფერი აკლდა და ყველაფერი ჩვეულებრივად იყო, თუმცა იდგა სუნამოს მსგავსი მკვეთრი სუნი. მისაღებში ნატალიას უთხრეს, რომ კარი ალბათ დამლაგებელმა დატოვა ღია და დაჰპირდნენ ვითარებაში გარკვევას. დაახლოებით ღამის ორ საათზე ნატალია დასაძინებლად წავიდა, მაგრამ დილის 5 საათზე საშინელმა ტკივილმა გააღვიძა.

"განსაკუთრებით სტკიოდა კბილები და ენა, ამიტომ ნატალიას თავიდან ეგონა, რომ უბრალოდ კბილის უცნაური ტკივილი იყო, მაგრამ ტკივილი ძალიან გაძლიერდა, ტკივილგამაყუჩებლებმა ვერაფერი უშველა. რამდენიმე საათის შემდეგ ტკივილმა გაფართოება დაიწყო, თითქოს მთელ სხეულში „დადიოდა“ – ხან ყურებში იგრძნობოდა, ხან მკერდსა და იღლიის ქვეშ, რამდენიმე წუთის შემდეგ კი ხერხემალში გადაინაცვლა. პირში მინერალის გემოს გრძნობდა, თვალებში დაუბნელდა, ხელები და ფეხები დაუბუჟდა", - წერს The Insider-ი.

ნატალი არნო, ფონდ „თავისუფალი რუსეთის“ პრეზიდენტი

ჟურნალისტური გამოძიების მიხედვით, ნატალიას ექიმებისთვის არ მიუმართავს. გადაცვალა ბილეთები და იმავე დღეს გაფრინდა ვაშინგტონში (სადაც ახლა ცხოვრობს) და იქ ითხოვა სამედიცინო დახმარება. უკვე 4 მაისს ჩააბარა სისხლი გამოსაკვლევად. მომხდარით აშშ-ის სამართალდამცავი უწყებები დაინტერესდნენ. როგორც The Insider-ი წერს, ტოქსიკოლოგიური ანალიზის შედეგები ჯერჯერობით უცნობია, თუმცა ნატალიას ექიმებმა უთხრეს, რომ ის ნეიროტოქსიკური ნივთიერებით იყო მოწამლული. ნივთიერება არ დაუზუსტებიათ.

ექსპერტის აზრით აღწერილი სიმპტომები, დაბუჟების ჩათვლით, მიუთითებს ნერვულ აგენტზე. ნოვიჩოკის ყველა სახეობა ასევე მიეკუთვნება ამ ნივთიერებების კლასს, მაგრამ მხოლოდ ამ სიმპტომებით შეუძლებელია ნივთიერების კლასის ზუსტი განსაზღვრა. ჟურნალისტის ორგანიზმში შხამი შესაძლოა მოხვდა კბილების გახეხვისას, რამაც ძლიერი ტკივილი გამოიწვია.

ირინა ბაბლოიანი - სავარაუდო მოწამვლა თბილისში

2022 წლის 25 ოქტომბრის საღამოს „ეხო მოსკვის“ ჟურნალისტმა ირინა ბაბლოიანმა, რომელიც ახალი ჩასული იყო მოსკოვიდან თბილისში, თავი შეუძლოდ იგრძნო, მეორე დილით კი ძლიერი სისუსტითა და თავბრუსხვევით გაიღვიძა სასტუმრო King Tamar-ში, სადაც ჟურნალისტი თბილისში ჩასვლის შემდეგ ცხოვრობდა. 26 ოქტომბრის საღამოს, როგორც The Insider-ი წერს, მასაც გაუწითლდა ხელისა და ფეხის გულები - სიწითლეს თან ერთოდა აუტანელი წვა. მიუხედავად ამ უცნაური პირველი სიმპტომებისა, ირინამ გადაწყვიტა უარი არ ეთქვა ერევანში მოგზაურობაზე, სადაც 27 ოქტომბრის ღამეს წავიდა კიდეც. ავტომობილით მგზავრობისას კიდევ უფრო ცუდად გახდა: დაებინდა გონება, ვერ ახერხებდა კონცენტრაციას და ა.შ.

„წევხარ, მაგრამ დაღლილობის გრძნობა არ ქრება, თითქოს არ გამოგდის დასვენება. ისეთი შეგრძნება მქონდა, თითქოს ჩემი სხეული მე აღარ მეკუთვნოდა, ძლიერი შფოთვები დამეწყო“, - იხსენებდა მოგვიანებით „ეხო მოსკვის“ ჟურნალისტი.

The Insider-ის მიხედვით, ერევნის სასტუმროში მისულმა ირინამ თერმომეტრი ითხოვა, მაგრამ მისაღებში არ აღმოაჩნდათ. ოთახში ასულმა ვერ დაიძინა. ძალიან ასტკივდა მუცელი. ელენა კოსტიუჩენკოს მსგავსად, ტკივილი კუჭიდან კი არა, სადღაც უფრო ზემოდან მოდიოდა. დაეწყო გულისრევაც. პირში მეტალის გემოს გრძნობდა.

როგორც გამოძიების ავტორები ამბობენ, ყველა ეს სიმპტომი, გარდა უკანასკნელისა, ძალიან ჰგავს კოსტიუჩენკოს „ავადმყოფობას“, ერთი მნიშვნელოვანი განსხვავებით - "ამ მომენტიდან მოყოლებული, ირინას აწუხებდა კანზე წითელი გამონაყარი, რომელიც მოულოდნელად ჩნდებოდა და ქრებოდა. სისუსტე, ტკივილი და უძილობა დაახლოებით ორი დღის შემდეგ გაქრა, სიწითლე დღემდე ახსენებს თავს".

„ეხო მოსკვის“ ჟურნალისტი ირინა ბაბლოიანი

ირინას ტოქსიკოლოგისთვის საერთოდ არ მიუმართავს. ვერც კი ვიფიქრე, რომ ვინმეს ჩემი მოწამვლა მოუნდებოდაო, - თქვა მან. ჟურნალისტმა მხოლოდ ალერგიაზე ჩაიტარა გამოკვლევები (პასუხი ყველა ცნობილ ალერგენზე უარყოფითი იყო). რამდენიმე თვეში, ბერლინში გადასვლის შემდეგ, მან მაინც ჩააბარა სისხლი ტოქსიკოლოგიური ანალიზისთვის. მაგრამ, ანალიზების პასუხები მას არ მიუღია - "შარიტეში" უთხრეს, რომ მისი სისხლის სინჯები "დაიკარგა". როგორც The Insider-ი წერს, მოგვიანებით ირინამ კვლავ ჩააბარა სისხლი ტოქსიკოლოგიური ტესტებისთვის, თუმცა ამდენი ხნის შემდეგ, თითქმის დაუჯერებელია ტოქსინების კვალის აღმოჩენა.

ელენა კოსტიუჩენკოს სიტუაციისგან განსხვავებით, ირინა ბაბლოიანის შემთხვევაში უფრო რთულია მოწამვლის თაობაზე დასკვნის გაკეთება, რადგან საქმეში ძალიან ცოტაა სამედიცინო კვლევის შედეგები. თუმცა The Insider-ის მიერ გამოკითხული ექსპერტების აზრით, ირინას მიერ აღწერილი კლინიკური სურათი შეუძლებელია დამაჯერებლად აიხსნას რომელიმე ცნობილი დაავადებით, ამიტომ ეგზოგენური მოწამვლის ვერსია მათ მეტად დამაჯერებლად მიაჩნიათ.

"ელენა კოსტიუჩენკოს მიერ აღწერილ სიმპტომებთან მსგავსება, იმის ვარაუდის საშუალებას იძლევა, რომ გამოყენებულ იქნა იგივე ან მსგავსი მომწამვლელი აგენტი, თუმცა ზუსტად რომელი, ძნელი სათქმელია", - ასკვნის The Insider-ი.